18 წლის გოგომ მუშა ფანჯრიდან გადააგდო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 „მამაშენმა ფული არ გადამიხადა და რაც დამაკლო, ნატურით მივიღე“

 რემონტი - სიტყვა, რომელიც ყველას უყვარს და ყველას აშინებს. რემონტის დაწყება სერიოზული გადაწყვეტილებაა და ამბობენ, რომ ის არასდროს სრულდება, უბრალოდ, უნდა შეწყვიტო და ამით დაასრულო. საოცარია, მაგრამ ფაქტია - როცა მეზობელი რემონტს იწყებს, იმის მიუხედავად, რომ შეწუხებული სახე აქვს, სხვას მაინც შურს, უნდა, რომ თავადაც გააკეთოს, მაგრამ ზოგს შესაძლებლობა არ აქვს, ზოგს - ეზარება. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ერთი შეხედვით, უწყინარი რემონტით დაიწყო და საბოლოო ჯამში, კრიმინალით დასრულდა.

ორი ასაკოვანი ქალი, ქვემო ქართლის ერთ-ერთი ქალაქის ახლადაშენებული კორპუსის წინ სეირნობდა, როცა მათ წინ, ლამის ცხვირწინ, ახალგაზრდა მამაკაცი დაეცა. ქალებმა კივილი დაიწყეს, მერე, ერთ-ერთმა ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა, მაგრამ მეორე კიოდა, აზრი არ აქვს, ეს ბიჭი ჩემი ბინიდან გადმოვრდა, სული ჰაერში გასძვრებოდაო. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ჩვენება სწორედ ამ ქალმა მისცა.

„ამ კორპუსში კიდევ ერთი ბინა გვაქვს, სადაც მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი ვცხოვრობთ. რძალი მშობიარობას გადაჰყვა და ჩემს შვილს სხვა არ მოუყვანია, შვილიშვილი მარტომ გავზარდე - 18 წლის საოცარი გოგონა, უჭკვიანესი, უსაყვარლესი, ჰოდა, მან სთხოვა მამას, ცალკე მინდა ცხოვრებაო და ჩემმა შვილმაც, ამავე კორპუსში უყიდა ბინა, ახლოს რომ ჰყავდეს. რემონტი დავიწყეთ, ეს ბიჭი ჩვენთან მუშაობდა სარემონტო სამუშაოებზე და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გადმოხტა. სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი, დღეს უნდა დაესრულებინა და წარმოდგენა არ მაქვს, ასე რატომ მოიქცა“, - წუწუნებდა ქალი.

სამართალდამცავები ექსპერტიზის დასკვნას ელოდნენ, ძალიან სურდათ, რომ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ ჰქონოდა და ასეც მოხდა - ექსპერტიზამ კვალი ვერ იპოვა ანუ ბიჭი კი არ გამოაგდეს, თავისით გადმოხტა, ან გადმოვარდა. საქმე დასახურად იყო გამზადებული, როცა პოლიციაში გარდაცვლილის მეგობარი მივიდა.

„მე და ჩემი მეგობარი ერთად, რამდენიმე წელია, ვმუშაობთ. აღარც კი მახსოვს, რამდენი სახლი გავარემონტეთ. მას ყველაფერი კარგად ჰქონდა, შემოსავალიც, ბედნიერი იყო, საცოლეც ჰყავდა. გამორიცხულია, თავი მოეკლა და უფრო გამორიცხულია, გადმოვარდნილიყო. მას ფანჯარასთან არაფერი ესაქმებოდა, იქ ნივთების ასაღებად იყო მისული, მუშაობას უკვე მოვრჩით. უნდა აეღო ინსტრუმენტები და მოეთხოვა დარჩენილი თანხა - 2 700 ლარი, რომლის გადახდასაც შემკვეთი არ აპირებდა, აქაოდა, ბევრი მომთხოვეთო ანუ ყველაფერზე შეთანხმებული ვიყავით და როცა საქმე დასრულდა, თანხის გადახდა აღარ მოისურვა. მგონია, რომ სწორედ მან გადმოაგდო ჩემი მეგობარი. რაც მთავარია, ზუსტად ვიცი, მას ეჭვი ჰქონდა, რომ მასალებს ვპარავდით და ამიტომ, ოთახებში ვიდეოთვალი ჰქონდა დაყენებული, ვითომ დამალული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ და გვეცინებოდა. თუ ყველაფერი ასე მარტივად არის, მაშინ გვანახოს ჩანაწერები და ზუსტად გვეცოდინება, რა მოხდა“, - განაცხადა მან.

ვიდეოთვალის შესახებ გამოძიებამ არაფერი იცოდა, რაც მთავარია, არც სახლის მეპატრონეს უთქვამს რამე და ეს იმას ნიშნავდა, რომ ის რაღაცას მალავდა. რა თქმა უნდა, სახლის მეპატრონე გამოკითხვაზე დაიბარეს.

„რამდენიმე ვიდეოთვალი მართლაც მქონდა დაყენებული, რადგან ახლაც დარწმუნებული ვარ, ძვირადღირებულ მასალებს მპარავდნენ. მას შემდეგ, რაც ვიდეოთვალი დავაყენე, ყველაფერი რიგზე იყო და როგორც ვიანგარიშე, მთლიანობაში 3 ათას ლარზე მეტი მომპარეს. ჰოდა, დარჩენილი თანხა არ გადავუხადე. რაც შეეხება კამერებს, რამდენიმე დღის წინ ავიღე იმიტომ, რომ მუშაობასაც მორჩნენ და მოსაპარიც აღარაფერი იყო. როგორც ვიცი, ნივთების წასაღებად მოვიდა ის ბიჭი და არ ვიცი, რა მოელანდა, შეიძლება გადახტა, შეიძლება - გადავარდა. ფანჯარა ღია იყო, მასზე მხოლოდ მისი თითის ანაბეჭდები გახლდათ ანუ ვიღაც რომ ყოფილიყო, ხომ ვერ გაწმენდდა და მერე ახლიდან გააკეთებდა გარდაცვლილის ანაბეჭდებს? არ მესმის, რა არის გაურკვეველი და რატომ მართმევთ დროს“, - სახლის მეპატრონე საკმაოდ აგრესიულად საუბრობდა.

მას მაინც სთხოვეს კამერის ჩანაწერები, მაგრამ ბინის მეპატრონემ განაცხადა, რომ ყველაფერი ნაგავში გადაყარა, რადგან ვიდეოთვალები უხარისხო და იაფფასიანი იყო, რაც სამართალდამცავებმა, რა თქმა უნდა, არ დაუჯერეს და დარწმუნდნენ, რომ ის რაღაცას მალავდა, მაგრამ რას? ერთადერთი, ვისზეც ეჭვი არ მიიტანეს, გარდაცვლილის მეგობარი იყო, რადგან რომ არა ის, საქმე უბრალოდ არ აღიძვრებოდა და თვითმკვლელობის, ან უბედური შემთხვევის მუხლით დაიხურებოდა. რიგში სახლის მეპატრონის შვილი იყო, 18 წლის გოგონა, რომელიც, მეზობლების თქმით, მუდმივად იქ იყო, როცა ბიჭები რემონტს აკეთებდნენ.

„რა არის ამაში უცნაური? ისინი ხომ ჩემს ბინას არემონტებდნენ და მინდოდა, ჩემს ჭკუაზე გაეკეთებინათ, მითითებებს ვაძლევდი, თუ რამე არ მომწონდა, შენიშვნებს ვეუბნებოდი. ჩვეულებრივი, სამუშაო პროცესი იყო და ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ. იმ დღეს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, სახლში ვიყავი, ყვირილზე გარეთ გამოვიხედე და მერე გავიგე, რაც მოხდა“, - თქვა გოგონამ, მაგრამ გამომძიებლის კთხვაზე, მუშას კარი ვინ გაუღო, ან ვის უნდა დაეკეტაო, გოგონა აშკარად დაიბნა და თქვა, მათ თავის გასაღები ჰქონდათ და ალბათ, რომ დაკეტავდა, მოგვაწვდიდაო, რაც სიმართლეს აშკარად არ ჰგავდა. გამოდიოდა, რაღაცას გოგონაც მალავდა. დაჰკითხეს ქვედა მეზობელი, რომელიც ამტკიცებდა, ბინიდან ხმაური მესმოდა, დაძინება მინდოდა და ამიტომ, ვაბრახუნე, მაგრამ კარი არ გამიღეს, მერე კი გავიგე, რაც მოხდაო. ჰოდა, ყველაზე საინტერესოც ეს იყო - როგორც ქვედა მეზობელი ყვებოდა, იმის გამო, რომ ვერ დაიძინა, ტელევიზორი ჩართო და სწორედ იმ დროს, 12-სათიანი საინფორმაციო დაიწყო, თუმცა პირველივე სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ზედა ბინაში ავიდა და დააკაკუნა, მაგრამ კარი არ გაუღეს. არადა, ხმაური აშკარად ჩამოდიოდა, ვიღაც იატაკზე გამეტებით აკაკუნებდა. ბიჭი კი ბინიდან მაშინ გადავარდა, როცა 12-ს ხუთი წუთი აკლდა, ამას ეზოში მყოფი ორი კაცი ამტკიცებდა, აქაოდა, მაშინვე საათს დავხედეთ, რადგან ჩავთვლეთ, რომ გამოძიებისთვის ზუსტი დრო საინტერესო იქნებოდაო. ორივეს საათი გამართულად მუშაობდა და გამოდიოდა, რომ მას შემდეგ, რაც ბიჭი ბინიდან გადავარდა, ვიღაც კიდევ ბინაში იყო და... იატაკზე ისეთ ხმაზე აკაკუნებდა, მეზობელი შეწუხდა. სამართალდამცავებმა ახლად დაგებული ლამინატი შეამოწმეს და ერთგან დაზიანება ნამდვილად ნახეს. ექსპერტიზამ დაზიანებული ადგილებიდან მცირე ნაწილაკები ამოიღო და დაასკვნა, რომ ეს პლასტმასი და შუშის მცირე ნაწილაკები გახლდათ ანუ ვიღაც იატაკზე პლასტმასის და შუშის რაღაც ნივთს ამტვრევდა, მაგრამ რას?

„რას და, ვიდეოთვალს!“ - იყვირა გამომძიებელმა და ცხადი გახდა, რომ ბინის მეპატრონე რაღაცას საგულდაგულოდ მალავდა, ის რაღაც კი, სწორედ ვიდეოთვალზე იყო აღბეჭდილი. სასწრაფოდ შეამოწმეს მისი ფეხსაცმელები და ერთ-ერთის ძირიდან სწორედ იგივე ნაწილაკები ამოიღეს. დამალვას აზრი არ ჰქონდა და ბინის მეპატრონემ თქვა, რომ მუშაზე ძალიან იყო გაბრაზებული, ხელი სწორედ მან ჰკრა და ფანჯრიდან გადააგდო. ძიება შესაძლებელი იყო დასრულებულად გამოეცხადებინათ, თუმცა განყოფილებაში დაკავებულის შვილი მივიდა.

„მამაჩემი უდანაშაულოა, ის ბიჭი მე გადავაგდე ფანჯრიდან და ახლავე აგიხსნით, რატომ. პირველივე დღიდან მეპრანჭებოდა და მეც მთელი გულით შემიყვარდა. როცა ვუყურებდი წელს ზემოთ შიშველ, დაკუნთულ სხეულს, ელეთ-მელეთი მემართებოდა. მერე, რამდენჯერმე მარტო მოვიდა და მთხრა, რომ ჩემზე გიჟდებოდა, რომ ჩემს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, რომ ამ სახლს ისე არემონტებდა, როგორც საკუთარს და... მე, ჩემს ურემონტო ბინაში, პირველად მქონდა ურთიერთობა მამაკაცთან. ვიცოდი, რომ იქ ვიდეოთვალები იყო, ამიტომ ყველაფერი საპირფარეშოში მოხდა. ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი. იმ დღეს კი, როცა ბოლოჯერ მოვიდა, ვკითხე, შენი მისამართი მითხარი, მომავალში ხომ უნდა ვიცოდე, სად შევხვდებით-მეთქი და დამცინა, შენ გგონია, მართლა მიყვარხარ? მამაშენმა ფული არ გადამიხადა და რაც დამაკლო, ნატურით მივიღე, მაგრამ 2 700 ლარი ნამდვილად არ ღირხარო. ამ დროს, ღია ფანჯარაში, რაფაზე იდგა და რაღაცას ასწორებდა. თვალთ დამიბნელდა და ახლაც არ მახსოვს, ხელი როგორ ვკარი. მერე, გამოვიქეცი და მამაც მოვიდა, ის ეზოში იყო, ტელეფონში უყურებდა, რა მოხდა. მერე, ვიდეოთვალი დაამტვრია და თითქოს ყველაფერი მორჩა, მაგრამ... არ ვნანობ, რაც ჩავიდინე“, - განაცხადა გოგონამ.

სასამართლომ მას აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი ქმედება დაუფიქსირა და 4 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე