ვინ არიან ცოლ-ქმარი, რომლებიც თბილისში ბავშვებს იპარავენ

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბავშვობაში ხშირად გვაშინებდნენ ხოლმე, ბოშები ბავშვებს იტაცებენ, მერე ერთი-ორი წელი მალავენ და როცა ძებნა შეწყდება, სამათხოვროდ სვამენო. ლეგენდად დადიოდა, ამა და ამ რაიონში ბავშვი დაიკარგა, მერე თბილისში იპოვეს, მათხოვრობდა, დედამ იცნო შემთხვევითო. სიმართლე გითხრათ, მაშინ ყველაფერი ეს სიმართსლე გვეგონა, ახლა კი ვხვდებით, რომ მშობლები ამით ცდილობდნენ, რაღაცნაირად მეტად დაცულები ვყოფილიყავით, უცხოებს არ გამოვლაპარაკებოდით, არსად გავყოლოდით, ეზოდან ფეხი არ გაგვედგა. ზოგადად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ბავშვების გაუჩინარება იშვიათი არ იყო, თუმცა შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთზე მოდიოდა, მერე იყო ბელარუსი, უკრაინა... საქართველოში კი დაკარგულ ბავშვს მთელი ქვეყანა ეძებდა და ზოგადად, აქდან ბავშვის გაყვანაც არ იყო მარტივი საქმე. სამწუხაროდ, როგორც სხვაგან, ისე ჩვენთანაც იყო უპატრონო ბავშვთა სახლები, მშობლები უარს ამბობდნენ პატარაზე, მით უმეტეს მაშინ, თუ ქალი გათხოვილი არ იყო და ისე აჩენდა შვილს - ეს უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. არადა, დაიმახსოვრეთ, არ აქვს მნიშვნელობა, გათხოვილი ხართ თუ არა, გიყვართ ორსულობის პროცესში თქვენი მომავალი შვილის მამა თუ არა, ბავშვი არის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება ამ სამყაროში იხილოთ და შეიგრძნოთ!

 

70-იანი წლების მიწურულს, ქართული უშიშროება ფეხზე ნახევარ საათში დადგა. მართალია, განცხადებით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მილიციაში მივიდა, მაგრამ განცხადების ხასიათიდან გამომდინარე, საქმის კურსში უშიშროების კომიტეტი და პირადად მისი შეფი, იმ დროისთვის უკვე ლეგენდად ქცეული ალექსი ინაური ჩააყენეს. ინაურმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და თანამშრომლებს გამოსაძიებლად 48 საათი მისცა. მაინც, რა მოხდა ისეთი, რომ უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ასე აჩქარდა?!

„მეუღლესა და ექვსი თვის შვილთან ერთად ვსეირნობდით. სკვერში ჩამოვსხედით, საბავშვო ეტლი იქვე იდგა. საუბრით ცოტა გავერთეთ, მერე მოვიხედეთ და ეტლი ჩვენგან სამიოდე მეტრით იყო გაგორებული. შიგნით რომ ჩავიხედეთ, ბავშვი აღარ დაგვხვდა. სამაგიეროდ, დაგვხვდა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ თუ საღამომდე 1500 მანეთს მითითებულ ადგილზე მივიტანდით, ბავშვი უვნებლად დაგვიბრუნდებოდა. ასეთი თანხა არ გვქონდა, მაგრამ თანამშრომლებში, მეგობრებსა და ნათესავებში ვიშოვეთ და მითითებულ ადგილზე დავტოვეთ. იმავე ადგილზე ერთ საათში დავბრუნდით და დაგვხვდა ჩანთა, რომელშიც ჩვილი იყო, თუმცა გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ჩვენი შვილი არაა. ჩვენ გოგონა მოგვპარეს, იქ კი ბიჭი დაგვიტოვეს“, - ნათქვამი იყო წყვილის განცხადებაში.

სამართალდამცავები მაშინვე მიხვდნენ, რომ გამტაცებლებს ბავშვი აერიათ ანუ გატაცებული იყო კიდევ ერთი ჩვილი, რომლის მშობლებიც ასევე არ მივიდნენ მილიციაში და სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ მიაკითხავდნენ, როდესაც შეცდომა აღმოჩნდებოდა. გამტაცებლების გეგმაც მარტივი და გასაგები გახლდათ - ისინი, პრაქტიკულად, მინიმალურ თანხას ითხოვდნენ, ისეთს, რომლის მოგროვებაც ორი-სამი საათის განმავლობაში რთული არ იქნებოდა, მაგრამ ცხადი შეიქმნა, რომ მათი გეგმები აირია. ახლა, მთავარი იყო, მეორე ოჯახი მანამ ეპოვათ, სანამ ის აღმოაჩენდა, რომ სხვა ბავშვი დაუბრუნეს, მაგრამ როგორც უშიშროების კომიტეტის, ისე შს სამინისტროს თანამშრომელთა აჩქარება ამაო გამოდგა - მომხდარიდან სამი საათიც არ იყო გასული, როცა განყოფილებაში კიდევ ერთი ახალგაზრდა წყვილი მივარდა და ბავშვიც მიიყვანა. სქემა იგივე იყო, ჩვილი გაიტაცეს, წერილი დატოვეს, მერე აღმოჩნდა, რომ ბიჭის ნაცვლად, გოგონა დატოვეს. ბედნიერმა ოჯახებმა ჩვილები გაცვალეს, ირგვლივ ყველა გახარებული იყო, მაგრამ ეს ძალოვნებს მოდუნების უფლებას არ აძლევდა. გამტაცებლები არ გაჩერდებოდნენ, რადგან მათ, პრაქტიკულად, ერთ დღეში, სამი ათასი მანეთი ძალიან იოლად იშოვეს და როცა ფულს იოლად შოულობ, გაჩერება თითქმის წარმოუდგენელია.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, არაფერი მომხდარა, შემდეგ კი მილიციაში ქალი მივიდა და განაცხადა, რომ ჩვილი... ბავშვთა პოლიკლინიკაში მოპარეს.

„რიგში ვიჯექი, ბავშვი ეტლით მყავდა. საპირფარეშოში გასვლა მომინდა. იქვე ორი დედა იდგა, ისინიც ჩვილებით. ვთხოვე, ეტლს მიმიხედეთ-მეთქი და როცა დავბრუნდი, არც ეტლი დამხვდა, არც ბავშვი. როგორც გავარკვიე, მე რომ გავედი, ვიღაც ახალგაზრდა კაცი შემოვიდა, ჩემს ბავშვს დახედა და უხეშად იკითხა, ჩემი ცოლი სად წაეთრაო, როცა უთხრეს, საპირფარეშოშიო, ეტლიანად გავიდა გარეთ და ქალებს დაუბარა, რომ მოვა, უთხარით, რომ მანქანაში ველოდებიო. გარეთ გავვარდი, ეტლი და წერილი დამხვდა, სადაც 1500 მანეთს მთხოვდნენ. ქმართან განქორწინების პროცესი მაქვს დაწყებული, დავურეკე. მოიტანა ფული, ცოტა მე დავუმატე, თანხა კი დავტოვეთ, მაგრამ ჩვილი არ დაგვიბრუნეს. ჩემი ქმარი იმ ქალებს ანახეს, ბავშვი მას არ წაუყვანია“, - არეულად ლაპარაკობდა ქალბატონი.

სამართალდამცავებს ქალის ქმარზე ეჭვი არ მიუტანიათ, რადგან ხელწერა იცნეს და ყველაფერი ერთი-ერთში ემთხვეოდა. გამოდიოდა, რომ გამტაცებლები ბავშვებს იპარავდნენ ყველგან, სადაც კი ამის შანსი მიეცემოდათ და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ არცერთ დაზარალებულს დატოვებული წერილი არ აღმოაჩნდა, რადგან წერილის ბოლოს მითითებული იყო, წაკითხვისთანავე დაწვით, იცოდეთ, გიყურებთ და ბავშვს ვეღარ ნახავთ, თუ წერილს შეინახავთო. ამიტომ, კალიგრაფიის, ან რამე დამატებითი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა არ იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხომ არ გამოაცხადებდნენ, ბავშვებს გაუფრთხილდითო? ეს პანიკასაც გამოიწვევდა და დამნაშავეებსაც დააფრთხობდა. სავარაუდოდ, მათ არ იცოდნენ, რომ უშიშროება და შსს ეძებდა, რადგან ისევ თამამად მოქმედებდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, ბავშვთა პოლიკლინიკებისა და სამშობიარო სახლების ხელმძღვანელები გააფრთხილეს და უთხრეს, რომ რამდენიმე თანამშრომლისთვის მაინც საიდუმლოდ ეთქვათ, სიფრთხილე გამოეჩინათ.

რამდენიმე დღე არც განყოფილებაში მისულა ვინმე და არც მომხდარი დანაშაულის შესახებ გაუგია ვინმეს რამე. სამართალდამცავები ბოლო განმცხადებლის შვილს ეძებდნენ, თუმცა ამაოდ - ქალი ყოველდღე მიდიოდა მილიციაში, ეზოში იდგა დილიდან საღამომდე და ყველა გამვლელს ეკთხებოდა, რამე ახალი ხომ არ არისო. სამწუხაროდ, ახალი არაფერი იყო. კიდევ რამდენიმე დღე და, განყოფილებაში ახალგაზრდა ქალი მივიდა, რომელმაც „ყველაზე უფროსი“ იკითხა. ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილესთან შეიყვანეს.

„მე პედიატრი ვარ. რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ბავშვები იკარგებიან და ყურადღებით ვიყოთ. ჩემი ერთ-ერთი პატარა პაციენტი მაღალი სიცხით სახლშია და ამიტომ, პოლიკლინიკაში არ მოვაყვანინე, მე მივაკითხე სახლში. როცა გამოვდიოდი, მეზობელი კარიდან ბავშვის განწირული ტირილი შემომესმა. მერწმუნეთ, ტირილზე ვხვდები, ბავშვს რაღაც რომ უჭირს და ამიტომ, კარზე ბრახუნი ავტეხე. ახალგაზრდა ქალმა გამიღო, არც მითქვამს რამე, ისე შევვარდი და მართალიც აღმოვჩნდი - ბავშვს მუცლის სერიოზული შებერილობა ჰქონდა, მუცელზე დავაწვინე, პრესის მცირე მასაჟი ჩავუტარე, ბავშვი ჩასვრილი იყო და იმ ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ექნა. დარწმუნებული ვარ, დედამისი არ იყო. იქიდან პირდაპირ თქვენთან წამოვედი“, - განაცხადა ქალმა.

მითითებულ მისამართზე მაშინვე სამართალდამცავები გავიდნენ, მანამდე კი ისიც გაარკვიეს უბნის რწმუნებულთან, რომ ბინა მოხუც ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა, რომლებიც პერიოდულად აქირავებდნენ. ბინის კარი არავინ გააღო და სწორედ მაშინ, როცა გატეხვა დააპირეს, უბნის რწმუნებულმა მეპატრონე მოიყვანა, რომელმაც კარი გასაღებით გახსნა. ოთახში ბავშვის დასვრილი საფენები ეყარა და ისე ჩანდა, რომ იქაურობა მალე დატოვეს - კარადების კარი ღია იყო, უჯრები - გამოწეული. ჩანდა, ვიღაცამ იქაურობა სასწრაფო წესით დატოვა. სახლის პატრონმა ალალად თქვა, ბინა სამი თვის წინ გავაქირავე, ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა იქირავა, მაგრამ ბავშვი არ ჰყავდათ და არც ქალს ეტყობოდა, რომ შვილს ელოდებოდაო. მეზობლების გამოკითხვის შედეგად ისიც გაირკვა, რომ წყვილს მსუბუქი ავტომობილი ჰყავდა და ერთ-ერთმა მანქანის ნომერიც გაიხსენა. ფეხზე საგზაო პოლიცია დადგა და „გაიშნიკებმა“ აღნიშნული ავტომობილი დიღომში დააკავეს. ცოლ-ქმარი ქალაქიდან გასვლას აპირებდა, თუმცა მანქანაში... ბავშვი არ იმყოფებოდა. ორივე დასაკითხად უშიშროების კომიტეტში წააიყვანეს, რადგან საქმე ჩვილების სიცოცხლეს ეხებოდა - იმ ბავშვის ბედი იყო გასარკვევი, რომელიც ექიმმა ნახა და კიდევ იმის, რომელიც მშობლებს ფულის გადახდის შემდეგ არ დაუბრუნეს.

ბავშვი, რომელიც პედიატრმა ნახა, მალე იპოვეს - წყვილმა ავტობუსის გაჩერებაზე დატოვა და მგზავრებმა ნახეს, რის შემდეგაც სამართალდამცავებს მიმართეს, აი მეორე ბავშვი...

„ჩვენ ფულის შოვნის იოლი გზა ვიპოვეთ. ყველა ბავშვი დავაბრუნეთ, ისიც, რომელზეც გვეკითხებით და ერთადერთი ბავშვი, რომელიც ვერ დავაბრუნეთ, ავტობუსის გაჩერებაზე დავტოვეთ. წარმოდგენა არ გვაქვს, სად წაიყვანა მამამ ის ჩვილი, რადგან დავინახეთ, როგორ წაიყვანა“, - განაცხადეს დაკავებულებმა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დაშორებისთვის გამზადებულ ქმარს, ყოვილი ცოლისთვის შვილის დატოვება არ სურდა და გადასარევი მომენტიც ჩაუვარდა. მან ბავშვი საცოლესთან წაიყვანა, „თითქმის ყოფილ ცოლს“ კი უთხრა, რომ შვილი არ დაუბრუნეს. საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვა, ბავშვების გამტაცებლებს კი ცხრა და ექვსი წელი ერგოთ.

საბჭოთა სამართალი ქალების მიმართ ყოველთვის ლმობიერი იყო.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე