რა შეცდომები დაუშვეს ტიმოთესუბნის ეკლესიის რეაბილიტაციისას – ექსპერტების საგანგაშო დასკვნა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის განცხადებით, ტიმოთესუბნის ეკლესიაზე მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი მეთოდოლოგიითა და შეუსაბამო მასალების გამოყენებით ჩატარდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ეკლესიის ავთენტური სახე, დაკნინდა მისი არქიტექტურული ღირებულება.

კვლევის ავტორების თქმით, ძეგლის რესტავრაციისას, გამოიყენეს შეუსაბამო მასალები, რომლებიც პროექტით არც იყო გათვალისწინებული. ამან მომავალში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ეკლესიის ისტორიულ საშენ მასალას - აგურსა და კირის დუღაბს, ისე კედლის მხატვრობას.

„ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარებული სამუშაოები კიდევ ერთხელ აყენებს ძეგლთა დაცვის სისტემაში არსებული ვითარების ფართო პროფესიული განხილვისა და საფუძვლიანი კორექტირების აუცილებლობის საკითხს. უცნობია, რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხსენებული პროექტისა და სამუშაოების მხარდაჭერისას, როგორი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რა არგუმენტები და მოსაზრებები გამოითქვა სააგენტოს მეთოდოლოგიურ საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას.

სისტემური საკითხების მიმართ სათანადო ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტიმოთესუბნის ტაძრისთვის, რამდენადაც პროექტი ინტერიერში განსახორციელებელ სამუშაოებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მიდგომისა და მასალების თვალსაზრისით ფასადებზე უკვე გამოყენებულის იდენტურია და შესაბამისად რისკების შემცველი, პირველ რიგში - ტაძრის მოხატულობისთვის. უფრო ფართოდ, არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს უძრავ ძეგლთა მომავლისთვის, ვინაიდან ქმნის წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას“,–წერია დოკუმენტში.

ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 2022-2023 წლებში ჩატარდა. „ჩუბინაშვილის ცენტრის“ მეცნიერები უარყოფითად აფასებენ ტიმოთესუბნის ეკლესიის სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებსაც:

„ტიმოთესუბნის ეკლესიას ყოველთვის ლორფინის საბურველი ჰქონდა. ის კარგად ეხამება აგურითა და კირით ნაგები შენობის სადა, ფირუზისფერი ჭიქური ელემენტებით მინიმალისტურად გაფორმებულ ფასადებს და ორგანულად ასრულებს მას. ლორფინის სახურავი ეკლესიის ავთენტური სახისა და არქიტექტურული ღირებულების ერთ-ერთი არსებითი ელემენტია. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ეს არსებითი ელემენტი ხილული აღარ არის, ის სპილენძის სახურავით დაიფარა. სპილენძის სახურავის მოწყობის დროს დაზიანდა ლორფინის ფილები (როგორც განახლებული, ისე ავთენტური). მათი რესტავრაცია-კონსერვაცია და წყალგაუმტარობის მიღწევა ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ამ სამუშაოს ჩატარებამდე იყო“,–წერია შეფასებაში.