საქართველომ მოსკოვში 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჭიდაობა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის დედაქალაქში ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც ველოდით - ტურნირის ბოლო დღეს, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში, ლაშა ტალახაძემ იმარჯვა და ქართულ დელეგაციას ოქროს სამი მედალი მოუტანა. ამას გარდა, ატაცში 222 კილოგრამის დაფიქსირებით, ლაშამ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და საკუთარი შედეგი გააუმჯობესა. რაც შეეხება ორჭიდს, ქართველ გოლიათს აშკარად შეეძლო საკუთარი რეკორდი გაეუმჯობესებინა, თუმცა ისე ჩანს, მწვრთნელიც და სპორტსმენიც თავს ზაფხულში გასამართი ოლიმპიადისთვის ინახავენ და სწორებას სწორედ პლანეტის უმთავრეს ტურნირზე აკეთებენ. 11 აპრილის შემდეგ, ლაშა ტალახაძე მსოფლიოს აბსოლუტურუ რეკორდსმენობის გარდა, ოლიმპიადის ერთგზის (ჯერჯერობით), მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ეს რაც შეეხება ტალახაძეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 9 აპრილს, ანტონ პლესნოის გამოსვლა. წარმოშობით უკრაინელი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ყველანაირად მობილიზებული იყო. მობილიზებული გახლდათ სამწვრთნელო შტაბიც, რომლის წევრებსაც მკლავზე 9 აპრილის აღმნიშვნელი ლენტები ჰქონდათ შემოხვეული. იმის გათვალისწინებით, რომ პლესნოის ისტორიული სამშობლო ომშია ჩართული და რუსეთთან იბრძვის, მისი გამოსვლა სპორტულ საზღვრებს აშკარად სცდებოდა. საბედნიეროდ, ანტონმა ატაცში 180 კილო დაიმორჩილა, აკვრაში - 213 კილოგრამი და ორივე შემთხვევაში ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ორჭიდის ჯამში ავტომატურად ოქროს მედალს ნიშნავდა. შედეგად, უკრაინელმა 9 აპრილს მოსკოვში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

პირველი მედალი ქართულ დელეგაციას შოთა მიშველიძემ მოუტანა. მან ატაცში 135 კილოგრამი დაძლია, რასაც აკვრაში 155 კილო მიაყოლა და შედეგი ვერცხლის მედლისთვის ეყო. ეს იყო პირველი მედალი ქართულ ყულაბაში და ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც. მიშელიძის შემდეგ, ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გავიდა და მართალია, ნაჩვენები შედეგი ორჭიდის ჯამში მეხუთე ადგილისთვის ეყო, აკვრაში 170 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მცირე მედალი მიიღო.

შემდეგ იყო რევაზ დავითაძე, რომელაც ევროპის ჩემპიონობამდე ერთი კილოგრამი დააკლდა. რეზომ 171 კილო აიტაცა, აკვრაში 203 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მცირფე მედალს დაეუფლა, თმცა ორჭიდის ჯამში, სულ რაღაც კილოგრამით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ სომეხ სპორტსმენს.

და ანასტასია გოტფრიდი. კიდევ ერთი წარმოშობით უკრაინელი და საქართველოს ნაკრების ლიდერი. ანასტასია პირველი ქალი გახლავთ საქართველოს სახელით, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. სიმართლე გითხრათ, ანასტასიას გამოსვლას ცოტა შიშით ველოდით, რადგან მას საპატიო მიზეზის გამოწელიწადზე მეტი გაუჩნდა - შვილი გააჩინა. ამის მიუხედავად, გოტფრიდმა ატაცში 111 კილო ასწია და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 128 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში, მეოთხე ადგილზე გავიდა.

არ შეიძლება ირაკლი თურმანიძეზე რომ არ ვთქვათ. საქართველოს ნაკრების ვეტერანი და კაპიტანი დღეს ფიცარნაგზე ცოტა მძიმედ გავიდა. მერე თქვეს, ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა და მაინც გარისკაო. სამწუხაროდ, თურმანიძემ ატაცში ვერცერთი ცდა ვერ გამოიყენა და მწვრთნელებმს აღარ გარისკეს - ტრავმის გამიზეზების შიშით, ირაკლი აკვრაზე აღარ გამოვიდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ< ის თავის სიტყვას ოლიმპიადაზე აუცილებლად იტყვის.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 7 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მხოლოდ მამაკაცებს თუ ავიღებთ, გუნდურ ჩათვლაში პირველობას არავის უთმობთ, გაერთიანებულ, კაცთა და ქალთა ნაკრებებში კი მეოთხე ადგილზე გავედით. ბრემ ერთი საინტერესო შედარებაც გავაკეთოთ - ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძის შედეგი 485 კილოგრამია, მისი უახლოესი მდევრის, ანუ მეორე ადგილზე გასული გორ მინასიანის შედეგი კი 464 კილოგრამი გახლავთ. სპორტის იმ სახეობაშ, სადაც ერთი კილოგრამიც კი ბევრ რამეს წყვეტს, 21-კილოიანი უპირატესობა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.