როგორ კვდებიან ადამიანები ნარკოტიკებით, ისე რომ ნარკოტიკს არ იღებენ

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო წლებში ამერიკაში ოპიოიდების კრიზისია. მილიონობით ადამიანის სიცოცხლე სრულებით შეიცვალა, ასობით ათასი კი დაიღუპა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემები აჩვენებს, რომ ხშირად მოქალაქეებმა არც კი იციან რომ ნარკოტიკი მიიღეს. ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ეს?

სქემას ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხსნის.

"ჩინეთიდან ფენტანილის დასამზადებლად საჭირო ქიმიური ნაერთები ჩადის მექსიკაში, სადაც ნარკოკარტელების ლაბორატორიებში მზადდება ფენტანილის ფხვნილი. შემდეგ ხდება მისთვის ფორმის მიცემა. მექსიკაშივე მზადდება იდენტური წამლები, როგორიც იყიდება ამერიკაში, კანადასა და ევროპაში. ფორმები და წარწერები იდენტურია. ამის შემდეგ კონტრაბადის გზით ის შემოაქვთ ამერიკაში და მას ყიდიან სოციალური ქსელების საშუალებით,"- ამბობს ენ მილგრამი, ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

 

სანამ სქემას უფრო დეტალურად განვიხილავთ და ვაშინგტონის დამოკიდებულების შესახებ ვისაუბრებთ, გადავხედოთ სტატისტიკას, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ამერიკაში 106 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით. რაც ნიშნავს იმას, რომ "ჩვენ თითო ამერიკელს ვკარგავთ ყოველ ხუთ წუთში,"- ამბობს რაულ გუპტა ამერიკის მედიკამენტის კონტროლის პოლიტიკის ოფისიდან.

ოპიოიდების კრიზისი ამერიკაში წლებია მიმდინარეობს ეს კი კონგრესში როგორც რესპუბლიკელებს, ისე დემოკრატებს აშფოთებს. მხოლოდ 3 წელში ზედოზირებით 300 000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათი დიდი ნაწილი - ფენტანილით.

 

სტატისტიკასთან ერთად, მძიმე ვითარებას კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს მემორიალი "ფენტანილის სახეები" რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ცენტრალურ შენობაში მდებარეობს. დაფაზე ამ დროისთვის 4 000 ფოტოა, მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც სინთეტური ოპიოიდების ზემოქმედებით დაიღუპნენ - ძირითადად ახალგაზრდები.

 

ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანის ფოტო, რომელსაც ამ კედელზე შეხვდებით, 17 თვისაა. ყველაზე ასაკოვანი - ჯეიმს კოქსია 79 წლის. ეს ფოტოები ჩვენ ყოველდღიურად გვახსენებს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამერიკელთა სიცოცხლის გადასარჩენად,"- ამბობს ენ მიგრამი ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მძიმე რეალობიდან გამომდინარე, ვაშინგტონი ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებას აძლიერებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამისთვის ამერიკის კონგრესმა დამატებით 40 მილიონი ამერიკული დოლარიც გამოყო, რაც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას დამატებით შესაძლებლობებს მისცემს.

ჩინეთი - სქემის საწყისი წერტილი

სქემას თავიდან მივყვეთ, "სინთეტური ოპიოიდების, მათ შორის ფეტანილისთვის საჭირო ქიმიური ნაერთების მთავარი დისტრიბუტორი ჩინეთია,"- ამბობს სენატორი ჯიმ რიში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამ ქიმიკატების ექსკლუზიური მწარმოებელი არ არის - წარმოება ხდება ინდოეთშიც. თუმცა ამერიკის სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტები განმარტავენ, რომ ინდოეთიდან მექსიკაში და შემდეგ ამერიკაში ქიმიკატები და შესაბამისად, არც ფენტანილი არ ხვდება.

"ჩვენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრესიულ პოლიტიკას ვიყენებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არ გვაქვს მაგალითები რომ ინდოეთიდან მექსიკაში და შემდეგ ამერიკაში ეს ნივთიერებები შემოდის. უმრავლეს შემთხვევაში ამ სქემის უკან ჩინეთი დგას,"- ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტოდ რობინსონი.

 

2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ფენტანილის შემცველი ქიმიური ნივთიერებების შემოტანა სრულად აკრძალა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციიდან გამომდინარე, ფეტანილისა და მისი შემადგენლობის სხვა ნივთიერებებზე რეგულაციების გამკაცრება მოუწია პეკინსაც.

გამკაცრებული რეგულაციების მიუხედავად ჩინეთში ფენტანილისა და მისთვის საჭირო ქიმიური საშუალებების წარმოება კვლავ გრძელდება, ძირითადად - არალეგალურად იატაკქვეშა ლაბორატორიებში. თუმცა, არა ყოველთვის.

სწორედ ამიტომ ვაშინგტონში ამბობენ, რომ პეკინის მიერ აქამდე გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის და პრობლემა, რომელიც ჩინეთიდან იღებს სათავეს, ამ დრომდე მოგვარებული არ არის. ამიტომ ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ ჩინეთს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ნარკოტიკებთან ბრძოლაში. ბრალდებებს "ჩინეთის კომუნისტური პარტია" უარყოფს. პეკინში ამბობენ, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად არიან ჩართულნი.

 

"დროა მოკავშირეებთან ერთად ვიფიქროთ, ჩინეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე. სი ძინ პინის პოლიტიკა არ ვფიქრობ, რომ საკმარიასია. სწორედ ამიტომ, თუ პეკინი არ ითანამშრომლებს კეთილსინდისიერად, მოგვიწევს სავიზო შეზღუდვების გაფართოება და დამატებითი სანქციების ამოქმედება - რათა დავიცვათ ამერიკელი ხალხი,"- ამბობს ბობ მენენდესი, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

სქემის მეორე ნაწილი - მექსიკური ნარკოკარტელები

ვაშინგტონში ამბობენ, რომ ჩინეთი საწყისი წერტილია, თუმცა სად ხდება ფენტანილის დამზადება და როგორ ხდება ამერიკაში კონტრაბანდულად ფენტანილის შემოტანა?

"ჩინური ნარკოკარტელები და ფულის გამთეთრებლები აქტიურად თანამშრომლებენ მექსიკურ ნარკოკარტელებთან. ამ გზით ხდება საჭირო ქიმიკატების გაცვლა ქვეყნებს შორის,"- ამბობს ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი.

 

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, სანამ მექსიკაში კონტრაბანდულად ქიმიკატები ჩავა, მანამდე ის რამდენიმე ქვეყანას გადის. ჩინეთში იატაკქვეშა ლაბორატორიებში მიღებული ქიმიური ნაერთები ამის შემდეგ მექსიკის ასევე არალეგალურ ლაბორატორიებში ხვდება და იწყება ფენტანილის წარმოების პროცესი. სქემას მექსიკაში კონკრეტული პასუხისმგებლები ჰყავს.

"ჩვენთვის ცნობილია მთავარი პასუხისმგებლები. ეს ორი ძირითადი კარტელია მექსიკაში - "სინალოა" და "ჯალისკო". სწორედ ამიტომ ეს ორი ნარკოკარტელია ჩვენი სამიზნე,"- ამბობს ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელი.

"სინალოას" და "ჯალისკოს" კარტელების მფარველობის ქვეშ მოქმედ იატაკქვეშა ლაბორატორიებში თავდაპირველად ფენტანილის ფხვნილის მიღება ხდება, შემდეგ კი მას წამლის ფორმას აძლევენ, იდენტურს, როგორიც იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა თუ ევროპაში. ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო განმარტავს, რომ ამ ორი ნარკოკარტელის მთავარი სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადაა.

