როგორ ვებრძოლოთ წამალდამოკიდებულებას და ალკოჰოლიზმს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნარკოტიკები,ალკოჰოლი და სხვა ქცევითი დამოკიდებულებები ჩვენი დროის და თაობის  ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. დამოკიდებულება წამალზე და ალკოჰოლზე  არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გადაუჭრელად გამოწვევად იქცა და მათი რიცხვი საგანგაშოდ იზრდება.

„ვერსია“ დაინტერესდა რამდენად დიდი ზიანის მომტანია ადამიანისთვის ქცევითი დამოკიდებულებები და რა გზა უნდა გაიაროს ადამიანმა დამოკიდებულებისგან განსაკურნებლად. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, გთავაზობთ ინტერვიუს  „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარ ადიქტოლოგ მარიამ შეროზიასთან :

 

_რა ზიანს აყენებს ადამიანს წამალდამოკიდებულება და ქცევითი დამოკიდებულებები?

 

_ფსიქოაქტიური ნივთიერებების ხანგრძლივი მოხმარება საზიანო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კვლევებით უკვე დადასტურებულია, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა ნივთიერების მოხმარებას და მასზე დამოკიდებულებას, მაგალითად: ოპიოიდების მოხმარებამ შეიძლება ზედოზირება გამოიწვიოს და ადამიანი გარდაიცვალოს, ინჰალანტების ჯგუფის ნივთიერებებს შეუძლია დააზიანოს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა და ა.შ.

არ არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლის მოხმარებასაც არ ახლავს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის მოხდენის რისკი.

 

_რამდენად მალე შეიძლება გამოვლინდეს წამალდამოკიდებულების ნეგატიური შედეგები ადამიანის ორგანიზმზე?

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების საზიანო შედეგების გამოვლენის დრო დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზე თუ რა ნივთიერებას და რა რაოდენობით მოიხმარს ადამიანი, რა კომბინაციებით, რა გზებით, როგორია მისი ფიზიკური და ფსიქიკურ ჯანმრთელობა და სხვა.

 

_რატომ არის დამოკიდებულებისთვის თავის დანებება რთული და შესაძლებელია თუ არა მისგან განკურნება?

დამოკიდებულება არის მორეციდივე, თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლის მკურნალობაც ხანგრძლივი პროცესია. დღესდღეობით არსებობს მკურნალობის ეფექტური მიდგომები, როგორიცააა ქცევითი თერაპიები, მედიკამენტებით მხარდამჭერი თერაპიები და სხვა, რომელიც ადამიანებს ეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში.

თუმცა, დამოკიდებულება ბიოფსიქოსოციალური ფაქტორებითაა გამოწვეული, შესაბამისად მას სჭირდება ინტენსიური და მულტიდისციპლინური განგრძობადი ზრუნვა, რომელშიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უახლოესი ადამიანების მხარდაჭერა.

 

_რა ფაქტორებთან არის დაკავშირებული საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება და რა სახის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარენ ყველაზე ხშირად?

_საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციული პროგრამებისა თუ მიდგომების არ არსებობა შეიძლება ხელს უწყობდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გავრცელებას. თუმცა წამალდამოკიდებულება არ არის მხოლოდ ერთი ფაქტორის შედეგები და ის სხვადასხვა ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების ერთობლიობითაა განპირობებული. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს პროგრამები, რომლებიც წარსულში ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილების მქონე ადამიანებს საზოგადოებაში რეინტეგრაციას შეუწყობდა ხელს.

ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს სასჯელის ალტერნატივები და დამოკიდებულების მქონე ადამიანებს სთავაზობდნენ მკურნალობას და შესაბამის სერვისებს, ნაცვლად საპატიმრო სასჯელისა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, გაეროს მონაცემების მიხედვით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა 90%, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ უბრუნდება მოხმარებას, თუკი ციხეში შესაბამის მკურნალობას არ გადის.

 

_საქართველოში ხდება თუ არა ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების მდგომარეობის შეფასება და სტატისტიკის წარმოება?

_2021 წლის საქართველოს ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სამკურნალო დაწესებულებათა კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლისთვის ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო სპეციალიზირებულ ამბოლატორიულ და სტაციონარის ტიპის დაწესებულებაში მიმართვიანობა მიმართვებს შორის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი იყო (11.57%). ამავე პერიოდისთვის, სტაციონარის ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირებული 2 574 მკურნალობის ეპიზოდიდან პაციენტთა 46%-ის ძირითადი პრობლემა იყო ალკოჰოლის მოხმარება (წყარო: https://justice.gov.ge/files/qdGbkAIjJ1ND.pdf).

 

_ალკოჰოლზე დამოკიდებულება, სხვა დამოკიდებულებების მსგავსად, დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, შესაძლებელია მისგან განკურნება და რა არის საჭირო, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს?

_ვინაიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულება წამალდამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმაა, მისი მკურნალობა უნდა განვიხილოთ ბიოფსიქოსოციალურ ჭრილში. ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამართავად არსებობს სხვადასხვა მედიკამენტური და არამედიკამენტური ჩარევა, რომლებიც საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამ მიდგომების დახმარებით ადამიანს შეუძლია სიფხიზლის შენარჩუნება (რემისია) და ნივთიერებისადმი არსებული ლტოლვის დათრგუნვა. გარდა ამისა, გამოჯანმრთელების გზაზე მნიშვნელოვანია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სხვადასხვა თერაპიული მიდგომების გამოყენება, მათ შორის კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, მოტივაციური ინტერვიუირება და სხვა. ასევე, აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს შესაბამისი სოციალურ მხარდაჭერა და მოხდეს მისი საზოგადოებაში რეინტეგრაცია.

 

_რა ზიანის მოტანა შეუძლია ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთად მოხმარებას?

ალკოჰოლის სხვა ნივთიერებებთან ერთად მოხმარება სახიფათოა, განსაკუთრებით თუკი მისი შერევა ხდება დეპრესანტების ჯგუფის (ნივთიერებები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას თრგუნავენ) ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან. კერძოდ, განსაკუთრებით საშიშია, თუკი ხდება ალკოჰოლისა და ბენზოდიაზეპინების, ასევე ალკოჰოლისა და ოპიოიდების ერთობლივად მიღება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ადამიანი კომაში ჩავარდეს ან გარდაიცვალოს.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე