როგორ ითრევენ ნარკოტიკების ჭაობში მოზარდებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნარკომანია დღემდე რჩება ქართველი (და არა მარტო) სამართალდამცავების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ნარკოლიბერალიზაციაზე გავაკეთეთ აქცენტი, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით. უკვე არავინ მალავს, რომ მოზარდებში, გოგონებშიც კი, მარიხუანას მოხმარება არანორმალური ტემპით იზრდება და სავარაუდოდ, უკვე მიმდინარე წლის ბოლოს, სტატისტიკა გვეტყვის, რომ მარიხუანას მომხმარებელი გოგონებში უფრო მეტია, ვიდრე - ბიჭებში. ისიც კატასტროფაა, რომ მარიხუანას ყიდვა ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება და მეტიც, მისი შეკვეთა ინტერნეტითაც შესაძლებელია, თავისი მოწყობილობებითა და მოსაწევი საშუალებებით. ცოდვა გამხელილი სჯობსო, ჰოდა, „ნაციონალების“ ზეობის პერიოდში, ნარკოტიკების გამო, არაერთი ასობით თუ ათასობით ადამიანი იხდიდა სასჯელს და ნარკოტიკების გასაღება-მოხმარებაც, თითქოს შემცირდა, მაგრამ ცუდი ის იყო, რომ შემდეგ, ყველაფერ ამას, კონკრეტული პირები ბიზნესმენების დასატერორებლად იყენებდნენ, ნარკოტიკულ საშალებებს უდებდნენ და ან „სროკზე“ უშვებდნენ, ან ოფიციალურად და არაოფიციალურად, უზარმაზარ საპროცესო თანხებს ახდევინებდნენ. ჰო, არაოფიციალურადაც, მისცემდნენ ოჯახის წევრებს ორი ანგარიშის ნომერს, ერთი სახელმწიფო ხაზინის იყო, მეორე - კერძო პირის და ფულიც მარტივად „იჭრებოდა“.

 

სხვათა შორის, სწორედ „ნაციონალების“ დროს შემოვიდა ნარკოტიკი, რომლის მომზადებაც იაფი ღირდა, მაგრამ გამოუსწორებელ შედეგებს იძლეოდა. მას ნარკომანები „ჯეფს“ ეძახდნენ, მის მომხმარებლებს კი - „ჯეფისტებს“. ამასთან, მაშინ ფართოდ იყო გავრცელებული ე.წ. ვინტი, რომლის გაკეთების შემდეგ, ადგილი, სადაც მას იკეთებდნენ, ჩირქდებოდა, შემდეგ ხორცი, უბრალოდ, ლპებოდა და ისეთ ორმოს ტოვებდა, საჩვენებელი თითი ლამის ნახევრამდე ჩადიოდა. ამის მიუხედავად, ათასობით ნარკოდამოკიდებული მის მიღებაზე უარს არ ამბობდა, მომზადების წესი კი... ქიმია ძალიან კარგად უნდა გცოდონდათ, თორემ ბენზინს, გოგირდს, ფოსფორსა და უნიტაზის საწმენდ „კროტს“ ერთმანეთში არევა ხომ სჭირდებოდა? ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ „ნაციონალების“ დროს მოხდა და მაშინ ნანახმა ბევრი სამართალდამცავი შოკში ჩააგდო.

იმის გამო, რომ „ჯეფისტები“ და ვინტზე დამოკიდებულები ძალიან მომრავლდნენ, სამართალდამცავებმა აფთიაქების მფლობელები და რიგითი ფარმაცევტები მკაცრად გააფრთხილეს, რომ ამ ორი ნარკოტიკის დასამზადებელი საშალებები შეზღუდული ოდენობით გაეყიდათ და არ გაეყიდათ, თუ ყველა „ინგრედიენტი“ ერთდროულად სურდა ვინმეს. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, აფთიაქების ნაწილი ყველაფერ ამას ითვალისწინებდა, ნაწილი - არა და სამართალდამცავები სწორედ არაკეთილსინდისიერ ფარმაცევტებს დასდევდნენ, აჯარიმებდნენ, აფთიაქებს ხურავდნენ...

თბილისის ერთ-ერთ უბანში, მოზარდებში ნარკომანიის შემთხვევები გახშირდა. მშობლებმა განგაშის ზარს მას შემდეგ შემოჰკრეს, რაც ერთ-ერთ მოზარდს, ფეხების დალპობის გამო, ორივე კიდური მოაჭრეს და ბავშვი, რომელიც თვეების წინ, ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და დარბოდა, ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ ეტლში იჯდა. მშობლებმა პოლიციაში კოლექტიური განცხადება დაწერეს და რაც მთავარია, მიუთითეს, თუ ვინ რყვნიდა მათ შვილებს, ვინ ითრევდა ნარკომანიაში, ვინ „შესვა“ მათი შვილები წამალზე. ეს პიროვნება სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხხდიდა, ექვსი თვის წინ გათავისუფლდა და მშობლები ამტკიცებდნენ, ჩვენი შვილები მის სახლში ხშირად დადიან და სწორედ მისი ბრალია ყველაფერიო. ძალოვნებმა მითითებული პირის ვინაობა მალე გაარკვიეს, ისიც დადასტურდა, რომ აღნიშნული პიროვნება სასჯელს სწორედ ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა და სახლში მიაკითხეს. როცა მასთან მივიდნენ, ორი არასრულწლოვანიც დახვდათ, რაც მშობლების მონაყოლს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდიდა.

„მე სასჯელი ნარკოტიკებისთვის მოვიხადე და სწორედ ციხეში მივხვდი, რა საშინელებას ჩავდიოდი. ამიტომ, როცა ციხიდან გამოვედი, ზუსტად ვიცოდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გავატარებდი და შევეცდებოდი, გზასაცდენილი ბავშვები დამერწმუნებინა, რომ ცუდ საქმეს აკეთებენ. სწორედ ამიტომ, ყველა, ვინც კი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, ჩემი ხშირი სტუმარია. ვცდილობ, როგორმე შევაგნებინო, რომ წამალს შეეშვან, ლომკის მოხსნაშიც ვეხმარები და რამდენიმე გამოვასწორე, სწორ გზაზე დავაყენე, თუ არ გჯერათ, ამათ ჰკითხეთ“, - თქვა სახლის პატრონმა და ბავშვებმაც თავის დაქნევით დაადასტურეს, რომ ეს კაცი მათ ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში ეხმარებოდა.

სამართალდამცავებმა ისიც გაიგეს, რომ უბანში ნარკოტიკებს კონკრეტული აფთიაქიდან იღებდნენ, ოღნდ ყველას არ აძლევდნენ და მთავარი მომმარაგებელი  იმავე უბანში მცხოვრები ბიჭი იყო, რომელსაც აფთიაქის მფლობელი თვალდახუჭული ენდობოდა. საჭირო იყო, როგორმე, ის ბიჭი გადაებირებინათ, მაგრამ აწ უკვე ყოფილმა ეჭვმიტანილმა თავი გადააქნია, ვცადე, არაფერი გამოვიდა, თავიდან ფეხებამდე იმათია, მეეჭვება, თქვენთან ითანამშრომლოსო, თუმცა...

ძალოვნებს თავისი მეთოდები ჰქონდათ. ჯერ თავად სცადეს და აღნიშნული აფთიაქიდან წამალი შეიძინეს, მაგრამ როდესაც არაფერი გამოვიდა, იმ ბიჭს დაუწყეს თვალთვალი. როცა ის აფთიაქიდან მორიგი დოზით გამოვიდა, ხელები გადაუგრიხეს და განყოფილებაში წაიყვანეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ბიჭი ცოცხალი თავით არ ტყდებოდა და არ ამბობდა, რომ წამლისთვის საჭირო ნივთიერებები აფთიაქში აიღო, მაგრამ მერე... მერე ლომკა დაიწყო და ძალოვნებმაც შპრიცით სუფთა მორფი დაანახეს, თან წინ პასტა და ფურცელი დაუდეს, თუმცა რომელ წერაზე იყო საუბარი, ბიჭი ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა და ნარკოტიკს ითხოვდა. ექიმმა იმდენი გაუკეთა, „ლომკა“ მოხსნოდა, შემდეგ კი, მის წინ ისევ გამომძიებელი დაჯდა.

„აფთიაქს ხელს კი არ ვაფარებ, მაგრამ მას მფარველები ჰყავს, ძალიან გავლენიანი მფარველები. მე დოზას უფასოდ მაძლევდნენ, სანაცვლოდ კი, უბანში, რაც შეიძლება მეტი ბიჭი უნდა შემესვა წამალზე. საუბარი ყოველდღიურად რამდენიმე ათას ლარზეა და როგორც ვიცი, მაღალჩინოსანი პოლიციელები არიან მათი მფარველები. თუ გარანტიას მომცემთ, რომ ცოცხალი დავრჩები, აფთიაქში კამერით შევალ და ყველაფერს გადავიღებ“, - თქვა ბიჭმა.

რა თქმა უნდა, მას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, შინ გაუშვეს (თან ერთი ოპერმუშაკი მუდმივად ახლდა) და მეორე დღეს, საკონტროლო შესყიდვაზე, ვიდეოთვალით აღჭურვილი აფთიაქში შეუშვეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბიჭმა საკმარისზე მეტი ალაპარაკა აფთიაქის მფლობელი, ისიც ათქმევინა, უბნიდან ახლები კიდევ დაამატე, თორემ ვაჭრობამ დაიკლოო და შემდეგ, უფასო დოზაც ღიმილით მიაწოდა. როცა ბიჭი აფთიაქიდან გამოვიდა, იქ სამართალდამცავები შევიდნენ და მფლობელი მაშინვე დააკავეს.

„არ ვიცი, იმ იდიოტმა ბავშვმა რა გითხრათ, მაგრამ მე მასსავით სულელი არ ვარ და დუმილს ვამჯობინებ. არაფერს ვიტყვი არც ძიების პროცესში, არც - სასამართლოზე, თქვენი საქმის, თქვენ იცით“, - განაცხადა დაკავებულმა და ძალოვნების ყოველი მცდელობა, რომ მას მფარველი დაესახელებინა, კრახით დასრულდა. სასამართლომ ბიჭს პირობითი მიუსაჯა და ორ კვირაში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს (ოფიციალური ვერსია - ზედოზირება), ხოლო აფთიაქის მფლობელს ცხრაწლიანი სასჯელი ერგო, თუმცა ორი წლის შემდეგ, ის პრეზიდენტმა შეიწყალა. ამბობენ, რომ სწორედ გავლენიანმა მაღალჩინოსანმა „უჩალიჩა“ შეწყალება და მეტიც, ის ფარმაცევტულ ბიზნესს დაუბრუნდა, აფთიაქი დისშვილზე დაარეგისტრირა და სავარაუდოდ, პატიოსნად მუშაობა გააგრძელა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მას შემდეგ, ანალოგიურ დანაშაულზე აღარ დაუჭერიათ, მაგრამ...

თუ გახსოვთ, „ნაციონალების“ დროს, ერთი აბი „სუბოტექსი“ 700 ლარი ღირდა და ეს მაშინ, როცა იგივე აბი, მაგალთად, საფრანგეთში, 1 ევროდ იყიდებოდა. ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები ამბობდნენ, რომ საქართველოში, ამ არარეალურად შემოსავლიან ბიზნესს ცნობილი ძალოვანი კურირებდა და მართალია, ის თავად ყველაფერს უარყოფდა არაპირდაპირ, მაგრამ მაინც დამტკიცდა, რომ „სუბოტექსის“ დიდი ოდენობით შემოტანის საქმეში, სწორედ აღნიშნული პირი იყო მთავარი ფიგურა. როცა ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მეორე (!!!) დღეს, ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა, „სუბოტექსის“ უზარმაზარი პარტია ამოიღეს და მას შემდეგ, ეს პრეპარატი ქართული ბაზრიდან გაქრა. სამწუხაროდ, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, ახლა სხვა მაღალჩინოსანმა დაალაგა „ტრანზიტი“ და წამლის გაყიდვა ისევ დაიწყო. ალბათ, ისიც სიმბოლურია, რომ საქართველოში არავის სჯერა, ჩინოვნიკთა მფარველობის გარეშე, ნარკოტიკები ამ ოდენობით რომ შემოდიოდეს და იყიდებოდეს. კიდიევ ვიმეორებთ, ეს არა მარტო საქართველოს, არამედ, მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ სავარაუდოდ, საქართველო იმ იშვიათი ქვეყნის რიგებშია, სადაც ყველამ იცის, რომ ნარკოტიკების გასაღების ბუდე ფონიჭალაა.

ვერც კი ვითვლით, რამდენი სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისის ამ უბანში, რამდენი ათეული თუ ასეული ნარკომოვაჭრე დააკავეს სამართალდამცავებმა, მაგრამ არც მათ საქმიანობას უჩანს ბოლო და არც ნარკოტიკების გასაღებას...

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე