რატომ გადაწყვიტა მოხუცმა ქალბატონმა 60 წლის დაქალის მოკვლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური 

როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეზე და რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა

რაც უფრო გვემატება ასაკი, მით მეტად ვხვდებით მშობლების ფასს. უფრო მეტად ვცდილობთ, მოვეფეროთ, მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ და მერე, როცა მშობლები აღარ გვყავს, ვნანობთ ყოველ წუთს, რომელიც მათ გარეშე გავატარეთ და ის არაფრისმომცემი საქმეები, რაც მაშინ მნიშვნელოვნად გვეჩვენეებოდა, თურმე, შეგვეძლო გადაგვედო, დედ-მამასთან ვყოფილიყავით. არცთუ იშვიათად, მშობლებს ექიმებთან ტყუილადაც დავატარებთ, გვეშინია, თითქოს ხმამაღლა დაახველეს, თითქოს გამოხედვაში რაღაც შეეცვალათ, თითქოს რაღაც ისე არ არის...

პოლიციის განყოფილებაში მამაკაცი მივიდა და განაცხადა, რომ ვიღაც  დედამისის მოკვლას ცდილობდა. ძალოვნებმა თავიდან ყურადღებით დაიწყეს მოსმენა, მაგრამ მერე იფიქრეს, რომ მამაკაცი, უბრალოდ, აჭარბებდა და საკუთარი ფანტაზიების მსხვერპლი იყო.

„საქმე ის გახლავთ, რომ დედაჩემი მერვე სართულზე ცხოვრობს და არასოდეს სარგებლობს ლიფტით. ის ამბობს, რომ სიარული ჯანმრთელობაა და მუდმივად ფეხით დადის. ამჯერადაც, სახლიდან რომ გამოვიდა, კიბეზე დაგორდა. თავიდან იფიქრა, ფეხი დამიცდაო და მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ იქაურობა რომ დავათვალიერე, სათევზაო ძუა ვნახე გაბმული ანუ ვიღაცამ ძუა შეგნებულად გააბა, დედაჩემს ფეხი რომ გამოედო და დაგორებულიყო. სასწაულებრივად გადარჩა და ეს რომ კონკრეტულად დედაჩემის საწინააღმდეგოდ იყო მოფიქრებული, იქიდან ვხვდები, მის სართულზე სხვა არავინ ცხოვრობს, კორპუსიც რვასართულიანია ანუ ერთადერთი, ვინც დაგებულ მახეში გაებმებოდა, დედაჩემი იყო“, - განაცხადა მამაკაცმა.

პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს არასრულწლოვნების ხუმრობა უფრო იყო, ვიდრე ვინმეს მიზანმიმართული ქმედება, რადგან საეჭვო გახლდათ, 60 წლის ქალის მოკვლა ვინმეს მოსურვებოდა, მით უმეტეს, რომ ის ცალკე ცხოვრობდა, მის შვილს ბიზნესი ჰქონდა და საკმაოდ წარმატებულიც, დედის ბინის გარდა, კიდევ ორი ბინა დაკეტილი ჰქონდა და ბინის გამო, დედამისს არავინ შეაწუებდა. კაცს სხვა დედმამიშვილი არ ჰყავდა და...

„არ ვიცი, როგორ ვთქვა, მაგრამ ერთადერთი, ვისაც დედაჩემის სიკვდილი აწყობს, ჩემი ბიჭია. ის 18 წლის გახლავთ, ცალკე სურს ცხოვრება, მაგრამ ამის ნებას არ ვაძლევ. დედაჩემის ბინა მის სახელზეა და ამბობს, როცა მოკვდება, მერე ხომ მაინც ვერაფერს დამიშლით, ჩემს ბინაში გადავალ საცხოვრებლადო. თუ ის დამნაშავეა, მინდა, მთელი სიმკაცრით დაისაჯოს“, - განაცხადა კაცმა.

ყოველი შემთხვევისთვის, სამართალდამცავებმა დაზარალებულის შვილიშვილი დაკითხეს. ბიჭმა მშვიდად მოუსმინა პოლიციელებს, შემდეგ კი აფეთქდა.

„როგორ გგონიათ, გამზრდელ ბებიას, რომელიც მშობლებზე მეტად მიყვარს, რადგან იმათზე მეტი ამაგი აქვს ჩემზე, მოსაკლავად გავიმეტებდი იმის გამო, რომ მის ბინაში შევსულიყავი? ეს სისულელე მამაჩემმა გითხრათ? ღმერთო, რა სულელია. მართლა მინდა ცალკე გადავიდე, ცალკე ვისწავლო, მეტი დრო მქონდეს იმ იდეის განსახორციელებლად, რომელიც მაქვს და რომელიც ახალი ბიზნესის დაწყებას გულისხმობს, მაგრამ მას ჰგონია, რომ... მამაჩემს ჰგონია, რომ მისი შვილი მკვლელობაზეა წამსვლელი და თან, ვისი? - ბებიის მკვლელობაზე! ახლა ნამდვილად გადავალ ცალკე“, - განაცხადა ბიჭმა.

თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მაგრამ მომხდარიდან ორ კვირაში, დაზარალებული საავადმყოფოში მოხვდა. სასწრაფო დახმარების მანქანა მან თავად გამოიძახა. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში „კურარეს“ მსგავსი შხამი აღმოჩნდა და საოცარია, რომ ქალმა სასწრაფოში დარეკვა მოასწრო. როგორც წესი, ეს შხამი ძლიერმოქმედია და სხეულის პარალიზებას მალე იწვევს. ეს უკვე ნამდვილად მკვლელობის მცდელობა იყო და ახლა თავად დაზარალებულს უნდა ეთქვა, რა მიიღო, სად მიიღო და ვისი ხელიდან, თუმცა...

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, დილით ჩვეულებრივად ავდექი, სტუმრად არავინ მოსულა, საჭმელი ვჭამე და ჩემი საყვარელი ჩაი დავლიე. თავი ცუდად ვიგრძენი, იმდენად ცუდად, რომ ტელეფონი ავიღე და დავრეკე. მივხვდი, ბევრს ვერ ვისაუბრებდი და ამიტომ, მხოლოდ მისამართი ვთქვი, მერე კი თვალი საავადმყოფოში გავახილე. რა მოხდა? არ ვიცი, მართლა არ ვიცი“, - თქვა ქალმა.

რაც შეეხება იმ ადამიანთა წრეს, ვისაც შეეძლო დაზარალებულს სახლში შესულიყო და მოეწამლა, საკმაოდ ვიწრო იყო - შვილი, შვილიშვილი, მეზობელი ქალი და... კაცი, რომელსაც თურმე ეს ქალი უყვარდა.

„რა? თქვენ ხომ არ გაგიჟდით? მე ობლობაში გავიზარდე, 3 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დედის გვერდით არასდროს არავინ ყოფილა და თქვენ მეუბნებით, ახლა, ამ ასაკში შეუყვარდა? სისულელეა, არ მჯერა... თუ ეს თავად თქვა... მე ის მამაკაცი არასდროს მინახავს. ალბათ, ვინმე ბინაზე გადარეული ალფონსი იქნება“, -როცა შვილმა დედის მეგობარი მამაკაცის შესახებ გაიგო, ლამის კედლებზე გაიარა, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. კავალერი 65 წლის, ვეტერანი სამხედრო იყო, პოლკოვნიკი, საკუთარი სახლიც ჰქონდა და არცთუ მცირე ბიზნესი, ამიტომ ქალის ბინა ნამდვილად არ სჭირდებოდა, მაგრამ... სჭირდებოდა თუ არა მისი მოკვლა? ყოფილი პოლკოვნიკი დაკითხვაზე დაიბარეს.

„ცოლი 8 წლის წინ გარდამეცვალა, ერთი შვილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეორე - აქ, თბილისში, მაგრამ თავისი ოჯახი აქვს, ბიზნესი, საქმეები და ჩემთვის არ სცალია. არ სცალიათ შვილიშვილებსაც, ხან ერთ წრეზე არიან, ხან - მეორეზე, საღამოს ისეთი დაღლილები მოდიან, ბაბუასთან თამაშის თავი და სურვილი ნამდვილად არ აქვთ. ასე ვარ, სულ მარტო. ცოტა ხნის წინ, ამ კორპუსში მცხოვრები ქალი გავიცანი, მერე მან შინ მიმიპატიჟა და ეს საოცარი ქალბატონიც მაშინ ვნახე. მას შემდეგ ვცდილობ, გული მოვიგო, ცოლად მოვიყვანო, მაგრამ უარზეა, რა დროს ჩვენი ეგ ამბებიაო. ახლა კიდევ, ვიღაცამ მისი მოწამვლა სცადა და არც კი ვიცი, რა მოვიმოქმედო. მანამდე სათევზაო ძუა დაუმაგრეს... ფაქტია, ვიღაცას ხელს უშლის, მაგრამ ვის?“ - პოლკოვნიკი ცდილობდა, გამოძიებას როგორმე დახმარებოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მას ეჭვი არავისზე ჰქონდა.

რაც შეეხება დაქალს, ისიც ასაკოვანი იყო, მაგრამ დაახლოებით ისეთი, სიბერეშიც რომ წითელი პომადითა და ცოტა გამომწვევი, უფრო ვულგარული ტანსაცმლით რომ დადიან. მან მხრები აიჩეჩა, აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე, ვის რა დაუშავა ჩემმა დაქალმა, ხანდახან ისეთი აუტანელია, მზად ვარ, ჩემი ხელითაც დავახრჩოო. გამოძიებას ისევ არაფერი ჰქონდა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ქალის მოწამვლა ვიღაცამ გადაწყვიტა და თან არცთუ ადვილად საშოვნი „კურარეს“ შხამით. შეისწავლეს პოლკოვნიკის წარსული და მას აფრიკაშიც ჰქონდა სამსახური გავლილი ანუ მარტივად შეეძლო, იქიდან „კურარე“ ჩამოეტანა. სხვას ამის შოვნა გაუჭირდებოდა და ეჭვი კვლავ პოლკოვნიკზე მიიტანეს, მაგრამ მას არ ჰქონდა უმთავრესი - მოტივი, ან ჰქონდა, და გამოძიება ვერ ხვდებოდა. კვანძი მააშინ გაიხსნა, როცა არავინ ელოდა. განყოფილებაში პოლკოვნიკი მივიდა და მაგიდაზე ექიმის დასკვნა დადო.

„იცით, ეს რა არის? არ იცით, წარმოდგენაც არ გაქვთ. აქ წერია, რომ ჩემი საყვარელი ქალი „კურარეთი“ მოწამლეს და ეს მისმა დაქალმა გააკეთა. მე აფრიკიდან ჩამოვიტანე ეს შხამი და ერთხელ, როცა ის ქალი ჩემთან იყო სტუმრად, ვანახე და მეხვეწა, ცოტა მომეციო და მივეცი. სხვა ამ შხამს ვერ იშოვიდა და ახლა თქვენ უნდა გაარკვიოთ, რატომ მოწამლა მეზობელი და რაც მთავარია, მგონია, რომ ის ამას მეორედაც შეეცდება“, - ყვიროდა პოლკოვნიკი.

გამომძიებლები დაზარალებულთან წავიდნენ და თავზე ზუსტად იმ დროს დაადგნენ, როცა დაქალთან ერთად, ჩაის დალევას აპირებდა. წინ ორცხობილები იდო, რომელიც სწორედ მეზობელმა შეიტანა და ამბობდა, მე ვერ შევჭამ, ამის კბილები სად მაქვსო. ორცხობილები ექსპერტიზაზე გაგზავნეს, ქალი კი დააკავეს. დასკვნა მალე მოვიდა - ორცხობილებში სასიკვდილო დოზის „კურარე“ იყო გარეული.

„ეს კაცი პირველად მე გავიცანი, დარწმუნებული ვიყავი, ცოლად მომიყვანდა, მერე კი ჩემი მეზობელი გაიცნო და გადაირია. მე მეუბნებოდა, როგორ მოიყვანდა ცოლად, როგორ დედოფალივით აცხოვრებდა, როგორ ეძებდა ასეთ ჭკვიან ქალს მას შემდეგ, რაც ცოლი გარდაეცვალა. ჰო, ძუა მე გავაბი, მისი ჯანსაღი ცხოვრების წესით რომ მესარგებლა, მაგრამ გადარჩა. მერე მოვწამლე, მაგრამ მაინც გადარჩა და ახლა... ახლა თქვენ რომ არ მოსულიყავით, ვერაფერი გადაარჩენდა“, - ქალი კი არ საუბრობდა, სიტყვებს კბილებიდან ცრიდა.

სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის მას 8 წელი მისცა, პოლკოვნიკმა კი... ოცნება აიხდინა და საყვარელი ქალი ცოლად შეირთო, საცხოვრებლად თავის ბინაში გადაიყვანა, ბებიის ბინაში კი შვილიშვილი შესახლდა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე