ვინ არიან ნიღბიანი და სამხედრო ფორმიანი ახალგაზრდები, რომლებიც რუსთავში ხალხს ესხმიან და უმოწყალოდ სცემენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვის კვალზე გავიდა გამოძიება

ზოგადად, უბანში ავტორიტეტების ყოფნა ცუდი არ არის. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ კრიმინალურ ავტორიტეტებს, ისეთ ადამიანებზე ვამბობთ, რომლებიც თავისი წესიერი ცხოვრებით სხვებისთვის მისაბაძნი არიან და მათ სიტყვას არა მარტო პატარები, არამედ, დიდებიც ისმენენ. სწორედ ასეთი ადამიანების მეშვეობით, არაერთი პრობლემა მოგვარებულა და გადაჭრილა. მათი რიდი აქვთ, პატივს სცემენ და ცდილობენ, დაუახლოვდნენ... არცთუ იშვიათად (და ეს დამოუკიდებლობის შემდეგ უფრო თვალშისაცემი გახდა), ასეთი ადამიანების გამოყენებას პარტიის ლიდერები არჩევნებისთვის ცდილობენ, რაღაცებს ჰპირდებიან და ძალიან ცოტა ახერხებს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს, კაცურად ნათრევი სიცოცხლე ბოლომდე კაცურად გაათრიოს და „იმისტი“ და „ამისტი“ არ დაირქვას...

რუსთავის ერთ-ერთ უბანში, მოქალაქეებზე თავდასხმები გახშირდა. რიგით ადამიანებს ორი ნიღბიანი ხვდებოდა და სასტიკად უსწორდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი იყო, კაცი, დიდი თუ პატარა, ყველას ერთნაირად სცემდნენ და რაც მთავარია, არაფერს ართმევდნენ. ქვეყანა 9 აპრილის ჭრილობებს იშუშებდა, ერი რეალურად ერთიანი იყო, კრიმინალებიც კი ერიდებოდნენ მძიმე საქმეებს, ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის აგორებულ ტალღას შეშველებოდნენ და ამ დროს ასეთი ამბები ხდებოდა, თანაც რუსთავი დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე მცირე დიასპორით ნამდვილად არ იყო წარმოდგენილი, მეტალურგთა ქალაქიც დუღდა თბილისის მსგავსად და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები არა მარტო უცნაური, ამაზრზენიც კი იყო. დაზარალებული ანუ ნაცემი მოსახლეობა განცხადებას განცხადებაზე წერდა, მაგრამ მილიცია უძლური იყო. ჯერ ერთი, ლამის მთელი შემადგენლობა თბილისში იყო გადასროლილი, აქციები ასე თუ ისე რომ შეეკავებინათ და მეორეც, მათ არ ჰქონდათ თავდამსხმელების ზუსტი აღწერილობა. ყველა იმას ამბობდა, რომ ეცვათ სამხედრო ფორმა და ეკეთათ ნიღბები. იყო ვარაუდი, რომ თავდამსხმელები, შესაძლოა, რუსები ყოფილიყვნენ, რუსი ჯარისკაცები, რათა პროვოკაცია მოეხდინათ, მაგრამ რა პროვოკაციაზე იყო საუბარი, როცა ისინი არაფერს იპარავდნენ, არაფერს ართმევდნენ და როგორც გამოჩნდებოდნენ, ისე უჩინარდებოდნენ. თითო თავდახმას, ყველაზე დიდი, 30 წამს ანდომებდნენ, მაგრამ ისე ოსტატურად უსწორდებოდნენ, აშკარა იყო, ნავარჯიშები იყვნენ.

„მე ვიცი, ვინ დგას ამ თავდასხმების უკან. ჩვენს კორპუსში ადრე კანალიზაცია გასკდა და სანამ გააკეთებდნენ, იქაურობა ფეკალიებით გაივსო. მერე კი გაწმინდეს, მაგრამ კედლები გაიჟღინთა და „პადვალში“ ჩასვლას კი არა, სადარბაზოებში შესვლასაც კი დიდი გმირობა უნდოდა. მერე, როცა ყველაფერი მიწყნარდა, ვიღაც რუსი გამოჩნდა, ყოფილი სამხედროაო, ამბობენ და იმ აყროლებულ სარდაფში დაიწყო ცხოვრება, თან ნელ-ნელა ალაგებდა, არავინ ეხმარებოდა, „ვედროებით“ გამოჰქონდა ფეკალიები და დაახლოებით, ექვს თვეში სარდაფი გაასუფთავა, მერე რემონტი დაიწყო და ბოლოს, იქაურობა ერთ დიდ სპორტულ დარბაზად აქცია, თავისთვის ოთახიც მოიწყო და გადასარევად ცხოვრობდა. მერე, უბნის ბიჭები შეაგროვა, სარდაფში ჩაჰყავდა და ავარჯიშებდა. სპორტული ინვენტარიც, ზოგი შეიძინა, ზოგი ააწყო და საბოლოოდ, ასზე მეტი ახალგაზრდა შემოიკრიბა. ერთხელ ვკითხე, ამ ბიჭებს რას ასწავლი-მეთქი და ასე მიპასუხა, საბრძოლო ხელოვნებას, ომი ახლოვდება და როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის დაცვა უნდა იცოდნენო. ჰოდა, დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს კაცი ავარჯიშებს თავის მხეცებს მოსახლეობაზე. თანაც, ისინიც ზუსტად ისე იცვამენ სამხედრო ფორმებს და იმ სარდაფში ნიღბებიც ნანახი მაქვს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

სამართალდამცავებმა იმ დარბაზის არსებობის შესახებ კი იცოდნენ, მაგრამ უბნის რწმუნებული ამბობდა, ვიღაც ლოთია, ბიჭები მასთან სალოთაოდ დადიან, რა ვარჯიში და წვრთნებიო, თუმცა ამჯერად კარგად მოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ეს მართლაც სავარჯიშო დაწესებულება იყო და იქ ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადიოდა. სარდაფში ჩასასვლელად, მილიციის გაძლიერებული შემადგენლობა წავიდა. ყოფილმა სამხედრომ აყვანის დროს წინააღმდეგობა სცადა, მაგრამ მაინც დააკავეს. სარდაფში მართლაც იპოვეს ნიღბები და სამხედრო ფორმა. ძალოვნები საქმის გახსნას ზეიმობდნენ.

„მე ბიჭებს ძალადობას არ ვასწავლი. პირიქით, რაინდებად, ნამდვილ პატრიოტებად ვზრდი. დედა ქართველი მყავს, მისი გაზრდილი ვარ, მამა ადრე გარდამეცვალა და ამიტომ, მთლიანად ქართულ ტრადიციებზე და აქაური სულისკვეთებით ვიზრდებოდი. მერე ჯარში წავედი, ავღანეთშიც ვმსახურობდი, სადესანტო ნაწილშიც და ბრძოლა იქ ვისწავლე. ყველაფერ ამას ვასწავლი ბიჭებს და ჰკითხეთ, ვისაც გინდათ, ჩემთან მოსულები აღარ ეწევიან, ნარკოტიკებზე საუბარიც კი ზედმეტია,
მეტიც, მუშაობის დაწყებაში ვეხმარები, რამდენიმე მეტალურგიულ ქარხანაში მოვაწყვე, რამდენიმე - აზოტში. აქვე, ახლოს, მეფრინველეობის ფერმებია, ათამდე ბიჭი იქ მუშაობს, ოჯახებს ეხმარებიან“, - განაცხადა დაკავებულმა და მართლაც, იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც მასთან დადიოდნენ, პირდაპირ თქვეს, გზას აცდენილ ბიჭებს ცხოვრებას ასწავლის, როგორც ფიზიკურად, ისე ცხოვრებისეულად წვრთნის და ძალიან კმაყოფილები ვართო. გადაამოწმეს პრაქტიკულად ყველა ის ბიჭი, რომლებიც სარდაფის მუდმივი სტუმრები იყვნენ და მათზე ცუდი არავის დასცდენია არც - სამსახურში, არც - სასწავლებელში, არც - სამეზობლოში. რაც შეეხება აღმოჩენილ ნიღბებს...

„ბიჭების ამბავი ხომ იცით - მათი უმრავლესობა ოცნებობს, სპეცრაზმელი გახდეს და ვარჯიშები რეალობასთან ახლოს რომ იყოს, ნიღბები ამიტომ მოვიფიქრეთ. მგონია, რომ ვიღაცას ჩვენი სახელის გატეხვა უნდა, იმიტომ ჩააცვეს იმ თავდამსხმელებს ფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბიჭებთან ერთად, რამდენჯერმე გავედი პატრულირებაზე, ეგებ, ჩვენც დაგვესხნენ თავს-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. გეტყვით, ეჭვი ვისზე მაქვს - როცა სარდაფი დავასუფთავე, ერთი კაცი მოვიდა, მითხრა, ფულს გადაგიხდი და დამითმე, აქ ბევრი კომერციული ობიექტის გაკეთება შეიძლებაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მერე დამემუქრა და სავარაუდოდ, მუქარას ასე ასრულებს“, - განაცხადა სარდაფის მფლობელმა და გამომძიებლებს იმ პიროვნების სახელიც უთხრა.

სამართალდამცავები მაშინვე ბიზნესმენის სანახავად წავიდნენ და როცა მან გაიგო, რისთვის იყვნენ მისულები, ღიმილით თქვა, ჩემს სიმართლეს მარტივად დავამტკიცებო და გამომძიებლებს ის ადგილი უჩვენა, რომელიც იყიდა, გაარემონტა და ობიექტები გახსნა. გამოდიოდა, რომ მას სარდაფი და შესაბამისად, მთელი ამ სპექტაკლის დადგმა არაფერში სჭირდებოდა, თუმცა ვერსია, რომ ვიღაცას სწორედ სარდაფის ხელში ჩაგდება სურდა, მაინც არსებობდა. მიაკითხეს ახლომდებარე ობიექტებს, დაიწყეს იმის გამოკითხვა, იყო თუ არა ვინმე ისეთი, ვინც კონკრეტულად ამ სარდაფით გახლდათ დაინტერესებული და საინტერესო რამეც გაიგეს.
„ჩვენთან რატომ მოდიხართ? ვითომ არ იცით, რომ მიტოვებულ შენობებს უბნის რწმუნებული იკავებს, მერე ვიღაცებს უფულოდ არემონტებინებს და მერე აქირავებს. ოცამდე ობიექტი ექნება ასე დათრეული და გაქირავებული“, - უთხრა გამომძიებლებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სარდაფის მფლობელ რუსს გამომძიებლებმა კთხვა უბნის რწმუნებულზეც დაუსვეს და მან დაადასტურა, რომ რწმუნებულმა რამდენჯერმე უთხრა, სარდაფის გაქირავებას თუ დააპირებ, პირველად მე მითხარიო. გამოძიებამ უბნის რწმუნებულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყო და დაადგინა, რომ მას
მართლაც ჰქონდა მითვისებული არაერთი ობიექტი, იმ პირებს კი, რომლებიც კრიმინალსა და ნარკომანიაში იყვნენ შემჩნეულნი, აიძულებდა, ეს ობიექტები გაერემონტებინათ, შემდეგ კი აქირავებდა. მასზე თვალთვალი დააწესეს და ისიც დაადგინეს, რომ უბნის რწმუნებული არა მარტო ობიექტებს აქირავებდა, არამედ, სხვა ობიექტების მფლობელებისგან ყოველთვიურ გასამრჯელოსაც კრეფდა.

ყველაზე მეტად სამართალდამცავები იმ ორმა ახალგაზრდამ დააინტერესა, რომლებსაც უბნის რწმუნებული ხშირად სტუმრობდა. გაირკვა, რომ ისინი ყოფილი კარატისტები იყვნენ, შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება დაიწყეს და ამის მიუხედავად, რწმუნებული მათ არ იჭერდა. თვალთვალი ძმებზეც დაწესდა და როცა ერთ დღეს, ისინი სახლიდან სპორტული ჩანთებით გავიდნენ, ოპერები უკან გაჰყვნენ. ბიჭებმა ერთ-ერთ სადარბაზოში შეუხვიეს, იქიდან მალე გამოვიდნენ, სამხედრო ფორმა ეცვათ, ნიღბები კი ხელში ეკავათ. მალე დაესხნენ თავს გზაზე მიმავალ მამა-შვილს და სწორედ ამ დროს დააკავეს. პრინციპში, დაკავებაც არის და დაკავებაც - ოპერებს ბიჭებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ისინი იძულებულნი გახდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინათ და ერთ-ერთი დაჭრეს.
„ყველაფერი ეს, უბნის რწმუნებულმა გვაიძულა. ის გვემუქრებოდა, წამალს ჩაგიდებთ და დაგიჭერთო. როგორც ვიცი, იმ სარდაფის დათრევა უნდა, რუსმა ჯარისკაცმა რომ გააკეთა და ამიტომ, მოსახლეობა რომ აჯანყებულიყო, ეგ მოიგონა. რა უნდა გვექნა? დაჭერის შიშით ვაკეთებდით. ის უბნის რწმუნებული კი არა, უბანში ქურდია, არავის და არაფერს ითვალისწინებს“, - თქვა დაჭრილმა.

რა თქმა უნდა, უბნის რწმუნებული დააკავეს. რაც შეეხება რუს ჯარისკაცს... მისი ბიჭებიდან რამდენიმე სპეცდანიშნულების რაზმში მართლა წავიდა, მერე და მერე, სარდაფი დიდ სპორტულ დარბაზად იქცა, თავად მისი სულისჩამდგმელი კი, 2014 წელს, გულის შეტევით, იმავე სარდაფში გარდაიცვალა.

ბათო ჯაფარიძე