„ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 გასული კვირის ბოლოს პოლიტიკური „სკანდალი“ პრემიერ-მინისტრის ჩარტერულ რეისს უკავშირდება აშშ-ში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მისი ვაჟი ჩააცილა, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას. ოპოზიციის წარმომადგენლები ამუნათებენ ღარიბაშვილს, რომელიც ჩარტერული რეისით საკუთარი სახსრებით გაფრინდა, არადა,მაშინ, როდესაც თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, ბიუჯეტის ხარჯზე დაფრინავდნენ ყველგან და არც ძვირადღირებულ გართობას იკლებდნენ... მოკლედ, ვიდრე ოპოზიცია და მათთან გათანაბრებულები ცარიელ ჭიქაში ქარიშხალს ხელოვნურად იწვევენ, „ვერსია“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის განხილვას აგრძელებს და ამჯერად, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის ნაწილს გთავაზობთ.

 

ჯანდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. პროგრამის დაწყებიდან დღემდე,სამ მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მისაღწევად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები (2012 წელი - 450 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელი - 2 155 მილიონი ლარი).

„მოსახლეობისთვის თანაგადახდასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის შემცირების მიზნით, 2023 წლის აპრილიდან, დაწესდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე თანაგახადის მაქსიმალური ზედა ზღვარი. საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი შეადგენს 10%-ს, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%-ს, არა უმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი - 30%-ს, არა უმეტეს 1500 ლარისა (ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს - 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი). შედეგად, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. გამორიცხულია კლინიკის მიერ დამატებითი გადასახადის დაწესების შესაძლებლობა“, - ვკითხულობთ პრემიერის ანგარიშში.

ჯანდაცვის სერვისების სპექტრის გაფართოვების მხრივ, მნიშვნელოვანია 2022 წელი - ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ეტაპი, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკვე ფარავს სერვისების სრულ სპექტრს, მწვავე დაავადებების მართვიდან, რეაბილიტაციამდე. სხივური, ჰორმონალური და ქიმიოთერაპიის ლიმიტი 12000-იდან გაიზარდა 25000 ლარამდე, მოიხსნა თანაგადახდა. მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა გულის რითმის რთული დარღვევის დროს ნაჩვენებ სამედიცინო ჩარევებზე, კერძოდ, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებისა და აბლაციის ნაწილში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 550-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელიც არის იმავე ხარისხის და უფრო იაფი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. მისი თქმით, 2023 წლის 15 მარტიდან, 1 450 მეტ წამალზე მოქმედებს რეფერენტული ფასი, რაც 40%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს.

„მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლიდან ამოქმედდა ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი არსებითი მექანიზმი და ფარმაცევტული დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა GMP/GDP - კარგი საწარმოო პრაქტიკის/კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტებთან შესაბამისობა. 2022-2023 წლებში გაიცა 50 საბითუმო დისტრიბუტორის GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე ორი ფარმაცევტული წარმოებისთვის გაიცა ნაციონალურ GMP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, აღიჭურვა და შესაფარისი კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტდა წამლის ხარისხის ლაბორატორია. დაწყებულია კონსულტაციები საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების ეტაპებზე“.

სოფლად ბაზისური ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობდა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 2023 წლიდან, ექიმისა და ექთნის შრომის ანაზღაურება გაიზარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 3 424 800 ლარი. სოფლის ექიმის ხელფასი გახდა 1162 ლარი, ხოლო ექთნის - 918 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიმდინარეობს ყოველთვიური სახელფასო დანამატის გაცემა, ჯამში, 1 037 ადამიანზე. კერძოდ, ექიმზე - 520 ლარი (დარიცხული) და ექთანზე - 260 ლარი (დარიცხული).

„ამოქმედდა ტელემედიცინის საშუალებით სამედიცინო სერვისის მიწოდება 50 სოფელში. მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროკავშირის დაფინანსებით, დაგეგმილია სოფლებისთვის ტელემედიცინის დამატებით 50 სისტემის გადაცემა. ტელემედიცინის პროექტის ფარგლებში, 2023 წლის მონაცემებით, უკვე ჩატარდა 1 043 ონლაინ-კონსულტაცია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, ხორციელდება 23 მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 604 000 ბენეფიციარისთვის 595 მილიონი ლარით დაფინანსდა 2 200 000-ზე მეტი მომსახურება.პრიორიტეტული რჩება და გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. პრიორიტეტად რჩება არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მათთან დაკავშირებული ტვირთის შემცირება. 2023 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „არაგადამდები დაავადებების სტრატეგია 2023-2030 წლებისთვის“. არაგადამდებ დაავადებებს შორის, გასულ წელს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბოს დიაგნოსტიკისა და მართვის, ასევე, შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესებაზე“.

2022 წლიდან დაიწყო 18 წლამდე ასაკის პირებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების (CGM) გადაცემა, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტში, 2022 წელს, 5.4 მილიონი, ხოლო 2023 წელს - 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. დღეისთვის, დიაბეტით დაავადებული 737 ბავშვი სარგებლობს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობით, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აქტიური მუშაობა ჩატარდა დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით. 2022 წელს, დიალიზის სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. დღეის მდგომარეობით, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომია უკვე 39 დაწესებულებაში და იგეგმება კიდევ 12 სერვისის ცენტრის დამატება.

„2022 წლიდან, ახალი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ახალი პროგრამით, ტრანსპლანტაცია ფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ ლარზე მეტით უკვე დაფინანსდა 16 ადამიანის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ხოლო 420 000 ლარით დაფინანსდა 6 ადამიანის ღვიძლის ტრანსპლანტაცია“.

რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით დაფინანსდა 111 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურება, მათ შორის, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გაცემულ იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო შემთხვევების დაფინანსებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1.5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევები. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები.

„სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მომსახურებას უწევდნენ მაღალკვალიფიციური ექიმები, თუმცა სახელმწიფოც ვალდებულია, იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს შრომა, არანაკლებ საათში 7 ლარისა, ხოლო ექთანს - არანაკლებ 4.4 ლარისა. იმისთვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნეს დაცული და პერსონალთან უკლებლივ მივიდეს კუთვნილი ანაზღაურება, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, ელექტრონული სისტემის საშუალებით, რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობას. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ, სპეცდაფინანსებაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის მწირი სახელფასო ანაზღაურების გათვალისწინებით, 2022 წლის აგვისტოდან, განხორციელდა პერსონალის სახელფასო ფონდის 50%-ით გაზრდა“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს, პანდემია ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანამ გაიარა ურთულესი სამი წელიწადი. სახელმწიფომ ნამდვილად გამოიყენა ყველა შესაძლო ბერკეტი და რესურსი, რათა ადამიანებისთვის მაქსიმალურად აერიდებინა მოსალოდნელი საფრთხეები. მისი თქმით,დღეს, მთავარი პრიორიტეტია ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რათა არავინ დარჩეს საჭირო სამედიცინო დახმარების გარეშე. საქართველოს მთავრობის მიერ, 2022 წლის მაისში დამტკიცებული საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია არის ის სახელმძღვანელო-დოკუმენტი, რომელიც 2030 წლისთვის, ქვეყანას ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწდომობის სამიზნეებთან მიიყვანს.

 

სოციალური პოლიტიკა

სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური დაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა აგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას სხვადასხვა ტიპის მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების გზით. ასე, მაგალითად, პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2023 წელს, სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისთვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის - 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა მიიღეს გაზრდილი დანამატი, პენსიის 20%-ის ოდენობით. 2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1 ივნისიდან, 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1 ივლისიდან, დახმარება კიდევ გაიზარდა და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყო.

„ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2022 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარეობს მიზნობრივი ფულადი დახმარების სისტემის დახვეწა-მოდიფიცირება.2022 წელს, განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა და განვითარება. ბავშვების ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად აგრძელებს მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში და უახლოეს პერიოდში, მათთვის დაგეგმილია ხანგრძლივი მოვლის სერვისის გახსნა. 2022 წელს, აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად, ფერიის პანსიონში, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება ათი არასრულწლოვანი.

მიმდინარე ეტაპზეც, აქტიურად გრძელდება მუშაობა აღსაზრდელებისთვის ზრუნვის შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.კერძოდ, ბავშვების აზრისა და საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, 2022 წელს, თბილისში ამოქმედდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც მიახლოებულია „ბარნაჰუსის მოდელთან“ და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. სექსუალური ძალადობის შემთხვევის გამოძიების დროს, ბავშვს უწევს ხანგრძლივი და სტრესული პროცესის გავლა სხვადასხვა დაწესებულებაში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ბავშვის რეტრავმატიზაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანმა მომსახურება მიიღოს მასზე მორგებულ და მშვიდ გარემოში. ამჟამად აღნიშნულ ცენტრში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მომსახურება მიეწოდებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ხუთი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით“.

2022 წლის 26 ოქტომბერს, დამტკიცდა „ბავშვებსა და მოზარდებში სუიციდის რისკის შეფასებისა და სუიციდის რისკზე რეაგირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები“, საპილოტე ვადით, რომელიც მიზნად ისახავს სუიციდის პრევენციის ხელშეწყობას ბავშვებსა და მოზარდებში. იგი გამიზნულია სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ზრუნვაში ჩართული სხვა სპეციალისტებისთვის. 2022 წელს, სსიპსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, ასევე დამტკიცდა „ბავშვზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების სტანდარტი“.

„2022 წელს, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას“ დაემატა დღის ცენტრისა და მობილური ჯგუფის მომსახურება ქალაქ ბათუმში. ასევე, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრისა და რთული ქცევის მქონე ბავშვების სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, რომლის მიზანია, ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებისთვის უზრუნველყოფილ იქნეს მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური მომსახურება.გარდა ამისა, გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში, განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა“.

 

ავტორი-მაკა რუხაძე