პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციოში მოსამართლე ევა გოცირიძე განიხილავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება. ინფორმაცია ფორმულას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.

სხდომებისა და პროცედურების შესახებ საკონსტიტუციოში ახლა მსჯელობენ.

პარლამენტმა ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წელს აირჩია.

გოცირიძის დანიშვნას მხოლოდ ქართული ოცნება უჭერდა მხარს. მმართველი პარტიის მიერ მის დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წევრები აკრიტიკებდნენ.

ევა გოცირიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც 2015 წელს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მაშინ გოცირიძე ამობდა, რომ გადაწყვეტილება "სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ" მიიღო.

2016 წელს საქართველოს მთავრობამ მისი კანდიდატურა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე წარადგინა, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

მოსამართლე გოცირიძეს 2017 წელს ინიციატივა ჰქონდა, რომლის თანახმადაც, მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები უნდა დაწესებულიყო. ის მიიჩნევდა, რომ "პოლიტიკოსისა და ჟურნალისტიკის მხრიდან შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება მოსამართლეების მიმართ, თავისუფლების ბოროტად გამოყენება იყო".