როგორ დააავადა ინფორმატიკის მასწავლებელმა მოსწავლეები ლუდომანიით

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში დღემდე ბევრს დაობენ, უნდა იყოს თუ არა ნებადართული აზარტული თამაშები. მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სლოტ-კლუბები და კაზინოები უნდა აიკრძალოს, რადგან სწორედ ამ დაწესებულებებმა არა მარტო ათასობით ადამიანის პირადი ცხოვრება და ქონება შეიწირა, არამედ, არაერთმა ათეულმა ადამიანმა ცხოვრება სუიციდით დაამთავრა. „ლუდომანია“ - ასეთი ტერმინით მოიხსენებენ ექიმები ამ დაავადებას და პირები, რომლებიც თამაშზე არიან დამოკიდებულნი, ნარკომანებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან. ისინიც მუდმივად ფულს ეძებენ, მუდმივად ცდილობენ, „დიდი კუში“ მოხსნან, შინაგანად სწამთ, რომ ერთ დღეს, აუცილებლად გაუმართლებთ და უზარმაზარ თანხას მოიგებენ, რაც მათ მილიონერებად აქცევთ, მაგრამ საქართველოში აზარტული თამაშებით არავინ გამდიდრებულა, თუმცა ბევრი შეძლებული ადამიანი კი სოციალურად დაუცველად, სწორედ ლუდომანიის შედეგად იქცა. ერთ-ერთი კაზინოს მენეჯერი ამბობდა, ჩვენთან ასეთი წესია - „ხან წააგებ, ხან ისევ წააგებ, ბოლოს ძალიან გაგიმართლებს და ყველაფერს წააგებ“. ეს ერთგვარი, მწარე ირონია, გნებავთ, შავი იუმორი რეალობასთან ძალიან ახლოს დგას.

გაგიკვირდებათ და, ლეგალური სათამაშო კლუბების გარდა, საქართველოში არალეგალური სლოტებიც არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ გადასახადები ძალიან დიდია, ლიცენზია მილიონები ღირს და ამიტომ, ადამიანები ცდილობენ, ყველაფერ ამას გვერდი აუარონ და არალეგალური ბიზნესი აწარმოონ. თავად განსაჯეთ, ოფიციალურად, გასულ წელს, აზარტული თამაშების ბრუნვამ 17 მილიარდი ლარი შეადგინა ანუ დაახლოებით, იმდენი, რაც საქართველოს წლიური ბიუჯეტია.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქის, ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი კლასის ორი მოსწავლე გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, სამართალდამცავები ფეხზე დადგნენ და მათზე ძებნა გამოაცხადეს. იმავე კლასის კიდევ ერთი მოსწავლე, საკუთარი კორპუსის უკან, ავტოფარეხთან უმოწყალოდ ნაცემი იპოვეს და საავადმყოფოში გააქანეს, თუმცა გონზე მოსვლის შემდეგ, მან პოლიციას ახალი ვერაფერი უთხრა - თავს ნიღბიანი უცნობები დამესხნენ, ტელეფონის წართმევა სურდათ და არ მივეციო. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ უბნის ლოთი, რომელიც იმ დროს სწორედ ავტოფარეხთან „აბირჟავებდა“, ამტკიცებდა, მთვრალი ვიყავი, მაგრამ ნიღბიანები არ დამინახავს, ბიჭთან ორი კაცი მართლაც მივიდა, ჯერ რაღაცაზე ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი ცემა დაუწყესო. იმის მიუხედავად, რომ მოწმე ყველაფერს დაბეჯითებით ამბობდა, სამართალდამცავებს მის სიტყვებში ეჭვი მაინც ეპარებოდათ, რადგან მაშინაც და ახლაც პიროვნება ისეთი მთვრალი იყო, რომ მისი სიტყვების დაჯერება რთული გახლდათ.

დაკარგული ბიჭებიდან ერთ-ერთი მამის გარეშე იზრდებოდა და სწორედ დედამისმა უთხრა გამომძიებელს, არ ვიცი, ჩემს შვილს რა უჭირს, მაგრამ სახლში თუ რამე ძვირფასეულობა გვქონდა, სულ წაღებულია, ბევრი არაფერი იყო, მაგრამ რაც იყო, გამქრალიაო. გამოკითხვის შემდეგ, მეორე ბიჭის მშობლებმაც აღიარეს, რომ ძვირფასეულობა მათი სახლიდანაც გაქრა. გაგიკვირდებათ და, ამ ამბის გაგებამ გამოძიებას შვება მოჰგვარა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ ბიჭები სადღაც გაიპარნენ, ისინი არავის გაუტაცებია და არც არავის მოუკლავს. ყოველი შემთხვევისთვის, პოლიციამ ნაცემი ბიჭის მშობლებიც გამოჰკითხა, ძვირფასეულობა თქვენთანაც ხომ არ გაქრაო, მაგრამ მათ თავი გააქნიეს. უცნაურობა კი, რომელიც შვილს შენიშნეს, ის იყო, რომ მან ბოლო ორ კვირაში, ორი ტელეფონი დაკარგა და მშობლებმა მესამე უყიდეს - ის, რომლის წართმევაც უშედეგოდ სცადეს თავდამსხმელებმა. სამართალდამცავებმა გადაამოწმეს და გაარკვიეს, რომ ტელეფონები დაკარგული არ იყო და ბიჭს საკუთარი პირადობით ჰქონდა ჩაბარებული ლომბარდში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბოლო ორ კვირაში, სკოლის მოსწავლეს იმდენი ფული დასჭირდა, რომ ჯერ ერთი ტელეფონი ჩააბარა, შემდეგ მეორე - სულ ახალი ნაყიდი და რაც მთავარია, მშობლებს ეს ყელაფერი დაუმალა. ძალოვნებმა ბიჭს არაფერი უთხრეს, გადაწყვიტეს, მის გამოჯანმრთელებას დალოდებოდნენ და თვალთვალი დაეწყოთ. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან არა მარტო იცოდა, რა დაემართათ გამქრალ ბიჭებს, არამედ, მათი ადგილსამყოფელიც და ისიც, რისთვის სჭირდებოდათ თანხა.

ცოდვა გამხელილი სჯობსო და, სამართალდამცავებმა ეჭვი სათამაშო აპარატებზე მიიტანეს, მაგრამ არასრულწლოვნების შეშვების ფაქტი არ დადასტურდა. ოფიციალური კლუბები არასრულწლოვნებს უზარმაზარი ჯარიმის შიშით არ უშვებდნენ, არალეგალური კი... არალეგალური სათამაშო აპარატები ქალაქში არ იყო, ყოველ შემთხვევაში, პოლიციამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ნაცემ ბიჭთან დაკავშირებულმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა - გამოჯანმრთელების მიუხედავად, ის სახლიდან არ გამოდიოდა და არც მასთან მიდიოდა ვინმე. სკოლაში კი ცნობა წარადგინეს, ვითომ, ბიჭი მძიმედ იყო და სამართალდამცავებმა მალევე გაარკვეს, რომ ექიმმა ცნობა „ჯიგრულ-ქართულ პონტში“ გასცა. ამიტომ, მისი დაკითხვა გადაწყდა, თუმცა ხალხში მითქმა-მოთქმა რომ არ გამოეწვიათ, შინ ეწვივნენ და მშობლების თანდასწრებით დაკითხეს. დედ-მამამ გაოცებისგან პირი დააღეს, როცა მათმა სანიმუშო და უწესიერესმა შვილმა აღიარა, რომ ტელეფონები კი არ დაკარგა, არამედ, დაალომბარდა, ფული კი, უბრალოდ, სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, პოლიციაც და მშობლებიც კარგად ხვდებოდნენ, რომ ამ ასაკში, დიდი ფული „უბრალოდ“ არავის სჭირდება და დაკითხვა ცოტა გაამკაცრეს, მაგრამ ბიჭმა მეტი არაფერი თქვა. გამომძიებლები უკან გაწბილებული დაბრუნდნენ, თუმცა მშობლებმა დააიმედეს, რამეს აუცილებლად ვათქმევინებთო. ვერც მშობლების დანაპირები აღმოჩნდა მყარი - შვილს ვერაფერი დააცდენინეს, მაგრამ სამართალდამცავებს მაშველად ერთ-ერთი გაუჩინარებული ბიჭის შეყვარებული მოევლინათ.

„მე ვიცი, რისთვის სჭირდებოდათ ბიჭებს ფული. ისინი სლოტებს თამაშობდნენ და თამაშობდნენ მუდმივად. არ ვიცი, სად დადიოდნენ სათამაშოდ, მაგრამ ჩვენს სკოლაში ბევრი თამაშობს და ისიც ვიცი, რომ სხვა სკოლის ბავშვებიც თამაშობენ, ოღონდ, არ ვიცი, სად. ჩემმა შეყვარებულმა მითხრა ერთხელ, ფული თუ არ ვიშოვე, მომკლავენ, წაგებული მაქვსო. 1 200 ლარს ეძებდა და გამიკვირდა კიდეც, ამდენი როგორ წააგე-მეთქი და შენ არ იციო“, - განაცხადა გოგონამ.

გამოდიოდა, რომ ქალაქში არალეგალური სლოტ-კლუბი არსებობდა, მაგრამ სად? აგენტურულ ქსელს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რაც მთავარია, თავად სამართალდამცავებიც ვერ ხვდებოდნენ, სად შეიძლებოდა დაემალათ ასეთი დაწესებულება ისე, რომ ვერავის ვერაფერი გაეგო. რამდენიმე საეჭვო ობიექტი კი გადაამოწმეს, მაგრამ ამაოდ. გადაწყდა, სკოლის სხვა მოსწავლეებისთვისაც ეთვალთვალათ და შედეგიც მალე მიიღეს. გაკვეთილების შემდეგ, შებინდებულზე, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სკოლაში ბრუნდებოდა, უკანა შესასვლელით შედიოდა და იქ ჩერდებოდა. შუქი არსად ენთო და თავიდან სამართალდამცავები ვერ მიხვდნენ, სად უჩინარდებოდნენ ბავშვები, შემდეგ ყურადღებით დააკვირდნენ და შენიშნეს, რომ ერთ-ერთი ოთახიდან მკრთალი შუქი გამოდიოდა. გაარკვიეს, რომ ის ინფორმატიკის ოთახი იყო, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, ბოლო მოდელის კომპიუტერებით აღჭურვეს. გამოდიოდა, რომ არალეგალური სლოტ-კლუბი... პირდაპირ სკოლაში იყო.

მეორე დღეს, სკოლაში სათამაშოდ, შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი ბიჭი მივიდა, რომელსაც გარეთ სამართალდამცავები ელოდნენ. მან ყველაფერი გადაიღო, რაც იქ ხდებოდა, შემდეგ კი ტელეფონი ამოიღო და მშვიდად თქვა - დაიწყეთ! სკოლის შენობაში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შევიდნენ.

„მასწავლებლის ხელფასით შორს რომ ვერ წავიდოდი, მივხვდი. როცა ახალი კომპიუტერები მოგვიტანეს, შევამოწმე და გავარკვიე, რომ ისინი სლოტების პროგრამის ჩატვირთვას აიტანდნენ. მუდმივად მესმოდა, როგორ საუბრობდნენ არასრულწლოვნები თამაშებზე და ამიტომ, გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, მაგრამ როცა აგებდნენ, მეუბნებოდნენ, დღეს მოვიტან, ხვალ მოვიტანო. ამიტომ, ორი ბიჭი დავიქირავე, რომლებიც ფულის ამოღებას კურირებდნენ და საკმაოდ კარგადაც. ისინი, დამალულები რომ არიან, ცოცხლები იქნებიან, ფული წააგეს, 3 000-3 000 ლარი. ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე და ამიტომაც გაიქცნენ, ლაწირაკები, თუ გადახდის ერთი ადგილი არ გაქვს, რატომ თამაშობ? ისე, ჩემთან მოიგეს კიდეც ბიჭებმა, შეგიძლიათ, მოიკითხოთ და ძალიან ბედნიერებიც იყვნენ“, - განაცხადა დაკავებულმა ინფორმატიკის მასწავლებელმა, რომელიც არალეგალური სლოტ-კლუბის მთავარი სულისჩამდგმელი იყო.

დაწესებულებამ სულ რაღაც ორი თვე იარსება, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქალაქის სამმართველოს პოლიციის უფროსი მოეხსნათ, რომელიც ვერ მიხვდა, რა ხდებოდა მის ქალაქში და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სკოლაში კაზინო გაუხსნეს. იმის მიუხედავად, რომ სკოლის დირექტორი ირწმუნებოდა, არაფერი ვიცოდიო, თანამდებობა მანაც უხმაუროდ დატოვა, ინფორმატიკის მასწავლებელს კი... ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე