როგორ ვმართოთ აგრესია - ფსიქოლოგის რჩევები

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 სექსუალური ორიენტაცია არაარჩევანი

 სალომე ნოზაძე

 

სოციალური ქსელების განვითარების კვალდაკვალ, რაც უდავოდ პოზიტიური მოვლენაა, თავი იჩინა საზოგადოების ცალკეული წევრების, ცნობილი თუ უცნობი პირების, სხვადასხვა ჯგუფების მიმართ აგრესიამ, ბულინგმა, ღვარძლმა და ბოღმამ. ადამიანები ერთმანეთს აკრიტიკებენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. პრობლემა საკმაოდ ღრმა და მრავლისმომცველია, თუმცა ამჯერად სექსუალური ორიენტაციის ნიშნით აგრესიაზე შევჩერდებით, რადგან ბოლო დროს, სწორედ ასეთი აგრესიის გამო, არაერთი ლგბტქ თემის წარმომადგენელს გაუსწორდნენ ფიზიკურად და რამდენიმე მათგანი მოკლეს კიდეც...

საიდან ჩნდება აგრესია, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ადამიანებზე და როგორ ვმართოთ ის? - ამ თემაზე „ვერსია“ ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაიშვილს ესაუბრა.

 

- ქალბატონო ნანა, რა არის და საიდან იღებს აგრესია სათავეს?

- აგრესია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თავდასხმას, შეტევას, შესაბამისად, აგრესია მიზანმიმართული და მოტივირებული დესტრუქციული ქცევაა, რომელიც ითვალისწინებს სხვა ადამიანისათვის ფიზიკური ან ფსიქოლოგური ზიანის მიყენებას, რა დროსაც აგრესიის მიზეზად შეიძლება განვიხილოთ ისეთი ზიანის მიყენება სხვისთვის ან სხვისი ინტერესებისთვის, რომელიც უკუაგდებს თავად აგრესორის ფრუსტრაციის წყაროს.

მსგავს შემთხვევაში, აგრესიის განმხორციელებლი სუბიექტი განიცდის სასიამოვნო ემოციურ განცდას და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ემოციის მიღწევაა აგრესიით მოტივირებული ადამიანის ქცევის მიზანი.

რაც შეეხება აგრესიის გამომწვევ მიზეზებს, ისინი შესაძლებელია, სხვადასხვა წინაპირობით იყოს გამოწვეული, მათ შორის, ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით. კერძოდ, სხვადასხვა დაავადებით, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობით, ნეგატიური ემოციების მოზღვავებით, ფრუსტრაციით ან მაღალი ხარისხის შფოთვით, კონფლიქტებით, ზოგადად, კონფლიქტებისადმი მაღალი მგრძნობელობით, ძალადობრივ გარემოში ყოფნით, საზოგადოებისაგან გარიყულობით, აღზრდის სტილით და სხვადასხვა სახის სუბიექტური მიზეზებით. მაგალითად, ექსტრემიზმი, ფანატიზმი, ხასიათობრივი და პიროვნული  თავისებურებები და სხვ.

რაც შეეხება აგრესიის მართვას, ბუნებრივია, ეს შესაძლებელია, თუმცა ამას, პირველ რიგში, სჭირდება ადამიანის თავისუფალი ნება და მის მიერ იმის გაცნობიერება, რომ აგრესიული ქცევა, ხშირ შემთხვევაში, არსებითად უშლის ხელს ადამიანის ჯანსაღ სოციალიზაციას და ზოგად კეთილდღეობას, რადგან სიტუაციიდან გამომდინარე, აგრესიული ქცევა, შესაძლოა, ვეღარ  დაექვემდებაროს კონტროლს და გახდეს აფექტის  წინაპირობა.

... საერთოდ, არ შეიძლება, რომ უფლის, სიყვარულისა და სიკეთის სახელით იძალადო სხვა ადამიანებზე. ცალსახად ვგმობ ყოველნაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ აღმსარებლობის, ეროვნების, ორიენტაციის და ა.შ. მიუხედავად.

მესმის, რომ ყველას ვერ მოვთხოვთ სახელმწიფოებრივი აზროვნების, სამოქალაქო შეგნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეს, მაგრამ მე ასე მჯერა - ჩემი უფლებები ისე უნდა დავიცვა, რომ სხვისი უფლებები არ დავარღვიო. ნებისმიერი სახის ძალადობა ჩემთვის დანაშაულია და ვთვლი, რომ მსგავსი ქცევა ნამდვილად დასჯადი უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ აღნიშნულ ქმედებას, სამომავლოდ, პრევენციული ხასიათი ჰქონდეს.

რაც შეეხება ზღვარგადასულ სიძულვილს, ეს, პირველ რიგში, თავად ამ სიძულვილის მატარებელ ადამიანს აზარალებს და შემდეგ იმ სოციუმს, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს და საქმიანობს. სიძულვილი კი ვისაც და რასაც უნდა ეხებოდეს,  ნამდვილად სირცხვილია!

 - რატომ უჩნდებათ აგრესია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ?

- „ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის“ მიხედვით, სექსუალური ორიენტაცია გამოხატავს „პიროვნული და სოციალური იდენტობის განცდას, რომელიც დამყარებულია იმ მიზიდულობებზე, მათ გამომხატველ ქცევებსა და იმ ჯგუფის მიკუთვნებულობაზე, რომლის წევრებიც ამ ემოციებს იზიარებენ“.

აქვე, მოგახსენებთ, რომ სექსუალური ორიენტაცია არააა არჩევანი. არ არსებობს სექსუალური ორიენტაციის გამომწვევი მარტივი ერთი მიზეზი, არამედ, კვლევების თანახმად, ეს არის გენების, ჰორმონებისა და გარემოს გავლენათა კომბინაცია და ისინი ითვალისწინებენ  ბიოლოგიაზე დაფუძნებულ თეორიებს, რომლებიც გენეტიკურ და სოციალურ ფაქტორებზე მიუთითებენ.

სექსუალური ორიენტაცია, როგორც წესი, სამი სახის ტერმინით გამოიხატება: ჰეტეროსექსუალობა, ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა.

ტერმინი „ჰომოფობია“ პირველად  გამოჩნდა 1972 წელს, ამერიკელი ფსიქიატრის ჯონ ვეინბერგის წიგნში - „საზოგადოება და ჯანმრთელი ჰომოსექსუალი“, რომლითაც ავტორმა აღნიშნა ის შიში, რასაც განიცდიან ადამიანები  ჰომოსექსუალებთან კონტაქტისას. მოგვიანებით, 2006 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციაში - „ევროპაში ჰომოფობიის შესახებ“, ეს ტერმინი დაიხვეწა, სადაც ნათქვამია, რომ ჰომოფობია წარმოადგენს წინასწარგანწყობაზე დაფუძნებულ ირაციონალურ შიშსა და სიძულვილს LGBTQI თემის მიმართ და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა.

მაგალითად, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ „არანაირი ჰომოფობია არ მაქვს, მე მათი არ მეშინია, უბრალოდ, მაღიზიანებენ“, შეიძლება, ეს ჩაითვალოს ჰომოფობიის გამოვლინებად. ამავდროულად, ჰომოფობია უნდა განვასხვავოთ ჰომონეგატივიზმისგან, როდესაც ადამიანი, უბრალოდ, შორდება და ემიჯნება  ერთსქესიანი ურთიერთობების თემას, თუმცა პირადად მას  არაფერი აქვს მათთან საწინააღმდეგო.

რაც შეეხება განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი აგრესიას, ხშირ შემთხვევაში, მისი წინაპირობა ხდება ზოგიერთი ადამიანის ქცევა, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს თავისი ცხოვრების წესის აფიშირებასა და პროპაგანდას, ირონიითა და სარკაზმით საუბრობს ტრადიციულ ურთიერთობებზე და ეროვნულ ღირებულებებზე, ცინიზმით საუბრობს რელიგიურ ფასეულობებზე, ახდენს სხვა ადამიანების დაინტერესებას და ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ ორინტაციისათვის უპირატესობის მინიჭების შესახებ.

მე, როგორც პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ვმუშაობ ამ ადამიანებთან (ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, თუმცა ვმუშაობ) და მათ უმეტესობას, ხშირ შემთხვევაში, აქვს იდენტობისა და იმ ორიენტაციის აღიარების შიში, რომელსაც საკუთარ თავთანაც კი დიდი სიფრთხილით აღიარებენ, რომ დიახ, ეს ასეა, ისინი ნამდვილად განსხვავებულები არიან.

აქვე, გეტყვით, რომ ჩემი ღრმა რწმენით და პრაქტიკიდან გამომდინარე, მგონია, სწორედ ბიოლოგიური თვალსაზრისით განპირობებული განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, ნაკლებად გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მიტინგებსა თუ პრაიდებზე სიარულს, რადგან ვიცი, მათ ჰყავთ თავიანთი პარტნიორები, აქვთ პროფესია და აქვთ საკუთარი ცხოვრების წესი და შესაბამისად, არც სჭირდებათ თავის დაცვა. ისინი არასოდეს დასცინიან სხვებს და არ ცდილობენ ტრადიციული ღირებულებებისა თუ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას.

და ბოლოს, მინდა, მჯეროდეს და ღრმად მწამს, რომ ადამიანებს გვეყოფა კეთილგონიერება და განსხვავებული ორიენტაციის გამო არ ჩავქოლავთ, არ გავწირავთ და არ გავრიყავთ ამ ადამიანებს, ვინაიდან ორიენტაცია არ არის არც არჩევანი და არც - ცხოვრების წესი. ეს არის თანდაყოლილი თავისებურება, რომელიც განპირობებულია ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით. აქვე ვიტყვი, მწამს და მჯერა, რომ ვიპოვით და ვივლით სწორედ იმ გზით, რომელსაც ჰქვია ჭეშმარიტი ქრისტესმიერი სიყვარულის გზა! სიყვარულის, სიკეთისა და არა სიძულვილის გზა! დავესესხები ცნობილ ამერიკელ  ასტრონავტ ნილ არმსტრონგს, რომელიც  წერდა: „როდესაც მთვარიდან გადმოვხედე დედამიწას, დავინახე პატარა ცისფერი ბუშტი, ყოველგვარი ნაციონალობისა და მოქალაქეობის გარეშე. მე ავტირდი, რადგან ვიგრძენი, რომ ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი, სადაც ჩვენ, სიძულვილით დაბრმავებული ადამიანები, ერთმანეთის აუტანლობით ვიძირებით გამუდმებულ  ომებში“.