სასიყვარულო ოთხკუთხედის სისხლიანი ფინალი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობის წლები საუკეთესო მოგონება უნდა იყოს და რაც მთავარია, ბავშვობის მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს და ძალიან ბევრი ადამიანი, ბავშვობის მეგობრებს არასდროს კარგავს. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ბავშვობის მეგობრებზეა, თუმცა...

 

პროკურატურაში ახალგაზრდა ქალი მივიდა და განაცხადა, რომ მისი მეგობარი დაიჭირეს, ბავშვობის მეგობარი და მკვლელობას აბრალებდნენ. პროკურორებმა ეს საქმე ძალიან კარგად იცოდნენ, თითქოს, ყველაფერი დღესავით ნათელი იყო, მაგრამ ქალი ჯიუტად ამბობდა, დამნაშავე სხვა არის, გულიც მიგრძნობს და რაც მთავარია, როცა მკვლელობა მოხდა, შემთხვევიდან, დაახლოებით, ათ წუთში, თქვენს ეჭვმიტანილს შევხვდი და შემთხვევის ადგილიდან ჩემამდე მოსვლას ვერ მოასწრებდაო.

„ჩვენ ოთხი მეგობარი ვიყავით, სამი ბიჭი და ერთი გოგო ანუ მე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ შემადგენლობით ვიყავით ყველგან - ჭირი იყო, თუ ლხინი, სულ ერთად დავდიოდით. მერე, როცა სკოლას ვამთავრებდით, სიყვარულში სამივე ერთად გამომიტყდა, მაგრამ მე მათ ძმებივით ვუყურებდი. შემდეგ, ისინი ჯარში წავიდნენ, იქაც ერთად იმსახურეს და სამივე ცალ-ცალკე მწერდა წერილებს. არ ვიცი, წერილების გავლენა იყო თუ სხვა რამ, მაგრამ ერთ-ერთი შემიყვარდა და როცა ჯარიდან დაბრუნდა, ცოლად გავყევი. ის ორი მეჯვარეებად გვყავდა და ცხოვრება გაგრძელდა. ორი წლის შემდეგ, ბიჭი მეყოლა, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ დამცალდა, ქმარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ლაბორატორიაში, სადაც ის მუშაობდა, რაღაც მომწამვლელმა აირმა გაჟონა და მასთან ერთად, კიდევ ორი თანამშრომელი დაიღუპა. მე და ჩემს შვილს, ბიჭები ყურადღებას გვაქცევდნენ, ბავშვის ასაკის გამო, მუშაობას ვერ ვახერხებდი, მთლიანად მათზე ვიყავი დამოკიდებული და მართლაც, ისინი არაფერს მიჭირვებდნენ. ახლა კი, ვიღაცამ ერთ-ერთი მეგობარი სკვერში, თავში ქვის ჩარტყმით მოკლა, ქვაც იქვე ეგდო და რაც მთავარია, იქვე ეგდო მეორე მეგობრის სანთებელა, რომელსაც მისი სახელი აწერია, ვერცხლისაა, ათასჯერ მაქვს ნანახი. ჰოდა, მარტივად გადაწყვიტეს, რომ მკვლელი ისაა და დააკავეს. ბევრი რამის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, ის მკვლელი არაა, არ და ვერ გაიმეტებდა მეგობარს მოსაკლავად და თუნდაც მისდამი მადლიერების ნიშნად, მინდა სიმართლე დაადგინოთ და უდანაშაულო კაცი გაათავისუფლოთ“, - ამბობდა გოგონა, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, რომ პროკურორებისთვის და ზოგადად, ძიებისთვის, ყველაფერი ნათელი იყო.

ის, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ქალს მომხდარიდან ათ წუთში შეხვდა, თითქოს ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ მანქანით კი არა, თვითმფრინავით რომ ყოფილიყო, იმ მანძილის დაფარვას ათ წუთში მაინც ვერ მოახერხებდა. იყო თუ არა ეს გარემოება ძიების ახლიდან დაწყების საფუძველი? ოფიციალურად იყო, მაგრამ გამომძიებელს ეზარებოდა, რადგან სხვა სამხილი, ან სხვა ეჭვმიტანილი, საქმეში არ მოიძებნებოდა. ამის მიუხედავად, საქმე ძიებაში ისევ დაბრუნდა, ძალიან მალე, სამართალდამცავები დარწმუნდნენ, რომ დაკავებული მკვლელი არ იყო და თუ ამ საქმესთან რაიმე შეხება ჰქონდა, ყველაზე დიდი, რაც შეიძლებოდა ექნა, ვინმე დაექირავებინა მეგობრის მოსაკლავად, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო. ჰო, კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი - როგორც მეგობრები, თუ ოჯახის წევრები ამბობდნენ, გარდაცვლილს მუდმივად თან ჰქონდა მოოქროვილი პორტსიგარი, რომელიც ვერსად იპოვეს და გაჩნდა ვერსია, რომ ეს პორტსიგარი, შესაძლოა, მკვლელს წაეღო და მკვლელი ქურდი ყოფილიყო, რომელმაც ძვირფას ნივთს შემთხვევით მოჰკრა თვალი, მერე ქვის დარტყმის სიძლიერე ვერ განსაზღვრა. მოკლედ, გამოძიება განახლდა და ყოველი შემთხვევისთვის, პორტსიგარის მახასიათებლები იმ ადამიანებს ჩამოურიგეს, რომლებიც მოპარული ნივთებით იატაკქვეშეთში ვაჭრობდნენ და სამართალდამცავები ხელს მხოლდო იმიტომ არ ჰკიდებდნენ, რომ მათი მეშვეობით, არაერთი საქმე იხსნებოდა. პორტსიგარი არცერთ მათგანს არ შეუძენია, თუმცა ყველამ პირობა დადო, რომ აუცილებლად შეატყობინებდნენ, თუ ვინმე ამ ნივთს მიიტანდა.

სხვათა შორის, დაკავებულს მოკლული ბიჭის დედაც ადებდა ხელს, აქაოდა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლში მოგვივარდა და ჩემს შვილს სახეში ორჯერ დაარტყა, არადა, განუყრელი მეგობრები იყვნენ და ასეთი რამ არასდროს მომხდარაო. გამომძიებელმა დაკითხვაზე მეგობრის ცემის მიზეზი ვერ ათქმევინა, ახლა კი ხერხი იხმარა, მასთან საკანში მივიდა და უთხრა, თუ მეტყვი, მეგობარი სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რატომ გალახე, გარეთ გაგიშვებ, თუ არა და, აქ მეყოლებიო.

„ძმაკაცის სიკვდილის შემდეგ, მის ცოლ-შვილზე ისე ვზრუნავდი, როგორც საკუთარზე. რა დასამალია,ის გოგო სამივეს გვიყვარდა და მან მე არ ამირჩია. ამის მიუხედავად, გულში არაფერი ჩამიდია და მეგობრობას ვაგრძელებდით. ჰოდა, ერთ დღესაც, მათთან მივედი, საჭირო ნივთები მივუტანე, ფულიც დავუტოვე და ქალმა მითხრა, ცოტა დავლიოთო. კონიაკს ვწრუპავდით, მაგრამ ორმა ჭიქამ გვარიანად დაათრო, ისე დაათრო, რომ გადავწყვიტე, დედამისისთვის დამერეკა, ბავშვისთვის რომ მიეხედა. სანამ ვრეკავდი, კიდევ დალია და თავს ვეღარ აკონტროლებდა. სწორედ მაშინ მითხრა, სანამ დავორსულდებოდი, ჩვენი მესამე მეგობარი მოვიდა სტუმრად, გათიშული მთვრალი იყო, ქმარი სახლში არ იმყოფებოდა და გამაუპატიურაო. ამან ქმარს შიშით ვერაფერი უთხრა, თუმცა მომხდარიდან ორ კვირაში გაიგო, რომ ორსულად იყო და რეალურად, არც იცოდა, ბავშვი ვისგან ჰყავდა, არც აინტერესებდა, ბავშვით ბედნიერი იყო. სწორედ ამიტომ დავარტყი ხელი მეგობარს, რა ვიცოდი, თუ სამ დღეში მოკლავდნენ? მოსაკლავი კი იყო, მაგრამ მე არ მომიკლავს“, - დაასრულა მონოლოგი დაკავებულმა და გამომძიებელმაც გაუშვა, რადგან მისი დაკავების არანაირი საფუძველი აღარ ჰქონდა.

გამომძიებლები იმ გოგოსთან წავიდნენ, რომლის გამოც გამოძიება ახლიდან დაიწყო და მან ყველაფერი დაადასტურა, თუმცა ისიც თქვა, არანაირი სურვილი არ მაქვს გავიგო, ვისგან მყავს შვილი, რადგან ის მაინც ჩემი ქმრის შვილად დარჩებაო. ძალოვნებს მეტი სათქმელი არც არაფერი ჰქონდათ და ძიება განაგრძეს, თუმცა ხელჩასაჭიდი საერთოდ არაფერი იყო. ქვა, რომლითაც ბიჭი მოკლეს, კი იპოვეს, თუმცა უდიდესი ალბათობით, კაცს, რომელმაც მსხვერპლს ქვა ჩაარტყა, ხელთათმანები ეკეთა, რადგან მასზე არანაირი კვალი არ იყო და როგორც წესი, ასეთ დროს, ქვაზე კანის ნაწილაკები რჩება ხოლმე, ნაპოვნ ქვაზე კი არაფერი არ იყო. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ გაუხსნელი დარჩებოდა და ამ დროს, განყოფილებაში დარეკეს - ვიღაცამ გამოძიებისთვის საინტერესო პორტსიგარი ჩააბარა. როგორც წესი, ნაქურდალი ნივთების მყიდველები, ნივთების გამსაღებლებს, პასპორტსა და პირად მონაცემებს არ სთხოვდნენ, მეტიც, ბევრი მათგანის სახელიც კი არ იცოდნენ და მხოლოდ მეტსახელებით იცნობდნენ. ასე იყო ამ შემთხვევაშიც - პირი, რომელმაც მოკლულისთვის მოპარული პორტსიგარი ჩააბარა, ნაქურდალის მყიდველისთვის ცნობილი იყო როგორც „ცენცო“. ეს კრიმინალი სამართალდამცავებისთვის კარგად იყო ცნობილი და ამიტომ, მისი დაკავება პრობლემას არ წარმოადგენდა. მასთან სამი ოპერ-მუშაკი წავიდა, პრობლემა არ იქნება, ფიზიკურად ძლიერი არ არისო და მართლაც, ის მარტივად დააკავეს. განყოფილებაში, ყოველი შემთხვევისთვის, მოიყვანეს ის ქალიც, რომელიც მასთან ერთად, სახლში იმყოფებოდა.

საჭირო იყო, დაკავებული აწ უკვე ყოფილ ბრალდებულს ენახა, ეგებ, მიმხვდარიყო, რა უნდოდა „ცენცოს“ მისი მეგობრისგან და რის გამო შეიძლებოდა, მოეკლა? ყოფილი ბრალდებული განყოფილებაში მივიდა, სავარაუდო მკვლელს ყურადღებით დააკვირდა და თავი გაიქნია, პირველად ვხედავო. ამ დროს ოთახში დაკავებულის სახლში მყოფი გოგონა შემოიყვანეს და ყოფილმა ბრალდებულმა მას გაოცებით შეხედა, - „შენ აქ რა გინდა?!“ მერე კი, გამომძიებელს მიუბრუნდა და ჩუმად ჩაილაპარაკა - „ჩემი და არის ეს გოგო და აქ რატომაა, ან ბორკილები რატომ ადევს?“ გამომძიებლები მასზე არანაკლებ გაოცდნენ და გოგონა ოთახიდან მაშინვე გაიყვანეს, შემდეგ კი, დაკავებულს მიუბრუნდნეენ და უთხრეს, თუ გინდა, სასჯელი ოდნავ მაინც შეგიმსუბუქდეს, ვყელაფერი თქვი, ხომ იცი, იმ გოგოს მაინც ყველაფერს დავაფქვევინებთო.

„ეს გოგო ჩემი საცოლეა, უფრო სწორად, ახლაა საცოლე, თორემ თავიდან ყურადღებას არ მაქცევდა. მერე, როცა თითქოს შემიყვარა, მითხრა, ერთი ბიჭი მოსვენებას არ მაძლევს, ჩემს გაუპატიურებასაც ცდილობდა და ეგებ, მომაშოროო. ის ბიჭი საქმის გასარჩევად დავიბარე, მოვიდა და როცა ვუთხარი, რა მინდოდა, გაეცინა, შემომაგინა და წასვლა დააპირა. სწორედ მაშინ ჩავარტყი ქვა და რომ დაეცა, ჯიბიდან პორტსიგარი გადმოუვარდა. ავიღე და გავიქეცი, მერე კი... არ ვიცოდი, თუ დაკავებული გამოუშვეს, თორემ პორტსიგარს არ გავყიდდი“, - თქვა მან.

გოგოს დაკთხვიდან კი გაირკვა, რომ ძმის მეგობარი მასზე მართლა იწევდა, თუმცა ამის შესახებ ძმას ვერ ეტყოდა, რადგან ეგონა, რომ ის არ დაუჯერებდა. მერე კი, როცა ძმა დაიჭირეს, ხმის ამოღება ვეღარ გაბედა, რა უნდა ეთქვა, ეგ ბიჭი ჩემმა ძმამ კი არა, საქმრომ მოკლაო? სასამართლომ დაკავებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე