როგორ იძია ქალმა შური ახალგაზრდა საყვარელზე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ადრე ასე იყო - კონკრეტული დაწესებულების თანამშრომლებს გამოუყოფდნენ მიწის არცთუ მცირე ნაკვეთს და შემდეგ ეს მიწა თანამშრომლებს შორის ნაწილდებოდა. ისინი იქ მცირე ზომის სახლებს აშენებდნენ და ასე იქმნებოდა ქიმიკოსთა დასახლება, გეოლოგთა აგარაკები და ა.შ. სწორედ ასე, ქიმიკოსთა აგარაკებზე რამდენიმე სახლი გაქურდეს და ადგილობრივები ძალიან შეწუხდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ქურდობა ზაფხულის პერიოდში მოხდა ანუ მაშინ, როცა იქაურობა დამსვენებლებით იყო სავსე, მაგრამ ქურდი ვერავინ მოიხელთა. ხმაურის ატეხვა თითქოს არავის სურდა, ყველა ყველას იცნობდა და პატივს სცემდა, მაგრამ ქურდობებს ბოლო რომ აღარ უჩანდა, ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს, თანაც ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც იმ საწარმოს დირექტორის სახლი გაუქრდეს, რომლის თანამშრომლებიც სახლობდნენ ახლო-მახლო.

 

საწარმოს დირექტორი, 55 წელს გადაცილებული მარტოხელა ქალი იყო, ქმარი ადრე მოუკვდა, შვილები გზაზე დააყენა და მარტო ცხორობდა. აგარაკზე იმ მიზეზით არ იყო, რომ მეზობელ რესპუბლიკაში პროდუქციის შესაძენად გახლდათ მივლინებით წასული და როცა დაბრუნდა, გული დასწყდა, ყველაფერთან ერთად, დედაჩემის ნაჩუქარი ვაზა დაიკარგა, ყველაზე მეტად, გული სწორედ მასზე მწყდებაო. დანარჩენ „დაჩნიკებს“ ბევრი არაფერი ჰქონდათ დაკარგული, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ თითქოს უმნიშვნელო ნივთები, რომლებიც მათთვის იყო ძვირფასი, გამქრალიყო ანუ ქურდმა ზუსტად იცოდა, მეპატრონეეები რომელ ნივთს უფრთხილდებოდნენ, იქნებოდა ეს ჯამი, თუ ჭიქა და სწორედ მათ იპარავდა.

გამომძიებელმა მარტივად დაასკვნა, რომ ქურდი ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, მაგრამ ვინ? ეჭვი ვერავისზე მიჰქონდა, არ აპირებდნენ თანამშრომლისკენ ხელის გაშვერას და სამართალდამცავებს პირდაპირ უთხრეს, გვეეჭვება, თქვენი ვერსია სწორი იყოს, ათეული წლებია, ერთად ვმუშაობთ და ასე ადვილად ერთმანეთს ვერ გავიმეტებდითო, მაგრამ... ფაქტი ის გახლდათ, რომ ქურდმა ზუსტად იცოდა, ვინ როდის არ იყო სახლში, ვის რა უყვარდა და მოსწონდა, ვინ რას უფრთხილდებოდა და სწორედ იმას იპარავდა. საერთო ჯამში, დაკარგული ნივთების ღირებულება ხუთას მანეთსაც კი არ სცდებოდა, მაგრამ ქურდობის 11 ეპიზოდი ძალიან ბევრი იყო. ამასთან, აგარაკებზე, ძირითადად, ქალები იყვნენ, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც იმ საწარმოში სულ სამი წლის მისული იყო, პატარა მიწის ნაგლეჯი მასაც შეახვედრეს, სადაც ასევე პატარა, ოროთახიანი ხის სახლი ჩადგა და თავისთვის ხარობდა. მამაკაცს, პრაქტიკულად, ყველა ქურდობის დროს, ალიბი ჰქონდა, ხან რომელ თანამშრომელთან ერთად ისვენებდა მისი თუ სხვისი სახლის ეზოში, ხან - რომლის. ამასთან, კაცის საქმეს სოფლად რა გამოლევს და ვიღაცას ღობეს უკეთებდა, ვიღაცას - ჭიშკრის შეღებვაში, ვიღაცას - საქათმის შეკეთებაში...

რა თქმა უნდა, ძალოვნებმა მარტივად არ ჩამოწერეს ახალგაზრდა და ისიც მოიკითხეს, რომელიმე თანამშრომელს ხომ არ ჰყვარობსო, მაგრამ ყველამ ხელები გაასავსავა, ასეთი წესიერი კაცი საერთოდ თუ არსებობს, არც კი ვიცით, ყველას ზრდილობიანად ექცევა, როცა თავად ჩვენ, ქალები, რაიმე გადაკრულს ვეტყვით, გავეხუმრებით, თავს ხრის და წითლდებაო. ყველაფერი ეს მარტივად მოსასმენი, მაგრამ რთულად დასაჯერებელი იყო. ირგვლივ რომ 30 ქალი გახვევია, თან ზაფხულში, ყველას რომ შალიფად აცვია, წარმოუდგენელია, თვალი ერთხელ მაინც არ გაგექცეს და ეს „გაქცევა“ ადრესატმა ვერ შენიშნოს. „დაჩნიკების“ გასაგონად, გამომძიებელმა ჩაილაპარაკა, დანარჩენს თბილისში გავარკვევთ, სამი-ოთხი დღის შემდეგ ჩამოვალთო და სოფელზე თვალთვალი დააწესა. ორი ოპერმუშაკი დღისით იმალებოდა, შებინდებულზე კი სოფელში დაძვრებოდა და ცდილობდა, მიეყურადებინა, იქნებ, ვინმეს რამე წამოსცდენოდა და თან, მუდმივი თვალთახედვის არეში, სწორედ ის ახალგაზრდა კაცი ჰყავდა. პირველივე ღამეს, ასე, 12 საათისთვის, ახალგაზრდა კაცი ქოხიდან შეუმჩნევლად გამოვიდა, ღობეზე აკრულმა გაიარა შარაგზა, ერთ-ერთ სახლთან გაჩერდა, მერე მეორე მხრიდან შემოუარა და უკანა აივნიდან გადაძვრა. სამართალდამცავებს ეგონათ, რომ ქურდი მახეში გაება, მაგრამ სახლიდან მხიარული და ბედნიერი შეძახილის ხმა გაისმა. ისინი ფანჯარასთან მივიდნენ და დაინახეს, როგორ ეხვეოდა კაცი ქალს, როგორ ვნებიანად კოცნიდნენ ისინი ერთმანეთს და როგორ გადაინაცვლეს ლოგინში. სისხამ დილით, კაცი სახლში დაბრუნდა და მეორე დღეს, ვითომ არაფერი მომხდარა, ერთ-ერთ მეზობელს ბოსტნის გამარგვლაში დაეხმარა.

მეორე ღამეს იგივე განმეორდა - იგივე მანევრი, იგივე ქალი. ოპერმუშაკებმა გაარკვიეს, რომ ქალი გაუთხოვარი იყო, კაცზე ასე, 4-5 წლით უფროსი და როგორც ჩანს, ერთმანეთთან ურთიერთობა დიდხანს ჰქონდათ, ისე შინაურულად იყვნენ. ამასობაში, სოფელში საწარმოს ხელმძღვანელიც ჩავიდა, საკუთარ აგარაკს მიხედა, გაანიავა, ეზო დაგავა, ახალგაზრდა კაცი დაიხმარა, ორ ადგილზე ამძვრალ ხის ღობეს ფიცრები გაუმაგრა, საღამოს კი, ყველა ჩაიზე დაპატიჟა. სტუმრები ასე, 12 საათისთვის დაიშალნენ, ყველა სახლში წავიდა, თუმცა... ის ახალგაზრდა კაცი მალევე დაბრუნდა და ამჯერად ღამე საწარმოს ხელმძღვანელთან გაატარა. მეორე დღეს, პირველმა საყვარელმა კაცი შავ დღეში ჩააგდო, რგორ გაბედე, როგორ მიღალატე, ასეთი უსირცხვილო როგორ ხარ, დედისტოლა ქალთან რომანი რომ გაქვსო. ისიც დასჯილი ბავშვივით უსმენდა და მართლაც, ქალი კაცზე 20 წლით უფროსი გახლდათ. ოპერებმა ყველაფერი თბილისს უპატაკეს, თუმცა წესით, ეს ურთიერთობები ქურდობასთან კიავშირში არ უნდა ყოფილიყო. თვალთვალი კიდევ ორი დღე გაგრძელდა, კაცი ჯერ საწარმოს დირექტორთან მიდიოდა, ნაშუაღამევს - შედარებით ახალგაზრდა ქალთან და ასეთ გაწამაწიაში დიდხანს რომ ვერ „გაქაჩავდა“, ადვილი მისახვედრი იყო და აკი მოიმიზეზა კიდეც, ორი დღით დედაქალაქში უნდა დავბრუნდეო. მისი წასვლის დღესვე გადაწყდა, სახლი გაეჩხრიკათ, ოღონდ ისე, რომ არავის არაფერი სცოდნოდა. ამიტომ, მის სახლში ღამით შევიდნენ, საინტერესო ვერაფერი ნახეს, თუმცა იატაკის ფიცარი ისე მოძრაობდა, მიხვდნენ, ქვემოთ სიცარიელე უნდა ყოფილიყო და მართლაც, ასე სამ კვადრატულ მეტრზე, მცირე სარდაფი იყო მოწყობილი, სადაც... ყველა ნაქურდალი ნივთი ლამაზად, ჯერ ქაღალდში, შემდეგ ცელოფანში გადახვეული იდო. არადა, ამ კაცს ყველა „დაჩნიკი“ თავდებად უდგებოდა, ალიბიც სწორედ მათი მეშვეობით ჰქონდა. ახალგაზრდა კაცი თბილისში არ დააკავეს, უბრალოდ, უთვალთვალებდნენ და ის ორი დღის შემდეგ, მართლაც სოფელში დაბრუნდა. სწორედ იმ დღეს, როცა ის ჩავიდა, კიდევ ერთი ქალი აყვირდა, ჩემი კერამიკული ქოთანი ეზოდან მომპარესო. სამართალდამცავებს დაზუსტებით შეეძლოთ იმის თქმა, რომ მამაკაცი არაფერ შუაში იყო, რადგან მთელი იმ დროის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და მას ნამდვილად არაფერი მოუპარავს. ამის მიუხედავად, მის სახლში ჩხრეკა ოფიციალურად უნდა ჩატარებულიყო და დაკითხვაც ოფიციალურად მომხდარიყო.

„წარმოდგენა არ მაქვს, ეს ნივთები აქ საიდან მოხვდა. ნახეთ, ანაბეჭდები აიღეთ, მე ხელი არცერთისთვის არ მიხლია. ალბათ, ვინც მოიპარა, გადაწყვიტა, რომ აქ უნდა შეენახა, მაგრამ რატომ“, - გაოცდა კაცი და მართალიც იყო, მისი ანაბეჭდები არცერთ ნივთზე არ გახლდათ, მაგრამ ნივთები საგულდაგულოდ იყო გაპრიალებული, მათზე არავის ანაბეჭდი არ იყო და კაცის სასარგებლოდ მხოლოდ ის მეტყველებდა, რომ კერამიკული ქოთანიც სწორედ მის სარდაფში იდო, ის კი მას არ მოუპარავს და ეს სამართალდამცავებმა ზუსტად იცოდნენ. როცა ნივთებს დახედა, საწარმოს დირექტორმა წარბი ასწია, მის კონკურენტს ანუ კაცის კიდევ ერთ საყვარელს გახედა და ხმამაღლა თქვა - „ქურდი ეს ქალია!“ ყველა გაოცდა, თუმცა დირექტორმა მშვიდად განაგრძო, ერთი წლის წინ, ეს ქაღალდი ჩემთვის ჩამოვატანინე თანამშრომელს, საკმაოდ ბევრი იყო და სწორედ მას მივეცი. მეტი ასეთი ქაღალდი არავის აქვს და ამიტომ, ლოგიკურია, რომ ქურდი სწორედ ის გახლავთო. ძალოვნებმა ქალის სახლი გაჩხრიკეს და ქაღალდები მართლაც იქ ნახეს. დამალვასა და დაფარვას აზრი არ ჰქონდა.

„ეს უნამუსო (როცა ქალები საქმეს არჩევენ, როგორც წესი, უნამუსო მამაკაცია) კაცი მე მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო, მაგრამ რომანი ამ ბებერთანაც ჰქონდა. სხვაგვარად, ასეთი მცირე სტაჟის გამო, მიწის ნაკვეთს ვინ მიაშავებდა, იმ კუდიანმა უჩალიჩა, სანაცვლოდ, ახალგაზრდა კაცთან ერთად კოტრიალობდა. ნივთები, როგორც ხედავთ, არ დამიზიანებია, თუ დირექტორთან ურთიერთობას არ შეწყვეტდა, მერე რომელიმე თანამშრომელს ვეტყოდი, ქურდი ეს ბიჭია-მეთქი და არა მარტო სამსახურიდან, არამედ, აქედანაც გააგდებდნენ და ეს ჩემი შურისძიება იქნებოდა“, -განაცხადა დაკავებულმა, რომელსაც სასამართლომ ბოლომდე „ვერ გაუგო“ და ქურდობის რამდენიმე ეპიზოდის გამო, თავისუფლების აღკვეთა 4 წლით მიუსაჯა.

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე