რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის მოკრძალებული დეკლარაცია

სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციაზე მუშაობდა, კულუარებში ჩურჩულებდნენ, რომ „ნაციონალების“ გებელსი იყო... მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა, „სისხლისმსმელი ფაშისტის“ მკაცრი იმიჯიც ნელ-ნელა, თვალსა და ხელს შუა გაქრა. პრინციპში, თუ მის მეუღლეს დავუჯერებთ, რომელიც პოლიტიკოსის სახით, ოფიციალურად შეუერთდა „ევროპულ საქართველოს“, გიგა ბოკერიაზე კულუარებში მოარული ხმები ყოველთვის გადაჭარბებული იყო. რეალურად, ეს მართლაც ასეა, რადგან 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე იყვნენ ის პოლიტიკოსები დამარცხებული პარტიიდან, რომლებმაც მოწინააღმდეგეებს არჩევნებში გამარჯვება საჯაროდ მიულოცეს და ხელისუფლების გადაბარების პროცესშიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

სწორედ ამიტომ დავინტერესდით გიგა ბოკერიას ქონებრივი მდგომარეობით, თუმცა ვიდრე მის დეკლარაციას გაგაცნობთ, რომელიც სულ ბოლოს, 2021 წლის 31 დეკემბერს შეავსო, ჯერ მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ.

გიგა ბოკერიას ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს, ცნობილი არქიტექტორის ლევან ბოკერიასა და ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონის, ნანა ალექსანდრიას ოჯახში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ასევე, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ლისტერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996 წელს, ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად, დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება „თავისუფლების ინსტიტუტი“, სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო.

1989-1995 წლებში, გიგა ბოკერია სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი გახლდათ. 1992 წლიდან, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩაერთო: ჯერ გაზეთის „7 დღე“ ჟურნალისტი და პოლიტიკური რედაქტორი იყო, შემდეგ სახელმწიფო რადიოს პირველი არხის გადაცემის „პიკის საათი“ ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, შემდეგ იყო „არგუმენტის“ პოლიტიკური რედაქტორი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სადისკუსიო პროგრამის „აქცენტები“ წამყვანი.

2003 წელს, არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით, სერბეთში სტუმრობის შემდეგ, ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა „ოტპორის“ აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის დროს.

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “; 2005-2008 წლებში - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი; 2008 წლიდან - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. 2013-2016 წლებში იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი.

2016-2020 წლებში - საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს, თანამოაზრეებთან ერთად დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნა ახალი პარტია „ევროპული საქართველო“. 2017 წლის 27 მაისს, არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო სენაკი-ფოთი-ხობში.

რა ქონებას ფლობს ბოკერია

სულ ბოლოს, ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 31 დეკემბერს ჩააბარა. სწორედ ამის გამო, 2020 წლის დეკლარაციაც განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც პარლამენტში, გიგა ბოკერიას შემოსავალმა 48 143 ლარი შეადგინა. მისი მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის შემოსავალმა კი ჯამურად, სამ სხვადასხვა პოზიციაზე - 93 126 ლარი.

2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბოკერიას სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი - Toyta Camry, რომელიც 2017 წელს შეუძენია. დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე - 4 177 ლარი ჰქონდა. 2019 წელს, მამისგან საჩუქრად მიუღია თანხა - 6 000 ლარი.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი ფლობს 75 კვ.მეტრი ფართობის ბინას თბილისში, მსუბუქ ავტომობილს, ასევე, ირაკლი ფარჯიანისა და ოლეგ ტიმჩენკოს ფერწერულ ტილოებს. აქედან, პირველი საჩუქრად მიუღია, ხოლო მეორე - 1 500 აშშ დოლარად შეუძენია. დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღდი ფულადი თანხის სახით, 9 000 აშშ დოლარი ჰქონია.

2021 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გიგა ბოკერიას საკუთრებაში ისევ მსუბუქი ავტომობილი Toyta Camry, რომელიც 10 000 აშშ დოლარად შეუძენია 2017 წელს. ამავე დეკლარაციით, მის მეუღლეს ჰყავს BMW 120, რომელიც 29 000 ევროდ შეუძენია 2008 წელს. ფერწერულ ტილოებს, რომლებიც წინა წლის დეკლარაციაშია მითითებული, დაემატა ლადო გუდიაშვილის ტილო, რომელიც გიგა ბოკერიას შვილისთვის - კესარიასთვის უჩუქებიათ. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე ფიქსირებულია თანხა 12 000 აშშ დოლარი, ხოლო გიგა ბოკერიას, როგორც პარლამენტის წევრს, შემოსავლის სახით 45 609 ლარი მიუღია. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი, რაც 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული ის გახლავთ, რომ გიგა ბოკერიასთვის მამას, ლევან ბოკერიას 20 000 ლარი უჩუქებია. 

ავტორი: მაკა რუხაძე