მესის წამში 19 დოლარს სთავაზობენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო სამყარო გადაირია. ზოგადად, დიდი ხანია, ფეხბურთი რიგითი სპორტის ფარგლებს გასცდა, მაგრამ ის, რასაც ახლა საუდის არაბეთის კლუბი - „ალ ჰილალი“ აპირებს, არაფერში ჯდება. გუნდის მფლობელი შეიხი მზადაა, ლიონელ მესის წლიურ ხელფასად 600 მილიონი დოლარი გადაუხადოს და რაც მთავარია, ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს ანუ მთლიანობაში, არგენტინელს 1.2 მილიარდი მისცეს. სანამ დეტალებზე გადავალთ, მოდით, უბრალოდ დავიანგარიშოთ, რას ნიშნავს წელიწადში 600 მილიონი დოლარი? ეს არის დღეში 1 643 835 დოლარი, ხოლო წამში 19 დოლარი. მარტივად რომ ვთქვათ, მესი 7 წამში იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე ქართველი პენსიონერი - თვის განმავლობაში.

არგენტინელს „პსჟ“-თან მოქმედი კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება და მის გაგრძელებას აღარ აპირებს. ლეოს დაბრუნება „ბარსელონასაც“ სურს, თუმცა არაბეთიდან იმდენად მომხიბვლელი წინადადება მიიღო, ძალიან, ძალიან დიდხანს მოუწევს ფიქრი და ყველაფრის აწონ-დაწონა. მით უმეტეს, რომ ლეო 35 წლისაა და უმაღლეს დონეზე ბურთს დიდხანს ნამდვილად ვეღარ გააგორებს. ამასთან, „ალ ჰილალის“ მფლობელმა ისიც თქვა, ვინც ლეოს ჩემს კლუბში გადმოსვლაში დაარწმუნებს, 100 მილიონს ვუფეშქაშებო. ჰოდა, რა გასაკვირია, არაბეთში ფეხბურთელის მამა რომ გაემგზავრა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ეს და სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ გაზეთში “ვერსია”