სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური შიდასახელმწიფოებრივი გზებით დაინტერესდა. აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტს - SRAMP ეხება. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ამ პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინეს საავტომობილო გზების მშენებლობაში, მაგრამ იმავდროულად, ამ ხარვეზების გამოსასწორებლად, მთელი რიგი რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.
ზოგადი მიმოხილვა
საქართველოს მთავრობამ, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს გზების დეპარტამენტის სახით, 2016 წელს, შედეგზე დაფუძნებული შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი - SRAMP დაიწყო. ეს პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის - „იბიარდის“ (IBRD) მიერ გაცემული სესხით.
პროექტის მიზნებია: გზით მოსარგებლეებისთვის სოციალურ სერვისებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მდგრადი ფორმით გაუმჯობესება, პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით; საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება.
აუდიტის ჯგუფმა განიხილა გურიის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისა და მისი შემდგომი შესრულების პროცესი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით - ორი და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით - ოთხი პროექტირება-მშენებლობის პროექტების მიმდინარეობის პროცესი. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ზედამხედველი კონსულტანტების ყოველთვიური ანგარიშები, შუალედური გადახდის სერტიფიკატები გზების პროექტირება-მშენებლობისა და რეაბილიტაციის კონტრაქტები და მათი შესაბამისობა პროექტის მართვის სახელმძღვანელოსთან, ასევე, პროექტის შეფასების დოკუმენტთან.
აუდიტის ჯგუფმა ტექნიკური და გარემოსა და სოციალურ საკითხთა ექსპერტების მიერ მოწოდებული წინასწარი და საბოლოო ანგარიშებიც განიხილა, რათა განესაზღვრა პროექტირება-მშენებლობის და გურიის რეგიონში სარეაბილიტაციო კონტრაქტების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების მდგომარეობა.
ამასთან, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საკომპენსაციო თანხების საკითხი და გზების უსაფრთხოების ინტეგრაცია აქტივების მართვის პროცესში. განხილულ იქნა განახლებული ხუთწლიანი პროგრამისა და მეექვსე წლისთვის მომზადებული გეგმის შესაბამისობა „გზების აქტივების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის მრავალწლიანი გეგმის მომზადების სახელმძღვანელოსთან“, ასევე კლიმატური მდგრადობის პრიორიტეტული ღონისძიებებისთვის შემუშავებული დეტალური დიზაინი და სატენდერო დოკუმენტები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსი. შუალედური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს, 7 201 839 აშშ დოლარი გაიხარჯა.
დარღვევები ხიდისთავი-ატენი-ბოშურის პროექტში
აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი - SRAMP ითვალისწინებს ხიდისთავი-ატენი ბოშურის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას. გზის კონკრეტული მონაკვეთის გაფართოებისთვის საჭირო იყო მიმდებარე სოფლებისთვის განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება. განსახლების სამოქმედო გეგმა მომზადდა 2018 წლის ივლისში, იმავე წლის 14 სექტემბერს, შეთანხმდა მსოფლიო ბანკთან და ითვალისწინებდა 40 მიწის ნაკვეთის ნაწილობრივ შეძენას.
„განსახლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისას გაირკვა, რომ რუკაზე, მიწების საკადასტრო მონაცემები საჯარო რეესტრში არასწორად იყო დარეგისტრირებული. მიწის მესაკუთრეებს გზების დეპარტამენტთან კოორდინაციით მოუწიათ მათი ხელახალი რეგისტრაცია. მთლიანობაში, 2018 და 2019 წლებში შეძენილ იქნა, შესაბამისად, 8 და 5 მიწის ნაკვეთი. გადახდილმა კომპენსაციამ 2018 წლის 31 დეკემბრისთვის შეადგინა 16 004 ლარი, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბრისთვის - 21 532 ლარი. აუდიტის ჯგუფმა განიხილა კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 13 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება სათანადო წესით გადაეცა გზების დეპარტამენტს. საკომპენსაციო თანხები გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფომ საკუთრებაში მიიღო 6 მიწის ნაკვეთი, თანაც ყოველგვარი კომპენსაციის გადახდის გარეშე, რადგან ფიზიკურმა პირებმა ვერ შეძლეს ამ მიწების დარეგისტრირება. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დარჩენილ 21 მიწის ნაკვეთზე, კონკრეტული აქტივობების განხორციელების აუცილებლობა აღარ იყო.
