შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალციხის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - რობინ დანიგანი ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა.
რობინ დანიგანმა ადგილზე დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხარდაჭერით გადმოცემული, ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა.
სპეციალური საშუალებები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი და მათი გამოყენება, როგორც სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად, ასევე-სასწავლო მიზნებით მოხდება.
ამერიკული მხარისგან სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გადმოცემა წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომელიც მომავალშიც აქტიურად და ნაყოფიერად გაგრძელდება.

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.
აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი.
სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ.
საპროტესტო აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავების მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით და არ გასცდენოდნენ კანონით დადგენილი წესით შეკრების ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწიეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 14 პირი.
შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 4 პირი, ხოლო რაც შეეხება 10 დაკავებულს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.


დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული პირების შეყვანისთანავე ექიმების მიერ კონფიდენციალურ გარემოში მოხდა მათი სამედიცინო შემოწმება და შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იზოლატორში ყოფნის პერიოდში დაკავებული პირებისთვის დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროება არ დამდგარა.
აქვე აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პირობებში დაკავებულებს საშუალება ჰქონდათ კონფიდენციალურ გარემოში შეხვედროდნენ და გასაუბრებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულს.
ყველა დაკავებულს შეუზღუდავად აქვს წვდომა საკუთარი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან, სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან.
15 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში გამოხატავდნენ პროტესტს, ხოლო 19:00 საათიდან აქციის წევრებმა შეკრება დაიწყეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ დეპუტატები, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა პარლამენტის გარშემო მსვლელობის დაწყებისა და მის გარშემო განთავსებისკენ, მაშინ როდესაც შენობაში კვლავ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.


წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე.
სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო.
სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას შსს ავრცელებს:

„ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

ესპანეთის სამეფოში შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელმა კოლეგამ, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ხელმძღვანელმა - დუშან ქერინმა გახსნეს.
მინისტრის მოადგილემ შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ხაზი გაუსვა საბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო აქტივობების განხილვას.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან - მარიამ ბანძელაძესთან. ალექსანდრე დარახველიძემ მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.


მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის 112-ის განახლებულ აპლიკაციაზე და ნაადრევი ქორწინების შესახებ სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე.
შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს მოსახლეობის ფონდს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.