„გადაღებულია მკვლელობის მომენტი...“ - ვინ არის დიდუბეში მოკლული 20 წლის ბიჭი - ტრაგედიის ახალი დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

20 წლის შალვა ქაშაკაშვილი დამნაშავემ სისხლის გუბეში დატოვა და მიიმალა. შემზარავი დანაშაული წერეთლის გამზირზე, სოციალურ ქსელში გინების მოტივით, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე მოხდა.

telegram-ში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ერთმანეთისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა ერთმანეთს წერეთლის N140-თან შეხვდა. გარჩევას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც 21 წლის ბიჭმა შალვა ქაშაკაშვილს მუცელში დანა დაარტყა, იარაღი ჭრილობაში ჩატოვა და გაიქცა.

დანაშაულის ადგილს რამდენიმე სათვალთვალო კამერა უყურებს. გადაღებულია მკვლელობის მომენტი, სადაც ჩანს, ახალგაზრდების შეხვედრიდან რამდენიმე წამში, როგორ უსწორდება ცივი იარაღით სავარაუდო მკვლელი შალვა ქაშაკაშვილს.

მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები ჰყვებიან, რომ დანაშაულის ფაქტიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა. ექიმებს დაჭრილი ახალგაზრდა გონებადაკარგული დახვდათ. შალვა ქაშაკაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა. 21 წლის ბიჭი ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობის ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ. დაკავებული, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. მოკლული ახალგაზრდა ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ, სახლში გადაასვენეს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ, ბრალის წარდგენის შემდეგ იმსჯელებს. 21 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.