საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა და შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა.
 
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
 
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
 
ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა.
 
ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის შესახებ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია პირველი პროფესიული სასწავლებელია, რომელსაც 2020 წელს განათლების სფეროში ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატი გადაეცა. დეპუტატებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან შსს-ს აკადემიაში მსმენელები, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია სასწავლო პროგრამები, რა ბენეფიტებით სარგებლობენ აკადემიის მსმენელები და როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები.
 
დეპუტატებს სასწავლო პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული სივრცე, „შუთჰაუსი“ - ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი და შსს-ს არქივი.
 
აკადემიის სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტი გამოავლინეს.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვ.გ. „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს.
 
1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად "ყურშა") „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ​ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები - ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა") და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).
 
„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი - მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.
 
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
 
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობებისა და სარემონტო სამუშაოების განხილვა.
 
 
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, ალექსანდრე დარახველიძე და იოსებ ჭელიძე დაესწრნენ. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების და ყველა იმ დანაყოფის ხელმძღვანელები, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ.
 
ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დაგეგმილია პოლიციის შენობების და ბაზების რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პოლიციელებისთვის თბილისში დაგეგმილი "პოლიციის ქალაქის" მშენებლობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობასთან კოორდინაციით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე. აღნიშნული პროექტი განხორციელდება საბურთალოს რაიონში, ჯიქიას ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა.
 
"მსურს, შევეხო ბატონი პრემიერის მიერ დაანონსებულ ბინათმშენებლობის თემას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს, სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით დაიწყო ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მივიყვანთ. ვიცით, რომ პირველ ეტაპზე საუბარი იყო 1000 ბინაზე. ყველა პოლიციელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ პირველი ეტაპი, ვფიქრობთ, პროექტი შემდგომ წლებში კიდევ გაგრძელდეს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ის კონკრეტული საჭიროებები და საკითხები, რომელთა საფუძველზეც საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დამუშავდება და გარკვეულ ვადებში გაიწერება.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე დამატებით აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობასთან კოორდინაციით დაგეგმილი პროექტების მთავარი მიზანი კი მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2022 წლის 27 აპრილს ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინის კარი შიგნიდან ურდულით ჩაკეტილი დახვდათ. ბინაში შეღწევის და ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ნანახი იქნა 1964 წელს დაბადებული ზ.ბ.-ის და მისი მეუღლის - 1967 წელს დაბადებული ლ.თ.-ის დამწვარი ცხედრები, რომლებსაც თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ ბინაში მძინარე მშობლებს - ზ.ბ.-ს და ლ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

გ.ბ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, კერძოდ: კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაულის ჩადენის იარაღები, ბინიდან წაღებული თანხა და ოქროს სამკაულები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობებისა და სარემონტო სამუშაოების განხილვა.
 
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, ალექსანდრე დარახველიძე და იოსებ ჭელიძე დაესწრნენ. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების და ყველა იმ დანაყოფის ხელმძღვანელები, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ.
 
ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დაგეგმილია პოლიციის შენობების და ბაზების რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პოლიციელებისთვის თბილისში დაგეგმილი "პოლიციის ქალაქის" მშენებლობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობასთან კოორდინაციით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე. აღნიშნული პროექტი განხორციელდება საბურთალოს რაიონში, ჯიქიას ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა.
 
"მსურს შევეხო ბატონი პრემიერის მიერ დაანონსებულ ბინათმშენებლობის თემას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს, სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით დაიწყო ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მივიყვანთ. ვიცით, რომ პირველ ეტაპზე საუბარი იყო 1000 ბინაზე. ყველა პოლიციელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ პირველი ეტაპი, ვფიქრობთ, პროექტი შემდგომ წლებში კიდევ გაგრძელდეს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ის კონკრეტული საჭიროებები და საკითხები, რომელთა საფუძველზეც საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დამუშავდება და გარკვეულ ვადებში გაიწერება.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე დამატებით აღნიშნა, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობასთან კოორდინაციით დაგეგმილი პროექტების მთავარი მიზანი კი მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის შემუშავებულია რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი.

ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია 7 პირი.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ქ.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა.
 
ამავე დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1998 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.თ. და 1960 წელს დაბადებული ზ.ფ. თბილისში დააკავეს.
 
პოლიციამ, ჯ.თ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 17 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ზ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ხ. თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ვაზნა და გასაშლელი დანა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ვ.ჯ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. პოლიციამ რუსთავში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული თ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს. პოლიციამ, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 2 მჭიდი.
 
ამავე დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1962 წელს დაბადებული დ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ნაგანის“ ტიპის 2 პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული რ.ბ დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.