პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და დამკვეთებს ასახელებს - პროკურორი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციაზე ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დაცვის მხარე 5 000-ლარიან გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის, როინ ხინთიბიძის განცხადებით, ბრალდებულმა დაასახელა იმ პირების ვინაობა, რომლებმაც აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ მას ფული გადაუხადეს.

„მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. მათ შორის წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გადაღებულია არაერთი კომპანიის მიერ და გამოთხოვილია არაერთი კომპანიიდან. ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება. ჩატარებულია ექსპერტიზები და დადგენილია, რომ აღნიშნულ ვიდეოში ნამდვილად არიან ის პირები, რომლებიც ბრალდებული არიან.

ერთ-ერთი ბრალდებული აღიარებს კიდეც დანაშაულს. ასევე მიუთითებს იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, მას დაავალეს გარკვეული ქმედების განხორციელება. გარკვეულმა პირებმა გადაუხადეს თანხა და ამის გამო განახორციელეს ქმედება, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით ექვსი პირია დაკავებული.