შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან - კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში - ქეთევან ციხელაშვილი.

ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სათანადო და ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებს.

ეუთოს უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა სამინისტროში გატარებული რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულ სახელმწიფოებს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კაირატ აბდრახმანოვს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კამპანია, სლოგანით - „იცოდე, რომ კანონი გიცავს!“

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია.

კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და პოლიციისადმი ნდობის ხარისხის გაზრდა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა - კატალინ გერმანმა გახსნეს.

კამპანიის ფარგლებში, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით მომზადდა 4 ვიდეორგოლი, რომელთა მთავარი მესიჯია - „იცოდე, რომ კანონი გიცავს“!

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ მოწვეულ სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" - ფარგლებში ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 8 პირი.

 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "მაკაროვის" სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა კალიბრის 45 საბრძოლო ვაზნა. ასევე დაკავებულია, 1985 წელს დაბადებული მ.თ. რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღებულია ,,ნაგანის“ სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი და 13 საბრძოლო ვაზნა. ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო პისტოლეტი, მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული ზ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიაში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 54 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავეს 1973 წელს დაბადებული თ.ნ. და 1963 წელს დაბადებული ჯ.თ. პოლიციამ, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 78 ვაზნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული ი. კ. დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის მოდელის AKC -ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 56 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ი.კ.-ს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ბ.მ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 146 ვაზნა.

დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა.
 
ვახტანგ გომელაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
 
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - სულეიმან სოილუ, მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქ კოლეგას აეროპორტში დახვდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე ესწრებოდა.

ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. სულეიმან სოილუმ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც ვახტანგ გომელაურმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, თურქეთს, ჩვენი გვერდით დგომისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მოგეხსენებათ, გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: საზღვრის დაცვა, ორგანიზებული დანაშაულისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

კარგად გვახსოვს თურქი ხალხის გვერდში დგომა ყოველთვის და ამისთვის, მინდა, დიდი პატივისცემით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გითხრათ მადლობა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თავის მხრივ, სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობისთვის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან ნაყოფიერი პირისპირ შეხვედრა გვქონდა.

ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე ვიცავდით, ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ.

ეს ეხება ასევე უკრაინასაც. ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ლიდერობით, ვცდილობთ, შევასრულოთ შუამავლის როლი, რათა რეგიონში და ზოგადად, ამ კონფლიქტში შევასრულოთ დადებითი როლი, რომ რაღაცნაირად დავასრულოთ იგი.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავს პოზიციას იკავებს საქართველოს ხელისუფლება და თქვენი ქვეყანა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით", - აღნიშნა სულეიმან სოილუმ.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ეფექტიან თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების წვლილს ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. თურქულმა მხარემ სამომავლო სამუშაო ვიზიტების და ერთობლივი წვრთნების ჩატარების მზაობა გამოთქვა, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საზღვრის დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლა.

ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობასთან, ტერორიზმსა და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება.

შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართული მხარე საპასუხო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში მიიპატიჟა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დასრულდა. ვახტანგ გომელაურმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესთან და ესპანეთის სამეფოს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორთან - მარია გამეს გამესთან.
მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.
ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლებს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, რომელმაც ამავე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილესთან - ხოსე ანხელ გონსალეს ხიმენესთან.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ, ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ხოსე ანხელ გონსალეს ხიმენესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ესპანურმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში საქართველოს პოლიციის ატაშეს როლსა და მისი უშუალო ჩართულობით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ერთობლივ წარმატებულ ოპერაციებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესპანეთის სამეფოს ეროვნულ პოლიციას შორის პარტნიორობის განცხადებას ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნის შესახებ, რაც მხარეთა შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

შეხვედრის დასასრულს, შალვა ბედოიძემ ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე - 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციის დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ამასთანავე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაადასტურებს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში, მიმდინარე ინფრასტრუტქტურული პროექტების ფარგლებში, გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი შენობა, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის, ექსპორტის, იმპორტის, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
დაინტერესებული პირები ახალ შენობაში ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტს, ექსპორტს, იმპორტს, შესაბამის საბაჟო პროცედურებს, ასევე პირველად რეგისტრაციას. შენობაში მზადდება და გაიცემა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაში.
 
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - კარლო კაციტაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ - გიორგი ბურჯანაძემ და ევროპის საბჭოს (CoE) პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელმა - დონჩე ბოშკოვსკიმ გახსნეს.
 
შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში, მომავალი 6 თვის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
 
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის გადამზადების არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, ასევე შეაჯამა მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
 
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების გაძლიერების გზით.