უკვე დამზადებული პროდუქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ კონტრაბანდული გზით ხვდება. "ხშირად ფენტანილი გადმოაქვთ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილებით. არის შემთხვევები, როცა მას საბურავებშიც მალავენ,"- ამბობს ენ მილგრამი. ბოლოს 2022 წლის დეკემბერში ამერიკა მექსიკის საზღვარზე დიდი ოდენობით ფენტანილი ქოქოსიდან ამოიღეს.

რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მექსიკის საზღვარზე კონტროლი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.

 

"ჩემი და დაიღუპა ზედოზირებით. ამ პრობლემას ხელს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკაც უწყობს. აუცილებელია კონტროლი გამკაცრდეს საზღვარზე,"- ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი, რომელიც ასევე იზიარებდა ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის იდეას, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ჯო ბაიდენის ბრძანებით შეჩერდა. ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საზღვრის კონტროლის უკეთესი მექანიზმები არსებობს და ამ მხრივ მუშაობას აგრძელებენ.

სქემის მესამე ნაწილი - "მკვლელი" აბები

"ამ აბებს სიკვდილი მოაქვს აქ, ამერიკის მიწაზე,"- ამბობს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი და განმარტავს, რომ ეს არის ომი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სენატორის მოსაზრებას სხვა ამერიკელი კანონმდებლებიც იზიარებენ. სქემის მესამე ეტაპი სწორედ ამერიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 

როგორ ამერიკის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შემოსული აბები იდენტურია იმ სამედიცინო საშუალებებისა, რომლებიც სერტიფიცირებულ აფთიაქებში ექიმის დანიშნულებით იყიდება.

"პირადად შევხვედრივარ ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს. ისინი ფიქრობენ, რომ იღებენ "ადეროლს", "ოქსიკოდონს" ან სულაც "პერკოცეტს" - რეცეპტით გამოწერილ წამალს, თუმცა სინამდვილეში მასში ფენტანილია. კვლევა აჩვენებს, რომ ათიდან ექვსი სასიკვდილო დოაზას შეიცავდა," - ამბობს ამერიკის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი.

მექსიკიდან ამერიკაში არალეგალურად შემოტანილი აბები გაცილებით იაფია, ვიდრე აფთიაქებში გაყიდული ნამდვილი პრეპარატები. უკანონო აბების გაყიდვა სოციალური ქსელების დახმარებით ხდება. ამერიკელი სენატორების ინფორმაციით, ძირითადად გამოიყენება "ვოთსაფი", "ვაიბერი", "ტიკტოკი" და "ინსტაგრამი". გამომდინარე იქიდან, რომ მიმოწერაზე კონტროლი ვერ ხდება და ნარკოტიკების გამსაღებლები მიწოდების სხვადასხვა ხერხებს ირჩევენ, სამართალდამცავები დროულად ვერ რეაგირებენ.

"ჩვენ გვქონდა საუბრები ტექნოლოგიურ გიგანტებთან, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,"- ამბობს ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელი.

სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ ვაშინგტონში დამატებითი რეგულაციები აამოქმედონ, რაც მათ დაავალდებულებს, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

ამ ეტაპზე ცნობილი არა არის, რა ცვლილებების მიღება იგეგმება ამ კუთხით და მოხერხდება თუ არა მისი დამტკიცება საერთოდ, თუმცა ამერიკის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს ხელს ნარკოტიკებთან ბრძოლას ვერ შეუშლის და ამერიკა მზად არის პრობლემის მოსაგვარებლად, უფრო აქტიური ნაბიჯები გადაიდგას.

"საკმარისზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს ამ პრობლემას შევუტიოთ... ყველა რესურსს ვიყენებთ, აქტიურად ვმუშაობთ მექსიკის მთავრობასთან, რათა აღმოვაჩინოთ, დავხუროთ ლაბორატორიები, სადაც ფეტანილის დამზადება ხდება,"- ამბობს ამერიკის გენერალური პროკურორი.

გაზრდილი დაფინანსებით და პარტნიორებთან აქტიური მუშაობით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძეელებს ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციაც. ამ მხრივ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობს საქართველოც.