დარღვევები თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის პროექტში
სახელმწიფო აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP) ითვალისწინებს თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის მონაკვეთის (1კმ-დან 30კმ-მდე) რეაბილიტაციას. გზის კონკრეტული მონაკვეთის გაფართოება საჭიროებდა მიმდებარე სოფლებისთვის განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადებას.
„პროექტი მოიცავდა 132 მიწის ნაკვეთს, საიდანაც 115 მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. შესაბამისად, განსახლების სამოქმედო გეგმა მომზადდა მიწის 17 ნაკვეთზე და 2019 წლის 21 მაისს, შეთანხმდა მსოფლიო ბანკთან. აუდიტის ჯგუფმა განიხილა კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ინფორმაციის თანახმად, შეძენილ მიწის 4 ნაკვეთზე საკუთრების უფლება სათანადო წესით გადაეცა გზების დეპარტამენტს. საკომპენსაციო თანხები გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2020 წელს, მიწის შესყიდვის მიზნით, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სულ გადახდილია 261 700 ლარი. თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის მონაკვეთზე განსახლების გეგმასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები 2021 წელს არ განხორციელებულა. თუმცა, 2022 წელს, აღნიშნული მიწის ნაკვეთები მოხვდა მინიმალიზაციაში, შესაბამისად, არ გახდა საჭირო განსახლების პროცედურის ჩატარება. აუდიტორების მტკიცებით, ამ ფაქტს ადასტურებს, როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ასევე, შესაბამისი ექსპერტი გარემოსდაცვითი და სოციალური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.
დარღვევები გურიის რეგიონის პროექტებში
რაც შეეხება გურიის რეგიონს, შვიდივე საპროექტო ლოტისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებულია და ხორციელდება შემოკლებული განსახლების სამოქმედო გეგმა - ARAP. ARAP-ის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ გზების რეაბილიტაციის დროს (7 ლოტი) მოსალოდნელია მცირე დროებითი ზემოქმედება მითითებული და/ან კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზოგიერთ ღობეზე არსებული გზის გასწვრივ განთავსებული მიწისქვეშა წყლის მილების შეცვლისას.
„საერთო ჯამში, შვიდივე ლოტის სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთებზე იდენტიფიცირებულია 78 ადგილი, სადაც პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა იქ არსებული ღობეები, 70 - კერძო საკუთრებაში, ან გამოყენებული და 8 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რისთვისაც ARAP-ით გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებები მოსალოდნელი ზემოქმედების შესამცირებლად.
იქიდან გამომდინარე, რომ ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში მოსალოდნელი იყო 10 კერძო საკუთრებაზე სავარაუდო ზემოქმედება, SRAMP-ის ფარგლებში აღარ განხორციელდა და თავიდან იქნა აცილებული ზემოქმედება 10 ნაკვეთზე“.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროექტების ფარგლებში ამოქმედებულია საჩივრების მიღებისა და განხილვის მექანიზმი. საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა 40 საჩივარი. როგორც სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, ამ 40 საჩივრიდან, 17 - მიმდინარეა, 2 - უკვე მოგვარდა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა, 1 - მოლოდინის რეჟიმშია, 15 - დაიხურა, 5 - განხილულ იქნა და უარყოფილია.
ხარვეზები სხვადასხვა გზების მშენებლობაში
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულებული იყო დაბალი ხარისხით; რკინა-ბეტონის კიუვეტებზე შეინიშნებოდა სეგრეგაციის ნიშნები, რაც გამოწვეული იყო რკინა-ბეტონის მილების შეერთებასთან დაკავშირებული დაბალი ხარისხის სამუშაოებით, რის გამოც გამსვლელ მილში წყალი ვერ ხვდებოდა; გზის გარკვეული მონაკვეთების გეომეტრიული მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საპროექტო მონაცემებისგან.
„ჟინვალი-ბარისახო-შატილის შიდა სახელმწიფოებრივი გზის მონაკვეთზე გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება: მიმღები კონსტრუქციიდან, მილი არ ატარებდა წყალს გამშვებ კონსტრუქციამდე. ზემოაღნიშნული შეუსაბამობების გათვალისწინების გარეშე, ტექნიკური ექსპერტი მიიჩნევს, რომ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოა და შეესაბამება საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი იყო დაბალი, ტროტუარის სიგანე არ შეესაბამებოდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო სტანდარტებს და ნორმებს; საყრდენი კედლის ზომები უმნიშვნელოდ აღემატებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; შეინიშნებოდა დაზიანებული ასფალტის საფარი; ასფალტის საფარის გეომეტრიული მახასიათებლები არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; მილის ქანობი მცირედით აღემატებოდა საპროექტო მონაცემს; შეინიშნებოდა დაზიანებული გამსვლელი სათავისის კედელი; კედლის სისქე არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“.
გარდა ამისა, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ლითონის ზღუდარები უხარისხოდ იყო მოწყობილი; განივი ქანობები არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; გამსვლელი სათავისის გეომეტრიული მახასიათებლები არ შეესაბამებოდა საპროექტო დოკუმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ძირითად საპროექტო მონაკვეთზე შეინიშნებოდა გრძივი და განივი ბზარები, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ასფალტის საფარის მოწყობის დროს გადაბმის ადგილების არასათანადოდ იყო დამუშავებული.
„ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის მონაკვეთზე, გამოვლინდა შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება: საყრდენი კედლის არმირებას არ ჰქონდა დამცავი ბეტონის ფენა; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე, რკინა-ბეტონის მილის სექციები აცდენილია, ხოლო გადაბმის ადგილები არ არის ამოლესილი საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად; წყალგამშვებ კედელთან ქვაბული სათანადოდ დამუშავებული არ არის, რაც ხელს უშლის წყლის მილიდან გადინებას; მილის ქანობი უმნიშვნელოდ მცირეა პროექტით გათვალისწინებულ პარამეტრებთან შედარებით“.
რეკომენდაციები
დარღვევების გამოვლენასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტორებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. კერძოდ, გზების სასარგებლო მომსახურების ვადა განსხვავებულია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, შესრულებული სამუშაოების ტიპზე, საავტომობილო ნაკადის ინტენსივობასა და ადგილობრივ კლიმატზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ გზების დეპარტამენტის მიერ წლიური გეგმის შემუშავების პროცესში არ მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი გზების სავარაუდო, სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასება. შედეგად, გზების დეპარტამენტს არ აქვს შესაძლებლობა დაასაბუთოს, ირჩევს თუ არა საუკეთესო ვარიანტს მოვლა-შენახვას, პერიოდულ მოვლა-შენახვასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს შორის.
„შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სასურველია, გზების დეპარტამენტმა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს გზების სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებას, სამუშაოების ტიპის მიხედვით. შეფასება შესაძლებელია წარსული გამოცდილების, სამუშაოების ტიპის, წლის საშუალო დღიური ნაკადისა და რეგიონული კლიმატის საფუძველზე. აუცილებელია, სხვადასხვა სამუშაოს (მოვლა-შენახვა, პერიოდული მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია) მოსალოდნელი შედეგების ურთიერთშედარება, შემდგომში მათგან ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შესარჩევად“.
რაც მთავარია, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს გზების, ხიდების, მაგისტრალებისა და საგზაო გვირაბების მშენებლობასთან დაკავშირებული ეროვნული ტექნიკური რეგულაციები და სტანდარტები. 2021 წელს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩაატარა თემატური კვლევა, სამშენებლო სექტორში ერთიანი სტანდარტების დანერგვის პრობლემებთან დაკავშირებით. გზების დეპარტამენტმა გამოითხოვა აღნიშნული ინფორმაცია და გამოხატა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაში.
ავტორი: მაკა რუხაძე