როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას კარისკენ მიუთითეს და როცა ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ, იტალიაში დაბრუნდება, ახალ თავკაცთან მოუწევს მუშაობა. ის ახალი კი, ვალტერ მაცარი გახლავთ - 62 წლის სპეციალისტი, რომელიც ნეაპოლელებს 2009-2013 წლებში თავკაცობდა. ჯერ ის ვთქვათ, რატომ გაუშვეს გარსია და რა გეგმები აქვს მაცარის.
33-წლიანი ლოდინის შემდეგ, „ნაპოლი“ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა და ცხადზე ცხადი იყო, ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა. ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდმა ძირითადი ბირთვი დაიტოვა და ლიდერები არ გაყიდა. მძიმე მისიის შესრულება რუდი გარსიამ იკისრა, რომელიც შეთავაზებულ წინადადებას უყოყმანოდ დათანხმდა და სპეციალისტებმა მაშინვე თქვეს, გარსია ნახევარ სეზონსაც ვერ იმუშავებს, მოხსნიანო. ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ეს ახდა - ბოლო ტურში საშინაო მარცხი ფრანგ სპეციალისტს აღარ აპატიეს.
სანამ იმაზე მიდიოდა მსჯელობა, თუ ვის დანიშნავდა მთავარ მწვრთნელად აურელიო დე ლაურენტისი, კლუბის ყოფილმა დამრიგებელმა, ვალტერ მაცარიმ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მე რომ დამნიშნონ, ჩემპიონობის შენარჩუნებას მოვახერხებ და მზად ვარ, უმნიშვნელო ჯამაგირსა და ისეთ კონტრაქტზე ვიმუშაო, რომელიც სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი ყოვლგვარი წინაპირობის გარეშეო. ჰოდა, როგორც ჩანს, დე ლაურენტისმა ეს ინტერვიუ წაიკითხა და მაცარის შვიდთვიანი კონტრაქტი და ამ ხნის განმავლობაში, მილიონზე ნაკლები ჯამაგირი შესთავაზა... ისიც დათანხმდა.
ვერ გეტყვით, რამდენად მოახერხებს ვალტერ მაცარი სიტყვის შესრულებას, მაგრამ მას უმძიმესი კალენდარი დახვდა. „ნაპოლის“ უახლოესი ოთხი შეხვედრის განრიგი ასეთია: სერია A - 26 ნოემბერი („ატალანტასთან“ სტუმრად), 3 დეკემბერი - („ინტერთან“ შინ), 8 დეკემბერი - („იუვენტუსთან“ სტუმრად), ჩემპიონთა ლიგა - 30 ნოემბერი („რეალთან“ სტუმრად).
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
კვარაცხელიას მაცარი გაწვრთნის
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი