მარიამობის სევდა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კაფანდარა ქალი იყო ბებიაჩემი, გულმხიარული და უდარდელი. ტკბილეული და მოგზაურობა უყვარდა. ოთხმოცს გადაცილებული გარდაიცვალა; არ უავადმყოფია, ცოტახანს უწრიალია ლოგინში და სული დაულევია - აი, ასე მშვიდად წავიდა მარადიულში...

რომ გითხრათ, დიდად ეკლესიური იყო-მეთქი, მოგატყუებთ. ან ეკლესიური როგორ იქნებოდა - ერთი წლის ყოფილა, ბოლშევიკებს საქართველო რომ გაუწითლებიათ და მთელი ყმაწვილქალობა და მოწიფულობა კომუნიზმისკენ ლტოლვაში გაატარა - კოლმეურნეობაში მუშაობდა, რიგითი კოლმეურნე იყო. მართალია, შრომის გმირობის ლენინისთავიანი ორდენი არასოდეს მიუღია, მაგრამ სამაგიეროდ, ვლადიმერ ილიჩი ხუთჯერ თუ ექვსჯერ ჰყავდა ნანახი - ბიძაჩემმა საბჭოთა სამშობლოსადმი ჯარისკაცული ვალი მოსკოვში მოიხადა. ჰოდა, პროვინციელ ბიჭს მეგაპოლისი, როგორც ჩანს, მოეწონა და... დარჩა... ბებიაჩემი შვილს ხშირად არა, მაგრამ სტუმრობდა ხოლმე და აბა, იქიდან ისე როგორ წამოვიდოდა, მავზოლეუმში არ შესულიყო და ლენინისთვის საპატიო „კრუგი“ არ დაერტყა?!

მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ დიდად ეკლესიური არ იყო. არადა, უნდა ყოფილიყო - ბებიაჩემის ღვიძლი დიშვილი, ჯერ კიდევ 60-იან წლებში, მონაზვნად აღიკვეცა - მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მსახურობდა. სხვათა შორის, სიკვდილის წინ, ბებიაჩემის დაც, მარიამიც მონაზონი გახდა - შვილთან ერთად, სამთავროშია დასაფლავებული... ბებიაჩემისთვის არასოდეს შემიმჩნევია, ჯვარი ეტარებინა, თუმცა ოთხშაბათ-პარასკევს უეჭველად მარხულობდა. საეკლესიო დღეებში კი, წანდილს ხარშავდა, საკმეველზე მოატარებდა, რამდენიმე ჯამს მეზობლებს მიაწვდიდა და... აუცილებლად სასაფლაოზეც წავიდოდა. მართალია, პაპაჩემი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ წესად მქონდა, სასაფლაოზე მიმავალ ბაბოს (ქიზიყში, ბებიას ბაბოს ვეძახით) აუცილებლად უნდა ავტორღიალებოდი...

დიდი კულინარიული ნიჭით არ გამოირჩეოდა - ახალგაზრდობაში, მეზობელ რუსებს ალუბლის „ვარენიკების“ გაკეთება უსწავლებიათ და ამ „რუსულ ნუგბარს“ დიდი ხალისით ამზადებდა ხოლმე. სუპის მოხარშვაც ეხერხებოდა და კიდევ რაღაც წვრილმანი კერძების გაკეთება, მაგრამ სულთმოფენობისა და მარამობის წინა საღამოს, ბებიაჩემი განსაკუთრებული მონდომებით ფუსფუსებდა: სხვა საეკლესიო დღეებისგან განსხვავებით, ბევრად მეტ წანდილს მოხარშავდა; მერე, მეზობელთან გამაქცევდა, მაგას კარგი ყვავილები აქვს, უთხარი, ხვალ სასაფლაოზე მივდივართ და ცოტა ვარდები და პიონები დაგიკრიფოსო. მეც თავქუდმოგლეჯილი და ისეთი საქმიანი გავრბოდი, გეგონება, კომუნიზმის კარი გააღეს და შესვლა უნდა მომესწრო...

გათენდებოდა... ბებიაჩემი წანდილით სავსე ლიტრიან ქილას დაიჭერდა, მე ყვავილების ვეებერთელა თაიგულს ამოვიიღლიავებდი და სასაფლაოსკენ მიმავალ გზას გავუდგებოდით. ძვალშესალაგი იქვე, ჩემი სახლიდან ორ ნაბიჯშია - ამ ადგილს „ფურცლებს“ ეძახიან. ახლა, არ იკითხავთ, „ფურცლები“ რა არის? რა და, - თუთის ქიზიყური დასახელება... სასაფლაო ორნაწილიანია - ახალი და ძველი... პაპაჩემი ახალ სასაფლაოზეა დაკრძალული...

შავ მარმარილოზე შუახნის კაცის პორტრეტია. პორტრეტის ქვეშ წერია: „დიმიტრი პავლიაშვილი; 1905-1982 წ/წ. ოჯახისაგან“. მარმარილოს ქვაზე მეორე პორტრეტის ადგილი ცარიელია. ერთხელ, ბაბოს ამ ცარიელ ადგილზე ვკითხე. მიპასუხა, მე რომ მოვკვდები, მანდ ჩემს სურათს დახატავენო... სასაფლაო ისეა შემოსაზღვრული, რომ მეორე მიცვალებულიც დაეტიოს - ქართულ ტრადიციას, როგორც ჩანს, არც ბებიაჩემმა უღალატა და თავისთვის ადგილი სიცოცხლეშივე „მიიზომა“. ისე, ალბათ, ბედის ირონიაა: ეს წინასწარმიზომილი ადგილი წილად ბებიაჩემს კი არა, მამაჩემს ხვდა - მამა, ბაბოზე, ოთხი-ხუთი თვით ადრე დაიღუპა... მაინც, ბედი ჰქონია - ოთხი შვილიდან, მხოლოდ მამაჩემის სიკვდილს მოესწრო. ორივე მამიდა მოგვიანებით გარდაიცვალა. ბიძაჩემი ცოცხალია...

... ყოველ წელს, მარიამობას, ჩემდაუნებურად, ბავშვობაში ვბრუდები... ამ დღეს, ბებიაჩემი რაღაც სხვანაირად, სხვა ემოციით მენატრება ხოლმე და... საკუთარ თავზე ვბრაზობ, რამეთუ დიდი ხანია, სასაფლაოზე არ ვყოფილვარ...

... ამ დილას ძალიან მომინდა, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მაშინ, ბევრი წლის წინ: ბაბოს, ყვავილების მოსატანად, მეზობელთან გავეგზავნე, თვითონ კი, წანდილი მოეხარშა და... მერე, სასაფლაოზე წავსულიყავით...

ვიცი, ეს სურვილი არასოდეს ამიხდება, მაგრამ... ბებიაჩემი არ მომკვდარა; ბებიაჩემი გარდაიცვალა - ესე იგი, სადღაც, უსასრულობაში ცხოვრობს... ჰოდა, ტყუილად ვთქვი, არასოდეს ამიხდება-მეთქი - მე ხომ არ ვიცი, იქ, უსასრულობაში რა ხდება?..

დღეს ბებიაჩემი მომენატრა...

დღეს მარიამობაა...

 

P.S. როცა ეს მინიატურა დავწერე, ბიძაჩემი ცოცხალი იყო... წელიწადნახევრის წინ გარდაიცვალა და ახლა, ბებიაჩემსა და პაპაჩემს ოთხივე შვილი იქ ჰყავთ, თავისთან...

ჰო, ბაბო, პაპა, მამა, მამიდაჩემები და ბიძაჩემი ძალიან მენატრებიან... ამბობენ, რომ ბიძაჩემს ვგავარ...

სევდიანია მარიამობა, ძალიან სევდიანი...

ავტორი: ვანო პავლიაშვილი