რუსი ბავშვები საქართველოს სკოლებში - სად და როგორ სწავლობენ ისინი და რა პრობლემებს ქმნის ეს ადგილობრივებისთვის

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საზღვარი მილიონზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. ამათგან, ამ ეტაპზე საქართველოში 112.000 – მდე რუსეთის მოქალაქე დარჩა და ცხოვრობს.

მიგრაციის ტალღასთან ერთად გაიზარდა მიმართვიანობა რუსულენოვან და ინგლისურენოვან სკოლებში.

საქართველოში 54 სკოლაა, სადაც სწავლა რუსულ ენაზეა შესაძლებელი. ამათგან 11 სკოლა სრულად რუსულენოვანია. დანარჩენ 43 სკოლაში ქართულენოვან სექტორთან ერთად რუსულენოვანი სექტორიცაა. ამათგან 36 სკოლა სახელმწიფოა, 7 – კერძო.

ამ სკოლების 80 პროცენტი ქალაქებშია გადანაწილებული, მათი 45 პროცენტი კი თბილისშია თავმოყრილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს მთელი საქართველოს მასშტაბით რუსულ სექტორზე (კერძო და საჯარო სკოლებში ერთად) 16 ათას 228 მოსწავლე სწავლობდა.

2020 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2155 მოსწავლით, ანუ 15 პროცენტითაა გაზრდილი.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მკვეთრი ცვლილებები ოფიციალურად რეგისტრირებულ საჯარო და კერძო სკოლებში ჯერ-ჯერობით არ არის. ზრდა ნამდვილად არის, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. ეს ზრდა თითქმის მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია“ – ამბობს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე.

საჯარო სკოლები და დაფინანსების საკითხი

46 წლის რუსეთის მოქალაქე ნატალია პროფესიით ჟურნალისტია, ეკოლოგიასა და ქალაქის საჭიროებებზე წერს. ამ საქმიანობიდან გამომდინარე, სამშობლოში პრობლემები შეექმნა და ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ჩამოვიდა საქართველოში უმცროს შვილთან, ანფისასთან ერთად. უფროსი, სრულწოვანი შვილები მამასთან, ნატალიას ყოფილ ქმართან დარჩნენ. ყოფილი ქმარი ნატალიას აზრებს არ იზიარებს და რუსეთის მთავრობის პოზიციას ემხრობა.

ნატალიამ და ანფისამ საცხოვრებლად ჩაქვი აირჩიეს.

ანფისა ახლა 11 წლისაა და ჩაქვის საჯარო სკოლაში სწავლობს რუსულ სექტორზე. როგორც ნატალია ჰყვება, კლასი მრავალეროვანია, იქ სწავლობენ სომეხი, ინგლისელი, რუსი, ჩეჩენი, ბელარუსი და უკრაინელი ბავშვები.

ნატალია იხსენებს, რომ უკრანაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც საქართველოს რუსები, ბელარუსები და უკრაინელები მოაწყდნენ, სკოლამ დიდი კრება მოაწყო, სადაც გამოაცხადეს, რომ სკოლის კედლებში ყველა ბავშვი თანასწორი იქნებოდა, ეროვნების მიუხედავად.

„ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. შეიძლება სკოლას ბევრი პრობლემა ჰქონდეს – მაგალითად რემონტი გვჭირდება ძალიან, მაგრამ მთავარი, ჩემთვის ასეთი დამოკიდებულებაა ბავშვების მიმართ. ყველაზე მთავარი კი ის, რომ ჩემი შვილი ახლა რუსეთის სკოლაში არ ზის და სამხედრო სიმღერებს არ მღერის.“

● რა სჭირს სკოლას? ექვსი მთავარი პრობლემა საქართველოს სასკოლო განათლებაში

● როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ბევრი ციფრი და ფაქტი

● ექვსი რამ, რაც საქართველოში ბავშვების მიმართ გულგრილობაზე მეტყველებს

ჩაქვის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ანფისა სწავლობს, რუსულენოვანი კლასები გადატვირთულია.

„სამი წლის წინ რუსულ სექტორზე თითო კლასში 10-ზე მეტი ბავშვი არ გვყავდა, ახლა ყველა რუსულენოვან კლასში 25 მოსწავლეა. ახალი მსურველებისთვის უარის თქმა მიწევს, რუსულ სექტორი წელს სრულად გადაიტვირთა,” – გვეუბნება სკოლის დირექტორი ტარიელ ქათამაძე.

„რუსულ სექტორზე სხვადასხვა საგნის მასწავლებლის მოძიება პრობლემაა, ამიტომ ბათუმიდან, და კიდევ რამდენიმე სკოლიდან დაგვჭირდა მასწავლებლების დამატება. იქ ისინი პირველ ცვლაში ასწავლიან და მეორე ცვლაში ჩვენთან მოდიან. ჩვენც რომ პირველი ცვლა ვიყოთ, ძალიან გაგვიჭირდებოდა კადრების მოძიება.“

განათლების სპეციალისტის, ლელა ჩახაიას თქმით, საბაზო ვაუჩერული დაფინანსება საქართველოში ერთ ბავშვზე წელიწადში 300 ლარია. ეს არის განათლებისთვის გამოყოფილი მინიმალური თანხა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა ბავშვის იღებს, მათ შორის კერძო სკოლის მოსწავლეები.

თუმცა, საჯარო სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში, მინიმალურ პაკეტს სხვა თანხაც ემატება. თუ რამდენი, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა მოცემულობაზე – სად მდებარეობს სკოლა, რა ზომისაა, რამდენი ბავშვი სწავლობს, ქართულენოვანია თუ არა, მაღალმთიან რაიონშია თუ ქალაქში და ა.შ. მაგალითად, პატარა, მაღალმთიანი სკოლების მოსწავლეებს საბაზისო 300-ლარიან ვაუჩერზე უფრო მეტი თანხა ემატებათ, ვიდრე ქალაქის დიდი სკოლების მოსწავლეებს.

„ზუსტად თქმა, საჯარო სკოლის მოსწავლე რამდენ თანხას იღებს ბიუჯეტიდან, რთულია. თუმცა, ძალიან უხეში გამოთვლით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში საჯარო სკოლის თითო მოსწავლისათვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება 700-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს,“ – ამბობს ჩახაია.

იგივე კანონი ვრცელდება ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეზეც. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს უფლება საჯარო სკოლაში ისწავლოს. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვისაც იმავე პრინციპით არის გამოყოფილი ვაუჩერული თანხა, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის.


▇ შესაბამისად, რუსეთის მოქლაქეების გაზრდილმა რიცხვმა გაზარდა დატვირთვა სახელმწიფო ბიუჯეტზეც.
ზუსტი ციფრი, თუ რამდენი უჯდება ბიუჯეტს დამატებითი მოსწავლეების შენახვა, დათვლილი არ არის.

რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ჩამოსვლის შემდეგ, ბევრმა დასვა კითხვა – აქვს კი საქართველოს ბიუჯეტს რესურსი, რომ დააფინანსოს მათი სწავლება საჯარო სკოლებში. ეს კითხვა აქტუალურია მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მშობლები და სპეციალისტები დიდი ხანია ითხოვენ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვებას, თუმცა ბიუჯეტმა საჭირო თანხა ვერ გამონახა.

მკვლევარი და განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება ეროვნების მიუხედავად და დაუშვებელია, თუკი საქართველო რომელიმე ეროვნების წარმომადგენელ ბავშვს ამ უფლებას წაართმევს:

„ეს არამარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით არის ასე. ამიტომ, სწორია რომ საქართველოს სახელმწიფო ყველა ბავშვს აძლევს განათლებას,“ – ამბობს ის.

მისი აზრით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არა რუსი ბავშვებისთვის განათლებსი უფლების შეზღუდვით, არამედ სწორი საემიგრაციო პოლიტიკის შემუშავებით უნდა მოხდეს:

„კითხვა მდგომარეობს იმაში, გვაქვს თუ არა ამის რესურსი ჩვენ? ამიტომაც არის, რომ საემიგრაციო პოლიტიკა იმის მიხედვით უნდა იყოს შემუშავებული, თუ რა რესურსი გვაქვს ქვეყანაში. მიგრაცია არ უნდა იყოს უკონტროლო, თორემ უკვე ამ მყოფ ბავშვებს კი არ უნდა წავართვათ განათლების უფლება. თუმცა, ეჭვი მეპარება ჩვენი მთავრობა ამაზე ფიქრობდეს,“ – აღნიშნავს ჯანაშია.

უფრო რადიკალური პოზიცია აქვს განათლების სპეციალისტს რევაზ აფხაზავას. მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად, სახელმწიფომ დამატებითი სახსრები გაიღოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მაშინ როდესაც კრიტიკულად არასაკამარისია განათლების სფეროში დაფინანსება:

„თანხა, რომლითაც საჯარო სკოლები ფინანსდება არის არსებობის და არა განვითარების თანხა. ქართული განათლების სისტემა ვერ აფინასებს ვერც კვებას, ვერც ექსკურიას, ვერც არაფორმალურ განათლებას და ამ დროს ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე ვხარჯავთ ჩვენს რესურსებს ჩვენი გადასახადებიდან“.

„განათლების პოლიტიკაც არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი,“ – დასძენს აფხაზავა.

კერძო სკოლები

13 წლის დენისი, რომელიც საქართველოში ციმბირიდან ჩამოვიდა, უკვე ერთი წელია კერძო სკოლაში „ინტელექტ+“ სწავლობს გრიშაშვილის ქუჩაზე.

რუსულენოვანი სკოლა, სადაც სასწავლო პროგრამა ქართულია, მაგრამ რუსულ ენაზე, უკვე მრავალი წელია არსებობს საქართველოში. ყოველთვიური გადასახადი სკოლაში 470 ლარია, თუმცა მომავალი წლიდან სკოლის საფასური თვეში 550 ლარი გახდება.

„ძალიან გაიზარდა მომართვინობა“ – ამბობს სკოლის დირექტორი ნიკოლოზ ჩხარტიშვილი.

„2022 წლის თებერვლის დასაწყისში 70 თავისუფალი ადგილი გვქონდა. ახლა ყველა ადგილი დაკავებულია და ახალ მოსწავლეებს ვეღარ ვიღებთ.“

სკოლა, სადაც ახლა 450 ბავშვი სწავლობს, ინტერნაციონალურია – რუსები, ბელარუსები, უკრაინელები, ყაზახები. არიან მოსწავლეები იტალიიდან, კამერუნიდან. ბავშვები სკოლაში ქართულ ენასაც სწავლობენ, რომელიც სავალდებულო საგანია.

● „უბრალოდ არ არის საჭირო პუტინის მაისურით სიარული“. რუსი პოლიტემიგრანტები საქართველოში ცხოვრების შესახებ

● ერთი წელი ემიგრაციაში. როგორ მოეწყვნენ საქართველოში და რას აპირებენ ემიგრანტი რუსები

კერძო სკოლაში დადიან 10 წლის ლიზა და 7 წლის ვარიაც მოსკოვიდან, რომლებიც 2022 წლის მარტში გადმოვიდნენ საქართველოში. მათ შემთხვევაში, მშობლებმა ინგლისურენოვანი სკოლა აარჩიეს.

„თავიდან, რუსულენოვან სკოლაში დაგვყავდა, რომელიც ახლახანს გაიხსნა საქართველოში, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ჯერ კიდევ დიდი ხანი ვერ წავალთ რუსეთში და რუსულად სწავლას აზრი არ აქვს. ჯობია ბავშვებმა საერთაშორისო ენა ისწავლონ,“ – გვიყვება 33 წლის ანტონ ზახაროვი.

ოჯახმა ბავშვებისთვის ქართულ-ამერიკული სკოლა Georgian-American High School აარჩია. წლიური გადასახადი სკოლაში 10 ათასი ლარია, რაც თვეში 1250 ლარი გამოდის.

„სახელმწიფო სკოლაზე არც გვიფიქრია. ძალიან დიდი რუსულენოვანი ტალღაა შემოსული და რუსულ სექტორზე რომ შევსულიყავით, ეს ნიშნავდა რომ ადგილი უნდა წაგვერთმია უკრაინელი ბავშვებისთვის. ეს მორალურად არ შეგვეძლო. ჩვენს სკოლაშიც, უკვე ცალკე საერთაშორისო კლასი გაიხსნა, იმდენი რუსულენოვანი ბავშვია ჩამოსული.“

ლიზა და ვარია ამ საერთაშორისო კლასში სწავლობენ, ძირითადად, სხვა რუსულენოვან ბავშვებთან ერთად. ვარიას ჰყავს კლასელები ასევე ირანიდან, ჩინეთიდან, ინდონეზიიდან და ეგვიპტიდან. ლიზას კლასში ბავშები უმეტესად რუსეთიდან და უკრაინიდან არიან.

