ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ღაზის სექტორში მოქმედმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა წამოიწყეს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო.

BBC იუწყება, რომ ისრაელის მიმართულებით ნასროლია ათობით რაკეტა. ჰამასის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებით კი საჰაერო თავდასხმისას გამოყენებულია 5 000 რაკეტა. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა ყველაზე ცოტა, ორი ადამიანი.

საინფორმაციო სააგენტო როიტერსის კადრებში ჩანს, რომ ხანძარია ქალაქ აშკელონში. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ქალაქ სდეროთში, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ. ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) მიერ გავრცელებულ პირველად ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ტერორისტების გარკვეულმა რაოდენობამ" ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწია და მშვიდობიან მოსახლეობას სთხოვს მათ სახლებში დარჩენას.

ისრაელის თავდაცვის ძალები ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, რომ დარჩნენ ბომბსაფარებთან ახლოს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი და პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დებენ პირობას, რომ დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, "მძიმე საზღაურს გადაიხდის". თავდამსხმელები კი ამ შეტევას "ოპერაცია ალ-აქსას წარღვნას" უწოდებენ და ამბობენ, რომ ესაა შურისძიება ალ-აქსას მეჩეთის დარბევის გამო.