„გაიშნიკი“ - პროფესია, რომელიც კომუნისტების დროს მუდმივი ქილიკის საგანი იყო. „გაიშნიკებზე“ არსებობდა არაერთი ანეკდოტი, მათ დანახვაზე მძღოლები იგინებოდნენ, რადგან იცოდნენ, თუ „გაიშნიკი“ ჯოხს აიქნევდა, ფულის გარეშე ვერ გამოძვრებოდნენ. მეტიც, იყო გარკვეული სტანდარტი - მძღოლებმა იცოდნენ, რომელი დანაშაული რა თანხა ჯდებოდა და ამიტომ, როცა გაჩერების შემდეგ, სამართალდამცავს მართვის მოწმობას აძლევდნენ, შიგნით მანეთიანს, ან 3-მანეთიანს დებდნენ ხოლმე. ახალგაზრდა თაობამ არც ის იცის, რომ არსებობდა „ტალონები“, რომლის გახვრეტის უფლებაც ჰქონდათ საგზაო მილიციის წარმომადგენლებს და თუ ტალონზე სამი ნახვრეტი დაგროვდებოდა, მძღოლს მართვის მოწმობა ახლიდან უნდა აეღო. ქილიკისა და დაცინვის მიუხედავად, სწორედ ასე, მანეთ-მანეთად ნაგროვები ფულით, „გაიშნიკები“ გადასარევად ცხოვრობდნენ და საბჭოთა საზოგადოების შეძლებულ ფენადაც ითვლებოდნენ. სწორედ „გაიშნიკები“ იყვნენ პირველები, რომლებიც ავტოავარიის დროს შემთხვევის ადგილზე მიდიოდნენ, მათ იმედად იყვნენ სამძებროს თანამშრომლები, როცა „პლან პერეხვატ“-ს აცხადებდნენ და უწევდათ ეჭვმიტანილებისთვის გზები გადაეკეტათ. იყო ქალაქები, სადაც „გაიშნიკებს“ განსაკუთრებით ცუდი სახელი ჰქონდათ და მათ ყველა ერიდებოდა...
დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ დიდ ქალაქში ავტოავარიებმა იმატა. მართალია, ავარიები მსხვერპლით არ სრულდებოდა, მაგრამ მძღოლები ჩიოდნენ, ჩვენი ბრალი არ არის, კონკრეტულად იმ ადგილზე საბურავი სკდება, შემდეგ საჭის დამორჩილება გვიჭირს და მანქანას ვამტვრევთო. „გაიშნიკები“ შემთხვევის ადგილზე ყოველთვის სწრაფად მიდიოდნენ და გარდა იმისა, რომ მძღოლს ჯარიმას უწერდნენ, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, 30-დან 50 მანეთამდე სძალავდნენ. ეს იცოდა ყველამ, მაგრამ რეაგირება არავის ჰქონდა, რადგან მიღებული წესი იყო და საბჭოთა კავშირში მიღებულ წესებს დიდად არ ცვლიდნენ. ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც იმ კონკრეტულ ადგილზე, ექსკურსიის ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა და ბავშვები დაშავდნენ... დაშავდნენ მძიმედ, რადგან რამდენიმე მათგანს კიდურები მოტყდა, ერთ-ერთმა კი თავი ისე დაიზიანა, ექიმები გადარჩენის იმედს ვერ იძლეოდნენ. რა თქმა უნდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნამ კითხვები გააჩინა - საბურავებში (და არა საბურავში), თითქოს სპეციალურად გაკეთებული, ეკლებივით რკინები იყო შერჭობილი. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ვიღაცამ ის ეკლიანი რკინები გზაზე შეგნებულად დაყარა. შესაბამისად, დაიწყო მსუბუქი ავტომობილის მძღოლის შესწავლა, ჰყავდა თუ არა მას მტრები, აწყობდა თუ არა ვინმეს მისი სიკვდილი, მაგრამ ძიება ამ მიმართულებით პირველივე დღეს შეწყდა - მძღოლი რიგითი მუშა იყო, მსუბუქი ავტომობილი ვალებით ჰქონდა ნაყიდი და გამორიცხულია, მტერი ჰყოლოდა. სამეზობლოშიც მშრომელი, წესიერი კაცის სახელი ჰქონდა, ცოლ-შვილს თან ჰყვებოდა და ცდილობდა, როგორმე, ვალებისთვის თავი დაეღწია, ამიტომ, თავისუფალ დროს „ტაქსაობდა“ კიდეც, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა იმის მიზეზი, რომ ვინმეს მოსაკლავად გაემეტებინა.
გამომძიებლებმა მალე ისიც გაარკვიეს, რომ იმ კონკრეტულ ადგილზე ავარიები ხშირად ხდებოდა და მძღოლების დაკითხვის შემდეგ, ყველამ დაადასტურა - საბურავი, თითქოს სპეციალურად გაკეთებულმა და გზაზე დაყრილმა ეკლიანმა რკინებმა გახვრიტა, რის შემდეგაც, საჭის დამორჩილება გაჭირდა და ავარია გარდაუვალი იყო. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა გაიხსენა, რომ ამდაგვარად, მოსკოვში, ვულკანიზაციის მუშა იქცეოდა, მისი ობიექტის ახლოს, ლურსმნებსა და დიდ ჭიკარტებს ყრიდა, რათა სამუშაო მუდმივად ჰქონოდა და ჰქონდა კიდეც, სანამ არ გაუგეს და არ დააპატიმრეს. იმ ადგილიდან, სადაც შემთხვევა ხდებოდა, უახლოესი ვულკანიზაცია 11 კილომეტრში იყო, რაც თავისთავად გამორიცხავდა იგივე მეთოდის გამოყენებას, მაგრამ ვიღაც ხომ სპეციალურად აკეთებდა ყველაფერ ამას და რაც მთავარია, რაღაც მიზანი ამოძრავებდა. ტყუილად ასეთ რამეს არავინ მოიფიქრებდა, მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ის, ვინც ადამიანებს, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ იმეტებდა, რადგან გარანტია, რომ ავარია მსხვერპლით არ დასრულდებოდა, არ იყო.
შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 200 მეტრში, „გაიშნიკების“ პოსტი გახლდათ განთავსებული და იქიდან ავარიის ადგილი კარგად ჩანდა. შესაბამისად, როგორც კი მანქანა იმტვრეოდა, ისინი ადგილამდე მალე მიდიოდნენ, პირველ სამედიცინო დახმარებასაც აღმოუჩენდნენ ხოლმე მძღოლებს, მაგრამ მათი დაკითხვის შემდეგ, ძიებაში არაფერი შეცვლილა. ყველა აღიარებდა, რომ საეჭვო არავინ დაუნახავთ, არ შეუნიშნავთ, რომ ვინმეს ავტომობილი გაეჩერებინოს და რამე დაეყაროს, არც ფეხით მოსიარულე დაუნახავთ ხშირად. „გაიშნიკები“ სამ ცვლაში მუშაობდნენ და ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა.
„ავტობუსში, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავდა, მოსამართლის შვილიც იჯდა. ის არ დაშავებულა, მაგრამ დიდი იყო ალბათობა, რომ სამიზნე სწორედ მოსამართლის შვილი ყოფილიყო. ის ახლა ხმაურიან საქმეს იხილავდა და როგორც თავად თქვა, არაპირდაპირ, ქრთამიც შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა და შემდეგ უკვე, მუქარანარევი ტონით უთხრეს, რომ ამ ამბავს ინანებდა. ეს ვერსია რეალობასთან ძალიან ახლოს იყო და ძალოვნები მთლიანად იმ საქმეზე გადაერთვნენ, რომელსაც მოსამართლე იხილავდა. ერთი ეგ იყო, ლოგიკაში არ ჯდებოდა იმ ადამიანებს სხვა დროსაც მოემოქმედებინათ იგივე, არადა, იმ ადგილზე ავარიებს ლამის მუდმივი ხასიათი ჰქონდა. საქმეში, რომელსაც მოსამართლე იხილავდა, რამდენიმე გავლენიანი კრიმინალი გადიოდა და მათი მეგობრები თავისუფლებაზე ყველაფრის გაკეთებას ცდილობდნენ, რათა ისინი ციხიდან დაეხსნათ. ძალოვნებმა იცოდნენ, რომ ისინი წამსვლელი იყვნენ ყვველაფერზე და მათ გარემოცვაში სუსტი რგოლის ძებნა დაიწყეს. ასეთს მალე მიაგნეს, კრიმინალს, რომელიც ნარკოტიკებზე უარს არ ამბობდა და როცა სამართალდამცავების აგენტმა დოზა „უგრევა“, მილიციის თანამშრომლები დაადგნენ.
„მხოლოდ ერთი პირობით არ დაგიჭერთ - უნდა გვითხრა, ვინ დაყარა ეკლიანი რკინები გზაზე, რამაც ავარია გამოიწვია“, - ჰკთხა გამომძიებელმა დაკავებულს და როცა მის გაოცებულ სახეს შეხედა, მიხვდა, არასწორ ვერსიას ამუშავებდნენ. მეტიც, კრიმინალებმა ვერაფერი რომ ვერ გააწყვეს, გადაწყვეტილი იყო, ბოლო სხდომაზე საქმეს საკუთარ თავზე მხოლოდ ერთი აიღებდა, დანარჩენები, რომელთა მიმართაც ისედაც ირიბი მტკიცებულებები იყო, გარეთ გამოვიდოდნენ, ამიტომ მათ არაფერში სჭირდებოდათ აუტკივარი თავის ატკიება და მოსამართლის შვილისთვის ავარიის მოწყობა. მით უმეტეს, დაკავებულის თქმით, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მოსამართლის შვილი ექსკურსიაზე თუ მიდიოდა, ან რა მარშრუტით მიდიოდა და რეალურად, ეს არაფერში სჭირდებოდათ. ძიება ჩიხში შევიდა.
„სადღაც რაღაც გაგვეპარა, არ შეიძლება, ყველაფერი ასე მარტივად იყოს დალაგებული და შეცდომას არ უშვებდნენ დამნაშავეები. ვიღაცას ამ ავარიებიდან რაღაც სარგებელი აქვს და ის ვიღაც, ან ვიღაცები უნდა ვიპოვოთ“, - უკვე მერამდენედ იმეორებდა გამომძიებელი და საქმის მასალებს ჩაჰკირკიტებდა, მაგრამ ახალს ვერაფერს პოულობდა. სწორედ იმიტომ, რომ ახალი ვერაფერი ნახეს, სხვა განყოფილებიდან სთხოვეს გამომძიებელს, საქმის მასალებს გასცნობოდა, რადგან უცხო თვალი შეუსაბამობას მარტივად ამჩნევდა და ეს მაშინ ჩვეული პრაქტიკა იყო - გამომძიებლები ერთმანეთს არცთუ იშვიათად ეხმარებოდნენ. სხვა განყოფილების გამომძიებელმა საქმის მასალებს ჩახედა და ერთი ფრაზით, პრაქტიკულად, საქმე გახსნა - „ავარიები ყოველ მესამე დღეს არის მომხდარი და აქ, რაღაც კანონზომიერებაა. სხვა დღეებში ავარიები არ ხდება, რაც ნიშნავს, რომ იმ ვიღაცას მხოლოდ ყოველ მესამე დღეს სცალია, ან ყოველ მესამე დღესაა იმ ადგილზე“...
საქმის გამომძებელს ბევრი არ უფიქრია, მაშინვე „გაიშნიკების“ მუშაობის განრიგს ჩახედა და მიხვდა, რომელი წყვილი მუშაობდა იმ დღეებში, როცა ავარიები ხდებოდა. რა თქმა უნდა, არცერთი პროკურორი მხოლოდ ამ გრაფიკის გამო, ეჭვმიტანილების ბინების ჩხრეკაზე ორდერს არ გასცემდა, თუმცა თვალთვალი და გარემოცვის შესწავლა შესაძლებელი იყო. მალე ისიც გაირკვა, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მეზობლად ხარატი ცხოვრობდა, რომელსაც მარტივად შეეძლო, რკინის ეკლიანი ბურთულები დაემზადებინა. ხარატი მაშინ დააკავეს, როცა სამსახურში მიდიოდა და მაშინ გაუშვეს, როცა სამუშაო დრო დასრულდა. თანაც, უმკაცრესად გააფრთხილეს, რომ არავისთან ხმა არ ამოეღო, თორემ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ასცდებოდა. მან დაადასტურა, რომ მეზობლის თხოვნით, რკინის ეკლიან ბურთებს ამზადებდა და მიჰქონდა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რაში იყენებდა მას „გაიშნიკი“. ორივე სამართალდამცავი მშვიდად აიყვანეს და უთხრეს, თუ გსურთ, სასჯელი შეგიმსუბუქდეთ, სიმართლე თქვითო.
„ძალიან ცუდი მონაკვეთი შეგვხვდა, არც შუქნიშანი, არც - უწყვეტი ხაზი. სუფთა ხელფასზე ვისხედით და მერე ეს მოვიფიქრეთ. არ გვეგონა, თუ ასეთ შედეგამდე მივიდოდით. თვეში, დაახლოებით, 500 მანეთს ვაკეთებდით თითო, ავარიებიდან მძღოლებს ფულს ვართმევდით და მანქანებიც დიდად არ იმტვრეოდნენ. შორიდან ვხედავდით, როგორ მოცურდებოდა მანქანა და გადავიდოდა გზიდან, ადგილზე მაშინვე მივდიოდით, ხოლო როცა ჩვენი ცვლა არ იყო, გზაზე არცერთ ბურთულას არ ვტოვებდით“, - განაცხადეს დაკავებულებმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ავარიაში მოყოლილი ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა, დამნაშავე „გაიშნიკებს“ მინიმალური სასჯელი მისცეს, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოებიდან „მგლის ბილეთით“ გაუშვეს.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
როგორ სძალავდნენ მძღოლებს ფულს საბჭოთა მილიციის თანამშრომლები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი