ვინ არის და რა ქონებას ფლობს მასონების „რისხვა“ - ქართველი დეპუტატი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რამდენიმე დღეა, პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოების აქტიურ ნაწილში, მხოლოდ ერთი თემა განიხილება - ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს გლობალური ომის პარტია და ზოგადად, ვინ არიან ამ პარტიის წევრები. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მარიამ ლაშხი, ბრიტანულ პოდკასტ - The News Agents-ზე, ჟურნალისტ ლუის გუდალთან საუბრისას, გლობალური ომის პარტიას ადარებს მასონებს, რომლებსაც „მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ“.დიახ, არ მოგესმათ, ნამდვილად ასე თქვა და მეტიც, იქვე დასძინა, რომ მართალია, ზუსტად არ იცის, ვინ არიან ამ პარტიის წევრები, მაგრამმმართველ პარტიას „მტკიცებულებები აქვს, რომ დასავლეთის ომში ჩათრევის შეთქმულება არსებობს“...

ვიდრე საზოგადოება იმაზე მსჯელობს, რა საერთო აქვთ მასონებსა და „გლობალური ომის პარტიის“ წევრებს და მათ შორის, მინიმუმ - ხუთ და მაქსიმუმ - ათ განსხვავებას ეძებს, ჩვენ მარიამ ლაშხის ქონებრივი დეკლარაცია განვიხილოთ. თუმცა, ვიდრე გაგაცნობთ, რა ქონებას ფლობს დეპუტატი, თვალი მის ბიოგრაფიას გადავავლოთ.

 

დეპუტატის ბიოგრაფია

მარიამ ლაშხი 1988 წლის 1 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ქართული „ვიკიპედიის“ მიხედვით, ის ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. არის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2020 წლიდან.

მარიამ ლაშხს დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული და საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიზნეს-ინჟინერინგის სპეციალობით. 2006-2012 წლებში, იყო შპს „იეს-ანის“ დირექტორის მოადგილე. 2007-2009 წლებში - „საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის“ უმცროსი მკვლევარი. 2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის სამსახურის სპეციალისტი. 2011 წელს, სტაჟირებას გადიოდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. 2012-2014 წლებში იყო ახალგაზრდული ასოციაცია „უკეთესი მომავლისთვის“ დამფუძნებელი, ამავე წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკში. 2014-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, ხოლო 2018-2020 წლებში - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.

2020 წლიდან, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

 

მარიამ ლაშხის ქონება

ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 აპრილს შეავსო, საიდანაც ვიგებთ, რომ ჰყავს მეუღლე - ალექსანდრე ნეფარიძე და ორი ვაჟი - ნიკოლოზი და გიორგი.

დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ლაშხი, 100%-იანი წილით ფლობს მცხეთაში, საგურამოში, 700 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც 2023 წელს, დედას უჩუქებია. მიწის ნაკვეთი იპოთეკარის მიერ 77 000 აშშ დოლარადაა შეფასებული.

დეპუტატის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი - Hyundai ix 35, რომელიც 2015 წელს, 12 000 აშშ დოლარად შეუძენია. მისი მეუღლის საკუთრებაშია ავტომობილი Toyota Rav4, რომელიც 2021 წელს, 12 300 აშშ დოლარად იყიდა.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მარიამ ლაშხს ლიბერთი ბანკში აუღია 199 500 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, ხოლო ტერაბანკში გახსნილი აქვს 10 000 აშშ დოლარის ვადიანი ანაბარი.

რაც შეეხება დეპუტატის მეუღლეს, დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ნეფარიძეს 11 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი აქვს „კრისტალში“ და 7 998 ლარის სესხი - თიბისი ბანკში.

მარიამ ლაშხის, როგორც პარლამენტის საგრეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წლიური ხელფასი 46 310 ლარია; როგორც საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის წლიური შემოსავალი, დეკლარაციის მიხედვით, 10 000 ლარი ყოფილა.

რაც შეეხება ალექსანდრე ნეფარიძეს, მისი, როგორც „პაშა ბანკი საქართველოს“ კონსულტანტის ხელფასი 35 748 ლარია; როგორც „უნიქარდის“ კონსულტანტის - 55 200 ლარი.

 

 

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე