შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. აღნიშნული კატარღების შეძენა და გადმოცემა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ "SAFE"-ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა.
 
კატარღების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სამსახურის უფროსის მოადგილეს კატალინ გერმანს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში - საბინე მახლის უმასპინძლა.
ღონისძიების მიმდინარეობისას კატარღის მეთაურებმა მცურავ ერთეულებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები საზეიმოდ აღმართეს.
კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადყოფნა დაასრულა.
 
ბათუმში ტურისტული სეზონისთვის მზადყოფნას სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად გაეცნო და მაშველებს წარმატება უსურვა.
 
სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც დაესწრო.
 
ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან და სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი.
 
2022 წლის საზღვაო სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზღვის, მდინარეების და ტბების სანაპირო ზოლებზე სულ ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 320 მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, გარდა ამისა, მობილიზებული იქნება 50 ერთეული მცურავი საშუალება და 8 კვადროციკლი. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სეზონური მაშველები წელს გაზრდილი ხელფასით იმუშავებენ, წინა წლებთან შედარებით ისინი 25%-ზე მეტი თანხით მომატებულ შრომის ანაზღაურებას მიიღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1996 წელს დაბადებული რ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით რევოლვერი ამოიღო.
 
1998 წელს დაბადებული ხ.მ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედება. სამართალდამცველებმა, ხ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 13 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკა-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 ვაზნა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ო.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ა.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კუსტარულად დამზადებული რევოლვერი და 8 ვაზნა.
 
ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი თ.ქ. ნივთმტკიცებად ამოღებულია „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 19-229-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა.
 
გოგონამ აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს.
 
გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები.
 
ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.
1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ბ.-მ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.
სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისსა და კახეთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. პოლიციამ გ.ბ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ქ.ხ.-ს და თ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აზიზბეკ იკრამოვთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ ქართული მხარის მიერ უზბეკი კოლეგებისთვის გაზიარებული გამოცდილება მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება. უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეწვევიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს, მომსახურების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად „კოკინიჩი“), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად „ლისოვიჩი“), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.ჩ., 1982 წელს დაბადებული ს.გ. და 1981 წელს დაბადებული თ.მ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. მხოლოდ მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

„გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, სარფში, ბათუმის პორტსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თემაზე საჩვენებელი სიმულაციური ვარჯიში გაიმართა.
 
ორდღიან სიმულაციურ ვარჯიშში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები.
 
„გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილე 10 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გასცნობოდა და დაჰკვირვებოდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის, გამოვლენისა და აღკვეთის პრაქტიკულ ღონისძიებებს, საფრთხის შემცველ ობიექტებთან განხორციელებულ საექსპერტო-საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ჩატარებულ უსაფრთხოებისა და დეკონტამინაციის აქტივობებს.
 
„გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და ინტერპოლის სათავო ოფისის რადიაციული და ბირთვული ტერორიზმის პრევენციისა და პროექტების მართვის უფროსმა მენეჯერმა - აარონ მოსბიმ ბათუმში ერთობლივად გახსნეს.
 
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს, როგორც რეგიონში მოწინავე შესაძლებლობების მქონე ქვეყნის, გამოცდილების გაზიარება სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენისა და რეაგირების შესაძლებლობების განხილვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს.
 
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა - სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და 3 პირი დააკავა.
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დიდი ოდენობით ნარკოტიკის არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო. ამასთანავე, დაბა ჩაქვში, ი.მ.-ის მითითებით ამოღებულია მის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.
 
ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადება ედება ბრალად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თბილისში დაკავებულ 2 პირს: 1998 დაბადებული ს.ც. და 1995 წელს დაბადებული ნ.მ. -ს.
 
სამართალდამცველებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბრალდებულების მითითებით, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება.
 
ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ზ.ღ. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.
 
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მის მიერ კულტივირებული 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული თ.ტ. თბილისში დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრა გამომშრალი „მარიხუანა“, „მდმა“-ს შემცველი 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 39 ძირი კანაფი.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, სსკ-ის 19-260-ე, სსკ-ის 265-ე, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლით, სსკ-ის 18-273 -ე პრიმა მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ, „გეიგერის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბათუმში გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და ინტერპოლის სათავო ოფისის რადიაციული და ბირთვული ტერორიზმის პრევენციისა და პროექტების მართვის უფროსმა მენეჯერმა, აარონ მოსბიმ.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბუთხუზმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინტერპოლს შორის ხანგრძლივ და წარმატებულ თანამშრომლობას. ამასთანავე, მან ყურადღება გაამახვილა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ინტერპოლსა და წევრ ქვეყნებთან ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლის მნიშვნელობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენისა და რეაგირების შესახებ საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით არსებულ წარმატებულ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და უწყების თანამშრომლები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები.
ღონისძიება, რომელშიც ინტერპოლის წევრი 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.