როგორ დაგეგმა დამ ძმის მკვლელობა - ვინ არის უკრაინელი ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თქვენი აზრით, რას მოიმოქმედებდნენ ადამიანები, რომ იცოდნენ, როდის გარდაიცვლებიან? ეჭვი გვაქვს, ბევრს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყებოდა, ბევრი გაბოროტდებოდა, ბევრი კი შეეცდებოდა, სიკეთე ეკეთებინა და თავი ამით დაემახსოვრებინა. რეალურად, განუკურნებული სენით დაავადებული ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ ბევრი აღარ დარჩენია და საბედნიეროდ, მათი უმრავლესოა ცდილობს, სიკეთე აკეთოს. რაც მთავარია, ბევრი ცდილობს, იმ კვლევით ინსტიტუტებს დაეხმაროს, რომლებიც სწორედ ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატსა თუ გზებს ეძებენ.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, შს სამინისტროში (ჰო, სწორედ სამინისტროს მისაღებში) ახალგაზრდა კაცმა დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელთან სურდა საუბარი და იმასაც ამტკიცებდა, საქმე საერთაშორისო სკანდალთან გვაქვს და რაც მალე მოვა, კარგი იქნება, რადგან დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენიაო. ზარის შინაარსის მიუხედავად, გამომძიებელმა დასახელებულ მისამართზე მისვლა მხოლოდ 11 დღის შემდეგ მოახერხა. კარი ქალმა გააღო, როცა გამომძიებელმა მოწმობა აჩვენა და მისვლის მიზეზი უთხრა, ქალი გაოცდა და ჩუმად ჩაილაპარაკა: „ხომ ვამბობდი... მე ხომ არ მჯეროდა“... შემდეგ ოთახიდან მამაკაცი გამოვიდა, გამომძიებელს უნდოდ შეხედა, თუმცა როცა მისვლის მიზეზი გაიგო, მისაღებში შეიპატიჟა, მხრები აიჩეჩა და დაიწყო:

„ის, ვისაც თქვენ ეძებთ, ჩემი შვილია. ორი დღის წინ დავასაფლავეთ და როგორც თქვენ ამბობთ, როცა თქვენთან დარეკა, სამი დღის შემდეგ, თავი მოიკლა. მე ჩემოვხსენი თოკიდან. არ გამკვირვებია, სისხლის გათეთრება ჰქონდა, გადარჩენის შანსი ნული და ეს იმის მიუხედავად, რომ ლამის მთელი საბჭოთა კავშირი მოიარა. იმდენად შორს იყო წასული დაავადება, რომ გადარჩენა ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა. ბოლოს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და მოხდა ის, რაც მოხდა. დედამისიც ამ დაავადებით გარდაიცვალა, ეს ჩემი მეორე ცოლია და მის გარდა, ყველას გვჯერა, რომ ჩემმა ბიჭმა თავი მოიკლა. აი, ჩემი ცოლი კი ამბობს, რომ მის გერს თავი არ მოუკლავს და ის ჩამოახრჩვეს. იცით, ამის რატომ არ მჯერა? ასეთი დაავადების მიუხედავად, ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და გამორიცხულია, ვინმე მარტივად გამკლავებოდა. მას სხეულზე არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და ცხვარი ხომ არ იყო, ყულფი ჩამოეცვათ და ეს არ განძრეულიყო? ექსპერტიზა არ ჩამიტარებია, მაქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ყველაფერი მარტივად მომეგვარებინა“...

განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელმა არაფერი თქვა, ჩუმად გაიხურა კარი და მეორე დღეს, ოჯახს გვამის ეგსგუმაციის ნებართვის საბუთით დაადგა. მამამ გააპროტესტა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, სამართალდამცავებსა და ექსპერტებს სასაფლაოზე გაჰყვა. ეგსგუმაცია უსიამოვნო პროცედურაა, თუმცა ისე ჩანდა, ექსპერტებმა თავისი საქმე გადასარევად იცოდნენ და კუბოს გახსნის შემდეგ, ყველაფერს 10 წუთში მორჩნენ, ჭირისუფალს კი დაუბარეს, ექსპერტიზის პასუხები მზად სამ დღეში იქნებაო.

ექსპერტიზა მართლაც სამ დღეს გაგრძელდა და მისი შედეგების გაცნობის შემდეგ, გამომძიებელმა თავი ხელებში ჩარგო. ის კარგად ხვდებოდა, რომ საქმე მარტივი არ იქნებოდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ოჯახს ეჭვი არავისზე ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მამა ასე მარტივად ვერ გაიმეტებდა შვილს დასამარხად და ექსპერტიზას თავად გააკეთებდა. ექსპერტის დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში იმ დონის დასაძინებელი პრეპარატი იყო შეყვანილი, ერთ კაცს კი არა, ათს დააძინებდა. ექსპერტი იმასაც ამბობდა, რომ არ ჩამოეკიდათ, ასეთი დოზის მიღების შემდეგ, ეგებ, მაინც მომკვდარიყოო. როცა ექსპერტიზის დასკვნა მამამ წაიკითხა, ჩუმად წამოდგა, ოთახიდან გავიდა, მალევე დაბრუნდა და გამომძიებელს მაგიდაზე ფულის შეკვრები დაუყარა - ვინც მკვლელს იპოვის, ეს თანხა, პრემიის სახით, იმას მიეცითო. მაგიდაზე დაახლოებით ბინის საყიდელი ფული ეყარა. რა თქმა უნდა, გამომძიებელმა თანხა თავაზიანად გასწია უკან, მერე კი მამასა და დედინაცვალს დაეკითხა, ხომ არ იცით, ვინ შეიძლებოდა, მისი მტერი ყოფილიყოო?

„დაავადების შესახებ რაც გაიგო, მკურნალობაზე გადაერთო და ყურები არ ჩამოუყრია. არც მე მიჭირს ფინანსურად, არც მას უჭირდა. ცოლის მოყვანას აპირებდა, მაგრამ საცოლეს უთხრა, თუ არ განვიკურნე, ვერ მოგიყვან, აზრი არ აქვს, დაქვრივდებიო. მერე დაიწყო მოგზაურობა და სხვადასხვა ექიმთან ვიზიტები. ხან ჩნდებოდა იმედი, ხან ქრებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ვიღაც უკრაინელი გოგონა გაიცნო, საქართველოში ჩამოიყვანა, მოვლა რომ სჭირდებოდა, ის უვლიდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ცოლად მოყვანას რომ არ აპირებდა, ეტყობოდა, მაგრამ ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობდნენ. ის გოგოც ბევრს არაფერს ითხოვდა, ჩემს შვილთან ერთად ბედნიერი იყო, როცა მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ლამის გაგიჟდა. ახლა ჩემი შვილის ბინაში ცხოვრობს და დღე-დღეზე, სამშობლოში წასვლას აპირებს. მე გოგოც მყავს, უძღები შვილი... მასაც ყველაფერი მივეცი, მაგრამ სამჯერ გათხოვდა ოფიციალურად, არაოფიციალურად კი... ბოლს რუსეთში იყო, იქ გაჰყვა ვიღაცას. არ ვიცი, საიდან გაიგო ძმის ავადმყოფობის შესახებ, დაბრუნდა... არ მინდოდა მიღება, ჩემმა ბიჭმა არ ქნა და არც ვნანობ, გამოსწორებულია, თითქოს დაბრძენებული. ბინაში არ გაჩერდა, საკუთარი თავის რჩენა შემიძლიაო, ბინა იქირავა, თუ არ ვცდები, ორ ადგილზე დამლაგებლად მუშაობს და მიხარია, შრომას რომ შეეჩვია“, - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

გამომძიებელი დის სანახავად წავიდა, გამოჰკითხა და მართალია, მისგან საინტერესო ვერაფერი გაიგო, იმაში კი დარწმუნდა, რომ ეს ქალბატონი დამლაგებლად ნამდვილად არ იმუშავებდა, რადგან ძალიან ქედმაღლურად იქცეოდა. რაც მთავარია, ძვირადღირებულ სიგარეტს ეწეოდა და მაძებარმა სახლში ძვირფასი კონიაკის კოლექციაც შენიშნა. ამას კი, დამლაგებლის ხელფასით ვერ იყიდდა. უკრაინელი გოგონას მონახულების დრო დადგა და ცოდვა გამხელილი სჯობს - გამომძიებელი მისი გარეგნობით იმდენად მოიხიბლა, გულიც კი დასწყდა, რომ გაიგო, ქალი სამ დღეში სამშობლოში ბრუნდებოდა სამუდამოდ, აქ მხოლოდ გარდაცვლილი მაკავებდა, მჯეროდა, გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდაო. რაც შეეხება გარდაცვლილის ქართველ საცოლეს, გოგონა აშკარად გაბრაზებული იყო, გარდა იმისა, რომ თავიდან მომიშორა, მერე ვიღაც უკრაინელი კახპა ჩამოათრია, ის კახპა რამდენჯერმე ვნახე, თავისნაირ კახპასთან ერთად სკვერში იჯდა და სიგარეტს ეწეოდაო. მეორე ქალის ვინაობა მან არ იცოდა, მაგრამ არა მგონია ქართველი ყოფილიყო, რუსულად სუფთად საუბრობდაო. არადა, უკრაინელი ქალი ამტკიცებდა, არავის ვიცნობ საქართველოშიო. ამიტომ, მასზე თვალთვალი დააწესეს და თან მისი პიროვნების შემოწმება დაიწყეს. როგორც გაირკვა, მისი სახელით საქართველოდან უკრაინაში არაერთი ათასი ირიცხებოდა კონკრეტული ადამიანის სახელზე. ქართულმა მხარემ იმ ადამიანის ფოტო და პირადი საქმე გამოითხოვა და რაოდენ გაოცებული დარჩა გამომძიებელი, როცა უკრაინიდან ჩამოსული მასალებიდან, გარდაცვლილი ბიჭის დის ფოტო შესცქეროდა. იმავე დღეს, ოპერმუშაკებმა განაცხადეს, რომ უკრაინელი ქალი, სწორედ გარდაცვლილის დას შეხვდა და ფოტოზე ის ბიჭის ყოფილმა საცოლემაც ამოიცნო.

ძალოვნებმა ორივე ქალი დააკავეს. საბუთებით მართლაც დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ბიჭის დას სახელი და გვარი ჰქონდა შეცვლილი და უკრაინაშიც ფულის მოსახსნელად სამჯერ იმყოფებოდა. მისი ბინის ჩხრეკისას, სწორედ ის საძილე საშუალება იქნა ამოღებული, რომელიც ექსპერტებმა ბიჭის სისხლში იპოვეს. ქართველი ძალოვნები უკრაინელ ქალბატონს შეპირდნენ, თუ ითანამშრომლებ, სასჯელის მიღებიდან ერთ წელიწადში, სამშობლოში მოხდება შენი ექსტრადირება და იქაურ ციხეში იქნები, იქ კი დიდი შანსია, მალე გაგიშვანო.

„საქართველოზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი დაქალი იყო იქიდან. ჩვენ წლების მანძილზე ვმეგობრობდით. ის რუსეთში გავიცანი შემთხვევით, ვიღაც ტიპს ქმარს ეძახდა, მერე უკრაინაში წამოვედით, ჩემთან ვცხოვრობდით. თავს ხან რით ვირჩენდით, ხან - რით. ამას ქართული სახელი და გვარი ხელს ძალიან უშლიდა, ამიტომ შეიცვალა. ერთ დღეს, შემთხვევით, ქუჩაში ვიღაც ბიჭი დაინახა, მერე მითხრა, ჩემი ძმააო და მთხოვა, შეაბი, გაარკვიე, აქ რა უნდაო. მეც გავარკვიე, რომ სამკურნალოდ იყო და გეგმა ამის მერე შეიმუშავა ჩემმა დაქალმა. მე მას თავი მოვაწონე, მოვიფიქრე ლეგენდა, რომ შვილი მყავდა ზუსტად იგივე დიაგნოზით ავად, რომელსაც ვმკურნალობდი, ამას კი ბევრი ფული სჭირდებოდა და უკრაინაში შრომა მიჭირდა. მან საქართველოში წამიყვანა, პრაქტიკულად, მომვლელად დამიქირავა, მაგრამ ფულს საკმარისზე მეტს მაძლევდა ბავშვთან გასაგზავნად. „ბავშვი“ კი მისი და იყო, სწორედ მის ანგარიშზე ვრიცხავდი ფულს. არ ვიცი, საიდან ან რა გაიგო, მანამდე მისი და მშობლების ოჯახში დაბრუნდა, თითქოს ყველაფერი მოინანია, სინამდვილეში, ძმის სიკვდილის შემდეგ, ყველაფრის გადაფორმება და ისევ უკრაინაში დაბრუნება გვინდოდა. ჰოდა, ერთ დღეს, ის ბიჭი ორივეს ერთად დაგვადგა, თქვა, ყველაფერი ვიციო და დაჭერით დაგვემუქრა, ზუსტად ვიცოდი, რას სვამდა, როდის სვამდა, წყალს რომელი ბოთლიდან აყოლებდა (ონკანის წყალს ერიდებოდა) და მისმა დამ სწორედ წყალში გაურია აბები. მერე ერთად ჩამოვკიდეთ, მაგრამ მეუბნებოდა, უკვე მკვდარიაო, თორემ არ მივეხმარებოდი“, - განაცხადა უკრაინელმა.

სიმართლის გაგების შემდეგ, გარდაცვლილისა და იმავდროულად, მკვლელი შვილების მამამ სახელმწიფოსთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის შემდეგ, ბინა სახელმწიფო საკუთრებაში გადადიოდა.