დიდუბის უბნის (ნაცნობი) უცნობი ფაქტები - გახდება თუ არა წერეთლის გამზირი ტურისტული ცენტრი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო  სამუშაოების დროს აღმოაჩინეს მიწისქვეშა  ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების ვარაუდით, მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს.

თბილისის მერიის ცნობით, ამ ნაგებობების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ადგილი,  სადაც სამარხები აღმოაჩინეს, ისტორიულია და არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩატარდა.

თბილისის უძველესი რაიონი დიდუბე მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს და მოიცავს წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს. სახელწოდება წარმოიქმნა სახელიდან  „დიდი დუბე“ ე. ი. დიდი ვაკე,  დაცემული ადგილი, თუმცა მანამდე  მისი უძველესი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი“ (V ს).  საზღვრები კი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვაა.

დიდუბის გაშლილი ველები ოდითგანვე საუკეთესო ადგილი იყო ცხენოსნობისთვის. XIX საუკუნეში აქ ხშირად იმართებოდა ჯირითი, სხვადასხვა აღლუმები. ერთ-ერთ ასეთ ზეიმს 1837 წელს დასწრებია იმპერატორი ნიკოლოზ პირველი. 1848 წელს დიდუბეში გაიმართა პირველი ოფიციალური შეჯიბრი დოღში, ხოლო 80-იან წლებში, ამ ადგილებში აშენდა იპოდრომი. ეს იპოდრომი მოწმე იყო 1910 წლის ნოემბერში ცნობილი რუსი მფრინავის ს. უტოჩკინის საჩვენებელი გაფრენისა მისი გასტროლების დროს. იგი აფრინდა ამ იპოდრომიდან, შემოუარა თბილისს და აქვე დაეშვა.

 XIX საუკუნეში, ახლანდელი სამტრედიის ქუჩის მიდამოებში, გაშენდა გერმანელთა  სოფელი - ალექსანდერდორფი, ამავე პერიოდში ამ დიდ ტერიტორიაზე ყოფილა სოფელი დიდუბე. 1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზამ დიდუბე ორ ნაწილად გაჰყო -  ნაძალადევი (რუსულად ნახალოვკა) და დიდუბე ( რკინიგზასა და მუშტაიდს შორის დარჩენილი ადგილი).

1930 წელს (ხელმძღვანელი გ. ნიორაძე), დიდუბის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლითის დასასრულისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისის (ძვ. წ.  არ. IV ათასწ.) ნამოსახლარი, მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი, ნაპოვნია ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ჯამები, მაღალი ცილინდრულყელიანი ქოთნები, კოჭები, სამყურა ჭურჭელი. ნაპოვნია აგრეთვე ობსიდიანის ანატკეცები, ისრისპირი, დანისებრი იარაღი, ძვლის სადგისები, კვირისტავები და სხვა. გათხრების შედეგად მოძიებული მდიდარი არტეფაქტები ამტკიცებს, რომ აქ ცხოვრობდა თვითმყოფადი კულტურისა და ერთი მოდგმის მობინადრე მიწათმოქმედი და მესაქონლე მოსახლეობა. მათ მეურნეობაში დიდი ადგილილი  ეკავა მონადირეობასა და მეთევზეობას, დიდუბის მოსახლეობას სცოდნია აგრეთვე სუფთად დართული ძაფით ქსოვა.

დიდუბის  ღვთისმშობლის ეკლესია ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში აუგია თამარ მეფის მამას - გიორგი მესამეს. დღეს მის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონია. აი, რას წერდა გაზეთი „კვალი“ 1893 წელს ამ დიდებულ ტაძარზე:

დღევანდელი დიდუბის ტაძარი სრულიად არ მიემზგავსება იმ ტაძარს, რომელიც თამარ მეფის დროს იყო აგებული, თუ არ ვცდებით, მამა მისის გიორგი მესამისაგან. მანვე აღუგო აქ სასახლე და შვენიერი წალკოტი თავის ქალს, რომელიც იზრდებოდა იქვე, განსაკუთრებით მისთვის აგებულ სასახლეში საქართველოს ტახტის დასაჭერად.

მამა მისი აქ ხშირად აჩვენებდა თავის მემკვიდრეს სამხედრო ვარჯიშობას ჯარებისას. დიდუბის მინდორი საყაბაზეც ყოფილა მეთვრამეტე საუკუნემდის, ესე იგი, ერეკლე მეფემდის. ძველი ეკლესია აგურით ყოფილა ნაშენი; მისი ნანგრევი განახლდა პავლე ეგზარხოსის დროსა რუსულ გეგმაზედ. ძველადგანვე დიდუბის ღვთის მშობლის ეკლესიაზე მრავალნი მლოცველნი დადიოდნენ, განსაკუთრებით უძეო დედა-კაცნი და მტკიცედ სწამდათ, რომ დიდუბის ღვთის მშობლის ეკლესია მიაგებდა მათ ნაყოფიერებას.

დედოფალი ბურდუხან, თამარ მეფის დედა რომ მძიმედ შეიქმნა, თურმე გიორგი მეფემ ღმერთს აღთქმა დაუდვა, რომ დედოფლის კეთილად მორჩენისათვის ღვთის-მშობლის სახელზედ დიდუბის ეკლესია უნდა აღვაგოვო.

მართლაც, ეყოლა თუ არა შვილი, მეფემ აქ სასახლე და წალკოტი აღუგო თავის ქალს და თან აღთქმაც აღასრულა ღვთის წინაშე: აღაგო ტაძარი დედა ღვთისა, რომელსაც მიანდო თავისი პირმშო ქალწული.

თამარ მეფემ მეორედ ჯვარი დიდუბის ეკლესიაში დაიწერა. ვინ იცის, პირველი ნაპერწკალი სიყვარულისა, იქნება, ამ სასახლეშიაც მოხვდა მის გულს, იქნება იმიტომაც უფრო უყვარდა დიდუბის მიდამო. ის ხშირად სიამოვნებდა აქ ჯარის დახედვით. ომიანობის წინად იგი აქედან ისტუმრებდა თავის მხედრობას და პარაკლისს უხდიდა მას დიდუბის ტაძარში. გამარჯვებული ჯარი პირველად აქვე მობრუნდებოდა და მოართმევდა თამარ-მეფეს ნადავლს: ურიცხვს საქონელს, თვალ-მარგალიტს, ოქროსა და ვერცხლს, ნაშოვნს უცხო ქვეყნებში მტრის აკლებით.

როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, როცა დავით სოსლანმა დიდებული შამქორის ომი გადაიხადა, ბუბაქარ ათაბაგის ჯარი მოსრა, სულთანს განჯა და ყარაბაღი წაართვა და ხალიფას დროშა ნადავლად წამოიღო, მაშინ გამარჯვებული მეფე დაბრუნებულა და დიდი ნაშოვარი მიურთმევია თამარ მეფისთვის.“

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო - რა სახით იქნება ხელმისაწვდომი წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამები თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის. ფაქტია, რომ თუ ამ ისტორიას გავითვალისწინებთ და სწორად დავგეგმავთ რეაბილიტაციის შემდგომ რესტავრირებულ გამზირს, შესაძლებელია, იგი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ადგილად იქცეს.

ავტორი: სალი ნოზაძე