შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების (CSDP-CR) დირექტორატის ხელმძღვანელს - პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის სამხედრო შტაბისა და სამხედრო მისიების ხელმძღვანელს - ერვე ბლეჟას, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი ბუთხუზმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განსაკუთრებულ როლსა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 პირი ნარკორეალიზატორია.
 
1988 წელს დაბადებული ს. ნ., 1974 წელს დაბადებული კ. კ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი დ.ტ. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. დაკავებული არიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის.
1988 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1960 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.
 
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
 
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „სუბოქსინის“, “მეტადონის” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური სამალავიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 9 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს ტ.კ., რომლსაც 250 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" უკანონოდ, სხეულით შემოჰქონდა.
 
იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ჩ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული მ. გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: 60 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 1 კილო და 500 გრამი გამომშრალი "მარიხუანა" და 160 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის “ შემცველი ნივთიერება.
 
ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ რეალიზაციისგან აღებული ფული, ასევე, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია “AM”, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.
დღეიდან, 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.
AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
დღეიდან, 28 მარტიდან “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
ამასთან გაცნობებთ, რომ დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით, რეგისტრაციის წესების დარღვევა და მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - 13 პირი დააკავეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია.

პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა: სომხეთის მოქალაქეები - - 1997 წელს დაბადებული ა. ა., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ., ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 1998 წელს დაბადებული ნ. გ., 1982 წელს დაბადებული ხ. ბ., 2001 წელს დაბადებული ლ. წ., 1995 წელს დაბადებული თ. შ., 1991 წელს დაბადებული ვ. კ., 1996 წელს დაბადებული მ. გ., 1999 წელს დაბადებული ე. მ., 1987 წელს დაბადებული ნ. თ., 1999 წელს დაბადებული ნ. დ., 1999 წელს დაბადებული ნ. ხ.

მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში - „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან - ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან - ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიჰქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.

სამართალდამცველებმა, კლუბი "როიალის" ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები - 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი .

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს - ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვდა გამართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლს საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერმა, მარიამ თუთბერიძემ გახსნეს.
სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს გეგმის პროექტით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები.
შეხვედრის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოადგინეს.
განხილვების დასრულების შემდეგ დამტკიცდება 2022 წლის სამოქმედო გეგმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

სწავლების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის არსი; შეზღუდული შესაძლებლობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტი და სხვ.

 

ტრენინგი პროექტის - „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით - მეორე ფაზა“ - ფარგლებში გაიმართა.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის - „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“- ნაწილია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის დანერგვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან უზრუნველყოფენ ადგილობრივი კომპანიები - GEC და რეფორმებისა და ინოვაციების ცენტრი.

პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრსა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტური და ინკლუზიური მიწოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში, ბოლო დროს ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდითა და 8 ვაზნით, ასევე, "DREISE" -ს ფირმის პისტოლეტი, მჭიდითა და 6 ვაზნით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.ო. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 პისტოლეტი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ა.გ. ბორჯომში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის კონსტრუქციის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შაშხანა, პნევმატური იარაღი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 მჭიდი და 132 საბრძოლო ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
 
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმები, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება. ანგარიშის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით დაუღალავი შრომისთვის.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ ჩემს თანამშრომელს საზოგადოებრივი წესრიგის და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით დაუღალავი შრომისთვის. ყველა თანამშრომელს მადლობა“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონმდებლებს უწყების ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით, 2021 წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით და მჭიდრო კოორდინაციით, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი ინიციატივების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს. მიმდინარე წელსაც განსახილველად წარმოდგენილი იქნება არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა მინდა გამოვყო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან არის ნაკარნახევი. თქვენ ყველას გახსოვთ, თუნდაც ბოლო ფაქტი, სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ ოჯახში მომხდარი ტრაგედია, რომელიც პნევმატური იარაღის არასწორმა გამოყენებამ გამოიწვია. შესაბამისად გამკაცრდება პნევმატური იარაღის ტარებასა და შენახვასთან დაკავშირებული რეგულაციები. საკანონმდებლო ცვლილებები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ იარაღის კატეგორიებად დაყოფა მოხდება არა იარაღის დანიშნულების და მიზნის მიხედვით, არამედ იარაღის სახე დადგინდება მისი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად. კერძოდ, სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრება იარაღის პარამეტრი - ლულის სიგრძე. გარდა ამისა, იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გახდება ვადიანი. ამასთანავე, პირს მიენიჭება გარკვეული პერიოდულობით მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის უფლება სასროლეთში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება იარაღის ბრუნვის წესების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები. მათ შორის, განისაზღვრება სანქციის ახალი სახე - იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვა. იარაღის უკანონო ბრუნვის პრევენციის მიზნით, პოლიციას მიენიჭება უფლება, პირს მოსთხოვოს მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციაში წარმოდგენა. აღნიშნულის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის ივლისში დაამტკიცა ხმოვანი-აკუსტიკური იარაღის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები. ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი იარაღის ტარება და დასახლებულ პუნქტში მისი გამოყენება. დადგენილი წესების დარღვევისთვის დაწესდა საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული საქნციები, მათ შორის შესაძლებელი გახდა იარაღის კონფისკაცია. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ხმოვანი -აკუსტიკური იარაღის უნებართვო გამოყენების მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდა. დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. მათ შორის, სანქციები გამკაცრდება სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე, სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებაზე, ასევე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული-მძიმეწონიანი სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობის წესების დარღვევაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.