თაღლითი - ზოგისთვის, შესაძლოა, ეს ჩვეულებრივი სიტყვაა, ზოგისთვის - ადამიანი, რომელიც ყველას ატყუებს, მაგრამ ნამდვილი თაღლითისთვის ეს პროფესიაა და ხშირად, შემოსავლის ერთადერთი წყარო. თაღლითობა ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა თაღლითების გამოვლენა, დაკავება, დანაშაულის დამტკიცება ძალიან ძნელია, რადგან ისინი მსხვერპლს ისე ოსტატურად ატყუებენ, რომ საბოლოო ჯამში, დანაშაულის ნიშნების პოვნა არცთუ მარტივია. მეტიც, მსხვერპლი თავისი სურვილით და სიხარულითაც კი იხდის თანხას, რათა რომელიმე საქმე „გაიმასქნდეს“, შემდეგ კი, როცა საქმე არ გამოდის, თაღლითს ფულს უკან სთხოვს და... პოლიციაში წასვლა ერიდება, რადგან თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ რაღაცას უკანონოდ აკეთებდა და სწორედ ამ უკანონობაში გადაიხადა არცთუ მცირე თანხა.
„ერთ მშვენიერ დღეს, როცა კაბინეტში, ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული და მიხაროდა, რომ სახლში ადრე წავიდოდი, რადგან საქმე ბევრი არ იყო, ჩემს ოთახში შიდა მოკვლევის სამსახურის თანამშრომლები შემოვიდნენ და ბორკილები დამადეს. ეს არ იყო ხუმრობა, ისინი არასდროს ხუმრობდნენ, ამიტომ თვალწინ გამიელვა კარიერის ყველა იმ მომენტმა, რაზეც შეიძლებოდა მომდავებოდნენ, გონება სწრაფად ამუშავდა და ვერ მივხვდი, რის გამო მაკავებდნენ. ამან ცოტა დამამშვიდა, პირველმა ელდამ გამიარა, თუმცა კითხვაც არ დამისვამს, ისე გავყევი სტუმრებს. გავყევი სამინისტროს იზოლატორში, რადგან როცა შს სამინისტროს თანამშრომელს აკავებდნენ, სწორედ იქ მიჰყავდათ. პირველ დაკითხვას მოუთმენლად ველოდი, თანაც, პრაქტიკულად, ყველას ვიცნობდი და მაინტერესებდა, ვინ აიღებდა საკუთარ თავზე ჩემს დაკთხვას და შესაბამისად, ვინ მოამზადებდა ბრალს“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
გამომძიებელი მალე გამოჩნდა, მაგიდაზე რამდენიმე ცარიელი ფურცელი და ერთი ფოტო დადო, შემდეგ კი დაკავებულს სურათზე მიუთითა და ჰკითხა, ამ კაცს რამდენი ხანია იცნობთ და რა ურთიერთობაში ხართ მასთანო? ბატონმა თენგიზმა სურათი რამდენიმე წამს ატრიალა ხელში, ყურადღებით დააკვირდა და დაბეჯითებით თქვა - „ამ კაცს არ ვიცნობ, არასდროს მინახავს და მით უმეტეს, ურთიერთობა არ მაქვს!“
გამომძიებელმა თავი გადააქნია და საქაღალდედან კიდევ რამდენიმე ფოტო გამოაძვრინა, რომლებზეც კარგად ჩანდა, რომ განყოფილების ეზოში, ბატონი თენგიზი სწორედ იმ მამაკაცს ხელს ართმევდა და ფოტოებზე ისიც ჩანდა, რომ სურათები სხვადასხვა დღეს იყო გადაღებული ანუ ბრალდებული იმ კონკრეტულ მამაკაცს, ორ სხვადასხვა დღეს, ხელის ჩამორთმევით ესალმებოდა, რაც პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ იცნობდა. დაკავებულმა ამ ფოტოებსაც დახედა, მერე მხრები აიჩეჩა და ისევ დაბეჯითებით თქვა - „განყოფილების ეზოში ბევრი ხალხი ირევა, ხელს ყველას ვართმევ, ნაცნობსაც და უცნობსაც, ეს კაცი არ მახსენდება, თუმცა ისევ ვადასტურებ, რომ არ ვიცნობ და ურთიერთობა არ მაქვს!“
გამომძიებელს მეტი არაფერი უკითხავს, წამოდგა და გავიდა. დაკავებულმა გონებას წიხლი დააჭირა, ეგებ, რამე გავიხსენოო, მაგრამ ვერ აღიდგინა ვერც ის დღე, როცა იმ კაცს ხელი ჩამოართვა და ვერც ის, ვინ იყო, ან რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მალე იზოლატორში მინისტრის მოადგილე შევიდა.
