ვინ და რატომ გამოასალმა სიცოცხლეს ახალგაზრდა სამართალდამცავი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამართალდამცავის მკვლელობა ადრეც ბევრად მძიმე დანაშაულად ფასდებოდა და ახლაც ასეა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ როცა ძალოვანი უწყების თანამშრომელს კლავენ, მაშინ მთელი შსს ფეხზე დგას და ყველაფერს აკეთებს, რომ საქმე, რაც შეიძლება, მალე გაიხსნას და თან ეს არ არის უბრალოდ საქმე - ეს ღირსებასა და მუნდირს ეხება. ასე იყო მაშინაც, როცა 1978 წლის ზაფხულის ცხელ დღეს, შებინდებისას, შინიდან გასული მილიციის კაპიტანი მოკლეს. შეიძლება ითქვას, კი არ მოკლეს, სადარბაზოსთან დაკლეს, რადგან მას დანა ექვსჯერ ჰქონდა დარტყმული, ბოლოს კი ყელის არეში გამოსმული. სავარაუდოდ, მას მკვლელი უკნიდან მიეპარა და მოულოდნელობის ეფექტით ისარგებლა - საკმაოდ ჯანიან თანამშრომელს წინააღმდეგობა არ გაუწევია.

                                                                        

„კაპიტნის წოდებისთვის ძალიან ახალგაზრდა მგონია, მაგრამ ასე თქვეს, კაპიტანიო და... მოკლედ, პირველივე ჭრილობა იმდენად ძლიერი იყო, რომ სიკვდილი მაშინვე დადგა, დანარჩენი ჭრილობები ამაო იყო, მაგრამ მკვლელმა სავარაუდოდ არ იცოდა და ამიტომ, ყელშიც გამოუსვა დანა. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - გარდაცვლილის პერანგზე იყო სისხლის მცირე ლაქები, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მქონდა ვერსია, რომ დანის დარტყმის დროს, თავდამსხმელს ხელი გაეჭრა, მაგრამ ლაქებს შემხმარი სისხლიც ახლდა თან. მოკლედ, მკვლელს საჩვენებელი თითის სახსართან ჰქონდა ჭრილობა და ეს ჭრილობა, 2-3 დღის წინ მიიღო, დანის დარტყმის დროს კი, უბრალოდ, გაეხსნა“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი ვარაუდი, რომ მოკლული კაპიტნობისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო, რელობას მოწყვეტილი სულაც არ გახლდათ. გულად თანამშრომელს ჩინი ვადაზე ადრე მას შემდეგ მიანიჭეს, რაც მან საშიში ძებნილი, პრაქტიკულად, შიშველი ხელებით აიყვანა და განყოფილებაშიც მარტომ მიიყვანა. რაც მთავარია, მან ძებნილი ფოტოთი იცნო ანუ ყურადღებიანი გახლდათ, ნამდვილი მაძებარი და არ შეუშინდა შეიარაღებულ ბოროტმოქმედს, რომელიც თავში რძის ბოთლის ჩარტყმის შემდეგ გათიშა.

„იმ ბანდის წევრები თავისუფლებაზე არიან. როცა მათი მეთაური დავაკავეთ, ბოლო ხმაზე ყვიროდა, ჩემი დამკავებლის სისხლს დავლევო და როგორც ჩანს, მუქარა მისმა ამფსონებმა შეასრულეს. ფეხზე დადგეს ყველა განყოფილება, აამუშავეთ აგენტურული ქსელი და ბანდის წევრები 24 საათში ჩემს წინ ისხდნენ“, - საგანგებოდ გამართულ თათბირზე მინისტრის მოადგილე ბრაზს ვერ იკავებდა.

მინისტრის მოადგილის შეგულიანება ძალოვნებს აშკარად არ სჭირდებოდათ, ისინი კარგად ხვდებოდნენ, რომ ეს მათი ღირსების საქმე იყო და არა მარტო ღირსების - თუ დამნაშავეს ვერ და არ დასჯიდნენ, მათზეც ნადირობის სეზონი გაიხსნებოდა და კრიმინალები იფიქრებდნენ, რომ ყველაფერი შერჩებოდათ. ამიტომ, ძალოვნები 24 საათი გარეთ იყვნენ და ეძებდნენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც საქმეს წინ წასწევდა. რაც მთავარია, მათ არ იცოდნენ, სად იყვნენ ბანდის დანარჩენი წევრები და წესით, სწორედ მათი დაკავების შემდეგ უნდა გახსნილიყო საქმე. აგენტურული ქსელი ირწმუნებოდა, მას შემდეგ, რაც კაპიტანი მოკლეს, ისინი უბრალოდ გაქრნენ, არავის უნახავსო. ცხადი იყო, ბანდის წევრები სამართალდამცავებს გაერიდნენ, დაემალნენ, თუმცა ორ დღეში, მცხეთის ერთ-ერთი სოფლის უბნის რწმუნებულმა სამინისტროში დარეკა, ვისაც ეძებთ, ჩემს სოფელში არიან, ერთ-ერთ სახლს აფარებენ თავს და როგორც ჩანს, საკვები მოიმარაგეს, გარეთ საერთოდ არ გამოდიან, მხოლოდ ღამით გამოდის ერთი და ტაშტით, სავარაუდოდ, შარდი და განავალი გამოაქვს, ჩეჩმა გარეთ არის, სახლში - არა და ალბათ იქ ისაქმებენო. სპეცოპერაცია მალე დაიგეგმა და ერთ საათში, სახლი ალყაში იყო. ბანდის წევრებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა კი გასწიეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაჭრეს და იმის პირობაც მიიღეს, რომ დანებების შემთხვევაში არ დახოცავდნენ, ისე კი გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ, იარაღი ფანჯრიდან გადმოყარეს.

„ჩვენ თქვენი კაპიტანი არ მოგვიკლავს. ალიბი არ გვაქვს, ერთად ვიყავით ერთ-ერთ ბინაში, როცა ყველაფერი გავიგეთ და მივხვდით, რომ პირველ რიგში, ჩვენზე იფიქრებდით. ამიტომ, დედაქალაქს გავეცალეთ, მაგრამ გეუბნებით, ჩვენ არ მოგვიკლავს. არ ვართ იმ დონის იდიოტები, რომ ეს გავაკეთოთ, მოვკლათ კაპიტანი და მერე მთელი ცხოვრება, ნებისმიერი მილიციელის ცოცხალი სამიზნე გავხდეთ. ხომ ზუსტად ვიცით, რომ თანამშრომლის მკვლელობის შემდეგ, მკვლელი „შემთხვევით“ აყვანის ოპერაციის დროს, ან ციხეში გადაყვანის დროს, „გაქცევის მცდელობისას“ იღუპება, მას, უბრალოდ, კლავენ. ახლა, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, თუ გნებავთ, გაგვასამართლეთ მისი მკვლელობისთვის, მაგრამ ჩვენ ამ საქმეში სუფთები ვართ და ჩვენი გასამართლება თქვენი მუნდირიდან ლაქას ვერ ჩამორეცხს“, - ამბობდნენ დაკავებულები. თანაც, არცერთი დაკავებულის სისხლის ჯგუფი არ დაემთხვა მოკლულზე აღმოჩენილ სისხლს და არც ხელი ჰქონდა დაზიანებული რომელიმე ბანდიტს.

დაკითხვის შედეგები მინისტრის მოადგილეს მოახსენეს, რომელსაც გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი და მან მოკლედ მოჭრა - „განაგრძეთ ძებნა!“ სამწუხაროდ, მეტი ვერსია გამოძიებას არ ჰქონდა და ამიტომ, ისინი კვლავ აგენტურულ ქსელს დაერივნენ. გარდაცვლილი კაპიტანი სამხედრო პატივით დაკრძალეს, მერე კი, მისი მეუღლე, რომელიც მანამდე ზედაპირულად დაჰკითხეს, ოფიციალურ გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მუქარები იყო, მუდმივად იყო. მას შემდეგ, რაც ის ბანდის მეთაური დაიჭირა, ჩვენს სახლში ტელეფონი არ გაჩერებულა, მოკვლით ემურებოდნენ. რეალურად, შვებულებაც იმიტომ მისცეს, ქალაქს გავერიდეთ და ტაბელური იარაღი იქაც გაატანეს, ყოველი შემთხვევისთვის. იმ დღეს დავბრუნდით შვებულებიდან, მითხრა, რამე საჭმელს ამოვიტანო და მაღაზიაში ჩავიდა, მერე კი, მეზობლების კივილის ხმა გავიგე, აივნიდან გადავიხედე და ყველაფერს მივხვდი“, - განაცხადა ქალმა.

აგენტურული ქსელიდან სიახლე არაფერი ისმოდა. გადახედეს გარდაცვლილის ძველ საქმეებს, მაგრამ ერთიც არ იყო ისეთი, რომ კაპიტანი მოსაკლავად გაემეტებინათ. სამსახურში ის ძალიან დადებითად ხასიათდებოდა, როგორც თანამშრომლები ამბობდნენ, საერთოდ არ სვამდა, არ ეწეოდა, ვარჯიშობდა და კარიერაში რაც შეიძლება, წინ წაწევა სურდა, ოღონდ არა ვინმეზე გადაბიჯებით, არამედ, დამსახურებით და ამისთვის, დღესა და ღამეს ასწორებდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, გამომძიებელი კვლავ კაპიტნის ქვრივთან მივიდა სახლში, ეგებ, რამე ისეთი გაიხსენეთ, რასაც მანამდე მნიშვნელობა არ მიანიჭეთო. ქალი გამომძიებელს ხილით გაუმასპინძდა და როცა მაცივარი გააღო, კარში სტუმარმა კონიაკის ნახევრად დაცლილი ბოთლი შენიშნა. ქალმა მზერა დაიჭირა და მშვიდად თქვა, ჩემს ქმარს უყვარდა ვახშმად ერთი ჭიქა კონიაკი და მისგან დარჩა, ხელსაც ვერ ვკიდებ, ისე ვნერვიულობო. არადა, კოლეგები ამტკიცებდნენ, წვეთს ვერ დაალევინებდი, გამორიცხული იყო, ღვინოს გაკარებოდა, არაყსა და კონიაკს კიდევ დასანახადაც ვერ იტანდაო. გამოდიოდა, რაღაცას სწორედ დიასახლისი მალავდა, მაგრამ რას? მისი ბინიდან წამოსულმა გამომძიებელმა უბნის რწმუნებული დაიბარა და კატეგორიულად გააფრთხილა, კაპიტნის ბინისა და ქვრივისთვის 24-საათიანი თვალთვალი დაეწესებინა.

„ობიექტი შინიდან იშვიათად გამოდის, მაგრამ სამი დღის განმავლობაში, მასთამ ორჯერ იყო სტუმრად გვერდით სადარბაზოში მცხოვრები ახლგაზრდა მამაკაცი. ორივე შემთხვევაში, ის სტუმრად ხილით, ან სხვა ტკბილეულით დატვირთული მიდიოდა და ცელოფანში კონიაკის ბოთლიც ედო. მეზობლების გამოკითხვის შედეგად, რამე საეჭვო გარემოება არ გამოვლენილა, მათ წყვილის ურთიერთობის შესახებ, არაფერი იციან“, - სამდღიანი თვალთვალის შემდეგ, გამომძიებელს უბნის რწმუნებულისგან შემდეგი სახის პატაკი მაგიდაზე ედო.

გამომძიებელმა, ყოველი შემთხვევისთვის, მამაკაცის ვინაობა და ის დაადგინა, თუ რომელ პოლიკლინიკაში იყო აღრიცხვაზე და სისხლის ჯგუფი გადაამოწმა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოკლულის პერანგზე სწორედ მეზობლის სისხლის კვალი იყო. ეს კი მის დასაკავებლად საკმარისი საბაბი გახლდათ. ახლა, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორი დაკითხვის შემდეგ მისცა დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება, მაგრამ ფაქტია, რომ მისცა.

„ეს ქალი ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის სიყვარულია. მერე ჯარში წავედი, სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ, საქართველოში დაბრუნება დამიგვიანდა, რუსეთში ჩავრჩი და როცა დავბრუნდი, შეყვარებულის კვალი ვეღარ ვიპოვე. მერე ახალ ბინაში გადავედი და სრულიად შემთხვევით, ეზოში შევხვდი. მითხრა, გავთხოვდი, ქმარი მილიციის თანამშრომელიაო. ისიც არ იყო ჩემს მიმართ გულგრილი და შეხვედრები დავიწყეთ, როცა ქმარი ღამის ცვლაში იყო, მაშინ ავდიოდი, მაგრამ ასე აღარ შემეძლო. მინდოდა, ეს ქალი მარტო ჩემი ყოფილიყო და როცა მუქარების შესახებ გავიგე, მივხვდი, ეს ჩემი შანსი გახლდათ. სანამ შვებულებაში იყვნენ, ყველაფერი დავგეგმე და განვახორციელე. ვხვდებოდი, შვებულებიდან დაბრუნებულებს მაღაზიაში რამე ენდომებოდათ და სადარბაზოსთან ვყარაულობდი. როცა მაღაზიაში წავიდა, მომესალმა, არაფერი იეჭვა, უკან დაბრუნებულს კი მივეპარე და რამდენჯერაც შემეძლო, დანა დავრტყი. მანამდე, სახლში, დანას რომ ვლესავდი, ხელი გავიჭერი და სავარაუდოდ ჭრილობა გამეხსნა“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის ციხეში ლოგინიდან „გადმოვარდა“, ცუდად დაეცა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ ეტლში გაატარა დარჩენილი ცხოვრება.

 

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე