როგორ უნდა შეჩერდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გაყიდვა - ინტერვიუ ვაჟა ოთარაშვილთან

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კასპში არაბული სოფელი შენდება! 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის სიახლოვეს არაბების სოფელი შენდება - ინვესტორებმა 11 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი უკვე  შეიძინეს. აღნიშნულ მონაკვეთზე 134-სახლიანი სოფელი გაშენდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში დაგეგმილი უკანონო მშენებლობა გააპროტესტა, შეაგროვა ხელმოწერები და დასახმარებლად ყველა უწყებას მიმართა, გაიმართა სასამართლოც, სადაც  ქართულმა მხარემ არაბების წინააღმდეგ ბძროლა წააგო. მიწის გასხვისების შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე საკმაოდ ხშირია. უამრავი უცხოელი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ქართულ მიწებს ყიდულობს და მკვიდრდება. რა მდგომარეობაა დღეს კასპის მუნიციპალიტეტში და როგორ უნდა ვებრძოლოთ ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას? - „ვერსია“ პოეტს, პროფესორ ვაჟა ოთარაშვილს ესაუბრა, რომელიც ქვემო ჭალის მკვიდრია:

- ევროკავშირში შესვლის 12-პუნქტიანი გეგმის გარდა, დამატებით კიდევ არსებობს მოთხოვნები, რაც ითვალისწინებს ჩვენი მიწების გასხვისებას უცხოელებზე. ეს ისეთივე მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის, როგორც მათი მოთხოვნით „ლიბერასტული“ და სოდომისტური პოლიტიკის დაშვება. უნდათ, რომ  ქართული მიწების თავისუფლად გასხვისდეს უცხოელებზე. აქედან გამომდინარე, არა მარტო  კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, არამედ, სრულიად საქართველოში მასობრივად ხდება ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა ბანდის, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოკალათებული მაფიოზური ძველი კლანების მიერ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის კატეგორიის შეცვლა და გადაკეთება არასასოფლო-სამეურნეო მიწად, შემდგომ კი ჩალის ფასად გაყიდვა უცხოელებზე, კერძოდ, არაბებზე, ინდოელებზე, ირანელებზე, თურქებზე, ეგვიპტელებზე და ა.შ. რომ შევამოწმოთ napr.gov.ge-ზე, თუ ვის მფლობელობაშია საქართველოს მიწა-წყალი, ვნახავთ, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ვსაუბრობთ, რა ჭამა და რა დალია სააკაშვილმა და კუჭის როგორი მოქმედება ჰქონდა, ასევე, რუსეთმა საოკუპაციო ზოლი რომ გადმოწია, მაგრამ არაფერს ვამბობთ, რომ თბილისის გარშემო, განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი ოკუპირებულია უცხოელების მიერ. ეს ყველაზე დიდი საფრთხე და საშიშროებაა ქართული სახელმწიფოსათვის, კომპაქტური დასახლებები ჩნდება არა მარტო თბილისის გარშემო, არამედ, სხვადასხვა რაიონში. ავიღოთ, თუნდაც სოფელ ჯუგაანის მაგალითი კახეთში, ასევე, ბაზალეთის ტბის გარშემო, სადაც უკვე 5 არაბული სოფელი შენდება, ანალოგიური სიტუაციაა კასპის რაიონში, სადაც სოფელ ქვემო ჭალაში, სამთავისის დედათა მონასტრიდან 2 კილომეტრში, უნდათ, არაბული სოფელი ააშენონ. იგივე მდგომარეობაა ქვათახევის მონასტრიდან ორიოდე კილომეტრში, ისტორიულ სოფელ წინარეხის მიმდებარედ, სადაც 170-სახლიანი ეგვიპტურ-არაბული სოფელი უნდა გააშენონ.

რაც შეეხება ქვემო ჭალას, ეს მიწები, სადაც იყო საძოვარი, მეცხოველეობის ფერმა, ტყის მასივი, სახნავ-სათესი,  2017 წლის 6 მარტს, ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა ბანდამ გადააკეთა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად და შემდგომ უკვე მიჰყიდა უცხოელებს. ზუსტად გეტყვით მათ გვარ-სახელებს, გაიტანეს აუქციონზე და ვინმე, 29 წლის გოგომ, ინგა კურტანიძემ იყიდა, რომელიც ანალოგიურ ქმედებას ეწევა მთელ საქართველოში და შემდგომ ინგასგან ხდება არაბებზე გადაყიდვა. ეს არის შპს „ალმორუჯი“, რომლის 34%-იან წილს ფლობს ფაჰარ ლუაი კარიმ ალ ბაღდადი, 33%-ს - ალთოვერკი აბდულელაჰ აბბადი და ასევე, 33% -იან წილს - ალშაჰრანი ჰუსსაინ ამერ ჰ. აი, ეს სამი ადამიანია მფლობელი ამ მიწის ნაკვეთის.

მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და აბსოლუტურად ყველა უწყებას, რომ საქმე თვალთმაქცურ გარიგებებთან გვაქვს, ხორციელდება საქართველოს მოქალაქის, ინგა კურტანიძის მიერ ამ ნაკვეთების ყიდვა და შემდეგ დანაწილება საუდის არაბეთის მოქალაქეებზე. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების უპირობო ბათილობის საფუძველს - კანონის გვერდის ავლით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდება ისე, რომ ბიუჯეტშიც არაფერი შედის. ქვემო ჭალაში 11 ჰექტარი, დაახლოებით, 55-58 ათას დოლარად გაიყიდა...

ინტერნაციონალური დასახლებების მოდელს ანხორციელებენ, თან ზუსტად ისტორიულ ადგილებზე, იქ - ქვათახევის მონასტერია, აქ - სამთავისის დედათა მონასტერი, ეს არ არის შემთხვევითი. დემოგრაფიულად ვართ უმძიმეს მდგომარეობაში, ქვეყნიდან გაედინება დიდი ნაწილი ქართული მოსახლეობის, სოფელ ქვემო ჭალაში და სამთავისში არაბების ჩამოსახლების შემდეგ, ამ სოფელს გადაუვლიან დემოგრაფიულად, რასაც დღეს ვერ გრძნობს ხელისუფლება, ხვალ, ზეგ ეს არაქართული მოსახლეობა სხვადასხვა ხერხით აგრძნობინებს. მაგალითად, ინგა კურტანიძესთან ვიღაც ხელს მოაწერს და იტყვის, რომ ეს ჩემი მეუღლეა, ვიღაც ბინადრობის უფლებას მიიღებს ფულით და ეს არაქართული, სულ სხვა მენტალობის და სულ სხვა აღმსარებლობის ძალა შექმნის პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დაამხობს ქართულ ხელისფულებას. „ნაცქოცური“ იქნება თუ სხვა ხელისუფლება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამის საშიშროების წინაშე ვდგავართ და ამის მაგალითია ბულგარეთში თრაკეა, სადაც პროთურქული ორიენტაციის პარტიამ გაიმარჯვა და მოითხოვს თრაკიის თურქეთთან შეერთებასა და ავტონომიას. ვფიქრობ, ეს  ყველაზე დიდი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც კატასტროფული, დემოგრაფიული სიტუაციის გამო, ქართველი ერი სისხლისგან იცლება და მასობრივად ქართულ მიწას ვუყიდით არა მარტო დღევანდელ საქართველოს, არამედ, იმ მომავალ თაობასაც, რომელიც უნდა დაიბადოს. ეს სახელმწიფო დონის დანაშაულია!

ქართული მიწების გასხვისება ზენიტში იყო ბენდუქიძის დროს, ამას მოჰყვა სააკაშვილის მიერ, სამი დღის განმავლობაში, 30 ათას თურქზე საქართველოს მოქალაქეობის მიცემა აჭარაში, რამაც უდიდესი უარყოფითი როლი ითამაშა ჩვენს ქართულ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ეს პროცესი უკვე ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას დროს, თავიდან ავიდა პიკზე, გახარიას პრემიერობის დროს კი ნამახვანჰესი 121 ლარად გაასხვისეს. ბენდუქიძის მოადგილე იყო ნინო ენუქიძე, რომელიც ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხანიშვილია, ძველი მაფიოზი და ა.შ. პირდაპირ ვიტყვი, ესენი არიან ყაჩაღთა ბანდა! ტელევიზიით არაერთხელ ვუთხარი, ვინც ჩამოგითვალეთ მათ და კიდევ სხვებსაც, რომ შეუძლიათ, თუ აქვთ ნამუსი, დამისხდნენ ტელეეთერში, ნებისმიერი ტელევიზიით და საბუთებით დავუმტკიცებ, რომ ესენი არიან ქართული მიწის გამყიდველები. ჩვენ მომავალ თაობას, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწას როგორ უყიდიან?! ეს არის რეალობა, 10 წლის შემდეგ, თუ პროგნოზს გავაკეთებთ, მივხვდებით, რომ უმძიმესი სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდით.

... ინგა კურტანიძეს ტყიბულში აქვს 80 ჰექტარი, ხარაგაულში, ქარელში, თეთრიწყაროში, სადაც ცნობილი დასასვენებელი ზონა და ფიჭვნარია, ოზურგეთი, ტყიბული, ქარელი, მცხეთა, დუშეთი... არ ვიცი, რომელი ერთი გითხრათ, გამოდის, რომ მთელ საქართველოში ეს პროცესი მიმდინარეობს ამ ბანდების მიერ!

ხელისუფლებას 26 მაისს რომ ახსენდება კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერები და მემორიალთან ყვავილები მიაქვს, ზუსტად ამ იუნკერების მემორიალიდან, დაახლოებით, 70 მეტრშია ძალიან „ძვირფასი“ არაბული სოფელი, 35-40 ოჯახი უკვე ჩამოსახლებულია, დანარჩენი სახლების მშენებლობა კი მიმდინარეობს. ეს არის კონკრეტული ლოკაციები, იგოითიდან დაწყებული მცხეთამდე, ყოველი 10 ნაკვეთიდან 7 - უცხოელისაა. ცნობილი თხოთის მთა, სადაც წმინდა ნინოს ეკლესიაა, მირიან მეფეს რომ თვალთ დაუბნელდა, აი, ეს ნაწილიც არაბებისაა, 52 ჰექტარი. მარჯვენა მხარე, აღაიან-მუხრანის ველი ირანელებისაა, 50 ჰექტარი. ყველაფერ ამის ნახვა შეგიძლიათ napr.gov.ge- ზე.

ამ რეალობასთან გვაქვს საქმე და მომავალ თაობას რას ვეუბნებით, ძალიან საინტერესოა. აი, ასეთ საქართველოს ვუტოვებთ, არაბულ, ირანულ თურქულ, ჩინურ, ეგვიპტური სოფლებით მოფენილს? ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და ამისთვის იღვრებოდა სისხლი? ქსენოფობობას ნუ დამწამებენ, მე ვარ პოეტი კაცი, ჯერ ჩემი საქართველო მიყვარს, ჩემი მიწა-წყალი, ჩემი ქართველი ერი, ეს ღვთიური მიწაა, ღმერთმა გვიბოძა ეს ტერიტორია. დღეს კი შაგრენის ტყავივით მცირდება ჩვენი უნიათობის, არასწორი პოლიტიკური ორიენტაციების გამო და რაც გვაქვს, იმასაც ხელში ვუგდებთ ჩვენ ისტორიულ მტრებს. აუცილებლად უნდა იცოდე, ვისი გორისა ხარ, ვინ არის შენი მოყვარე და მტერი. შედით ეროვნული რეესტრის სააგენტოში და კარებთან დადექით 15 წუთი, მიხვდებით, რაც ხდება.

- რა არის გამოსავალი, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან უცხოელებზე მიწების გასხვისება?

- ეს ბრძოლა ჩვენ, დაახლოებით, ერთი წელია დავიწყეთ, ცხრა თვე გავიდა, რაც წერილებით მივმართეთ, 500-ზე მეტმა სოფლის მოსახლეობამ, მათ შორის, მონაზვნებმა, სამღვდელოებამ, რომ შეჩერდეს ეს პროცესები. მივმართეთ პრემიერს, მთავრობას, პარლამენტს, 15-მა პროფესორმა და აკადემიკოსმა ღია წერილი გავუგზავნეთ იუსტიციის მინისტრს, სადაც 15 აკადემიკოსი და პროფესორი ხელს ვაწერთ, თუ რა უნდა გააკეთოს რატი ბრეგვაძემ ისე, რომ ძალიან მარტივად გადაწყდეს ეს პრობლემა, რადგანაც ძირითადად ძაღლის თავი იქ არის დამარხული, რომ ჩვენი კონსტიტუციით, აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა, ამიტომ ხდება მისი კატეგორიის შეცვლა ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა ბანდის მიერ, ეს პროცესი ტყვეთა სყიდვის პროცესს ჰგავს.

შევთავაზეთ, რომ დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლისას შემდგომი მანიპულაციის გამორიცხვას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მეოთხე ნაწილის გაცხადებული მიწის რესურსებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების პრინციპის დაცვის მიზნით, მიწის კატეგორიის შეცვლისას, ნაკვეთს უნდა მიენიჭოს სპეციალურად აღმნიშვნელის სტატუსი, სპეციალურ გრაფაში აღინიშნება, რომ მიწის ნაკვეთს შეცვლილი აქვს კატეგორია, რომელიც არარეზიდენტი პირებისათვის წარმოადგენს შემზღუდავ გარემოებას, აღნიშნული მიწის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე. მარტივად რომ გითხრათ, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწას გადააქცევენ არასასოფლო-სამეურნეოდ  და ისე გაიტანენ ბაზარზე, იქ აღნიშნული იქნება, რომ ამ მიწას აქვს კატეგორია შეცვლილი და მისი ყიდვა უცხოელს ეკრძალება.

- ბატონო ვაჟა, გორის სასამართლო რატომ წააგო ქართულმა მხარემ და იგეგმება თუ არა სააპელაციოში სარჩელის შეტანა?

- კასპის მუნიციპალიტეტმა არ გასცა მშენებლობის ნებართვა, სხვათა შორის, ჩვენი ზეწოლის. მეორე მხარემ უჩივლა კასპის მუნიციპალიტეტს, სულგაყიდულმა მოსამართლე დავით პაპუაშვილმა კი მოაგებინა სასამართლო არაბებს. გამგეობის მიერ გაცემული უარი არ ჩათვალა ადმინისტრაციულ საბუთად, სააპელაციოში შეტანილია სარჩელი, საქმე გაჩერებულია. მუნიციპალიტეტს ძალიან კარგი იურისტი ჰყავს, არ შემიძლია მადლიერებით არ აღვნიშნო. ამ საქმეში მხარი დაგვიჭირა გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლოში მიზანს მივაღწევთ და გავიმარჯვებთ, ეს ბრძოლა გრძელდება, მე ქვემო ჭალის მცხოვრები ვარ და თამამად ვამბობ, რომ მოსახლეობა უფლებას არ მივცემთ, აქ აშენდეს არაბული სოფელი. თუ სასამართლოს კიდევ ერთხელ წავაგებთ, ჩავთვლით, რომ ხელისუფლება თამაშობს როლს, რომელიც სამართლებრივად უკანონებს უცხოელებს მიწებს!

ავტორი: ანი სარდლიშვილი