შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის - ლელა ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ფარგლებში განახორციელა.

დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.

კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა.

საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს საქართველოს შვიდ რეგიონში.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლები, გამოცხადდა ნახატების კონკურსი, ასევე, დამზადდა ბრენდირებული საჩუქრები, რომლებიც შეხვედრების მონაწილეებს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს დაურიგდათ.

კამპანიის მიმდინარეობისას, ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ განახორციელა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
„112“-ის დირექტორი - გიორგი არსოშვილი, დელეგაციის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის სიმულაციური სწავლების - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
 
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა - ვალიან რიჩიმ.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.
 
პროექტის მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის თემატიკაზე სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის ხელშეწყობა, რომლის მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ეფექტიანად გამოავლენენ და გამოიძიებენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ჩადენილი ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის სიმულაციური სწავლების - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა - ვალიან რიჩიმ.
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.
პროექტის მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის თემატიკაზე სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის ხელშეწყობა, რომლის მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ეფექტიანად გამოავლენენ და გამოიძიებენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ჩადენილი ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებს.

ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში დღეს გასული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად "გარბიან" სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ, განცხადებას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში დღეს გასულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად "გარბიან."
ტელეკომპანიამ, ვითომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საზოგადოებას მიაწოდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა" - წარმოადგენს "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს.
აღნიშნული მედიასაშუალების მაყურებელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განგვიმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღია და გამჭვირვალედ წარმართვა.
აშკარაა, რომ ტელეკომპანიის მიერ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას, უწყების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობისა და უპატივცემულობის დამკვიდრებას, " - აღნიშნულია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსული არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1979 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.მ. ბრალდებულის სახით ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

1995 წელს დაბადებული კ.მ. დაკავებულია ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო 1996 წელს დაბადებული გ.მ. და 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებული.

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს - კ.მ.-ს ნათესავთან - 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-სთან უთანხმოება ჰქონდა. მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბრალდებული კ.მ., აღნიშნული ნათესავისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, მეგობრებს - გ.მ.-ს, შ.ჭ.-ს და დ.მ-ს შეხვდა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მან თანამზრახველებს გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ქურთუკები და ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილით მივიდნენ კ.მ.-ის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დ.მ.-მ 1993 წელს დაბადებულ კ.მ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც დაჭრილმა კ.მ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დ.მ. დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კ.მ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელობაში მხილებულ დ.მ.-ს, იგი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, სადაც სამართალდამცველთა მეთვალყურეობით განაგრძობს მკურნალობას.

დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა, ხელკეტი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 225-ე, 375-ე და 376-ე მუხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი - 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ლ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს.

სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელს დაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარედგინა.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. აღნიშნული დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა მ.ფ.-მ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ჯ.უ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
 
მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა - 1998 წელს დაბადებულმა მ.ც.-მ, 1995 წელს დაბადებულმა ა.მ.-მ და 1990 წელს დაბადებულმა რ.დ.-მ. მათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ოთხივე დაშავებული მამაკაცი ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირების იდენტიფიცირება ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე მოახდინეს, მოგვიანებით კი 2 პირი თბილისში დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ხმოვანი პისტოლეტი.
 
ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები.
 
 
ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე, 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.