რატომ იქცა ფონიჭალა ნარკობიზნესის ცენტრად

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ორიოდე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა, ფონიჭალაში ნარკოტიკების გამსაღებლები კი არა, ხალხი როგორ არ გამოილია, ორ თვეში ერთხელ ათეულობით ადამიანს აკავებენო. მართლაც, მორიგი სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთაც ბრალად ნარკოტიკების გასაღება ედებათ. ბრალდებას მტკიცებულებების მიმართულებით სასამართლო პროცესზე არ გაუჭირდება, რადგან შს სამინისტროს თანამშრომლებს საკონტროლო შესყიდვები აქვთ გაკეთებული და ყველაფერი ეს, ფარული ვიდეოთვალით გახლავთ დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა შსს ოპერატიულად მუშაობს და არ გვეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც ნარკოტიკების გამსაღებლებს შეიცოდებს, თუმცა ჩვენ სხვა რამეც გვაინტერესებს - მაგალითად, 2022 წელს დაკავებული ასობით ნარკოდილერიდან, რამდენს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და რა ვადით? ვადა ძალიან მნიშვნელოვანია და უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ნებისმიერი, ვინც ნარკოტიკების გასაღებაზეა დაკავებული, გასამართლდეს და ციხეში ჩაჯდეს ანუ მასთან არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, გარდა ერთი, უფრო ზუსტად, ერთადერთი შემთხვევისა და ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი, ფონიჭალაზე, თბილისის ამ კონკრეტულ უბანზე ვთქვათ.

 

როცა სასჯელს ვიხდიდი, ფონიჭალელების აბსოლუტური უმრავლესობა (99%), ან ნარკოტიკების მოხმარებაზე იხდიდა სასჯელს, ან გასაღებაზე. ისე არ იფიქროთ, თითქოს, იქ ნარკოტიკების საყიდლად მხოლოდ სხვადასხვა უბნიდან ან ქალაქიდან მიდიოდნენ. არა, ბატონებო, პროცენტულად, ნარკოტიკების მომხმარების მხრივ, ფონიჭალა და მისი მიმდებარე სოფლები ერთ-ერთი მოწინავეა. რამდენიმე ასეულ ადამიანს ნარკოტიკების მოხმარების გამო პირობითი სასჯელი აქვს, არაერთი ათეული მომხმარებელი მეტადონის პროგრამაშია ჩართული და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

„არასდროს მიფიქრია ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ უბნის ბიჭები, რომლებიც წამალს იკეთებდნენ, მთხოვდნენ, შენ „დამწვარი“ არ ხარ, პოლიცია ყურადღებას არ მოგაქცევს და ნარკოტიკი გვიყიდეო. ასე გავხდი „განეცი“ ანუ ბიჭი, რომელიც ნარკომანებისთვის ნარკოტიკს ყიდულობს. შემდეგ ერთხელ გავსინჯე (პრინციპით, ერთი არაფერს მიზამს) და შევჯექი. ჯერ სასჯელი მოვიხადე, მერე მეორედ მოვიხადე, ახლა კი, მეტადონის პროგრამაში ვარ ჩართული. გამექცა ცოლი, თან წაიყვანა ორი შვილი და ბავშვებს ნარკომანი მამის ნახვა არ სურთ, უტყდებათ, ალბათ, მართლებიც არიან. ჩემი შვილების მეგობრებს არ ვიცნობ, არ მაცნობენ, არ უნდათ, მეგობრებმაც იცოდნენ, რომ ნარკომანი ვარ“, - გვეუბნება ფონიჭალის ახლოს, სოფელ კრწანისში მცხოვრები ერთ-ერთი პიროვნება. ამ პიროვნების ძმა სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდის, დას ოჯახი იმიტომ დაენგრა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა და ქმარმა რომ გაიგო, მიატოვა. დიახ, ოჯახებია განადგურებული და არაერთი ოჯახის ლამის ყველა წევრი მომხმარებელია. მაინც, რა არის ფონიჭალის ფენომენი და რატომ, მაინცდამაინც, ფონიჭალა?

დავიწყოთ იმით, რომ ფონიჭალა ყველაზე მოსახერხებელი ადგილია ხელის დასაცლელად. იქიდან საქართველო-აზერბაიჯანისა, თუ საქართველო-სომხეთის საზღვრამდე არცთუ დიდი მანძილია და ორივე შემთხვევაში, როცა დედაქალაქში გინდა შესვლა, სწორედ ფონიჭალა უნდა გაიარო. შესაბამისად, ნარკოდილერები ცდილობენ, „ფაქტი“ რაც შეიძლება, მალე მოიცილონ. ამიტომ, წამალს ფონიჭალაში ტოვებენ და ტოვებენ ბევრად იაფად, ვიდრე ის ზოგადად იყიდება. მეტიც, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე „ბარიგები“ ფონიჭალაში აღებულ ნარკოტიკს ჰყიდიან და რაღა თქმა უნდა, ბითუმად იღებენ, მერე ცალობაში აფასოებენ და „ბიზნესიც იქოქება“.

რატომ არ ეშინიათ ნარკოტიების გამსაღებლებს სასჯელის? ხომ ფაქტია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შსს ორთვიანი ინტერვალით, მასშტაბურ სპეცოპერაციაას ატარებს და „გათოხნილზე ამოსულ სარეველას ახლიდან მარგლავს!“ ყველაფერი ეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ძალიან მარტივად აგვიხსნა.

„ბარიგებში ასაკმა დაიკლო, თუ აქამდე 40-45 წელს გადაცილებული ხალხი ჰყიდდა ნარკოტიკს, ახლა 17-18 წლის ბიჭები და გოგოები ჰყიდიან. ჰო, გოგოებიც, რადგან ეს დასახლება ერთი პატარა ოჯახივითაა, ყველა ყველას იცნობს და ისიც იციან, ვინ ჰყიდის წამალს და ვინ - არა. აი, ისინი, რომლებიც წამალს ჰყიდიან, ძვირადღირებული მანქანებით დადიან, არაფერს იკლებენ და ყველაფერ ამას ახალგაზრდები უყურებენ. თანაც, არის ზოგიერტი „ბარიგა“, რომელსაც ორი-სამი და მეტი წელი ვერ, ან არ იჭერენ. ჰოდა, ყველას იმედი აქვს, რომ მასაც არ დაიჭერენ. პროცენტულად რომ გითხრათ, ათასი დოლარის წამალი რომ იყიდო, შეიძლება, 10-15 ათას დოლარად გაყიდო. ეს კი უზარმაზარი თანხაა. ადრე ამბობდნენ, რომ შემდგომში, დაჭერილი ბარიგა თვეში 100 ათასი დოლარის წამალს ყიდულობდა და მილიონი რჩებოდა. ეს ესმოდა ყველას და იოლად ნაშოვნ მილიონს დიდი ხიბლი აქვს“...

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ნაარკოტიკების გამსაღებლებს შორის, უდიდესი კონკურენციაა. ამიტომაც არის, ისინი ძალიან ხშირად სიფრთხილეს რომ კარგავენ და ნარკოტიკს მათთვის სრულიად უცნობ ადამიანზე ჰყიდიან, რაც საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ უცხოებში შსს-ს გადაცმული თანამშრომლებიც ერევიან და საბოლოოდ, „ბარიგა“ „მოღვაწეობას“ ასრულებს ისე, როგორც უნდა დაასრულოს. ადგილობრივ ნარკოდილერებს სიფრთხილის გრძნობა იმდენად აქვთ დაქვეითებული, რომ საკმარისია კონკრეტულ ადგილზე მიხვიდე, ხელში ორი-სამი ცალი ასლარიანი გეჭიროს და დაბნეულად იყურებოდე აქეთ-იქეთ, რომ მაშინვე მოვა არასრულწლოვანი ბავშვი და სუფთა ქართულით გეტყვის - შემთხვევით, ნარკოტიკის შეძენა ხომ არ გსურსო?! ნარკოტიკიც ამ ბავშვს მოაქვს და რომც დაიჭირო, ვერაფერს ეტყვი - ის არასრულწლოვანია და ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას საშველი არ დაადგა, რითაც არა მხოლოდ ნარკოტიკების გამსაღებლები სარგებლობენ, არამედ ისინიც, ვინც არასრულწლოვნებს თბილისსა და რეგიონებში მაღაზიებს აქურდინებს და შემდეგ ნაქურდალის გასაღებაში ეხმარება. არასრულწლოვნების დანაშაულის აღსაკვეთად რამე მექანიზმი აუცილებლად არის მოსაფიქრებელი და საშემოდგომო სესიაზე დასამტკიცებელი, სხვაგვარად, აგორებული ტალღის შეჩერება წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ზემონახსენებ ერთადერთ შემთხვევას - როდის შეიძლება, ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლონ? ეს იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული იტყვის, საიდან იღებს ნარკოტიკს ანუ გასცემს მთავარ დილერს, მას, ვისაც ნარკოტიკი საქართველოში შემოაქვს. ხომ მარტივია, ჰეროინსა და კოკაინს ადგილზე ვერავინ დაამზადებს, არც კლუბური ნარკოტიკია ადგილობრივი წარმოების და გამოდის, რომ ყველაფერი ეს შემოდის და შემდეგ აქ საღდება. შსს-ს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, უცხოეთის არაერთი მოქალაქე დააკავა, რომელსაც ნარკოტიკი შემოჰქონდა საქართველოში, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან ყოველდღიურად, ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება იყიდება და რამდენიმე მილიონი იხარჯება. სწორედ ამიტომ, თუ რომელიმე ნარკოდილერი იტყვის, ვინ არის მთავარი შემომტანი და კონკრეტულ სახელსა და გვარს დაასახელებს, მისთვის პირობითი მსჯავრის მიცემა და უმკაცრეს კონტროლზე აყვანა შეიძლება.

უდიდესი გულისტკივილით აღვნიშნავთ იმასაც, რომ „მარიხუანას“ მოხმარებასთან კანონის შემსუბუქებამ სერიოზული პრობლემები გააჩინა. რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ „მარიხუანა“ მსუბუქი ნარკოტიკია, რეალურად, ის, რაც საქართველოში იყიდება და რასაც მოიხმარენ, ქიმიური ნაერთია, რომლითაც ველურ კანაფს ჟღინთავენ და ამის შემდეგ გააქვთ გასაყიდად. სწორედ ქიმიური ნაერთი იწვევს იმ შეგრძნებებს, რომელიც რეალურად, ნამდვილ კანაფს არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ქიმიური ნაერთიდან გამოსული კვამლი აზიანებს ფილტვებს (უბრალოდ ხვრეტს მათ) და ამის შედეგებს 1-2-წლიანი მოხმარების შემდეგ იმკიან „მარიხუანას“ მომხმარებლები. ამიტომ გვგგონია, რომ ამ მიმართულებით მიდგომა ისევ უნდა გამკაცრდეს და ახალგაზრდებმა „მარიხუანა“ პირდაპირ სადარბაზოებსა, თუ კორპუსების წინ არ უნდა გააბოლონ.

დასასრულ, გავა კიდევ ერთი-ორი თვე, ან უფრო ნაკლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მორიგ სპეცოპერაციას ჩაატარებენ, ისევ დააკავებენ ათეულობით ნარკოდილერს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ფონიჭალიდან იქნება. ეგებ, სჯობდეს, მასშტაბური სპეცოპერაციების ნაცვლად, პატარ-პატარა რეიდები განახორციელონ და თუნდაც ყოველდღე მოახერხონ ათის თუ არა, ერთი-ორი „ბარიგის“ აყვანა. ეს გამსაღებლებსაც დააფრთხობს და მომხმარებლებიც არ „დააბირჟავებენ“ ფონიჭალაში, წამლის მოლოდინში და არ გაუღიმებენ პატრულის თანამშრომლებს იმის იმედად, რომ მოხმარებაზე სასჯელი ლიბერალურია და დიდ „სროკს“ არ ითვალისწინებს. თაობები დაღუპა ნარკოტიკმა საქართველოში, თაობები იღუპებიან ახლაც და თუ ეს დროზე არ დასრულდა, რამდენიმე წლის შემდეგ, უბრალოდ, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე