სერიული მკვლელობები, რომლებსაც საბჭოთა მილიცია მალავდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაც უფრო დიდია ქვეყანა, მით მეტი დანაშაული ხდება. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკაში, ყოველდღურად, ათასობით კრიმინალური შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაგრამ ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობდა. მეტიც, მოსკოვის მოთხოვნა იყო, რომ რესპუბლიკებს ოფიციალურად ეღიარებინათ, დღის განმავლობაში, სამი-ოთხი წვრილმანი დანაშაული მოხდა, რადგან დასავლეთის თვალში, კომუნიზმი მიმზიდველი და საოცნებო ყოფილიყო. თავად განსაჯეთ, ათეულობით მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა... ყველაფერი ეს იმალებოდა და სტატისტიკაში ქათმისა და ერთი ბოთლი არყის ქურდობას აფიქსირებდნენ, მერე ამ ცნობებს საერთაშორისო არენაზე ხმამაღლა კითხულობდნენ და ცდილობდნენ, მთელ მსოფლიოს დაეჯერებინა, რომ საბჭოთა კავშირი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა იყო. არადა, საბჭოთა კავშირს ჰყავდა სერიული მკვლელები, მხოლოდ ჩიკატილოს დასახელება რად ღირს, მაგრამ მაშინ, როცა ჩიკატილოს დასდევდნენ, იყო კიდევ ერთი, თითქოს მოუხელთებელი სერიული მკვლელი, მაგრამ მალე დააკავეს, აი, ჩიკატილო კი ბავშვებსა და ქალებს 12 წლის განმავლობაში ხოცავდა დაუნდობლად და მერე რა, რომ ერთხელ, როგორც ეჭვმიტანილი დააკავეს - ვერაფერი დაუმტკიცეს, გაუშვეს და გაშვების შემდეგ, კიდევ 20-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

მაშ ასე, განგაშის ზარებს არხანგელსკში 1978 წელს შემოჰკრეს, როცა მშენებლობაზე ორი ქალის გვამი იპოვეს. პრინციპში, გვამი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, იპოვეს სხეულის სხვადასხვა ნაწილები, ცალ-ცალკე დამარხული, დაჭრილი, დანაწევრებული. ორივე ქალის ვინაობა მალე დაადგინეს და სამართალდამცავებმა „ამოისუნთქეს“. ადგილობრივი მილიცია ამტკიცებდა, რომ ორივე ჩამოყალიბებული ლოთი გახლდათ, აღრიცხვაზე იყვნენ, არსად მუშაობდნენ და ამიტომ, მათი გარდაცვალება არხანგელსკში დიდ მწუხარებას არ გამოიწვევდა, არც პანიკა ატყდებოდა. როგორც ხშირად ხდებოდა (ახლაც ხშირია), ივარაუდეს, რომ ქალებმა ვინმესთან სასმელი ვერ გაიყვეს, ამის ნიადაგზე ისინი დახოცეს და შემდეგ დამარხეს. ამიტომ, ადგილობრივი ლოთების დაკავება-დაკითხვა დაიწყეს. მკვლელობა არავინ აღიარა, მაგრამ არაერთმა ლოთმა თქვა, ბოლო დროს, მაგ ქალებს თაყვანისმცემელი გამოუჩნდათ, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი, რომელიც სასმელით ხშირად უმასპინძლდებოდა და ბოლოს, სახლშიც დაპატიჟაო. აი, სახლში დაპატიჟების შემდეგ, ისინი აღარავის უნახავს. ლოთების ჩვენების მიუხედავად, გამომძიებლებმა მკვლელის ძებნა, პრაქტიკულად, შეწყვიტეს და მოსახლეობაში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალები სასმლის გამო დაწყებულ გარჩევას ემსხვერპლნენ.

ორ კვირაში, მილიციის განყოფილებაში ახალი შეტყობინება შევიდა - მშობლები ორ გოგონას ეძებდნენ, ორივე ტექნიკუმში, პირველ კურსზე სწავლობდა, ორივე ძალიან მოწესრიგებული იყო, ისინი სულ ერთად დადიოდნენ და განუყრელი მეგობრები გახლდნენ. ტექნიკუმიდან შინ მომავალი გოგონეები არაერთმა ადამიანმა დაინახა, მაგრამ... მათი კვალი კორპუსებთან იკარგებოდა. გამომძიებლები იხტიბარს არ იტეხდნენ, ამბობდნენ, გოგონები, ალბათ, გასართობად წავიდნენ, „ნაგულიაიუტსა ი პრიდუტ“, ასეთი იყო მათი პასუხი. გაუჩინარებიდან ათი დღის შემდეგ, გოგონების დანაწევრებული სხეულები გარეუბანში, მიტოვებულ ნანგრევებში ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, ისინიც იმავე ბასრი საგნით იყვნენ დახოცილ-დანაწევრებულები, რითაც მანამდე, ლოთი ქალები. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მკვლელი ერთი და იგივე პიროვნება იყო ანუ ქალაქში სერიული დამნაშავე ჰყავდათ.  თუ ლოთების შემთხვევაში, ადგილობრივი მილიცია ადვილად გამოძვრა, ახლა იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ სასტიკი მკვლელი მართლაც არსებობდა.

ისე, ექსპერტიზის დასკვნაში ისიც ეწერა, გოგონების ორგანიზმში მცირე დოზით ალკოჰოლია აღმოჩენილი, სავარაუდოდ, სიკვდილის წინ, მათ სავარაუდოდ, ორ-ორი ყლუპი ღვინო დალიესო, თუმცა რამე დასაძინებელი ან სხვა პრეპარატი ორგანიზმში აღმოჩენილი არ ყოფილა. არადა, 1978 წელი იდგა, მშვიდი გარემო, თითქოს სამოთხედ ქცეული საბჭოთა კავშირი... არხანგელსკში მოსკოვიდან საგამოძიებო ჯგუფი მიავლინეს. პირველი, რაც ამ ჯგუფმა გააკეთა, მოხალისეთა გუნდი შექმნა, ე.წ. დრუჟინიკები, რომელიც ქალაქში მორიგეობდა და ყველა საეჭვო პირისთვის საბუთების შემოწმებისა და განყოფილებაში მიყვანის უფლებაც კი ჰქონდა. „დრუჟინიკების“ მონდომებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ადგილობრივმა მილიციამ ორი ძებნილი დააკავა, დანარჩენები კი... ჩვეულებრივი ლოთები, უსაქმურები, ხულიგნები... რეალურად, ქალაქი ახალი მკვლელობის მოლოდინში იყო და მანაც არ დააყოვნა - ამჯერად, მოკლული ამწეზე მომუშავე ქალი ნახეს. ისიც დანაწევრებული, ისიც მშენებლობაზე დაგდებული და... მის სხეულშიც ალკოჰოლის შემცველობა.

გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ მკვლელი მსხვერპლს სასმელზე ეპატიჟებოდა და მერე კლავდა, მაგრამ თუ შუა ხნის ქალები ამაზე თანხმდებოდნენ, რისთვის დათანხმდნენ გოგონები? ისინი არც სასმელს ეტანებოდნენ, არც არასდროს დამთვრალან... ყოველი შემთხვევისთვის, სამ ოპერმუშაკ ქალს ხელში ალუბლის წვენით სავსე ღვინის ბოთლები მისცეს და ისინი ქალაქში ამ ბოთლებით მოძრაობდნენ, პერიოდულად სვამდნენ, აქაოდა, ვლოთობთო, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

სამაგიეროდ, მილიციაში მოქალაქე მოვიდა, რომელმაც თქვა, რომ მის ქალიშვილს მეტად სანდომიანი სახის მამაკაცი გამოელაპარაკა ქუჩაში, შინ დაპატიჟა მუსიკის მოსასმენად, აქაოდა, უცხოური მუსიკის ფირფიტები და უცხოური მაგნიტოფონი მაქვსო, თუმცა გოგონამ უარი უთხრა. კაცმა შვილიც თან მოიყვანა და გოგონა მორიდებით საუბრობდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩემთან გამოლაპარაკებას რომ ცდილობენ, ვერ ვხვდები, მამა ასე რატომ ღელავსო. მართლაც, გოგონა ძალიან ლამაზი იყო და არავის გაჰკვირვებია, რომ მის გაცნობას ცდილობდნენ, მაგრამ ახლა სხვა შემთხვევა იყო, ახლა მკვლელს ეძებდნენ და ყველას ამოწმებდნენ. ამიტომ, გოგონას ფოტორობოტი შეადგენინეს და უცხო მამაკაცის ძებნა დაიწყეს. ძებნა დიდხანს არ გაგრძელებულა, ერთ-ერთი უბნის ინსპექტორმა სიცილით თქვა, ეს ჩვენი მეგობარია, „დრუჟილნიკი“, ვლადიმერ ტრეტიაკოვი, რომელიც მუდმივად გვეხმარება და საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებსო. მოსკოვიდან ჩამოსულმა მაძებრებმა ტრეტიაკოვის სამსახურიდან მისი პირადი საქმე გამოითხოვეს და ხელი ჩაიქნიეს - სანიმუშო მემონტაჟე, არასოდეს ყოფილა შემჩნეული კრიმინალში, არ სვამს, არ ეწევა, ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ 33 წლის ასაკში უცოლშვილოა. ყოველი შემთხვევისთვის, მას სამი დღის განმავლობაში უთვალთვალეს და დარწმუნდნენ, რომ ტრეტიაკოვი არაფრის გამფუჭებელი იყო, გოგონას გაცნობასაც მოუძებნეს გამართლება - უცოლშვილო კაცი ოჯახის შექმნაზე ფიქრობსო.

მალე კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა და როცა გარდაცვლილის ვინაობა გაირკვა, განყოფილებაში მისი მეგობარი მივიდა და განაცხადა, რომ დაინახა მამაკაცი, ვინც დაქალი გაიცნო და შინ დაპატიჟა. ქალმა არ იცოდა, ვინ იყო მამაკაცი, მაგრამ მისი აღწერა შეძლო, ხოლო როცა ტრეტიაკოვის ფოტორობოტი აჩვენეს, მან დაბეჯითებით თქვა - ეს არის! ეჭვმიტანილი სამსახურში აიყვანეს და ის დაკავებას ძალიან მშვიდად შეხვდა. პარალელურად, მოწმეების თანდასწრებით, მისი ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა, საიდანაც სისხლიანი ნაჯახი და მოკლული ქალების პირადი ნივთები ამოიღეს. ისინი ტრეტიაკოვს კარადაში ჰქონდა შენახული. ცხადი იყო, სამართალდამცავებმა მკვლელის დაკავება შეძლეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო მიზეზი გახლდათ - რამ აიძულა, ერთი შეხედვით, სანიმუშო საბჭოთა მოქალაქე, რომ ასეთ სასტიკ დანაშაულს სჩადიოდა?

„7 წლის ვიყავი, დედ-მამა რომ დაშორდნენ. დედამ სმა დაიწყო, გალოთდა და შინ ათასი ჯურის ხალხი მოჰყავდა. გაყრის შემდეგ, საცხოვრებლად ერთოთახიან ბინაში გადავედით და თქვენ იცით, რას ნიშნავს, როცა ერთოთახიან ბინაში, დედა და მასთან ერთად, კიდევ 4-5 კაცი ლოთობს? იცით, რას აკეთებდნენ მას შემდეგ, რაც გაილეშებოდნენ? ყველაფერ ამას ვუყურებდი, რადგან გარეთ ვერ გავდიოდი, ღამეში, სიბნელის მეშინოდა. დილით სკოლაში გავრბოდი, თუმცა სკოლა მალე მთავრდებოდა და შინ მიწევდა დაბრუნება. საშველად მამას მივაკითხე, მითხრა, ხვალვე წაგიყვანო, მაგრამ როცა ჩემს წასაყვანად მოდიოდა, ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. მერე მეზობლებს ვთხოვე დახმარება და მათ შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. როგორ გგონიათ, რა მოხდა? მე ბავშვთა სახლში წამიყვანეს და იქ გავიზარდე. ამიტომ შემძულდნენ ლოთი ქალები და გადავწყვიტე, მათგან სამყარო თუ არა, ჩემი ქალაქი მაინც გამეთავისუფლებინა. რას ვერჩოდი იმ გოგონებს? ისინი შინ მუსიკის მოსასმენად დავპატიჟე, შემდეგ ღვინო შევთავაზე და დამთანხმდნენ. ასეთ ასაკში რომ სასმელს ადვილად იღებ, ადვილად თანხმდები, პოტენციური ლოთი ხარ. მე მათი მომავალი შვილები ვიხსენი“, - განაცხადა ტრეტიაკოვმა დაკითხვისას.

ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადასტრურა, რომ ტრეტიაკოვი ჯანმრთელი იყო და ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა. მას სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა და იმის მიუხედავად, რომ დაკავებულმა სასჯელის უმაღლესი ზომა გაასაჩივრა, არ დააკმაყოფილეს და ბედის ირონიით, 1979 წელს, ფერიცვალება დღეს, 19 აგვისტოს დახვრიტეს. წესით, მოსკოვში მყოფ ძალოვან ხელმძღვანელებს შვებით უნდა ამოესუნთქათ, მაგრამ არა - სწორედ 1978 წლიდან დაიწყო სერიული მკვლელობების ახალი ციკლი, რომელიც 12 წელს გაგრძელდა და საბოლოოდ, საბჭოთა „ჯეკ მფატრავად“ შერაცხული ანდრეი ჩიკატილოს დაკავებით დასრულდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე