ვინ არის მაღალჩინოსანი, რომელიც ეჭვიანობის გამო, ცოლმა საყვარლის საწოლში მოკლა - სისხლიანი ოჯახური დრამა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

სოფლებში, განსაკუთრებით დასავლეთში, ხშირად გაიგონებდით ტყის სულებისა და ჭინკების შესახებ, იმის შესახებაც, რომ დაჭაობებულ მიდამოებში ალქაჯები სახლობდნენ, რომლებიც კაცებს თვალებს უხვევდნენ და დასახრჩობად მიჰყავდათ. სვანეთსა და ფშავ-ხევსურეთში, მონადირეთა მფარველ თუ ხელისშემშლელ ქალღმერთზე იყო საუბარი და ბავშვებს ყველაფერ ამის ძალიან ეშინოდათ. პრინციპში, რაღა ბავშვებს, დიდებიც მთელი სერიოზულობით ჰყვებოდნენ, როგორ გადაეყარნენ ტყეში ალქაჯს და როგორ დაუსხლტნენ მის სილამაზეს, როგორ არ მოუმართათ ხელი ნადირობის ქალღმერთა მაშინ, როცა ჯიხვს უმიზნებდნენ, როგორ დააფინა თვალებზე ოქროსფერი დალალები და როგორ ასცდა ტყვია მიზანს.

სავარაუდოდ, სწორედ ალქაჯებსა და ავ სულებზე იფიქრეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც შემოდგომის სუსხიან ღამეს, ტყის ნაპირზე მანქანით მიმავლებს, წინ სრულიად შიშველი ქალი აეტუზათ - ქერათმიანი და სიცივისგან სულ აკანკალებულ-გალურჯებული. ავტომობილის მგზავრები ისე დაიბნენ და შეშინდნენ, გაჩერება არ უნდოდათ, მაგრამ ქალის განწირულმა ყვირილმა, მიშველეთ, ხალხოო, ისინი აზრზე მოიყვანა და მანქანა გააჩერეს. ავტომობილში მჯდომმა ქალბატონმა შიშველ ქალს თავის ლაბადა მოახურა და პირდაპირ სავადმყოფოს კარს მიაყენა. საავადმყოფოდან, რაღა თქმა უნდა, მილიციის განყოფილებაში დარეკეს. ჰო, მილიციის და არა - პოლიციის, რადგან 1980 წელს, საბჭოთა მილიცია გვიცავდა.

„ალალად გეტყვი, როცა განყოფილებაში დარეკეს და თქვეს, რომ გამვლელებმა ტყეში შიშველი ქალი იპოვეს, დიდად არ დავინტერესებულვარ. ვიფიქრე, ცხელ გულზე, ვიღაცამ მანქანიდან გადმოაგდო შიშველი ქალი, უბნის რწმუნებულიც ადვილად გაერკვევა-მეთქი, მაგრამ როცა რაიონული სამმართველოს უფროსმა დამირეკა და მითხრა, პირადად წადიო, სხვა გზა არ მქონდა და უხალისოდ გავემართე ადგილისკენ, სადაც ჩემი აზრით, სუსტი ნებისყოფის, საყვარლისგან დასჯილი ქალი მელოდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი.

როცა გამომძიებელი საავადმყოფოში მივიდა, უკვე აზრზე მოსულმა ქალმა უთხრა, რომ საკუთარი ბინიდან მძინარე გაიტაცეს და ტყეში შიშველმა გაიღვიძა. რაც მთავარია, ის ერთ-ერთ პარტიულ მაღალჩინოსანს მასპინძლობდა და... წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ბედი ეწია კავალერს. იმის გათვალისწინებით, სად მუშაობდა ცოლ-შვილიანი თანამდებობის პირი, ამბავი პროლეტარიატის დონეზე არ უნდა გახმაურებულიყო, ისე კი, მას პარტიულ დონეზე რომ უმკაცრესი სასჯელი ელოდა, არავინ დაობდა. ქალის ბინაში მისულ ძალოვნებს მამაკაცი ლოგინში შიშველი და... გარდაცვლილი დახვდათ. მას დანით მიყენებული სამი ჭრილობა ეტყობოდა და მართალია, სამივე გულის არეში იყო საკმაოდ ღრმად ჩასული, ექსპერტებმა თქვეს, რომ არაპროფესიონალის ნამოქმედარი იყო და სამჯერ გულის არეში იმიტომ ჩაარტყეს დანა, რომ არ იცოდნენ, ერთი დარტყმის შემდეგ კაცი უკვე გარდაცვლილი იყოო. როგორც ქალის, ისე კაცის ორგანიზმში დიდი ოდენობით დასაძინებელი წამალი იპოვეს. საძინებელში მაგიდაზე შამპანურის გახსნილი ბოთლი, შოკოლადის ფილა და ყვავილები ეწყო. იქვე იყო კონიაკიც, თუმცა ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა, რომ დასაძინებელი წამალი, სწორედ შამპანურში იყო გარეული.

„პირველი, რაც პარტიამ გააკეთა, გამოსცა ბრძანება, რომელზეც ორი კვირის წინანდელი რიცხვი ეწერა, ვითომ ეს მაღალჩინოსანი ორი კვირის წინ გარიცხეს პარტიიდან. ამით პარტიამ ნამუსი ჩამოიბანა, მაგრამ საქმე გამოსაძიებელი იყო. რაც უნდა მომხდარიყო, მკვლელობას ვერ გავექცეოდით. საინტერესო გახლდათ ისიც, რომ ქალის ჩვენებით, მისი სახლიდან გამქრალი იყო ტანისამოსი, რომლითაც ის სახლში დაბრუნდა და... რომელიც მამაკაცმა გახადა, ოთახში მიმოფანტა და მერე... მერე გაითიშნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ამას გარდა, ქალმა ისიც თქვა, რომ სანამ მამაკაცი მოვიდოდა, მასთან ვიღაც ბიჭი მივიდა, რომელმაც ყვავილები, შამპანური და შოკოლადის ფილა მიიტანა, კონიაკი კი მამაკაცმა მოიტანაო. მას ეგონა, ყველაფერი ეს პარტიული მაღალჩინოსნის ძღვენი იყო, თავად რომ არ ეტარებინა, მაგრამ კითხვა ვერ მოასწრო, უფრო ზუსტად, არც უფიქრია ეკითხა, რადგან გარდაცვლილმა ზუსტად იცოდა, რომელი ყვავილი, რომელი შოკოლადი და რომელი შამპანური უყვარდა ქალს. ძღვენი კი მის გემოვნებას ერთი-ერთში ემთხვეოდა. ცხადი იყო, დასაძინებელ წამალს შამპანურში მამაკაცი თავად არ გაურევდა, არც თავს მოიკლავდა და ზოგადად, ბევრი რამ იყო უცნაური, თუნდაც ის, სად წავიდა ქალის ტანსაცმელი.

მეზობლების დაკთხვის შემდეგ გამოძიება ჩიხში უფრო ღრმად შევიდა. ორი მეზობელი ამტკიცებდა, რა შიშველი, ეს ქალი კიბეზე შეგვხვდა და ზუსტად გვახსოვს, რა ეცვაო და ყვებოდნენ იმ ტანისამოსის შესახებ, რომელიც გამქრალი იყო. გამორიცხული გახლდათ, ქალი გასულიყო ტანსაცმლით სახლიდან და ეს არ ხსომებოდა. არადა, მეზობლები ამტკიცებდნენ, მარტო მიკუნტრუშებდა კიბეზე, თავსაფარი და სათვალე ეკეთაო... ანუ, იმის დაშვებაც შეიძლებოდა, რომ ქალმა მამაკაცი მოკლა, მერე ბინიდან გავიდა, ყველაფერი გაითამაშა და ტანისამოსი ტყეში დამალა. შანსი ნაკლები იყო, მაგრამ იმ ადგილთან ახლოს, სადაც ქალი იპოვეს, სამართალდამცავებმა ტყე როგორც ადამიანური, ისე კინოლოგების რესურსით დაათვალიერეს, მაგრამ უშედეგოდ.

„გარდაცვლილის ცოლი დავკითხე, მან არ უარყო, რომ იცოდა ქმრის ღალატის შესახებ, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა. გაყრა ქალსაც არ აწყობდა, ყველაფრის გარეშე რჩებოდა და მსუყე ალიმენტის იმედიც არ უნდა ჰქონოდა, რადგან ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, ქმრის კარიერა ჩაილურის წყალს დალევდა (ასე იყო მაშინ) და ითმენდა. ახლა კი, არც ქმარი შერჩა და აღარც არაფერი - ის პარტიიდანაც გარიცხული იყო და საეჭვო გახლდათ, რომელიმე მეგობარს თავი გამოედო და ოჯახს თან გადაჰყოლოდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, გამოძიებამ სადღაც ისიც კი იფიქრა, ეგებ, სახელმწიფომ მოიშორა მაღალჩინოსანი, რადგან საჭიროზე მეტი გაიგოო (არ იყო ეს იმ დროისთვის უცხო ხილი), მაგრამ მოულოდენლად, განყოფილებაში მოკლულის საყვარელი გამოცხადდა და ერთადერთი სიტყვა თქვა - „ვიპოვე!“ როგორც გაირკვა, მან ის ბიჭი ამოიცნო, რომელმაც საბედისწერო პაემნამდე ცოტა ხნით ადრე შამპანური, შოკოლადის ფილა და ყვავილები მიართვა. ქალი ბიჭს უკან ჩუმად გაჰყვა, მისი საცხოვრებელი გაიგო, მეზობლებში მოიკითხა მისი ვინაობა და მაშინვე მილიციაში გამოვარდა. ნახევარ საათში, ბიჭი გამომძიებლის ოთახში დაკთხვაზე იჯდა.

„ჩემთვის მივდიოდი იმ უბანში, როცა ვიღაც ქალმა გამაჩერა, მითხრა, დაქალს სიურპრიზს ვუმზადებ, ეგებ, ეს ნივთები აუტანოო და 5 მანეთიც მომცა. 5 მანეთი ჩემთვის ფულია, ნივთებში კი აკრძალული არაფერი იყო. ავიტანე და ჩემს გზაზე წავედი“, - განაცხადა ბიჭმა.

ეს რაღაც ახალი იყო - მკვლელობაში მონაწილე ქალი გახლდათ. დაკავებულს საყვარლის ფოტო ანახეს და მან თავი გააქნია, ეს ნამდვილად არ იყოო. შემდეგ თავისუფლებაზე მყოფი სხვადასხვა დროს ნასამართლევი ქალების ფოტოები ანახეს, ბიჭი ყველაზე თავს იქნევდა, ბოლოს კი... ბოლოს გარდაცვლილის ქვრივის სურათი დაუდეს წინ და ბიჭს თვალები გაუბრწყინდა, ეს არის, შამპანური, ყვავილები და შოკოლადის ფილა, სწორედ ამ ქალმა გამატანაო. მოკლული დასაფლავებულიც არ იყო, როცა მისი მეუღლის დაპატიმრების ორდერი გაიცა და ის განყოფილებაში პირდაპირ პანაშვიდიდან მიიყვანეს. ქალს თავიდან ნერვიულობის ნატამალიც არ ეტყობოდა, მაგრამ როგორც კი ბიჭთან დააპირისპირეს, ნირი წაუხდა და გამომძიებელთან შეხვედრა ითხოვა. მან პირდაპირ თქვა, მთელ სქემას გაგიშიფრავთ, ოღონდ, ერთი პირობით - მე ციხეში არ უნდა წავიდე, რადგან ბავშვები უპატრონოდ მრჩებაო. გამომძიებელმა კონსულტაცია ზემდგომებთან გაიარა და პირობაც მიიღო - ქალი მკვლელი არ უნდა ყოფილიყო, მონაწილეობას აპატიებდნენ და მხოლოდ პირობითს მიუსჯიდნენ. დაკავებული თითქოს შეყოყმანდა, მერე თავი დაიქნია.

„ქმარი არათუ მღალატობდა, არაფრად მაგდებდა. ყველაფერს ვიტანდი და ბოლოს მითხრა, უნდა გაგშორდე, კარიერა ფეხებზე მკიდია, ის ქალი მიყვარსო. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ ჩემი მეუღლის თანამშრომელი მეწვია ერთხელ სახლში და მთხრა, მოგაშორებ კონკურენტს, თუ დამეხმარებიო. დახმარებაში იმ ნივთების გადაცემას გულისხმობდა, მერე კი, ქალის სამოსი უნდა ჩამეცვა და მეზობლების დასანახად კიბეებზე მევლო, რადგან ყველას ჰგონებოდა, რომ ის უნამუსო გათიშული კი არ გაათრიეს, თავისით გავიდა. ჩემი ქმრის მეგობარს გათვლა ჰქონდა, ამბავი რომ გახმაურდებოდა, მას მოხსნიდნენ და მის ნაცვლად, თავად დაინიშნებოდა თანამდებობაზე. ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაგრამ როცა ბინაში შევედი, ჩემს ქმარს უკვე დანა ჰქონდა დარტყმული, ვერ მოითმინა მისმა ხელქვეითმა და მოკლა“, - დაასრულა ქალმა მოყოლა, მაგრამ...

„ყველაფერს იტყუება. ვაღიარებ, რომ გეგმა ჩემი მოფიქრებული იყო, მაგრამ მხოლოდ კაცის დისკრედიტაცია მინდოდა. ორივე შიშველი უნდა დამეტოვებინა ტყის პირას და ერთმანეთისგან მოშორებით, მაგრამ ის ქალი სახლში რომ ამოვიდა და ქმარი შიშველი სხვა ქალის გვერდზე დაინახა, ვეღარ მოითმინა, დანა აიღო და გულში რამდენჯერმე ჩაარტყა. მე მკვლელი არ ვარ“, - ეს უკვე იმ კაცის განცხადებაა, ვინც გარდაცვლილი ჩინოვნიკის ადგილს უმიზნებდა.

რა თქმა უნდა, ქალთან გაფორმებულმა ზეპირმა შეთანხმებამ ხელშეუხებლობაზე ბოლომდე ვერ იმუშავა და ის ციხეში გაუშვეს, თუმცა მხოლოდ 2 წლით, რადგან... სასამართლოზე მკვლელობის შემამსუბუქებელ გარემოებად აფექტი მიუთითეს.