„თენგო, ეს კაცი თაღლითია, ხალხს ატყუებს და ატყუებს უკვე ყველა მიმართულებით. ადრე დაკავებული იყო, ოღონდ ქურდობაზე, ახლა თაღლითობა დაიწყო. დიდი ხანია, ვუთვალთვალებთ და შენს გარდა, კიდევ არაერთ სამართალდამცავს იცნობს, ამას გარდა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებს, სხვადასხვა თანამდებობის პირებს. მხოლოდ შენ არ ხარ დაკავებული, ათზე მეტი ადამიანი ავიყვანეთ, ორმოცამდე კაცი დავკითხეთ. ყველა პირს აღებს, არ ვიცნობო და გამაგებინე, რა ჯანდაბად ესალმებით ადამიანს, რომელსაც არ იცნობთ“, - დაძაბულად საუბრობდა მინისტრის მოადგილე.
„იქნებ, როგორც მე, ისე ყველასთან მივიდა, ვიღაცების დასანახად მიესალმა, ვიღაცებს ეუბნებოდა, რომ ამას ვიცნობ, იმას ვიცნობ და შორიდან აყურებინებდა. უცხო კაცისთვის ხელი არ ჩამოგირთმევია? ყველა ყველას ვესალმებით ხოლმე და მათ შორის უცნობი ბევრია, ვიღაცასთან მოსული, ხელის ჩამორთმევა კაცს როგორ უნდა დაამადლო“, - გაოცება არ დამალა ბატონმა თენგიზმა და მინისტრის მოადგილემაც თვალი მოჭუტა.
დაკავებულებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. შესაბამისად, ვერანაირად შეთანხმდებოდნენ წინასწარ, რომ ყველას უარეყო იმ მამაკაცთან ნაცნობობა, ერთი მაინც იტყოდა, ვიცნობო. გამოდიოდა, რომ ის უბრალოდ ცრუობდა და თანამდებობის პირებს ხელს მართლაც სხვის დასანახად ართმევდა. დაზარალებულების დაკითხვა გადაწყდა და რამდენიმემ აღიარა, რომ დავრწმუნებულიყავით, ასეთი ხალხს იცნობდა, დავყვებოდით, შორს ვდგებოდით და ვუყურებდით, როგორ შინაურულად იღებდა ყველაო. რაც მთავარია, სამართალდამცავებს არ ჰყავდათ დაკავებული მთავარი ეჭვმიტანილი ანუ თაღლითი, რომელზეც უკვე 46 საქმე ირიცხებოდა. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად, ბევრად მეტი იყო.
ყველა სამართალდამცავი გაათავისუფლეს და საქმის კურსში ისინი პირადად მინისტრის მოადგილემ ჩააყენა. არსებობდა ადამიანი, რომელიც ყველა საქმის მოგვარებას იღებდა საკუთარ თავზე და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა იქნებოდა ეს საქმე - ვინმეს უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა, ციხიდან დახსნა, სამსახურში მიღება, თუ სხვა რამ. უმაღლეს სასწავლებლებში მიღების საქმე მარტივი იყო - ის წინასწარ იღებდა ფულს და თუ აბიტურიენტი სასურველ ფაკულტეტზე ვერ ხვდებოდა, უკან აბრუნებდა. ამიტომ, მას „პატიოსანი კაცის“ სახელი ჰქონდა, აქაოდა, ფულს არ იტოვებს, აბრუნებსო და მსურველების რიგი ედგა. სად იყო თაღლითობა? ათი, ოცი ან ოცდაათი აბიტურიენტიდან, თავისით 2-3 აუცილებლად ეწყობოდა, დანარჩენ ფულს თაღლითი უკან აბრუნებდა, ვინც მოეწყობოდა, მათი მშობლებისგან მადლობას იღებდა. პატარაა თბილისი და მაშინვე ყველამ იცოდა, რომ ვიღაცამ აბიტურიენტებს საქმე გაუკეთა, უმაღლესში ჩარიცხა და მუშტარი იმატებდა.
რაც შეეხება სამართალდამცავებთან საქმის მოგვარებას, თაღლითი ხელს მხოლოდ მძიმე საქმეებს ჰკიდებდა და ოჯახის წევრებს არწმუნებდა, მოსამართლეს ან გამომძიებელს ფული უნდა მივცე და 10 წლის ნაცვლად, 7-8 წელს მისცემენ, მერე კიდევ „უდო“-ს „ვიჩალიჩებო“. თითო წლის დაკლება 3 ათასი მანეთი ღირდა და თაღლითი აქაც იღბლის იმედად იყო, ხომ შეიძლებოდა, მოსამართლეს მაქსიმუმი არ მიეცა და 1-2 წელი თავისით დაეკლო. „უდო“-მდე კი დიდი დრო იყო და თაღლითიც მშვიდად აგრძელებდა საქმიანობას. იმისთვის, რომ „კლიენტები“ დაერწმუნებინა, ეუბნებოდა, წამოდით, ახლა ამ უმაღლეს სასწავლებელში მივალ, პროფესორებს ვნახავ, ან ძალოვან უწყებაში ჩამოვუვლი მეგობრებსო. ჰოდა, დადიოდა, ესალმებოდა ყველას და პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილ მამაკაცს ხელის ჩამორთმევას არავინ ამადლიდა.
სქემა ისეთი გახლდათ, რომ მისთვის არავის უნდა ეჩივლა, რადგან რეალურად, დაზარალებული არ ჰყავდა. თუ საქმე თავისით გამოდიოდა, ხომ კარგი და თუ არა, ის ფულს აბრუნებდა, მაგრამ... ერთხელ, ფულის დაბრუნება გადაიფიქრა, მსუყე თანხა იყო, მერე მეორედ, მესამედ და ასე გახდა „გადამგდები“. ის მუდმივად იცვლიდა საცხოვრებელს, სხვადასხვა სახელსა და გვარს იყენებდა და ძალიან კარგად ინიღბებოდა - ხან წვერს მოუშვებდა, ხან - ულვაშს, ხან ლაბადით და ცილინდრით დადიოდა, ხან სპორტულად ეცვა, თანაც ძალოვნებთან მისვლას ყველა ერიდებოდა, რა უნდა ეთქვათ, ქრთამი მივეცით და გადაგვაგდოო? მაგრამ ჯერ ერთმა გაბედა და იჩივლა, მერე - მეორემ... თანაც, სამართალდამცავებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვიღაც, რაღაც საქმეებს აგვარებდა და უთვალთვალებდნენ, სწავლობდნენ მათ, რომლებთანაც ეჭვმიტანილს საქმე ჰქონდა და რამდენიმე პროფესორი თუ საწარმოს დირექტორი რომ გამოავლინეს, ამის შემდეგ, ჯერი კოლეგებზე მიდგა და ამიტომ, მის დაკავებას არავინ ჩქარობდა, აინტერესებდათ, რამხელა იყო ქსელი, მაგრამ ბოლოს, როცა ყველაფერმა აბსურდის სახე მიიღო, სხვების დაკავება გადაწყვიტეს, ის ჩაროზად შემოინახეს და მიხვდნენ, რომ შეეშალათ - თაღლითი ირგვლივ ყველას ატყუებდა და მისი ნებისმიერი ნაბიჯი წინასწარ გათვლილი აფერა იყო.
ჯგუფმა, რომელიც თაღლითს უთვალთვალებდა, „მოახერხა“ და ის თვალთახედვის არედან დაკარგა.
„ძებნა სამი თვე გაგრძელდა, ბოლოს კი, ერთ-ერთი დაზარალებულის სახლში ვიპოვეთ, რომელსაც ისევ ატყუებდა, აუცილებლად გაგიკეთებთ საქმეს, ოღონდ ცოტა ხანს შემიფარეთო. სასამართლოს დასრულებას ყველა მოუთმელნად ველოდით. დაზარალებულთა უმრავლესობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, მაგრამ დაკავებულის ქონების კონფისკაციის მიუხედავად, ეს ვერ მოხერხდა. მოსამართლემ ეპიზოდების სიმრავლე კი გაითვალისწინა, მაგრამ კოდექსს ვერაფერი მოუხერხა და სასჯელის მაქსიმუმი - 6 წელი მისცა“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.
ავტორი-ბათო ჯაფარიძე
ვინ არის თაღლითი, რომლის მსხვერპლნიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და ლექტორები გახდნენ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი