შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე დაესწრო.
ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულთან ბრძოლის შედეგების მთავარ ინდიკატორებსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ, 2021 წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მნიშვნელოვნად მოიმატა - 35,5%-დან 49,8%-მდე გაიზარდა.
ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა არსებული გამოწვევების, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და რეგიონებში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
 
მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
 
გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.; გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ; დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
დანაშაულები 4 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
 
გამომძალველები ვ.ტ.-ს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.
 
ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის 8 პირი დააკავეს.
 
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ი. დააკავეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ “ნაგანის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 14 ვაზნა ამოიღო.
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, 1984 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ო. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ტტ”-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და 5 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.მ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 9 ვაზნა ამოიღო.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ანალოგიური დანაშაულისთვის, 1985 წელს დაბადებული ა.ჯ. დააკავეს. პოლიციამ მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, რევოლვერი და 25 საბრძოლო ვაზნა.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული რ. კ. და 1969 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 ცალი "სმიტ ვენსონის" მოდელის რევორველი და 23 ცალი საბრძოლო ვაზნა, ხოლო კ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას “ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.კ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, "ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგურამოში, 1988 წელს დაბადებული კ.ლ. დააკავეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: პისტოლეტი მჭიდით, 2 ვაზნა და მცირეკალიბრიანი შაშხანის 10 ვაზნა.
 
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, გამოვლენილი გამოწვევები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.
 
 
მინისტრის მოადგილემ მოხსენებაში ხაზი გაუსვა, რომ დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ამ მიმართულებით სამინისტროსთვის აღმოჩენილი უწყვეტი მხარდაჭერისთვის.
 
ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებით გამოყო უწყების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორცილებული მასშტაბური სწავლებები, რამაც გამოძიების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, ევროპის საბჭოს ჩართულობით, უზენაეს სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ფაქტზე, რომლის საფუძველზეც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგით წარმოება დაინერგა.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.
 
ევროპის საბჭოს აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდებოდა. მის მიზანს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია წარმოადგენდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ ფარგლებში, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისა და შემოწმების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
 
 
სწავლებას საერთაშორისო ექსპერტი - ალექს ვან დუურენი უძღვებოდა, ხოლო გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გურამ დავითაშვილი, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ირაკლი თევდორაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი - მასიმო რამანზინი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - კოლომბ დე მერსი.
 
სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი რელევანტური საკითხები, როგორიცაა: ID დოკუმენტები, დამცავი ნიშნები, დოკუმენტების უსაფრთხოების და გაყალბების ახალი მეთოდები, ციფრული ბეჭდვის ტექნიკა, პროფილირება და ა.შ.
 
ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
 
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი: 1976 წელს დაბადებული შ.ბ., 1996 წელს დაბადებული მ.ჭ., 1966 წელს დაბადებული ნ.ხ., 1988 წელს დაბადებული მ.ხ., წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული თ. წ. და 1971 წელს დაბადებული თ. გ. დააკავეს.
 
მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.
დანაშაულები 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს. განზრახვის აღსრულებისთვის, შ.ბ.-მ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შ.ბ.-მ პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონო მანიპულაციების შედეგად, მასზე გაააქტიურეს ე.წ. პრეავტორიზაციის ფუნქცია.
ბრალდებულებმა, 2022 წლის 27 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უცხოეთში რეგისტრირებული ბანკის 2 საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, რომლებზეც არ იყო შესაბამისი თანხები, პოს-ტერმინალზე განახორციელეს 16 სხვადასხვა გადახდა, საერთო ოდენობით 2 314 890 ლარი. უკანონო ტრანზაქციების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დროის უმოკლეს პერიოდში უზრუნველყვეს თანხის ნაწილის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა და მათი განაღდება.
მათმა დანაშაულებრივმა ქმედებამ 975 530 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.
 
პოლიციამ შ.ბ.-ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა, რომელთა ტარების უფლება ბრალდებულს არ ჰქონდა. შ.ბ.-ს მმართველობაში არსებული კომპანიის ოფისის ჩხრეკისას კი ამოღებულია პოს-ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხები, საბანკო პლასტიკური ბარათები, მობილური და კომპიუტერული მოწყობილობები, ასევე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფინანსური დანაშაულების გამოძიების საკითხებზე გამართულ უწყებათშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ TOPCOP“ - ფარგლებში ჩატარდა.
 
სწავლება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და პროექტის გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის.
 
სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლები.
 
უწყებათაშორის ტრენინგს სამართალდამცველთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოს (CEPOL) მიერ მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
 
სწავლებაზე ექსპერტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: არალეგალური შემოსავლის კონფისკაციის ხერხები; კრიმინალური გზით დაგროვებული ქონების ჩამორთმევისა და მართვის გზები; კრიმინალური გზით დაგროვებული ქონების მოძიება და კონფისკაცია; ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოძიების კუთხით და სხვ.
 
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება და 2024 წლამდე გაგრძელდება. მისი მიზანია სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება სამართალდამცავ უწყებებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), ასევე, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებსა და ევროკავშირის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების და რეგიონული ქსელის გაძლიერება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისში დააკავეს.
 
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - ჯამში დაახლოებით 50 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, გივი თუმანიშვილი წარუდგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორებმა ახალ უფროსს სტრუქტურული დანაყოფების ფუნქცია-მოვალეობები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს.

გივი თუმანიშვილი 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის უფროსი იყო, ხოლო მანამდე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად გივი თუმანიშვილი 11 თებერვალს დანიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ბრაზილიის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ფ.ს. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პირის დაკავება განხორციელდა გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) კონტეინერების კონტროლის პროგრამის წევრების თანამშრომლობით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ს.-ს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველოში 1 კილომდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" სხეულით შემოჰქონდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტი აღკვეთეს და დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე: 1995 წელს დაბადებული ვ.ტ.,1988 წელს დაბადებული ა.ნ. და 1996 წელს დაბადებული ე.დ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართებზე, სამალავებში ათავსებდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმის საშუალებით ასაღებდნენ.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 250 გრამამდე „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება და ფული ამოიღო. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,19-260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.