რა ქონებას ფლობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2016 წელს შევსებული დეკლარაციის დეტალები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ და ელენე ხოშტარიას „დროა“ წინასაარჩევნოდ უკვე შეწყვილდნენ. მართალია, თავიდან „ტრიო“ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე, თავისი „სტრატეგია აღმაშენებლით“ ნაციონალური მოძრაობის მისთვის კარგად ნაცნობ და კომფორტულ, მაგრამ ძველ ნავში გადახტა, 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას „დუეტი“ განაგრძობს. ვინაიდან „ვერსიის“ მკითხველები ელენე ხოშტარიას ქონებრივ დეკლარაციას უკვე გაეცნენ, ამჯერად ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დეკლარაცია განვიხილოთ და ვნახოთ, რა ქონებას ფლობს პროფესიით ექიმი პოლიტიკოსი, რომელიც ხან მარიხუნას კულტივირებითაა დაკავებული პირდაპირ ეთერში, ხან - შარვალჩახდილი, შიშველი უკანალით აპროტესტებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და ხანაც - ერთი მხრივ, სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო იმავე ნაბიჯით, მეორე მხრივ - ამავე ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ არჩევანს ანუ მართლმადიდებლობას შეურაცხყოფს...  

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბიოგრაფია

ვიდრე ქონებრივ დეკლარაციას გავეცნობით, თვალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბიოგრაფიას გადავავლოთ. ქართული „ვიკიპედიის“ ცნობით, გირჩი ჯაფარიძე დაიბადა 1976 წლის 1 იანვარს. „ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის დამფუძნებელი. 2020 წლის 26 დეკემბერს, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააფუძნა“, - ვკითხულობთ „ვიკიპედიაში“.

1999 წელს, დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი - „მომავლის ექიმი“, ზოგადი პროფილის ექიმის სპეციალობით; 2005 წელს, დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (სახელმწიფო მმართველობა) და შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა; 2005-2011 წლებში, ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში; 2012-2015 წლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო; 2012-2016 წლებში, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, პარტიული სიით და საარჩევნო ბლოკით: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“; 2013 წელს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანტიდატად განიხილავდა, მაგრამ პარტიამ საბოლოოდ მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭირა. პარტიის დატოვებამდე, მისი აღმასრულებელი მდივანი იყო; 2015 წლის მაისში, პავლე კუბლაშვილთან, გიორგი ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად, დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩამოაყალიბა ახალი პოლიტიკური პარტია „გირჩი“; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კენჭს იყრიდა დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, „გირჩის“ სახელით.

2016 წელს, დააფუძნა პოლიტიკური პარტია „გირჩი“. პარტია საქართველოში, მარიხუანის ლეგალიზაციის მთავარი ინიციატორი იყო და ამის ნიშნად, პარტიის ოფისში, დარგეს მარიხუანა. არის „გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2020 წლის 18 დეკემბერს, განაცხადა, რომ აფუძნებდა მეორე პოლიტიკურ პარტია „გირჩს“. ამის მიზეზი გახდა პარტიის შიგნით არსებული განხეთქილება და პარტიის გაყოფა. 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 16 ნოემბრამდე, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით და საარჩევნო ბლოკით: „გირჩი“.

2018 წლის 16 აპრილს, ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „გირჩის“ კანდიდატი იქნებოდა; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჯაფარიძემ პორნო-საიტ Pornhub-ზე საკუთარი საარჩევნო ბანერები განათავსა: „მეტი სექსი, მეტი თავისუფლება“; „მე არ გპირდებით ზომის გაზრდას“. გირჩი საიტზე საკუთარი რეკლამის განთავსების მიზეზად მცირე ბიუჯეტის ეფექტიანად ხარჯვას ასახელებდა.

ჯაფარიძემ არჩევნებში 36 034 (2,26%) ხმა მიიღო. მეორე ტურში მან მხარი დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, თუმცა შემდგომში უკან წაიღო მხარდაჭერა.

ქართული „ვიკიპედიის“ ცნიბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მემარჯვენე ლიბერტარიანელია და პროდასავლური ხედვები აქვს. ის ემხრობა საქართველოს ინტეგრაციას ნატო-სა და ევროკავშირში. ჯაფარიძე აქტიურად იბრძვის დაბალი გადასახადებისა და „მცირე მთავრობის“ იდეისთვის. ის ემხრობა ქვეყანაში საქართველოში კანაფის ლეგალიზაციას და მთავრობის დეცენტრალიზაციის იდეას. ჯაფარიძე თვლის, რომ ადამიანს აქვს უფლება, „უქნას თავის სხეულს ის, რაც უნდა“ ანუ ადამიანი არ უნდა დააპატიმრონ ნარკოტიკის, ან მარიხუანას მოხმარების გამო.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონება

2022 წლის 16 ნოემბერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პარლამენტის მანდატი შეუწყვიტეს. მის ნაცვლად, დეპუტატი გირჩის „მეფე“, ჰერმან საბო გახდა. რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, ვიდრე მანდატს შეუწყვეტდნენ, გირჩი ჯაფარიძე ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო, 1 000  ლარით დააჯარიმეს. შესაბამისად, ყველაზე ახალი ანუ ბოლოს შევსებული დეკლარაცია  2016 წლის 6 იანვარით თარიღდება.

ამ დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ჰყავს მეუღლე - ნატა ქორიძე და შვილები - ალექსანდრე რაზმაძე და ეკატერინე ჯაფარიძე. დეკლარაციის შევსების მომენტში არა, მაგრამ წყვილს მესამე შვილიც ჰყავთ - კოსტა ჯაფარიძე.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ გირჩი ჯაფარიძის საკუთრებაშია 105 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, ხოლო მეუღლე - ნატა ქორიძე ფლობს 78 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე. თიბისი ბანკში, ზურაბ ჯაფარიძეს 25 496 აშშ დოლარის ანაბარი, ხოლო საქართველოს ბანკში, ნატა ქორიძეს - 16 413 აშშ დოლარის ანაბარი ჰქონია.

ზურაბ ჯაფარიძის, როგორც პარლამენტის წევრის შემოსავალი 60 285 ლარი ყოფილა, ხოლო ნატა ქორიძის, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის შემოსავალი - 44 660 ლარი.

როგორც აღვნიშნეთ, დეკლარაცია შევსებულია 2016 წელს, მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა და ცხადია, ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვლებოდა, თუმცა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს არ დაუდეკლარირებია.

ავტორი: მაკა რუხაძე