„გაფრინდა და ხეს პირდაპირ თავით შეასკდა... 4 მეტრზე მიასხა ტვინი“

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ აღმოჩნდა კოჯრის ხევში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი და რა გახდა დაღუპვის მიზეზი

საქართველოში, ყოველწლიურად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასობით ადამიანი კვდება. სამწუხარო სტატისტიკა, რომელსაც წლებია ვერაფერს ვუხერხებთ, დიდწილად, ჩვენი ბრალიცაა. გაფრთხილების, ჯარიმების გაზრდის, თუ არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, საჭესთან ნასვამი მძღოლის დაჯარიმება იშვიათობა მაინც არ არის. ამას გარდა, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ვიდეო-ჯარიმები, პრაქტიკულად, ათასობით მძღოლს მისდის და საშველი არ ჩანს. ისე, ცუდი არ იქნებოდა, სამხრეთ აფრიკის მაგალთი აგვეღო - ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობას სამუდამოდ ართმევენ, ხოლო თუ ნასვამი მძღოლის მიზეზით, ავარია მოხდება, რასაც ვინმეს გარდაცვალება მოჰყვება, მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევასთან ერთად, ათწლიანი სასჯელიც არ ასცდება. იმ შემთხვევაში, თუ ნასვამი მძღოლი ავარიას ლეტალური შედეგის გარეშე ახდენს, მართვის მოწმობის ჩამორთმევა და სამწლიანი ციხე გარანტირებული აქვს. შედეგად, სამხრეთ აფრიკაში, ნასვამი მძღოლის გამოვლენის ფაქტი, წელიწადში ორ შემთხვევაზე მეტი, წლებია, არ ყოფილა. გამოდის, მკაცრი კანონი მუშაობს და სწორედ ამ კანონის წყალობით, ყოველწლიურად ასობით ადამიანი ცოცხალი რჩება.

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, შესაძლოა, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს - ის მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ მოეფიქრებინათ და განეხორციელებინათ. ჰო, ქართულ ფანტაზიას საზღვარი არცერთი მიმართულებით არ აქვს და როცა განუზომელი ოდენობით ღვინოს ვსვამთ, არაა გამორიცხული, ფანტაზია იდიოტიზმში გადაგვეზარდოს, იდიოტიზმი კი კოსმოსივითაა - არ მთავრდება, უსასრულოა.

 

სამიოდე წლის წინ, კოჯრის მიმდებარედ, ხევში, ახალგაზრდა მამაკაცის გვამი იპოვეს. კაცს თავი ჰქონდა გახეთქილი. წინასწარი ვარაუდით, თავში რამე ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა შოკისმომგვრელი იყო.

„მამაკაცს“ თავის ქალა აქვს დაფშვნილი და ხის ქერქის ნატეხების ნაწილი კანსა და თმებში, სისხლთან ერთადაა აზელილი. წინასწარი ვარაუდით, მას თავში სწორედ ხის ჯოხი ჩაარტყეს, თუმცა საქართველოში, შესაძლოა, ორი-სამი ადამიანი არსებობდეს, რომლებსაც ჯოხის ასეთი სიძლიერით მოქნევა და დარტყმა შეუძლიათ. ეს უნდა იყოს არაადამიანური ძალის პატრონი“, - დაახლოებით ეს ეწერა ექსპერტის დასკვნაში. სიტყვით კი, ექსპერტმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ის, ვინც გარდაცვლილს თავში ჯოხი, ან პალო ჩაარტყა, ბევრად უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, ვიდრე თუნდაც ლაშა ტალახაძე ან ლევან საგინაშვილი. ექსპერტმა გამორიცხა ავტოსაგზაო შემთხვევა, რადგან მამაკაცი ავარიაში რომ მოყოლოდა და საქარე მინა თავით გაეტანა, შუშის ნამსხვრევები აუცილებლად იქნებოდა სხეულში.

გამომძიებლებს საფიქრალი მიეცათ. ჯერ ახლო-მახლო მოიკითხეს ვინმე არაადამიანური ძალის პატრონი, მაგრამ ასეთი ვერავინ ნახეს. შემდეგ, მიმდებარე ტერიტორია 300 მეტრის რადიუსში დაათვალიერეს და ვერაფერი ნახეს. ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ რამდენიმე დღის წინ, იმ ადგილზე, ნასვამი ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილნი და ავტომობილით, როგორც გზაზე, ისე ტყის მასივში, სწრაფად გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი, დაჯახების ხმაც გაიგეს, თუმცა დაშავებული არავის უნახავს და არც დამტვრეული მანქანა უნახავთ მეორე დღეს. ძალოვნებმა მიმდებარე ტერიტორია კიდევ ერთხელ შეამოწმეს საგულდაგულოდ და ნახეს ხე, რომელსაც სავარაუდოდ შეეჯახნენ. თუმცა, ავარიის ადგილი და ადგილი, სადაც გვამი ნახეს, ერთმანეთისგან 150 მეტრის მოშორებით იყო და ამიტომ, ავარიასთან გვამის დაკავშირება სათუო გახლდათ. სამაგიეროდ, ხის ქერქზე კარგად იყო შერჩენილი საღებავი, რითაც დადგინდა, რომ მანქანა თეთრი ფერის იყო, თუმცა მარკა და მოდელი ვერ დადგინდებოდა. ამიტომ, პოლიცია ვიდეოკამერებს ჩაუჯდა.

სამდღიანი მუშაობის შემდეგ დადგინდა, რომ სამართალდამცავებისთვის სავარაუდოდ საინტერესო მანქანა ქალს ეკუთვნოდა, რომელსაც ქმარი არ ჰყავდა. არც მისი მისამართის დადგენა გახლდათ ძნელი და პოლიციელები მანქანის მფლობელს შინ ეწვივნენ. ქალმა ძალიან მშვიდად მიუგო, რამდენიმე დღის წინ, ავტომობილი ჩემი გოგონას საქმრომ დაამტვრია, ახლა გასაკეთებლად ჰყავს წაყვანილი, როგორც მითხრა, ბევრი არაფერი სჭირს, მალე გაკეთდებაო. „გოგონას საქმროს“ სახელისა და გვარის დადგენაც არ გახლდათ რთული საქმე და გამომძიებლები ახლა მას მიადგნენ. ბიჭმაც არ უარყო, რომ სასიდედროსგან ავტომობილი ითხოვა, რომ მცირე ავარიაში მოჰყვა, მანქანა გაკაწრა და ახლა აკეთებდა. „გაკაწრული“ მანქანის სანახავად პოლიციელები სახელოსნოში წავიდნენ და დარწმუნდნენ, რომ ეს სწორედ მათთვის საინტერესო ავტო გახლდათ - პრაქტიკულად, წინა ცხვირი არ ჰქონდა, ისე იყო დამტვრეული. საინტერესო გახლდათ ისიც, რომ სასიძოს მართვის მოწმობა არ გააჩნდა ანუ ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, თუმცა მან ხელები გაშალა - ჩემი ძმაკაცი იჯდა, იმას მართვის მოწმობა აქვსო. ახლა ძმაკაცის მონახულების ჯერი დადგა. მან დაადასტურა, რომ საჭესთან მართლაც ის იჯდა, რომ ავარიაც მას მოუხდა და გაკეთების ფულის ნაწილსაც თავად იხდიდა. ძალოვნებს ყველაზე მეტად ის აეჭვებდათ, რომ სასიძო პრაქტიკულად უვნებელი იყო, მეგობარს კი სახესა და ხელებზე ნაკაწრები ჰქონდა ანუ არცერთს არ ეტყობოდა ავარიაში მოხვედრის კვალი. თუმცა, ეს არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი - მთავარი ის გახლდათ, რომ გარდაცვლილი, რომლის ვინაობაც დადგინდა, სწორედ ამ ბიჭების მეგობარი იყო და ისინი მუდმივად ერთად ატარებდნენ დროს. როცა მეგობრის სიკვდილზე ჩამოუგდეს სიტყვა, ორივემ დაზეპირებული ტექსტი გაიმეორა, იმ დღეს ჩვენთან ერთად იყო, მერე რაღაც ეწყინა და გზას ფეხით გაუყვა, ჩვენც ვეძებთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთო. ორივე მონაყოლი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ ცხადი იყო, რეპეტიცია რამდენჯერმე გაიარეს.

აზრი არ ჰქონდა მანქანაში გარდაცვლილის დნმ-ის ძებნას, აკი, ორივე ამბობდა, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, შემდეგ კი წავიდაო ანუ ავტომობილში მის ყოფნას არცერთი არ უარყოფდა. ბიჭები არ იყვნენ ფიზიკურად ისეთი ძლიერები, თავზე ტრავმა რომ მიეყენებინათ გარდაცვლილისთვის და არაფერი უთითებდა იმაზე, რომ ავარიის მომენტში, გარდაცვლილი ავტომობილში იჯდა - სისხლის არანაირი კვალი და არც ქიმიური წმენდის კვალი ავტომობილს არ აღენიშნებოდა ანუ ბიჭი რომ მანქანაში მომკვდარიყო, სისხლის კვალს აუცილებლად დატოვებდა. გამოდიოდა, რომ ის მართლაც არ იმყოფებოდა ავარიის დროს ავტომობილში, მაგრამ... იყო რაღაც, რაც გამომძიებლებს მიანიშნებდა, რომ ბიჭებმა ზუსტად იცოდნენ, მეგობრის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი, მაგრამ არ ამბობდნენ. ამიტომ, ორივე დააკავეს და გადაწყვიტეს, ცალკე, სათითაოდ დაეკითხათ. სასიძოს დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, ის ჯიუტად პირველ ჩვენებაზე იდგა, აი, მის მეგობარს კი აუხსნეს, რომ თუ დამტკიცდებოდა, რომ გარდაცვლილს ავარიასთან რაღაც კავშირი ჰქონდა და საჭესთან ის იჯდა, მაშინ გრძელვადიანი სასჯელი არ ასცდებოდა. მან დრო ითხოვა და ადვოკატთან შეხვედრა მოისურვა. მთელი მეორე დღის განმავლობაში, ადვოკატი ხან ერთ დაკავებულთან შედიოდა, ხან - მეორესთან. ცხადი იყო, რომ მას ამბები მიჰქონდა და მოჰქონდა, ახლა მთავარი გახლდათ, დაკავებულები ვერ შეთანხმებულიყვნენ და რომელიმეს საუბარი დაეწყო. როგორც იქნა, ადვოკატის ვოიაჟები დასრულდა და დაკავებულებს ისევ გამომძიებლები დაუბრუნდნენ. სასიძომ კვლავ ძველი ვერსია გაიმეორა, მეორე დაკავებულმა კი...

„საჭესთან მე არასდროს ვმჯდარვარ, სულ ის იჯდა, ვისაც სასიდედროს მანქანა მოჰყავდა. იმ დღესაც ასე იყო, საჭესთან იჯდა, ნასვამები ვიყავით და გარდაცვლილმა, გინდა თუ არა, „კაპოტზე“ უნდა დავჯდეო. ეგ იდეა არ მომეწონა, მაგრამ ის რომ დაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი. ამან კიდევ, მანქანა ალბათ ასით გააქანა, წინ კარგად ვერაფერს ხედავდა, ჩვენ ვიყავით „კაპოტს“ და ერთმანეთს ჩაფრენილები. დავინახე, ხეს რომ ეჯახებოდა და როგორღაც გადავხტი, თუმცა გვარიანად ვიფრინე და ბუჩქნარში ვავგორდი. ჩვენი მეგობარი კი, დაჯახების შემდეგ, ასე, 30 მეტრით გაფრინდა და ხეს პირდაპირ თავით შეასკდა. სავარაუდოდ იმიტომ ვერ ნახეთ კვალი, რომ მიწიდან, დაახლოებით, 4 მეტრზე მიასხა ტვინი. მოშორებით ჩვენ გადავათრიეთ, მერე მოვილაპარაკეთ და... აბა, რა უნდა მექნა, გარდაცვლილს მაინც ვეღარ ვუშველიდი“, - ასეთი იყო ეჭვმიტანილის მონაყოლი.

სასამართლომ მთავარ დამნაშავეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს კი, დანაშაულის დაფარვისთვის ორი წელი ერგო. აი, სულ ეს არის დღევანდელი ქართული კანონმდებლობით ადამიანის სიცოცხლის საზღაური და ამიტომაც ვამბობთ, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს.

 

 

 

ბათო ჯაფარიძე