113 ახალი სტატია

ახალგაზრდა მსახიობის მკვლელობის დეტალები - ვინ მიიტანა თეატრში მოწამლული კონიაკი და მიდის თუ არა კვალი ეჭვიანობამდე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, დღეს, ინტერნეტის სამყაროში, მარტივად შეიძლება ნებისმიერი რამ მოიძიო, შექმნა ხელნაკეთი იარაღი, გააკეთო საწამლავი, მიიღო შხამი
და ა.შ. ადრე კი ყველაფერი ეს თითქმის შეუძლებელი გახლდათ. იარაღზე რომ არაფერი ვთქვათ, უმკაცრესად კონტროლდებოდა ის ნივთიერებები, რომლებისგანაც შხამის მიღებაა შესაძლებელი და საკმარისი გახლდათ, სადმე შხამი გამოჩენილიყო, მაშინვე ყველა იმ დაწესებულებას ამოწმებდნენ, სადაც შხამი ინახებოდა და დანაკლისის შემთხვევაში, არამარტო ხელმძღვანელობა, არამედ, რიგითი თანამშრომლებიც უმკაცრესად ისჯებოდნენ.

„დასავლეთ საქართველოში ორკვირიანი მივლინებით გამიშვეს. სულ სხვა საქმეზე ვიყავი წასული – ერთ-ერთი „კანონიერი ქურდი“ უნდა მენახა და
რაღაცები გამერკვია. საქმეს ორ დღეში მოვრჩი, მაგრამ ისე მოხდა, უკან ვეღარ წამოვედი. ადგილობრივი თეატრი „ოტელოს“ დგამდა, რაც ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მეჩვენა – აფიშაც კი იყო გამოკრული, მაგრამ არ გამცინებია, როცა მითხრეს, დეზდემონას როლის შემსრულებელი, 24 წლის გოგო, სპექტაკლის დასრულებისთანავე მოკვდაო. რაც მთავარია, მას მოწამვლის ნიშნები ეტყობოდა და შემდგომში ექსპერტმაც დაადასტურა, რომ სისხლში იშვიათი ჯგუფის საწამლავი იყო მოხვედრილი. თბილისიდან დამირეკეს, დარჩი და გამოძიება შენ წარმართეო, რასაც, რა თქმა უნდა, დავემორჩილე“, – იხსენებს ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გოგოს გარდაცვალება ყველასთვის ნამდვილი შოკი იყო. მას მტრები არ ჰყავდა, ყველას უყვარდა და ზოგადად, ისეთ ქმედებაში, რომელიც მაშინ მიღებული არ იყო, არასოდეს ყოფილა შემჩნეული. განსაკუთრებით საკუთარ გრიმიორსა და ბავშვობის მეგობართან, სცენის გამნათებელთან ურთიერთობდა. ბიჭი გოგოსთან ბაღიდან მეგობრობდა, თუმცა მეგობრობის იქით ურთიერთობა არ წასულა და არავის უთქვამს, შეყვარებულები იყვნენო. ექსპერტის მტკიცებით, ორგანიზმში შხამი საკვებთან ერთად მოხვდა და ეს საკვები შოკოლადი იყო. ტკბილეული მსახიობს სწორედ ბავშვობის მეგობარმა, სცენის გამნათებელმა აჩუქა და შესაბამისად, პირველი ეჭვმიტანილიც ის გახდა. ეს კი არადა, სამსახურში გრიმიორი რომ არ გამოცხადდა, მილიციამ მისი სახლის კარი შეამტვრია და ისიც უგონო მდგომარეობაში იპოვა. შოკოლადი მასაც ეჭამა, თუმცა ბევრი არა და გადარჩა.

„თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვობი მეგობარმა მოკლა, მაგრამ ყველა ერთ ხმაში ამტკიცებდა, მაგას სხვა მსახიობთან აქვს ურთიერთობა,
გარდაცვლილთან მხოლოდ მეგობრობდაო. კითხვაზე, საიდან მოიტანა შოკოლადი, გამნათებელმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ იყიდა და ოთახში ედო, შემდეგ კი მეგობარს აჩუქა. რა თქმა უნდა, დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადავიყვანეთ და დაკითხვის სტრატეგიას ვადგენდით, როცა საავადმყოფოდან დარეკეს – სასწრაფომ მოწამვლის ნიშნებით ორი სტუდენტი ბიჭი მოიყვანა და ორივეს ზუსტად იგივე სიმპტომები ჰქონდა, რაც გარდაცვლილ მსახიობსა და მის გრიმიორსო. ბიჭების დაკითხვა შესაძლებელი გახდა და მათ გაიხსენეს, რომ სამი დღის წინ, ქუჩაში, შემთხვევით
ერთ კაცს დაეჯახნენ, რომელსაც ჩანთიდან 1 ბოთლი „ვარციხე“ გადმოუვარდა. კაცი გაბრაზდა, ყვირილი დაიწყო, სტუდენტებმა კი ბოთლს ხელი დაავლეს და გაიქცნენ. კონიაკი მხოლოდ ახლა დალიეს და საავადმყოფოში აღმოჩდნენ“, – იხსენებს ბატონი თენგიზი.

ბოთლში ზუსტად იგივე შხამი იყო, რაც შოკოლადში და შხამის ძიებამ სამართალდამცავები შესაბამის უწყებაში მიიყვანა ანუ იქ, სადაც შხამებზე მუშაობდნენ. ყველაფერი მკაცრი აღრიცხვით კეთდებოდა, მაგრამ უწყების დირექტორმა თქვა, ეგ შხამი კოქტეილია, გარკვეული ნივთიერებების ნაერთი და თუ ქიმიკოსი ჭკვიანია და ამ ნაერთების დოზას სწორად შეურევს, შხამს ლაბორატორიის გარეშეც მიიღებსო.
გამოძიებით დადასტურდა, რომ სტუდენტებს თეატრის თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონდათ ანუ ისინი შემთხვევით მოიწამლნენ და მკვლელს კონიაკი მსახიობის მოსაკლავად მიჰქონდა. სტუდენტებს ვერ აჩვენეს თეატრის პერსონალის სურათები, რადგან შხამმა იმდენად ძლიერად იმოქმედა, რომ მათ მხედველობა წაერთვათ (რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთს ნაწილობრივ აღუდგა, ხოლო მეორე სამუდამოდ დაბრმავდა). აღწერამაც არაფერი მისცა, მათი მონათხრობი, პრაქტიკულად, არავის მიესადაგებოდა.
„გამოძიება ჩიხში შევიდა. მყავდა ეჭვმიტანილი, მაგრამ არ მქონდა მტკიცებულებები, თან დაკავებულს იმის ცოდნა არ ჰქონდა, რომ საწამლავი თავად დაემზადებინა. გადავწყვიტე, ისევ გარდაცვლილის გრიმიორი დამეკითხა და რადგან სუსტად იყო, სახლში ვეწვიე. კვანძიც მანდ გაიხსნა“, – ღიმილით გვიყვება ბატონი თენგიზი.
გრიმიორთან მისულმა გამომძიებელმა კარადის ღია ვიტრინაში, „ვარციხის“ გაუხსნელი ბოთლი დაინახა. მაშინვე სტუდენტების მონაყოლი გაახსენდა და ბოთლის წარმომავლობით დაინტერესდა. გრიმიორმა უთხრა, მსახიობის მეგობარმა მაჩუქა, დაკავებული რომ გყავთ, იმანო. ბოთლი ექსპერტიზაზე წაიღეს, შხამი იქაც აღმოაჩინეს და ეს სავსებით საკმარისი გახლდათ საქმის სასამართლოში გადასაცემად, თუმცა...

„თეატრს ორი გამნათებელი ჰყავს, მე და ჩემი კოლეგა. ოთახი კი ერთი გვაქვს და ეგ კონიაკიც ოთახში დამხვდა, ალბათ, იმან მოიტანა. გოგოებმა რომ შემოიხედეს, გაუხარდათ, „ვარციხეო“, დალევაც გვინდოდა, მაგრამ რეპეტიცია დაიწყო და ვერ მოვასწარით. ბოთლი გრიმიორმა წაიღო, მერე დავლიოთო, მაგრამ აგერ, მე დაკავებული ვარ, ჩემი ბავშვობა მკვდარია, გრიმიორი კი მოწამლული“, – ეს იყო, რაც დაკავებულმა თქვა და... გამოძიებამ პირველად მიაქცია ყურადღება მეორე გამნათებელს. მისი ისტორიის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა, საკმაოდ ნიჭიერი იყო,
თუმცა უცნაური ხასიათის გამო, ინსტიტუტიდან, უბრალოდ, გარიცხეს და გამნათებლად დაიწყო მუშაობა. მისი ბინის ჩხრეკისას კი სამართალდამცავებმა შხამის არაერთი ფლაკონი იპოვეს.

„მსახიობი მეცოდება, ის არ უნდა მომკვდარიყო, არც გრიმიორი უნდა მოწამლულიყო. ჩემი მიზანი მეორე გამნათებლის მოკვლა გახლდათ. მან ჩემს შეყვარებულთან გააბა რომანი, რის შემდეგაც ქალმა მიმატოვა. მე ცოლად მოყვანას ვაპირებდი, ამან ხასად დაისვა, უფრო გამოცდილს დაგიბრუნებო, მეუბნებოდა ხოლმე. მე მოვიტანე კონიაკიც, შოკოლადიც, მაგრამ ბედის ირონიით, ყველაფერი შემთხვევითობის წყალობით აიცილა და გადარჩა“, – ასეთი იყო დაკავებულის აღსარება.

სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მართალია, მისი ნიჭით შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ, მაგრამ მალე გადაიფიქრეს – დაკავებული, მართლაც, თავისებური ხასიათის და სრულიად უკონტროლო იყო.