საქართველოს დამოუკიდებლობიდან - ეროვნული გმირის დაბადების დღემდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 მაისი კარს მოგვადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში, ქვეყანა დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს იზეიმებს. ისე, სხვანაირად არ გაიგოთ და, დამოუკიდებლობის 105 წლისთავის აღნიშვნა, ცოტა არ იყოს, გადამეტებულია. იკითხავთ, რატომო? - რატომ და, კი, ბატონო, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ პირველმა რესპუბლიკამ სულ სამ წელს იარსება ანუ 1921 წლის 25 თებერვალს, ჩვენს ქვეყანას თავს რუსეთის მე-11 არმია დაესხა და... საქართველო გააწითლა. შესაბამისად, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის დამოუკიდებლობაც 70 წლით დაკონსერვდა. 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. შესაბამისად, ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი კი არა, არამედ, 9 აპრილია ანუ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა 105-ს კი არა, 32 წელს ითვლის, თუმცა მოვლენების განვითარებას, მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ.

 

დამოუკიდებლობის ისტორია

1917 წელს, რუსეთის იმპერიაში დიდი არეულობა იწყება, რაც ბურჟუაზიის გამარჯვებითა და მეფის დამხობით მთავრდება. პარალელურად, იშლება რუსული იმპერია, რაც იმის საფუძველი ხდება, რომ ჩრდილოეთის მიერ ანექსირებულმა პატარა ქვეყნებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოში განვითარებული მოვლენები. კერძოდ, ქართული ვიკიპედიის თანახმად, 1917 წლის 19-23 ნოემბერს, ეროვნული ყრილობა ტარდება, რომელზეც საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობით ორგანოს -  საქართველოს ეროვნულ საბჭოს ირჩევენ, რომელიც ქვეყნის მართვას იწყებს. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭო, რომელის უმრავლესობასაც სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) წარმოადგენენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  დამოუკიდებლობას აცხადებს. სხვათა შორის, ეროვნულ საბჭოში, ასევე, შედიან ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, ესერები, ე.წ. ალიონის ჯგუფი, რადიკალ-დემოკრატები და უპარტიოები. საბჭოს თავდაპირველად აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობს, 1918 წლის ოქტომბრიდან კი - კარლო ჩხეიძე. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ეროვნული საბჭო მოამზადებს და, 1919 წლის თებერვალში, საყოველთაო და პირდაპირ არჩევნებს ჩაატარებს, რის შემდეგაც საკანონმდებლო უფლებამოსილებას საქართველოს დამფუძნებელი კრება გადაიბარებს.

რაც შეეხება 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ხდება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამია:

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში, საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს, ყოველი მხრით მტრისგან შევიწროებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. `დარჩნენ რა, თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ, თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით, ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22- არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:

1). ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2). დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3). საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4). საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი - მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7). დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ევროპის წამყვანი ქვეყნებიც სცნობენ, თუმცა ეს საერთაშორისო აღიარება წითელ იმპერიას ხელს არ შეუშლის, რომ საქართველოს ანექსია მოახდინოს.

მოკლედ, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, არსებობას წყვეტს და „დიდი რუსეთის ხალხის“ ანუ საბჭოთა კავშირის ნაწილი ხდება.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, საქართველოში დისიდენტური მოძრაობა იწყება, რომლის უმთავრესი მიზანიც საქართველოს სსრკ-დან გასვლა და დამოუკიდებლობის მოპოვებაა.

ქართულ „ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ:

„1974 წელს, საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი - ჰელსინკის კავშირი. ქართული დისიდენტური მოძრაობა აქცენტს მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე კი არ აკეთებდა, არამედ, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პოპულარიზაციასაც ცდილობდა. საქართველოში დისიდენტური ბრძოლის ძირითად სახედ არალეგალური ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება იქცა. ამ საქმის სათავეში იდგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებიც 1970-იან წლებში გამოსცემდნენ ჟურნალებს - საქართველოს მოამბე და ოქროს საწმისი.

1977 წელს, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დისიდენტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ქართველი დისიდენტები, აგრეთვე, ცდილობდნენ, დასავლეთის სახელმწიფოებისთვის მიეწვდინათ ხმა საბჭოთა რეჟიმის შესახებ. ასეთი საქმიანობის გამო დააპატიმრეს ვიქტორ რცხილაძე, ავთანდილ იმნაძე და ვალენტინა ფაილოძე...

1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის - მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო ორგანიზაციებმა.

1990 წლის 14 ნოემბერს, ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. ამავე სესიაზე გაუქმდა სახელწოდება საქართველოს სსრ და ქვეყანას ეწოდა საქართველოს რესპუბლიკა, დამტკიცდა რესპუბლიკის ახალი ეროვნული ჰიმნი, სახელმწიფო დროშა და გერბი.

საქართველოში გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით - ხართ თუ არა თანახმა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?

საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა სარეფერენდუმო შეკითხვას გასცა დადებითი პასუხი.

... 1991 წლის 9 აპრილს, პატივი მიაგო რა, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს საერთაშორისო ცნობა.

 

სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე

იყო დრო, თან არცთუ შორეულ წარსულში, როცა 26 მაისი საქართველოში პომპეზურად აღინიშნებოდა. ყოველ შემთხვევაში, წინა ხელისუფლება ყოველი წლის ამ დღეს სამხედრო აღლუმს ატარებდა და ამით იმის დემონსტრირებას ცდილობდა, რომ საქართველო, სამხედრო თვალსაზრისით, ძლიერი სახელმწიფო იყო...

ბოლო ორ ათეულ წელს თვალს თუ გადავავლებთ, ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და, შეიძლება ითქვას, სისხლიანი დამოუკიდებლობის დღე 2011 წელს გვქონდა. ეს კი არადა, ზოგი ამბობს, რომ 12 წლის წინ, 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას საფრთხეც ემუქრებოდა, თუმცა ისინი, ვინც 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე იდგნენ, ამბობენ, რომ ზემოხსენებული შეფასება გადაჭარბებულია და ყველაფერი, რასაც მაშინდელი ხელისუფლება, ესე იგი, ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, ჩვეულებრივი „კუდიანებზე ნადირობა“ იყო და მეტი არაფერი.

2011 წლის სისხლიან 26 მაისამდე კი, როგორც ქართული „ვიკიპედია“ გვამცნობს, მოვლენები ასე ვითარდებოდა:

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაემიჯნა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა წამოაყენა.

არჩევნების შემდეგ, რომელშიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, აქტიური კონსულტაციები გაიმართა ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის მაშინდელმა ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

2010 წლის სექტემბერში, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მიერ, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც ე.წ. წარმომადგენლობითი სახალხო კრების ფორმირება დაიწყო. „სახალხო კრება“, როგორც მისი შემქმნელები ამტკიცებდნენ, „საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი უზენაესი ორგანო“ იყო, რომელსაც არსებული ხელისუფლება ვადამდელი დემოკრატიული და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებით უნდა შეეცვალა. იმთავითვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სახალხო კრების ლობისტი, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო.

2010 წლის ნოემბერში, სახალხო კრებას ბლოკი „ეროვნული საბჭო“, ეროვნული ფორუმი, ქალთა პარტია (იმხანად, ამ პარტიას „მეოცნებე“ გუგული მაღრაძე ლიდერობდა) უერთდებიან.

პარალელურად,  პოლიტიკურ ბაზარზე კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ჩნდება ანუ თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ გაერთიანება ქართული პარტიას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის მაისის მოვლენების დროს, ოქრუაშვილი ე.წ. ზილების რევოლუციით იმუქრებოდა ანუ პირობას დებდა, რომ 26 მაისს, თბილისში იქნებოდა და ბურჯანაძის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას შეუერთდებოდა, თუმცა იმხანად, „ოქრომ“ მხოლოდ ბურჯანაძე კი არა, არამედ, საკუთარი ფანებიც „გადააგდო“.

თავდაპირველად, სახალხო კრებამ მიტინგები ტელევიზიის შენობასთან დაიწყო და განაცხადა, რომ 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებდა და სააკაშვილს დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარების საშულებას არ მისცემდა. პოლიტიკურ წრეებში ყველამ იცოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები რუსთაველს მიაშურებდნენ, ხელისუფლება მიტინგს დაარბევდა. ამიტომაც, როგორც ამბობენ, ბურჯანაძეს საკუთარი თანამოაზრეებიც სთხოვდნენ, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა, თუმცა „გამოცხადებული დარბევის ქრონიკის“ სცენარში ცვლილებები არ შესულა.

იმდროინდელ ინტერნეტმედიაში 26 მაისის ქრონიკა ასეა აღწერილი:

25 მაისი: „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მოადგილემ, გიორგი ავალიანმა სახლებში ჩამოუარა სახალხო კრების რამდენიმე აქტივისტს და დაშინების გზით, კრების დამგმობი განცხადებების გაკეთება მოსთხოვა, - ამის შესახებ სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა იმედის თვალით უყურებს სახალხო კრებას და ძალიან ბევრი ახალგაზრდა აქციებზე ჩვენს გვერდით დგას. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ავალიანმა სახლებში ჩამოუარა ჩვენს ახალგაზრდებს და დაემუქრა, თუ კრების დამგმობ განცხადებებს არ გააკეთებდნენ, ნარკოტიკებს უპოვიდნენ და შვიდწლიან მუხლს მიუსჯიდნენ. თუმცა, დღეს არცერთ ახალგაზრდას ჩვენი საწინააღმდეგო განცხადება არ გაუკეთებია და მე ვამაყობ ამ ახალგაზრდებით, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

25 მაისი, მედია-კავშირ „ობიექტივის“ მიმართვა სახელისუფლებო მედიისადმი:

„2011 წლის 21 მაისს დაწყებული საპროტესტო აქციის მსვლელობას, მეხუთე დღეა, მონდომებით აშუქებენ სახელისუფლებო ტელე-რადიო და ინტერნეტ-არხები. თითქმის ყველა სიუჟეტში თუ გადაცემაში, რომელიც საპროტესტო აქციის თემას ეძღვნება, შეგნებულად და მიზანმიმართულად დამახინჯებულია რეალობა.

მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობენ აქციაში, წარმოჩენილნი არიან, როგორც შეიარაღებული ბანდიტები, ლოთები და კრიმინალები. ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი მამხილებელი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც მარტივად ხასიათდება, როგორც ძალზედ დაბალი დონის, პროვოკაციული მასალა. თითქოსდა, ფაქტი, რომელიც მიზნად ისახავს აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას. ამ ტიპის მამხილებელი ვიდეომასალების გავრცელებაზე საბჭოთა პროპაგანდისტული ტელევიზიაც კი უარს ამბობდა.

მივმართავთ სახელისუფლებო მედიის პროდიუსერებს, რედაქტორებსა და ჟურნალისტებს: ჩვენთვის მიუღებელია ზეწოლა ჟურნალისტებზე, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, მაგრამ იძულებული ვართ, შეგახსენოთ, რომ ჟურნალისტიკა ემსახურება საზოგადოებას და მხოლოდ საზოგადოებას.

შავი პიარ-კამპანია, რომელსაც ამ საათებში, სახელისუფლებო მედია ახორციელებს საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, საზოგადოების მოტყუება და დაცინვაა.

მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს კამპანია და გააშუქოთ მოვლენები რეალობის ადეკვატურად. მოგიწოდებთ, გამოხატოთ ხალხის, საზოგადოების ინტერესი და უარი თქვათ მაყურებლისა და მსმენელის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის დირექციას, განაახლეთ პირდაპირი ეთერი საპროტესტო აქციდან, რადგან მხოლოდ პირდაპირი ეთერია გარანტი მშვიდობიანი მომიტინგეების დასაცავად.

მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, გახსენით პირდაპირი ეთერი და აჩვენეთ საქართველოს მოსახლეობას, როგორ ვითარდება პროცესები პარლამენტის შენობის წინ, რაც ვერავის მისცემს რეალობის ინტერპრეტაციის საშუალებას.

მედია-კავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი.

26 მაისი, 00.06 საათი: „ქალაქ თბილისის საკრებულოსთან, სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა ქმედებისთვის ემზადებიან სამართალდამცავები.

თუმცა არაა გამორიცხული, დედაქალაქის მერიის მიერ გამოყოფილი დროის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავებმა აქციიის მონაწილეების წინააღმდეგ, რამე სახის ძალა გამოიყენონ.

სპეცრაზმია მობილიზებული ორბელიანის (კოლმეურნეობის) მოედანზეც“.

26 მაისი, 00.22 საათი: „ამ წუთისთვის აქციის დაშლა გრძელდება. გაუშვა სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და მხუთავი გაზი. ადგილიდან ვერ ხერხდება სხვა ინფორმაციის მიღება.

26 მაისი, 00.34 საათი: „ამ დროისთვის მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის გაწმენდა.

დაზარალებულთა შესახებ ცნობები, ჯერჯერობით, არ ვრცელდება“.

26 მაისი, 01.03 საათი: „გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე მასობრივი დაჭერები მიმდინარეობს.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, ძირითადად, მამაკაცებს რეზინის თასმებით კოჭავენ.

გარდა ამისა, რამდენიმე ათეული ადამიანი, ხელბორკილებდადებული, მიწაზე გდია. მათი დიდი ნაწილი სისხლიანია.

ქუჩაში რამდენიმე ათეული ადამიანი უგონოდ არის დაგდებული. სპეცრაზმის თანამშრომლები მათ ხელკეტებს ურტყამდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ბორკილებდადებული ადამიანების ნაწილი ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. დაშავებულებს ამ წუთებში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“.

26 მაისი, 01.06 საათი: „სახალხო წარმომადგენლობითი კრების აღმასრულებელ საბჭოს წევრ ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევისას, საპატრულო პოლიციის მანქანიდან, მისი შვილის მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

არ ვიცი, ეს იყო დამიზნებით ნასროლი, თუ არა. დამიზნებით რომ ეს ესროლათ, ალბათ, მოარტყადნენ კიდეც, თუმცა არც დამიზნებით სროლას არ გამოვრციხავ... ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა დღეიდან, სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა...

როდიონოვის არმიამ 9 აპრილს ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი მხრიდან შეუტია და მეორე მხარეს გასაქცევი დაუტოვა, დღეს კი სააკაშვილის ხელისუფების სპეცაზ ასეთი რამ არ გაუკეთებია - ყველა მხრიდან ალყაში მოგვაქცია და არც ერთ მხარეს გასაქცევი არ დაგვიტოვა, - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მისთვის სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

26 მაისი, 01.48 საათი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასტიკადაა ნაცემი  თავისუფალი საქართველოს ლიდერი, კახა კუკავა.

26 მაისი, 02.00 საათი: შსს განცხადებას ავრცელებს:

სახალხო კრების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტესტო აქციების ჩატარება თბილისის მერიის მიერ სანქცირებული იყო 21 მაისიდან, 25 მაისის ჩათვლით. 25 მაისს, მომიტინგეებმა გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 26 მაისს, უნდა გაიმართოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი. ვინაიდან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი 25 მაისის შემდეგ დაშლას არ აპირებდნენ, დაახლოებით, საღამოს 08.00 საათზე, თბილისის მერიამ ორგანიზატორებს აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილის გამოყოფა შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მოგვიანებით, სანქციის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, მერიის წარმომადგენელმა მომიტინგეები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში, იგი არასანქცირებულ ხასიათს მიიღებდა და მათ მშვიდობიანი დაშლისკენ მოუწოდა. 00:10 საათზე, მას შემდეგ, რაც სახალხო კრების აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა, პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლეს.

პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე.

26 მაისი, 02.04 საათი: „ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, წარმომადგენლობითი სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია და ოჯახის წევრები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

გარდა ამისა, ტელეკომპანია „მაესტროს“ ინფორმაციით, გაურკვეველია ადა მარშანიას ადგილსამყოფელიც, მისი მეუღლე კი, რამდენიმე მოტეხილობით, ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული“.

26 მაისი, 02.06 საათი: „ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავება დიმა ჯაიანი და გოგი ქავთარაძე დააკავეს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კინოთეატრ „რუსთაველიდან“ გამოიყვანეს სახალხო კრების წარმოამდგენლები - თემურ შაშიაშვილი და ლუკა კურტანიძე, თუმცა მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

26 მაისი, 02.10 საათი: „ინტერნეტტელევიზია „პალიტრას“ ცნობით, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევისას, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინტერნეტტელევიზია ამის ამსახველ ვიდეო კადრებსაც ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია“.

26 მაისი, 02.33 საათი: „აქციის დარბევისას, ერთი სამართალდამცავი დაიღუპა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უტიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა ჩატარებულიყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი.

პოლიციამ და ქალაქის მერიამ არაერთხელ სთხოვა მომიტინგეებს, შეერჩიათ ნებისმიერი სხვა ადგილი. თუმცა, ისინი პოლიციის ამ კანონიერ მოთხოვნას არ დათანხმდნენ, შედეგად, პოლიცია იძულებული გახდა, ძალა გამოეყენებინა. მომიტინგეების ნაწილმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი ხალხის მასაში, მიტინგის დატოვებისას, მანქანით დიდი სიჩქარით მიემართებოდა, რის შედეგადაც, გზად ერთ-ერთ პოლიციელს დაეჯახა.

სამართალდამცავი ადგილზე დაიღუპა.

„დაშავებულია 19 ადამიანი. არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ წუთისთვის რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია, - განაცხადა უტიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო და შსს პატივს სცემს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს“.

26 მაისი, 04.23 საათი: „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიიღონ საზეიმო აღლუმში მონაწილეობა“.

26 მაისი, 04.29 საათი: „საია-ს განცხადებით, სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად, დანაშაულის ნიშნები“.

26 მაისი, 05.07 საათი: „რესპუბლიკურ საავადმყოფოში დააკავეს ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე.

ამასთან, შსს-ს ცნობით, აქციაზე დაკავებულ 90-მდე ადამიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა“.

26 მაისს, განცხადებას ავრცელებს „ჰუმან რაითს ვოჩი“, რომლის თანახმადაც, „თბილისში, პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, გადამეტებული ძალა გამოიყენა“.

ბართლომეს ღამის მიუხედავად, 26 მაისს, პარლამენტის შენობის წინ ანუ იქ, სადაც რამდენიმე წაათის წინ, სისხლი დაიღვარა და ადამიანები დაიღუპნენ, დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმი მაინც ტარდება და ქვეყნის მაშინდელი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს:

სანამ დღევანდელი საიუბილეო აღლუმი დაიწყება - ეს არის 20 წლისთავი საქართველოს დამოუკიდებლობის, მინდა, გავაკეთო მოკლე განცხადება.

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით იყო მცდელობა, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის, აღლუმის ჩაშლის, საბოტაჟისა და მასობრივი არეულობების გამოწვევის.

ჩვენთვის წმინდათაწმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, მათ, ვისაც აქვს კანონიერი მოთხოვნები ან უკმაყოფილება, ჰქონდეთ საშუალება თავისი აზრის გამოხატვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის თავისი პროტესტის გამოხატვის, მაგრამ სიტყვის თავისუფლებასთან იმას, რაც ხდება ბოლო დღეებში, არაფერი საერთო არ აქვს.

ამ ხალხს, ამ პოლიტიკურ ლიდერებს თავისი მცირერიცხოვანი ჯგუფებით, სურდათ სწორედ სიტყვის თავისუფლებასა და ქართულ დემოკრატიაზე ხელის აღმართვა. მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ, მათ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ მიღწევა იმის, რომ პოლიციასთან უშუალო შეტაკებაში მომხდარიყო მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ მათ ლიდერებმა გაქუსლეს აქედან და გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და სამწუხაროდ, ორი მათგანი დაიღუპა.

მე მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს და მე მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ვინაიდან ეს პროვოკაციები მზადდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ქვეყნის შიგნით.

ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს ხალხს ყველა იმ ცოდნასა და ინფორმაციას, რომელიც გაგვაჩნია და გაგვაჩნია, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცუდი ინფორმაცია.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე პრეზიდენტს, მინისტრს, დეპუტატს, ის ეკუთვნის საქართველოს, საქართველოს წარსულს, აწყმოსა და მომავალს, ის ეკუთვნის დღეს მცხოვრებ თაობებს და მათ, ვინც თავი გასწირეს საკუნეების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

მე მინდა კარგად გვესმოდეს, რატომ უნდოდათ ამ ზეიმის ჩაშლა? იმისთვის, რომ საქართველომ ვერ შეძლოს მსოფლიოს უთხრას, რატომ გვინდა ჩვენ თავისუფლება; იმისთვის, რომ შური იძიონ ჩვენს ჯარზე, რომელმაც სრულიად უთანასწორო ბრძოლაში 2008 წელს, აგვისტოს დღეებში, გმირული წინააღმდეგობა გაუწია ასმაგად აღმატებულ მტრის ძალებს. მიაყენა მათ უფრო დიდი ზარალი, ვიდრე მათ ათწლეულების განმავლობაში მიუღიათ რომელიმე ფრონტზე და რომელიმე ინტერვენციის დროს. ამიტომ იყო არჩეული საქართველოს შეიარაღებული ძალები და დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის სამიზნედ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ ყველანი ვართ საქართველოს შვილები, ჩვენ ყველას თანაბრად გვეკუთვნის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენ ყველა თანაბრად ვიხრით ქედს ჩვენი ჯარისა და ჩვენი გმირების წინაშე და ჩვენ ყველანი დავდგებით სისხლის უკანაკნელ წვეთამდე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსებისთვისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის. ასე იყო აქამდე და ასე იქნება აწი მუდმივად!

ვერაფერი ვერ შეცვლის დღევანდელი დღის აღნიშვნას, ვერაფერი შეარყევს ჩვენ ნებას, ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის, ყველა მოქალაქის აზრის გათვალისწინებისთვის და ნამდვილად დემოკრატიული, თავისუფალი კონსტიტუციური საქართველოს შეუქცევადად აშენებისთვის.

ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ ვიქნებით ფხიზლად და ჩვენი ოკუპანტი მტრის ყველანაირ პროვოკაციას გავცემთ ყოველთვის საკადრის პასუხს!

2014 წლის თებერვალში, სისხლიანი 26 მაისის საქმეზე, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, ეს ვადა ოთხ წელსა და ექვს თვემდე შემცირდა. ამასთან, 26 მაისის საქმის გამო, არაერთი ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსანია პასუხისგებაში მიცემული.

 

P.S. დამოუკიდებლობა გასაგებია, მაგრამ 26 მაისი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ 79 წლის წინ, 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირი, მერაბ კოსტავა დაიბადა! წესით, ამ თარიღსაც არანაკლები პომპეზურობით უნდა აღვნიშნავდეთ, მაგრამ... გმირები ხომ მხოლოდ სუფრაზე, სადღეგრძელოების თქმისას გვახსენდებიან ხოლმე, თანაც საქმე ისე მიდის, რომ ამ ქვეყანაში, მავანთ ლავროვის შვილის მაზლის ქორწილი უფრო აღელვებთ, ვიდრე - საქართველოს დამოუკიდებლობა და ეროვნული გმირები!

ჰოდა, მართლაც, ჩვენისთანა ბედნიერი, განა, არის სადმე ერი?!

 

 

ავტორი-ნინო დოლიძე