„არ გაუჭირდათ შეჩვევა. უფროსმა მოსკოვშიც ბევრჯერ გამოიცვალა სკოლა და მიჩვეულია. ჩვენთვის მთავარია, რომ ინგლისურს სწავლობენ კარგად და ამასთანავე ქართულსაც. საქართველოს ისტორიაც აქვთ პროგრამაში.“

არაავტორიზებული სკოლები – რა საფრთხე მოდის მათგან?

საჯარო და კერძო სკოლების პარალელურად, სადაც რუსეთის მოქალაქეებს რუსულ და ინგლისურ ენაზე შეუძლიათ სწავლა, საქართველოში იხსნება ახალი რუსული სკოლებიც, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

ეს არის არაავტორიზებული სკოლები, რომლებიც არ გასცემენ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ დოკუმენტებს, მაგალითად – სკოლის ატესტატს და არ ექვემდებარებიან ქართული განათლების სისტემას.

განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ ასეთი ტიპის არცერთ რუსულენოვან სკოლას ავტორიზაცია არ გაუვლია და შესაბამისად, საქართველოს განათლების სისტემისთვის მათი საქმიანობა არაკანონიერია.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სკოლები ოფიციალურად რუსეთის ფედერაციის განათლების სისტემას ექვემდებარება.

„ოფიციალურად, ეს დაწესებულებები არ პოზიციონირებენ როგორც სკოლები. ეს არის, ასე ვთქვათ საგანმანთლებლო ცენტრები, ენის კურსების ცენტრი რომ წარმოიდგინოთ. თუმცა, რეალურად, იქ ბავშვები სასკოლო პროგრამას გადიან,“– ამბობს შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი.

„კოვიდის პერიოდში რუსეთის საგანმანათლებლო სისტემა გახდა ბევრად მოქნილი და არსებობს ახალი მექანიზმები: შეგიძლია ისწავლო სადაც გინდა და შემდეგ გამოცდებს თუ ჩააბარებ, მიიღებ ატესტატს. შესაბამისად, ასეთ არაოფიციალურ, არაავტორიზებულ სკოლებში სწავლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები მაინც შეძლებენ თავიანთი განათლების ფორმალიზებას,“ – ამბობს ტაბატაძე.

ერთ-ერთი ასეთი სკოლაა დემოკრატიული სკოლა, რომელიც თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

სკოლას განსხვავებული კონცეფცია აქვს – ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები და მშობლები ერთად ატარებენ დღეს და ერთმანეთს საკუთარ ცოდნას უზიარებენ.

მაგალითად, დილას, როცა ჩვენ მივედით, მშობლები იოგას ვარჯიშობდნენ, ბავშვები კი ხატავდა ან ძერწავდა, სხვები კატის კნუტებთან თამაშობდნენ.

სკოლის წარმომადგენელი, 27 წლის ქსენია ბოგდანი თქმით, ეს არ არის სკოლა, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან და აკეთებენ იმას, რაც აინტერესებთ: თუკი ვინმეს ჟონლგიორობის სწავლა აინტერესებს, სკოლა სპეციალისტს იწვევს, რომელიც გაკვეთილებს ატარებს. თუ ჯგუფის წევრებს ქართულის სწავლა უნდათ, იქვე მცხოვრებ მეზობელს ეძახიან, რომელიც მათ ქართულს ასწავლის. თუკი თავად რომელიმე მშობელმა კარგად იცის მათემატიკა, ის ბავშვებს მათემატიკაში ამეცადინებს.

„ეს არის სრულიად დემოკრატიული და თავისუფალი გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ვეხმარებით და ვუზიარებთ ცოდნას. ბევრი რუსი ბავშვი დღეს ონლაინ სწავლობს და როცა გაკვეთილები არ აქვთ, ჩვენთან მოდიან და აქაც სწავლობენ ახალ რამეებს,“ – ამბობს ქსენია ბოგდანი, სკოლის წარმომადგენელი.

დემოკრატიული სკოლა, რომელიც ომის შემდეგ თბილისსა და ერევანში გაიხსნა, არაკომერციული ორგანიზაციაა და სრულად შემოწირულობებით არსებობს.

სკოლის გარშემო გაერთიანებულ თემში, რომელიც დაახლოებით 40 ადამიანია, უმეტესად რუსეთის მოქალაქეები არიან. ქსენიას თქმით, თემი სტაბილური არ არის – ადამიანები უმეტესად დროებით დადიან სკოლაში მანამ, სანამ სხვა ქვეყნებში გაემგზავრებიან. შემდეგ, მათ ადგილს სხვა, ახლად ჩამოსული ემიგრანტები იკავებენ.

ამავე ტიპის სკოლაა „პროექტორი“, სადაც 5 წლის კრილია სწავლობს. მისი ოჯახი საქართველოში დასასვენებლად შარშან სექტემბერში ჩამოვიდა. ამასობაში, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა და ოჯახი უკან აღარ დაბრუნებულა.

კრილიას პირველ კლასში უწევდა შესვლა და უცხო ქვეყანაში სპონტანურად აღმოჩენილმა მშობლებმა ბავშვისთვის სკოლის ძებნა დაიწყეს.

„ბავშმა ქართული არ იცის, ამიტომ რუსულენოვან სკოლას ვეძებდით. სახელმწიფო სკოლებში არსად ადგილი არ იყო და ბოლოს ეს სკოლა ვიპოვეთ. „პროექტორი“ – ამბობს კრილიას მამა, 41 წლის დმიტრი უდოვიკი.

სკოლა ვაჟა ფშაველას გამზირზეა და წლიური გადასახადი 6600 დოლარია.

„ეს სკოლა, როგორც ვიცი, უკვე ერთი წელია არსებობს. ავტორიზაცია გავლილი არ აქვს, მაგრამ ბავშვს შეუძლია გამოცდა სხვა სკოლაში ჩააბაროს და ასე მიიღებს ატესტატს. ჩვენთვის მთავარია სკოლა ცოდნის მიმართ სიყვარულს აღვიძებდეს და ეს პროცესი საინტერესო იყოს. ძალიან კარგი გარემოა და არასტანდარტული სისტემა, ამიტომ, ძალიან მოგვწონს.“

განათლების ქართველი სპეციალისტების თქმით,

აავტორიზებული სკოლები ერთი შეხედვით პრობლემას არ წარმოადგენენ, თუმცა თუ არ გაკონტროლდა სახელმწიფოს მიერ, მომავალში, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.
„ასეთი ტიპის სკოლები სრულად კონტროლის გარეშე იხსნება – არც სტატისტიკა გვაქვს და არც არაფერი ვიცით მათზე. ეს სერიოზული პრობლემაა. როცა ბევრი ბავშვი ერთად იყრის თავს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეა, სახელმწიფო საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რა ხდება იქ, რა პირობებია. ეს სკოლები სრულად არის მოწყვეტილი მხედველობის არეს და წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება შიგნით. ეს ძალიან სარისკოა. ასე, შესაძლოა არაფორმრალური ქალაქ-სახელმწიფოები ჩამოაყალიბდეს,“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

სიმონ ჯანაშია ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული სკოლები არ უნდა დარჩეს საქართველოს განათლების სისტემის კონტროლს მიღმა:

„ასეთი ტიპის სკოლებში, წესით, სახელმწიფო სოციალურ მუშაკს უნდა აგზავნიდეს და აკვირდებოდეს პროცესს – როგორ მიდის სწავლება, ბავშვებს განათლების მიღების უფლება ხომ არ ეზღუდებათ. ასეთი დაკვირვების გარეშე არის რისკი, რომ გაჩნდეს განათლების პარალელური სისტემა, რომელიც შესაძლოა შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმაც არჩიონ ოფიციალურ სისტემას, და თუკი ამ ყველაფერზე სახელმწიფო თვალებს დახუჭავს, შემდეგ ამ განათლების აღიარება და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირება ძალიან რთული იქნება.“

წყარო:JAM-NEWS.NET