კვარაცხელია ისევ საუკეთესოა, „ნაპოლი“ - ისევ არა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა და ორივე გუნდში საუკეთესოდ ქართველი შემტევი აღიარეს. ხვიჩამ მეტოქის კარში ყველაზე მეტჯერ დაარტყა, ხოლო ნეაპოლელებმა ერთი გოლი მისი გადაცემით გაიტანეს. კვარაცხელიას 10 გოლის წილ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეათე ადგილზეა.

უდიდესი ალბათობით, „ნაპოლი“ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, რადგან ოთხეულთან სხვაობა 10 ქულას შეადგენს და ისე ჩანს, კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი უკვე ახალი სეზონისთვის ემზადება და სურს, კვარაცხელია შეინარჩუნოს. იტალიური გამოცემები ამტკიცებენ, რომ ვიქტორ ოსიმენმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ზაფხულში გუნდს დატოვებს, კვარას წასვლა კი, „ნაპოლისთვის“ უდიდესი დარტყმა იქნება, თუმცა...

„დე ლაურენტისი ცდილობს, კვარაცხელია შეინარჩუნოს, მაგრამ სასაცილო პირობებს სთავაზობს. კლუბის პრეზიდენტი მზად არის, მას წლიურად 4 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ხვიჩას დონის ვარსკვლავისთვის, ძალიან ცოტაა. ამასთან, დე ლაურნეტისს 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივება უნდა და რაც მთავარია, სურს, რომ მის გამოსასყიდ თანხად, 150 მილიონი ევრო ჩაიწეროს, რაც ქართველს არანაირად არ უნდა აწყობდეს“, - წერს იტალიური მედია და მართლაც, იმის გათვალისწინებით, რომ იგივე ოსიმენი, წელიწადში 10 მილიონს იღებს, კვარაცხელიასთვის შეთავაზებული 4 მილიონი, ძალიან, ძალიან ცოტაა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე