5 წლის ბავშვის გარდაცვალება - რა მოხდა რეალურად კახეთში სამი თვის წინ და რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„საკანში, ყოველდღე, გარდაცვლილის სულისთვის ლოცულობს“ - რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი

 

დედოფლისწყაროში, 5 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ვანო წიკლაურს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი სასჯელი შეუფარდა, საიდანაც 2 წელსა და 8 თვეს საპატიმროში მოიხდის, წელიწადი და 4 თვე კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლეები - გიორგი ბუხრაშვილი და ლიკა ბოკერია განიხილავდნენ, განაჩენი კი წინა კვირას, მოსამართლე ლიკა ბოკერიამ გამოაცხადა. დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა სასამართლომ მინიმალური სასჯელი გამოიყენა.

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში, მიდელაშვილების ოჯახში ლანჩხუთიდან სტუმრად მყოფი 5 წლის დათა ფირცხალაიშვილი ავტოსაგზაო შემთვევას ემსხვერპლა. გამოძიების მიხედვით, ბავშვი გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, „ოპელის“ მძღოლმა კი რეაგირება ვერ მოასწრო და მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაზარალებული მხარე საპირისპიროს ამტკიცებს, რომ ბავშვი არსად გადასულა და ტროტუარზე იდგა. გარდაცვლილის ოჯახი განაჩენს არ ეთანხმება და ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას გეგმავს. ისინი არცერთ სხდომას არ დასწრებიან და ამ დრომდე, არც ადვოკატი აუყვანიათ. „ვერსიასთან“ საუბრისას, ფირცხალაიშვილები ამბობენ, რომ სასამართლო სხდომების თარიღის შესახებ მათთვის არავის უნობებია, მხოლოდ განაჩენი შეატყობინეს. დაკავებულის ოჯახი კი აღნიშნავს, რომ ბავშვი მარჯვენა მხრიდან გამოიქცა, მიდელაშვილების სახლი მარცხნივაა, შეჯახებაც მარჯვენა კუთხით მოხდა. ამდენად, ისინი კითხვას სვამენ, თუ არსად გადასულა ბავშვი, როგორ აღმოჩნდა მეორე მხარეს?

„ვერსიამ“ ყველა მხარის პოზიცია მოისმინა და ექსპერტიზის დასკვნებსა და საგამოძიებო დოკუმენტებშიც ექსკლუზიურად ჩაიხედა.

შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის კომპლექსური ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს მთავარი ექსპერტი არჩილ ღვინიაშვილი აწერს, ნათქვამია:

„ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ 4 სექტემბერს, 19.20 საათზე, ზემო ქედში, არხილოსკალოს მიმართულებით, მოძრაობდა „ოპელი“, რომელსაც ვანო წიკლაური მართავდა. იმავე დროს, მისგან მარჯვნიდან მარცხნივ, სავალი ნაწილის გვერდულზე გაჩერებული ავტომობილის უკანა მხრიდან საავტომობილო გზას სწრაფი სირბილით კვეთდა ქვეითი დავით ფირცხალაიშვილი, რომელიც გადმოვიდა სავალ ნაწილზე და სავალი ნაწილის დაახლოებით შუაში გაჩერდა. ამის დანახვაზე მძღოლმა იხმარა მუხრუჭი, საჭე მიმართა მარცხნივ, მაგრამ ქვეითთან შეჯახება ვერ აიცილა. როცა ქვეითი სავალ ნაწილზე გაჩერდა, შეჯახებამდე, დაახლოებით, 3 წამის განმავლობაში იდგა. ძრავის სახურავის მარჯვენა უკანა ნაწილში აღენიშნება დაზიანების კვალი, დაზიანებულია ბამპერის მარჯვენა ნაწილი და მარჯვენა წინა მაშუქი. ხასიათიდან გამომდინარე, გამოწვეულია რაიმე რბილი საგნის ზემოქმედებით, ეს შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც.

შემთხვევის ადგილზე გზის სიგანეა 6.9 მეტრი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ არის ორი პარალელური მუხრუჭის კვალი, მისი სიგრძეა 10.7 მეტრი. ვანგარიშობთ, რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი, რომელმაც დატოვა 64.9 მეტრი მუხრუჭის კვალი. მივიღებთ, რომ მუხრუჭის კვალის მიხედვით, „ოპელი“ მოძრაობდა 110 კმ/სთ სიჩქარით. ქვეითი გზაზე გაჩერებულ ავტომანქანის უკან მოძრაობდა, ამდენად, მძღოლის მხედველობის არეში სწრაფი სირბილით სავალ ნაწილზე გაჩერებამდე გაირბენდა, დაახლოებით, 4.3 მეტრ მანძილს.

თუ მძღოლი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით, გასაჩერებლად სჭირდება 3.6 წამი, ხოლო ქვეითი საფრთხის წარმოქმნიდან შეჯახებამდე სავალ ნაწილზე იმყოფებოდა, დაახლოებით, 4.4 წამის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლს მომხდარი საგზაო შემთხვევის აცილება შეეძლო. ვანო წიკლაურის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მუხლი 33, პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, ეს შემთხვევა შეუძლებელი იქნებოდა. ამ მუხლით, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა სიჩქარის გადაჭარბებით. სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს ტრანსპორტი ისე, რომ მოძრაობის უსაფრთხოება დაცული იყოს. „ოპელის“ საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულია“.

შემთხვევის ადგილი დაათვალიერა შსს დედოფლისწყაროს სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კახა კორახაშვილმა, ასევე, მონაწილეობდნენ ექსპერტები - ზაქარია ლაზარიაშვილი და გელა ფრიდონაშვილი. საქმეს შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ვლადიმერ შალვაშვილი იძიებდა.

თეონა კილაძე (ბავშვის დედის ჩვენებიდან): „სექტემბრის თვეში, სტუმრად ვიმყოფებოდით ნათესავებთან. 4 სექტემბერს, გარეთ, ქუჩაში, ტროტუარზე იმყოფებოდა ჩემი შვილი - 23.02.2017 წელს დაბადებული დავით ფირცხალაიშვილი, რა დროსაც მას დაეჯახა ვანო წიკლაური, მისი მანქანით. მიყენებული დაზიანებებით, ჩემი შვილი გარდაიცვალა ზემო ქედის ამბულატორიაში. მოგახსენებთ, რომ მე პრეტენზია გამაჩნია ვანო წიკლაურის მიმართ და ვითხოვ გამოყენებულ იქნეს უმკაცრესი ზომები და დაისაჯოს კანონის შესაბამისად“.

ანა მიდელაშვილი: „ლანჩხუთიდან ჩენი ნათესავები კვირაზე მეტი ხნის ჩამოსული იყვნენ ზემო ქედში, ჩვენთან ცხოვრობდნენ. სოფელში ეკლესიას ვაშენებთ, გარდაცვლილი ბავშვის პაპა მშენებელია, მამაც. ტაძრის გადახურვის სამუშაოებში გვეხმარებოდნენ, მუშებიც მათ ჩამოჰყავდათ ხოლმე და ახლაც ამ მიზნით ჩამოვიდნენ. იმ დღესაც ისინი მშენებლობაზე იყვნენ, დანარჩენები სახლში ვიყავით. საღამოს დათა ტიროდა, გარეთ ბავშებთან გაყვანას ითხოვდა, მაგრამ დედა არ უშვებდა. არ გაჩერდა და ბოლოს, მამაჩემმა მოკიდა ხელი და გაიყვანა. იქვე, ცემენტის მანქანა მუშაობდა მეზობლის ეზოში და მამამ იფიქრა, ტაძრისთვის შევუთანხმდებიო, სულ ორი წუთით გავიდა და ამ დროს დატრიალდა ეს უბედურება. მე ქუჩის კართან ვიდექი, ბავშვის დედა, ჩვილით ხელში, ქუჩის გარეთ იდგა, თან ვსაუბრობდით და თან დათას ყურადღებას აქცევდა. რომ ამბობენ, უყურადღებოდ მიატოვესო, სიცრუეა. დაახლოებით, 50 მეტრში ვიდექით. ოთხი-ხუთი ბავშვი მესერთან თამაშობდა. ველოსიპედი, ან ასეთი რამ არ ჰქონიათ, ისე თამაშობდნენ. ამ დროს, დიდი სისწრაფით გაიარა ამ მანქანამ, „ეს ვიღაცას გაიტანსო“, დედამისმა თქვა, მაგრამ ვერც დაასრულა, რომ შეჯახების ხმა გავიგეთ. ატყდა ყვირილი, მანქანა მობრუნდა, თავადვე წაიყვანა ექიმთან და ჩვენ სხვა მანქანით გავყევით უკან. ექიმი ადგილზე იყო, დავინახე, მძღოლმა როგორ გადააწოდა ბავშვი ექიმს. უგონოდ იყო, არც თვალი გაუხელია. ბევრი ეცადა, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ვერ უშველა. სხვა სასწრაფო ჯგუფიც მოვიდა, თუმცა ამაოდ. დედოფლისწყაროშიც აღარ გადაუყვანიათ. რაც მე დავინახე, ბავშვს მუცლის არეში ჰქონდა დალურჯებები, შუბლთან, ყურთან და კისერთან ტრავმა, კიდურებიც დაყვლეფილი. გაკვირვებული ვართ ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლო განხილვებით. ჩვენი მხარე არ ყოფილა ჩართული არც გამოძიებაში, არც სასამართლო განხილვაში. როცა დასკვნაში წერენ, ბავშვმა გადაირბინაო, ეს ჩვენთვის გაუგებარია. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ბავშვი ტროტუარიდან არცერთი ნაბიჯით არ გადმოსულა გზაზე. დათა იდგა და არსად გადარბენას არ გეგმავდა, ზოგადად, ზორბა ბავშვი იყო და ასე ვერ გადაირბენდა. მანქანა იმაზე სწრაფად მოდიოდა, ვიდრე ნათქვამია. ეს ისეთი ადგილია, ბევრი ბავშვი ცხოვრობს და ამ სისწრაფით სიარული არ შეიძლება, თუ ფხიზელი იყო, ვერ ამომიხსნია, რატომ მიდიოდა ასე. დამნაშავე მხოლოდ მაშინ დავინახე, როცა ექიმს ბავშვი მიუყვანა, თუმცა არ შემიძლია ვთქვა, ფხიზელი იყო თუ არა.  დათა არასოდეს ქუჩაში მარტო არ გასულა და უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია. ზოგადად, თეონა ძალიან ყურადღებიანია, გიჟი დედააო რომ იტყვიან, ასეთია“.

ნოდარ ყველაიძე (თვითმხილველის ჩვენება): „ვანომ გამომიარა, ამავე სოფელში, ბებიასთან მიდიოდა, მითხრა, გოჭის ყიდვა რომ გინდოდა, წამოდი, მას ჰყავსო. მურთაზ სუარიძის მაღაზიაში იყიდა საკვები და წავედით. მე უკან ვიჯექი, წინ მერაბ ილურიძე. არც ისე სწრაფად ვმოძრაობდით. სპიდომეტრისთვის არ დამიხედავს, მაგრამ არც ნელა ვმოძრაობდით, არც სწრაფად. როცა მივუახლოვდით შმაგი გავაშელიშვილის სახლს, საშუალო სიჩქარით, დაახლოებით, 50-60 კმ/სთ-ით ვმოძრაობდით. მარჯვნივ დავინახე გავაშელიშვილის კუთვნილი „გაზელი“ იდგა ცხვირით დასავლეთით ანუ ჩვენსკენ. ჩვენ ვმოძრაობდით ჩვენს ზოლში, მარჯვნივ. უცებ მერაბმა დაიყვირა, „ნელა, ბავშვიო“. მეც მომენტალურად დავინახე, რომ გაჩერებული, საბარგულიანი „გაზიკის“ უკანა მხრიდან, ორღობიდან გზაზე გამოიქცა პატარა ბიჭი. დაამუხრუჭა და საჭე მიმართა მარცხენა მხარეს, მაგრამ ვერ ააცილა. ბავშვი დაეცა, მართვადაკარგულმა მანქანამ სვლა გააგრძელა, ავარდა ბორდიურზე. გადმოვედით მაშინვე, ჩვენ დაგვტოვა და ბავშვი წინა სავარძელზე დააწვინა, იქნებ, რამე ვუშველოო და ზემო ქედის მიმართულებით, დასავლეთისკენ წავიდა. ეს ბავშვი არ მყავდა ნანახი და ვერ ვიცნობდი. როცა ბავშვი დავინახე, მასსა და მანქანას შორის მანძილი იყო, დაახლოებით, 15-20 მეტრი. რომ დაამუხრუჭა, ბავშვი გამოიქცა გვერდულად, ირიბად და გარბოდა ჩიხიდან გამოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს. ბავშვი ჩვენსკენ კი არ გამოიქცა, გზაზე გამოსვლისას, ირიბად გადმოკვეთა გზა და გაიქცა ჩვენივე თანხვედრი მიმართულებით. დამატებით გიპასუხებთ, რომ ბავშვი შეჯახების მომენტში იმყოფებოდა გზის სავალი ნაწილის შუა ადგილას. გზის ნაწილი, რაც გაიარა, გაიარა სწრაფი სირბილით. იმ დროს არ მოძრაობდა არც სხვა ავტომობილი, არც პირუტყვი, ან ცხოველი. შეჯახების დროს ნათელი იყო და ფარები არ გვჭირდებოდა. უცნობია ჩემთვის, იყო თუ არა ნასვამი ვანო, ერთად არ დაგვილევია და არც რამე უთქვამს ამაზე“.

დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, გზის ამ მონაკვეთზე დაშვებულია 60 კმ-სთ სიჩქარით მოძრაობა, თუმცა „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ვანო წიკლაური მართავდა, 80 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობდა. დაკავებულ მძღოლს ორი მცირეწლოვანი შვილი და რვა თვის ორსული მეუღლე ჰყავს. წიკლაურების ოჯახში ამბობენ, რომ გაღიზიანებულმა ახლობლებმა მათი კუთვნილი ავტომანქანა მიზანმიმართულად დააზიანეს და შუშები ჩაამტვრიეს. მათი მტკიცებით, ავტომანქანაში იყო კომპანია „მაგთის“ ჯიპიესი, სადაც მძღოლი მუშაობდა და ავტომანქანის გადაადგილებაც და სისწრაფეც მასზეა ასახული.

ეკატერინე მაჭარაშვილი (დაკავებულის ადვოკატი): „არ ვასაჩივრებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას. ბრალდებულის პოზიცია პირველივე წუთებიდან ასეთი იყო, რომ თავს გრძნობდა დამნაშავედ, თავად ჩაბარდა პოლიციას, მომხდარს აღიარებდა, ამდენად, ჩვენს მხარეს არ აქვს სურვილი, გადაწყვეტილება გასაჩივრდეს, თუ ეს პროკურატურამ არ გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში.

- ოჯახი, სადაც მოზარდი სტუმრად იმყოფებოდა, ამტკიცებდა, რომ მძღოლი ფხიზელი არ იყო, რამდენად დროულად ჩატარდა სიფხიზლის ექსპერტიზა?

- ვანო წიკლაურს დაკავებისთანავე ჩაუტარდა ალკო-ტესტი სიმთვრალეზე, თუმცა ვინაიდან ეს უტყუარი არ არის, აუცილებელი გახდა ქიმიური ექსპერტიზის ჩატარებაც. ეს კვლევა მაღალი სიზუსტით გვაძლევს მონაცემებს, აღინიშნება თუ არა სისხლში ალკოჰოლური, ან ნარკოტიკული თრობა. დასკვნის მიხედვით დადასტურდა, რომ არანაირი თრობა დაკავებულს იმ მომენტში არ აღენიშნებოდა. ამიტომაც, მას წარდგენილი აქვს შემამსუბუქებელ გარემოებებთან შესაბამისი მუხლი, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თრობის დაფიქსირების შემთვევაში, დამამძიმებელი გარემოების გამო, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა დაემუქრებოდა.

- უშუალოდ ტრაგედიაზე ვისაუბროთ, როგორ მოხდა შეჯახება და რატომ ვერ მოასწრო ამ შედეგის თავიდან არიდება?

- საღამოს საათებში, საკუთარი ავტომობილით მიდიოდა ბებიასთან, რომელიც ცალკე ცხოვრობს. კარგი ხილვადობა და გზაზე თავისუფალი მოძრაობა იყო. გზის ერთ მონაკვეთზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ხანგრძლივად გაჩერებული იყო ე.წ. „მარშრუტკა“, სწორედ ამის გამო ვერ შენიშნა ბავშვი. მარჯვნიდან მოულოდნელად გამოვარდა მცირეწლოვანი, ვერ მოასწრო ვერანაირი მანევრის გაკეთება. საჭე მარცხნივ მიმართა, სხვა ზოლში გადავიდა, გამოიყენა მუხრუჭიც, მაგრამ შეჯახება მაინც ვერ აირიდა. ცოტა დრო ჰქონდა რეაგირებისთვის და მარჯვენა კუთხით შეეჯახა. რომ არ ყოფილიყო მცირეწლოვანი, შესაძლოა, უფროს ასაკში ასეთი საბედისწერო არ ყოფილიყო. საქმის მასალების მიხედვით არ ჩანს, ბავშვი მარტო იმყოფებოდა თუ არა, მანამდე სხვა მოზარდმა გადაკვეთა თუ არა გზა. საქმეში არსებობს მხოლოდ გამოძიების მიერ შედგენილი ნახაზი, სად მოხდა შეჯახება, სად გამოიყენა მუხრუჭი, სად იყო ბავშვი და სად - გაჩერებული სამარშრუტო ავტომობილი.

- რა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები გამოიკვეთა სასამართლო სხდომებზე?

- ვინაიდან ბრალდებული პირველივე წუთიდან თავს დამნაშავედ ცნობდა, ინანიებდა მომხდარს, შეჯახების შემდეგ ბავშვი თავად აიყვანა, საავადმყოფოშიც თავად წაიყვანა. ცხადია, ეს არის შემამსუბუქებელი გარემოება. საკანში ყოველდღიურად ლოცულობს გარდაცვლილის სულისთვის. უჭირს ჭამა და ძილი, შეექმნა ფსიქოლოგიური პრობლემები. პენიტენციურ დაწესებულებაში ხშირად დასჭირდა მკურნალობის კურსის გავლა. ამის მიუხედავად, მან კატეგორიულად ამიკრძალა, ყურადღება მის მდგომარეობაზე გამემახვილებინა, ან რამე დასკვნა მომეთხოვა. სასამართლო სხდომაზეც მან პირდაპირ თქვა, რომ ეს მისი ჯვარია, ასევე, მისი ტრაგედიაა, აღარ აქვს მნიშვნელობა, რა შეეძლო გაეკეთებინა და რა მოახერხა. ბავშვია გარდაცვლილი და აქ დამთავრდა ყველაფერი.

ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად მიმუშავია ავტოსაგზაო შემთხვევებზე და გადარჩენის ინსტიქტია, როცა მძღოლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალებიან. ამ შემთხვევაში, ასე არ მომხდარა და პირიქით, თავად უზრუნველყო, დაშავებული სამედიცინო პუნქტამდე მიეყვანა. კანონშიც მკაფიოდ წერია, რომ აღიარება, მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა შემამსუბუქებელი გარემოებებია. ასევე, არ დაფიქსირდა არანაირი სახის თრობა, ამიტომაც სასამართლომ კანონით გათვალისწინებული შეღავათი გასწია და მის მიმართ გამოიყენა სასჯელის მინიმალური ზომა.

- თვითმხილველების ჩვენებები თუ დევს საქმეში, რას ჰყვებიან მოწმეები?

- მძღოლთან ერთად, იმავე ავტომანქანაში ისხდნენ კიდევ მისი ორი მეგობარი, სხვა პირდაპირი მოწმე ამ საქმეს არ ჰყავს. როგორც ისინი აღწერენ, ცოტა ქვემოთ, მოქალაქეები ქუჩაში იყვნენ, თუმცა ისინი მომხდარს კარგად ვერ დაინახავდნენ, ამიტომაც ირიბ მოწმეებად ითვლებიან. საქმეში არ არსებობს სხვა პირდაპირი მოწმე, მგზავრების გარდა. არსებობდა ნახაზი, მუხრუჭის კვალი, ამ მასალებზე დაყრდნობით იმსჯელა გამოძიებამ.

არანაირი კომუნიკაცია დაზარალებულ მხარესთან არ გვქონია. დაკავებულის ოჯახი შეეცადა სამძიმარზე მისულიყვნენ, მაგრამ არ ისურვეს და ვერ მოხერხდა. ოჯახი ითხოვდა მკაცრად დასჯილიყო მძღოლი. აბსოლუტურად გვესმის მათი ტკივილი და მეც და მსჯავრდებულსაც გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ მთელი გულით ვწუხვართ და სამძიმარს ვუცხადებთ, გამძლეობას ვუსურვებთ მათ. მინდა, ოჯახმა იცოდეს, რომ საკანში ყოველდღე ლოცულობს გარდაცვლილის სულისთვის და უზომოდ განიცდის ამ ტრაგედიას. მისთვისაც მძიმეა ეს, მაგრამ რაც მას არ ჩაუდენია, იმას ნუ მივაწერთ, რაშიც დამნაშავეა, ამაზე პასუხისმგებლობას არ გაურბის. უბედური შემთხვევისგან კი არავინაა დაზღვეული“.

გასაჩივრების შემთხვევაში, ზემდგომ ინსტანციას შეუძლია, სიღნაღის სასამართლოს განაჩენი გააუქმოს, საქმის განხილვა ხელახლა დაიწყოს, ან უცვლელად ძალაში დატოვოს.