ვინ არის მამაკაცი, რომელიც პენსიონერ ქალბატონებზე ნადირობს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბათ, ყველას ჰყავს სანათესაოში, სამეზობლოში, სანაცნობოში მოხუცი (გნებავთ, ახალგაზრდა), რომელიც პროთეზს ხმარობს. ისეთი ადამიანიც მინახავს, რომელიც ამბობდა, თუ გინდა, ხელი მომაჭრან, ოღონდ ყველა კბილი ჯანსაღი მქონდესო. ზოგადად, ჯანსაღი კბილები ცალკე ბედნიერებაა და პროთეზი... ესეც გამოსავალია და არავინ იცის, ვის როდის დასჭირდება. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ორიოდე წლის წინ, ერთ-ერთ რეგიონში მოხდა და რომ არა ცოტა სასაცილო შემთხვევა, ეგებ, არც არავის გაეგო, მაგრამ უცნაურად დაწყებული ამბავი, უფრო უცნაურად გაგრძელდა. საბოლოოდ კი, კრიმინალსა და ლამის ნახევარი საუკუნის დაქალებს შორის ჩხუბით დასრულდა.

 

ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებ სამართალდამცავს მეზობელმა მიუკაკუნა, გეხვეწები, მიშველე, შარში ვარო. როგორც გაირკვა, ქალის დედას პროთეზი მოპარეს და ეჭვმიტანილი შვილიშვილი იყო. პოლიციელი თავიდან ვერ მიხვდა, რაში უნდა დასჭირვებოდა შვილიშვილს 70 წელს მიღწეული ბებიის პროთეზი, მაგრამ დედაც და ბებიაც ამტკიცებდნენ, დიდი ალბათობით, სწორედ იმან წაიღო, რადგან პროთეზში ერთ-ერთი კბილი ოქროსი იყო და როცა ბებია იღიმოდა, ოქრო სწორედ მაშინ ანათებდა ტუჩის კუთხიდან. შვილიშვილი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა და პოლიციელმა პირობა დადო, როგორც კი ვნახავ, დავკითხავო, მაგრამ...

„მთელი უბედურება ის არის, რომ დედა დღეს პაემანზე მიდის ანუ პროთეზი საღამოს ექვს საათამდე უნდა მონახოთ. სხვაგვარად აზრი არ აქვს, დავრეკე კლინიკებში და საღამოს ექვსამდე პროთეზს ვერავინ დაამზადებს“, - თქვა ქალმა. პოლიციელმა პირი დააღო, ჯერ მოხუცს შეხედა, მერე მის შვილს, რომელიც 50 წლამდე იქნებოდა და იფიქრა, მამასხარავებენო, მაგრამ არა.

„ორი თვეა, დედაჩემს კარგი მობილური ვუყიდე, სოციალურ ქსელშიც დარეგისტრირდა, რაღაც ჯგუფებშიც გაერთიანდა და იქ გაიცნო ქვრივი მამაკაცი, რომელსაც დღეს უნდა შეხვდეს. ის კაცი ეუნება, უნახავად მიყვარხარო და ესეც გადარეულია. რომ არ შეხვდეს, მთელი დარჩენილი ცხოვრება მე დამადანაშაულებს, რადგან მთავარი ეჭვმიტანილი ჩემი შვილია. გემუდარები, მიშველე, ამ საქმიდან როგორღაც გამომიყვანე, ცხოვრებას ჯოჯოხეთად ნუ მიქცევ“, - ემუდარებოდა ქალი.

პირველ რიგში, პოლიციელმა მთავარ ეჭვმიტანილს ანუ დაზარალებულის შვილიშვილს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. ბიჭი შეხვედრაზე დათანხმდა და უთხრა, მთავარ ეჭვმიტანილად ოჯახის წევრებს შენს ჰყავხარო.

„მესმის, იმათ ჰგონიათ, რომ ფული არ მაქვს, რადგან სულ ვწუწუნებ, სულ ფულს ვეძებ. რეალურად, ავტომობილის ყიდვა მინდა. აგერ, ჩემს ტელეფონში ანგარიშს განახებთ, სადაც 20 ათას ლარზე მეტი მიდევს, მაგრამ ეს ჩემი ოცნების მანქანისთვის არ კმარა. როგორ გგონიათ, ბებიას მოვპარავდი პროთეზს, რომელზეც, დაახლოებით, მეოთხედი გრამი ოქრო იყო და 50 ლარს მომცემდნენ? არა, მე დღისითაც და ღამითაც ვმუშაობ, დღეში, დაახლოებით, 200 ლარამდე შემოსავალი მაქვს და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ოცნება ავიხდინო. დამნაშავეს თუ მართლა ეძებთ, მე არ ვარ და სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები, ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ბებიას პროთეზი და თანაც იმ უმნიშვნელო ოქროს გამო. ისე, ბებია ამბობს, ოქროაო და შეიძლება, არც  არის ოქრო. მოკლედ, მე დამნაშავე არ ვარ“, - ბიჭი აშკარად გულწრფელად საუბრობდა და პოლიციელიც დაზარალებულთან დაბრუნდა. საათი ექვსის ნახევარს უჩვენებდა და მოხუცი ცხარე ცრემლით ტიროდა.

სწორედ იმ დროს, მასთან მეზობელი შევიდა, ქალი, რომელიც დაზარალებულის საუკეთესო მეგობარი იყო და ნახევარი საუკუნის ურთიერთობა აკავშირებდა. მომხდარის შესახებ რომ გაიგო, ჩაფიქრდა, მერე კი საინტერესო კითხვა დასვა - „ის კაცი სახეზე გიცნობს?“ როცა უარყოფითი პასუხი მიიღო, დაქალს უთხრა, შენს მაგივრად შეხვედრაზე მე წავალ, ჯერ არ ვეტყვი, რომ შენ მისვლა ვერ მოახერხე, დაველაპარაკები, იქნებ, ვიღაც ვიგინდარაა და თუ შევატყვე, რომ ნორმალური ადამიანია, ავუხსნი, ვეტყვი, რომ ცუდად ხარ, დღეს ვერ მიხვედი და შეხვედრას ზეგისთვის დავუნიშნავო. ეს აზრი ყველას მოეწონა და მოხუციც თავის ბინაში გაცუხცუხდა, გამოვიცვლი, მოვემზადებიო.

პოლიციელს რაღაც არ მოეწონა და გადაწყვიტა, მეზობლისთვის ეთვალთვალა. ის მართლაც „გამოიპრანჭა“, წითელი, კვასკვასა პომადაც წაისვა და იმ სკვერისკენ წავიდა, სადაც შეხვედრა იყო დანიშნული. პოლიციელი უკან ჩუმად გაჰყვა. სკვერში სკამზე ერთადერთი ხანშიშესული მამაკაცი იჯდა, მაგრამ 70 წელს მიღწეული ნამდვილად არ იქნებოდა, ბევრად ახალგაზრდა ჩანდა. როცა მოხუცი მიუახლოვდა, თვალები გაუბრწყინდა, დაუდასტურა, მე ვარო და ქალმა მკაცრად ჰკითხა, ასაკი რატომ მოიტყუეო.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ ათი წლით უმცროს კაცთან შეხვედრაზე უარს იტყოდით. მე კი, ისე მოვიხიბლე თქვენით, დარწმუნებული ვარ, ურთიერთობას მოვახერხებთ და თუნდაც დღესვე, მზად ვარ, საცხოვრებლად ჩემთან დაგპატიჟოთ. როგორ ქალსაც ველოდი, ზუსტად ისეთი ხართ. ღმერთო, არ მჯერა, ამ ასაკში, რომ გარდაცვლილი მეუღლის შემდეგ, ვინმე შემიყვარდებოდა და ასე მოვიხიბლებოდი“, - მამაკაცი არ ჩერდებოდა და... ქალი, რომელსაც უნდა ეთქვა, რომ მეგობარმა მისვლა ვერ მოახერხა, უბრალოდ, დუმდა და სახეგაბადრული უსმენდა.

ყველაფერი ესმოდა პოლიციელსაც და პროცესის დასრულებას ინტერესით ელოდა. მოულოდნელად, მამაკაცს ტელეფონზე დაურეკეს, მან ნერვიულად გადააქნია თავი და საუბარიც დაიწყო...

„ხომ გითხარით, რომ ფულს მოგიტანთ? 100 ლარზე ამდენს რომ მალაპარაკებთ, არ გრცხვენიათ? ახლავე გამოვდივარ და ფულს მოგართმევთ“, - თქვა მან ტელეფონში და ნერვიულად გათიშა. ქალმა ცნობისმოყვარე თვალები მიაპყრო.

„შვილიშვილი მყავს ცუდად, ოპერაცია სჭირდება, 5 ათასი ლარი ჯდება. შვილს რაც ჰქონდა, მისცა, 2 ათასი მე დავუმატე და ახლა რეკავენ, ასი ლარი აკლიაო და ოპერაციის დაწყებას არ აპირებენ. საავადმყოფო კი აქვეა, მაგრამ თანხა თან არ მაქვს. პრინციპში, არც სახლში მაქვს, მეზობელს გამოვართმევ. ბოდიში, წასვლა რომ მიწევს, მაგრამ უნდა გავიქცე“, - თქვა კაცმა და წამოდგა.

ქალს თვალები აუცრემლიანდა, ჩანთა გახსნა, ასი ლარი ამოიღო და კაცს მიაწოდა, დროს ნუ დაკარგავთ, პირდაპირ საავადმყოფოში წადითო. კაცმა იუარა, მერე ხელი აიქნია, მაინც კიდევ უნდა გნახოთ და დაგიბრუნებთო, ფული გამოართვა, ხელზე ეამბორა და წავიდა. პოლიციელი მას ფეხდაფეხ მიჰყვა, მიხვდა, საქმე თაღლითთან ჰქონდა და არც შემცდარა - მამაკაცმა კუთხეში შეუხვია თუ არა, ფული საფულეში გადაიტანა, საათს დახედა და ასე, 15 წუთში, იმავე სკვერში დაბრუნდა. ამჯერად, სხვა ხანდაზმულ ქალს შეხვდა და იგივე სცენა გაითამაშა. პოლიციელმა სამსახურში დარეკა და მამაკაცი სკვერშივე დააკავეს. თავად კი იქ დაბრუნდა, სადაც დაზარალებული ელოდა. ბინაში უკვე დიდი ჩოჩქოლი იყო. მეზობელი დაქალს გამოუტყდა,ის კაცი მე ძალიან მომეწონა, მასაც მოვეწონე და შენ ნუღარ შეხვდები, ურთიერთობას მე გავაგრძელებო. ჰოდა, იქ ამბავი იყო, დედა შვილს არ აიყვანდა.

პოლიციელმა ქალების დამშვიდება სცადა, ის თქვენი „კავალერი“ თაღლითი აღმოჩნდა და ბევრს ნუ ინერვიულებთო. ნათქვამმა ქალები დაამშვიდა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით. ცოტა ხანში, პროთეზდაკარგული ისევ აჩიფჩიფდა, მთელი ცხოვრება ვმეგობრობდით, ეს მაინც როგორ იკადრეო და... დაქალს თმაში სწვდა. პოლიციელი გაშველებას შეეცადა, გასაშველებლად დაზარალებულის შვილმაც გაიწია და ოთხივე იატაკზე გაგორდა. მოულოდნელად, რაღაცის მტვრევის ხმა გაისმა, სამართალდამცავს ეგონა, რომ რომელიმე მოხუცმა ძვალი გაიტეეხა. ყველა გაყუჩდა, მაგრამ ტკივილისგან არავის უყვირია. პოლიციელი დიასახლისს მიაშტერდა, რადგან ყველაზე უხერხულად ის გამოიყურებოდა. მერე ქალი ფეხზე წამოდგა, მუხლები დაიფერთხა და... ჯიბიდან დამსხვრეული პროთეზი ამოიღო.

„თავიდან დედის სურვილს ღიმილით შევხდი. მერე კი, როცა მართლა შეხვედრა გადაწყვიტა და მზადება დაიწყო, დავფიქრდი და მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო, ეს საქმე ჩემთვის ცუდად შემობრუნებულიყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ბინა დედაჩემის სახელზეა და ხომ შეიძლებოდა, ამ სიბერეში გათხოვება მოსურვებოდა, მერე მემკვიდრე მისი ქმარიც გახდებოდა, იმას კიდევ შვილები და შვილიშვილები ჰყავდა. ამიტომ, გადავწყვიტე, შეხვედრისთვის ხელი ყველანაირად შემეშალა და რაც მომაფიქრდა, პროთეზის მოპარვა იყო. მან მაიძულა, თქვენთვის მომემართა და ჩემს შვილს ქურდობა იმიტომ დავაბრალე, ზუსტად ვიცოდი, ვერაფერს დაამტკიცებდით, მერე კი, პროთეზს შემთხვევით ისევ ვნახავდით სახლში და ეს ისტორიაც ყველას დაავიწყდებოდა, მაგრამ ხომ ხედავთ, სადამდე მივედით“, -განაცხადა ქალმა.

პოლიციელი ოჯახურ ამბებში აღარ ჩაერია, დაკავებული მამაკაცი კი, თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს და მას კიდევ 11 ეპიზოდი დაუმტკიცეს, რაც ცოტა ნამდვილად არ იყო.'

ავტორი: ბათო ჯაფარიძე