ქალისგან უარყოფილი კაცის სისხლიანი შურისძიება

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

რაზე ფიქრობს ადამიანი, როცა სხვის ბინაში მოსაპარადაა შესული? პირველ რიგში, ძალიან ფრთხილობს და იმავდროულად, ძალიან ჩქარობს. ყველა, აბსოლუტურად ყველა ქურდი მშიშარაა ანუ მშიშარაა იმ კონკრეტულ მომენტში, როცა დანაშაულს სჩადის, ნებისმიერი ხმაურის ეშინია, რადგან ზუსტად იცის, რომ ერთი არასწორი მოქმედება, ან გაუთვალისწინებელი სტუმარი, ან შემთხვევითი მოწმე და ციხის კარი ძალიან ახლოსაა. ამის მიუხედავად, არის მომენტები, როცა...

 

სასწრაფო დახმარების სამორიგეოში ტელეფონის ზარი გაისმა. მამაკაცი აჩქარებით საუბრობდა, მისამართი დაასახელა, სადარბაზო, ბინის ნომერი და იქვე დააყოლა, ქალი უგონოდაა, კარის სახელური თავად ჩამოსწიეთ, მე მეჩქარებაო. სასწრაფო დახმარების ექიმები, დაახლოებით, 30 წამით ჩაფიქრდნენ - ეგებ, ვინმე ხუმრობსო, მაგრამ... უნდა გადაემოწმებინათ და დასახელებულ მისამართზე ნაჩქარევად გავიდნენ. ადგილზე მისულ მედიკოსებს ძალიან საინტერესო რამ დახვდათ - საძინებელში ახალგაზრდა ქალი უგონოდ იწვა, იქვე თავთან, წერილი და წამლების ცარიელი ფირფიტა იდო, წერილი გამოსათხოვარი გახლდათ, გოგონა - აშკარად წამლების ზემოქმედებით გათიშული, მაგრამ რაც მთავარია, სახლი ყირაზე იდგა. ექიმებმა გოგონას მოსულიერება დაიწყეს, მაშინვე წვეთოვანი შეუერთეს, კუჭიც იქვე ამოურეცხეს და მას სიცოცხლის ნიშნები დაეტყო. ამის შემდეგ, სამართალდამცავებს დაურეკეს, ვგონებთ, თქვენი საქმეაო. ადგილზე მისულმა ძალოვნებმა დაადასტურეს, რომ ბინა გაქურდული იყო, სახლიდან გატანილი გახლდათ ყველაფერი, მაგრამ ქურდი არსად ჩანდა. არადა, სასწრაფოში ხომ ვიღაცამ დარეკა? საქმე ბინის ქურდობაზე აღიძრა, ახალგაზრდა ქალი კი ფსიქოლოგებს გადააბარეს, რადგან ექსპერტიზამ მარტივად დაადასტურა, სუიციდის მცდელობის წინ დაწერილი წერილი და მის სახლში ნაპოვნი ქალის ხელნაწერები იდენტური იყო ანუ წერილი მან დაწერა, მერე წამლები დალია და რატომ აპირებდა თვითმკვლელობას, ეს ფსიქოლოგების საქმე იყო.

გამომძიებლებმა სახლში ტელეფონის ყურმილი შეამოწმეს და მასზე თითის ანაბეჭდები საგულდაგულოდ იყო წაშლილი. იმასაც ამბობდნენ, ეგებ, არ ღირს, ბინის ქურდის დაკავება, რადგან სწორედ მან გადაარჩინა გოგონაო, თუმცა იმას კი მიხვდნენ, ბინაში პროფესიონალი მუშაობდა იმიტომ, რომ კვალი არ ჰქონდა დატოვებული. ამასობაში, განყოფილებაში ფსიქოლოგმა დარეკა, რომელსაც გოგონას დამშვიდება ევალებოდა და ცოტა არ იყოს, დაეჭვებულმა განაცხადა, ამას დასახმარებელი არაფერი სჭირს, თავის მოკვლა არ უცდია, ვიღაც მის მოკვლას ცდილობდაო. ძალოვნებმა ერთმანეთს გადახედეს და საავადმყოფოში წავიდნენ.

„იმით დავიწყებ, რომ წერილი მანახეს და არ მჭირდება ექსპერტიზა, ჩემი ნაწერია. რაოდენ გასაოცარი უნდა იყოს, არ ვიცი, როდის დავწერე, მაგრამ ფურცელი ძველია, რაღაცნაირად არის დაჭრილი, თითქოს საიდანღაც ამოჭრილია. მე ბავშვობაში სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, როლებს ვერ ვიზეპირებდი, თუ რვეულში არ დავწერდი. მგონია, რომელიმე სპექტაკლიდან არის და ეს რვეული ვიღაცას ხელში ჩაუვარდა. ვინ შეიძლება იყოს, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი ეს, აშკარად კარგად გამოიყენა. სახლში სტუმარი არ მყოლია, აბები არ დამილევია, ჩემიც კი არ არის, მჯერა, არც ჩემი ანაბეჭდები იქნება ზედ და იცით, რა მინდა გთხოვოთ? ჩვენი სადარბაზოს წინ, მუდმივად ორი ქალბატონი ზის, ბებიები და ყველას ათვალიერებენ. მათ ზუსტად ეცოდინებათ, ვინ შემოვიდა იმ დროს ჩემთან სახლში და ისე ზუსტად აღწერენ, ფოტორობოტს თავად შეადგენთ. რაც შეეხება იმ კაცს, ვინც საავადმყოფოში დარეკა... ვიცი, რომ გამქურდეს, მინდა, ის კაცი იპოვოთ, ვინც ეს გააკეთა, რომ მადლობა გადავუხადო. მან სიცოცხლე შემინარჩუნა და არ მაინტერესებს, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა წაიღო, მე მსურს, ციხეში არ ჩასვათ და მინდა, მას ვიცნობდე“, - განაცხადა ქალმა.

სამართალდამცავებმა ისიც გაარკვიეს, რომ ქალს სტუმარი არ ჰყავდა ანუ სხვის მიერ მიწოდებული საკვები არ მიუღია. ის ყოველ დილით დარბოდა, იმ დღესაც ჩვეულებრივად გავიდა სკვერში, ჩანთა სკამზე დადო, სკვერს წრე დაარტყა, მერე წყალი მოსვა, მერე მეორე წრე დაარტყა და თავი შეუძლოდ იგრძნო, ამიტომ სახლში წავიდა, ოთახში შევიდა, ზუსტად ახსოვდა, რომ კარი ჩაკეტა, რადგან კარი მიხურვისთანავე, ავტომატურად იკეტებოდა და კარის მიხურვა ახსოვდა, მერე ის ახსოვდა, რომ საძინებელში შევიდა და... საავადმყოფოში გაიღვიძა. ძალოვნებმა ექსპერტიზაზე წყლის ბოთლი წაიღეს, მაგრამ გოგონამ უთხრა, აზრი არ აქვს, წყალს ყოველთვის ახალს ვყიდულობ, გაუხსნელს და ზუსტად მახსოვს, წრე რომ დავარტყი, ბოთლი ჩემი ხელით გავხსენი, მეორე წრეზე უკვე ცუდად ვიყავი და მართალია, გზაში წყალი კიდევ მოვსვი, მაგრამ ახალი ბოთლიდან წამალს ვერ მივიღებდიო. ამის მიუხედავად, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდა.

„ბოთლს სახურავზე აქვს ნემსით გაკეთებული მცირე ზომის ნახვრეტი, საიდანაც სავარაუდოდ, რამდენიმე გრამი ძლიერმოქმედი დასაძინებელი შეუშვეს, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონას დაეძინა, წყალი კიდევ დაალევინეს. ვადასტურებთ, რომ ექიმებმა მას ბეწვზე მიუსწრეს და სასწაულით გადაარჩინეს“, - დაახლოებით, ასეთი იყო ექსპერტიზის დასკვნა.

მოხუცი ქალების დაკითხვამ ძალიან საინტერესო შედეგი გამოიღო. ისინი ამტკიცებდნენ, როცა გოგონა სახლში დაბრუნდა, სადარბაზოში ჯერ, დაახლოებით, ჩვენი ასაკის ქალი შევიდა და 15 წუთში უკან გამობრუნდა, მერე კი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უკან, დაახლოებით, ნახევარ საათში გამოტრიალდა და ცოტა შეშინებული და აჩქარებული ნაბიჯით გავიდა ეზოდანო. ისინი ამტკიცებდნენ, მეტი არავინ გვინახავს და შეგვიძლია დავიფიცოთ, რომ ჩვენს თვალს ვერავინ გამოეპარებოდაო. პენსიონერებმა ახალგაზრდა კაცი დაახასიათეს, თუმცა რამე განსაკუთრებული ნიშანი ვერ თქვეს, სწრაფად შევიდა და უფრო სწრაფად წავიდაო. გამოძიების ვერსიით, ბინის ქურდი სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ.. ვინ მოწამლა ქალი და ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ? სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ ბინის ქურდმა გააკეთა ყველაფერი, მერე გადაიფიქრა და მისი გადარჩენა გადაწყვიტა. ამასობაში, შავ ბაზარზე, გოგონას ბინიდან წაღებული ყელსაბამი გამოჩნდა და ნაქურდალის მყიდველმა ძალოვნებს დაურეკა. როგორც წესი, თუ საქმე მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას ეხებოდა, ნაქურდალის გამსაღებლები ფრთხილობდნენ. ბინის ქურდი მალე დააკავეს.

„მივხვდი, ჩაშვებული ვარ და დამალვას აზრი არ აქვს. იმ გოგოს დიდხანს ვაკვირდებოდი, ყოველ დღე სკვერში დარბოდა, ამიტომ დრო საკმარისზე მეტი მქონდა. იმ დღესაც, რომ წავიდა, ცოტა ხანს ვადროვე, მერე მაღაზიაში გავედი სიგარეტის საყიდლად, დავბრუნდი და ბინაში შევედი. ბინა მარტივად გავასუფთავე და როცა საძინებელში გადავინაცვლე, დავინახე, რომ ის ლოგინზე ეგდო. ჯერ შემეშინდა, მერე გამიკვირდა, მერე წერილიც დავინახე და წავიკითხე. პულსი გავუსინჯე, სუნთქავდა, შემეცოდა და დავრეკე, მე კი წავედი“, - თქვა დაკავებულმა და გაოცდა, როცა უთხრეს, ადვოკატმა მოგაკითხაო.

მალე გაირკვა, რომ ადვოკატი გოგონამ დაიქირავა და ბიჭმაც ჩვენება მეორე დღესვე შეცვალა, ის ყელსაბამი გოგონამ მაჩუქა, არავინ გამიქურდავს, ბინაში კი ვიყავი, მაგრამ შემეშინდა და გავიქეციო. ცხადი იყო, გოგო თავისი გადამრჩენელის ციხიდან დახსნას ცდილობდა. რაც მთავარია, გოგონამ გაიხსენა პიესა, რომელიც სკოლაში დადგეს და საიდანაც ის ფრაზა იყო ამოგლეჯილი. ისიც გაიხსენა, რომ მასზე თანაკლასელი იყო უიმედოდ შეყვარებული, რომელიც მერე სადღაც დაიკარგა და მხოლოდ ახლა, შემთხვევით იპოვა.

„ცოტა უცნაური კლასელი მყავს. მთელი ცხოვრება მიმტკიცებდა, შენს გარდა, ცოლად არავის მოვიყვანო. წლები ისე გავიდა, აღარ მინახავს და არც მახსოვდა. თეატრში ხშირად დავდივარ და ამას წინათ რომ ვიყავი, ვნახე, სცენაზე იდგა. მსახიობობა დაუწყია, გამიხარდა, სპექტაკლის შემდეგ, საგრიმიოროში მივაკითხე, მივულოცე წარმატება. ერთადერთი კითხვა დამისვა, გათხოვილი ხარო? არა-მეთქი და ზუსტად ერთ კვირაში, სამსახურში დამადგა, ცოლს დავშორდი და შენ უნდა მოგიყვანოო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და დამემუქრა, არ გაპატიებო. არ ვიცი, შეიძლება, სწორედ მან გადაწყვიტა ჩემი მოწამვლა“, - განაცხადა ქალმა.

ძალოვნებმა მსახიობი დააკავეს და გზაშივე მიხვდნენ, რომ დამნაშავე ის იყო, რადგან მთელი გზა იმეორებდა, მაინც გადარჩა ის ძუკნაო.

„ჰო, მთელი ცხოვრება მიყვარდა, მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, ის კი მთელი ცხოვრება მამასხარავებდა. ახლაც, როცა შევხვდი, ღიმილით მითხრა, ცოლს თუ დაშორდები, მე წამოგყვებიო. სერიოზულად მივიღე, დავშორდი, ორსულ ცოლს დავშორდი და... მერე დამცინა, მართლა დაიჯერეო? მისი გრაფიკი შევისწავლე, ჩანთას სკვერში სკამზე ტოვებდა და წყალში დასაძინებელი მარტივად შევურიე. მისი ყველაფერი დღემდე შენახული მქონდა, მათ შორის, რვეულებიც, რომელსაც თავად ყრიდა ხოლმე და იქიდან ამოვჭერი საჭირო ფრაზა. მერე მოხუცი ქალის ფორმა ჩავიცვი, სახლის გასაღების ასლიც მქონდა და როცა შინ დაბრუნდა, უკვე ნახევრად გათიშულს, კიდევ მივეცი დამატებითი დოზა. უნდა მომკვდარიყო, მაგრამ, ალბათ, რაღაც მოხდა, ალბათ, სხეულმა გაუძლო. ვნანობ? - არა, არ ვნანობ“, - განაცხადა დაკავებულმა.

მკვლელობის მცდლობისთვის სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბინის ქურდს კი... ბინის ქურდს პირობითი აკმარეს, რადგან მომჩივანი არ ჰყავდა და როგორც გამომძიებელი ამბობს, მან სწორედ იმ გოგონაზე იქორწინა, რომლის სახლიც გაქურდა.

 

 

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე