შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ბუთხუზმა და ალექსანდრე დარახველიძემ, მთავრობის წევრებთან, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
სოფელ შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
 
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს.
 
 
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ.
 
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
 
ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ.
 
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
 
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
 
დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა.
 
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები და დაღუპულთა თანამშრომლები.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ.
 
გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე დაჯილდოვდნენ მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის".

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, 29 ივლისს, გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, კოლეგებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.

გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთ მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ არასწორ ფაქტებს.

სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე გვიწევს ამ განცხადების გამოქვეყნება, მაგრამ უმჯობესია ფართო საზოგადოებამ იცოდეს გადამოწმებული და ზუსტი ფაქტები.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე- პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი თავისი საქმის მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ. ბორტს მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან გახლდათ მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.

პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ.

აღსანიშნავია, რომ 2019 – 2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს კანონმდებლობის წესების სრული დაცვით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესებისა და საავიაციო ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა ხრახნის კომპლექტი სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული 2 ,,მი-8“ მტვ - 1 ტიპის ვერტმფრენისთვის.

ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით.

გვსურს ასევე განმარტება გავაკეთოთ, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 ,,სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.

ვერტმფრენი ,,მი – 8“ გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.

ასევე, მედიაში გაჟღერებული ფაქტი, რომ ,,სუპერ პუმა“ კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ,,სუპერ პუმა“ ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე.

ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუდაურის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მყისიერად დაიწყო გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275–ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 20 პირი.
 
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი.
 
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული ლ.ჯ., 2005 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.თ., 1985 წელს დაბადებული ნ.ს., 1971 წელს დაბადებული ა.გ., 2002 წელს დაბადებული მ.ჭ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებულები მ.მ., 1980 წელს დაბადებული მ.მ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული ზ.თ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1992 წელს დაბადებული გ. ს., 1969 წელს დაბადებული ე.დ. და 1976 წელს დაბადებული გ.ს.
 
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
რაც შეეხება 1998 წელს დაბადებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ი.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ი.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევი პირებს: 1973 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1973 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს, 1966 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს, მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, აგრეთვე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში, ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
 
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
 
სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულების: მ.ჭ.-ს და მ.მ. -ს მიერ 25 ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოიღეს.
 
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის - ე.ი.-ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ , „თებაინი“, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკები.
 
აჭარის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელა, რის შემდეგაც ე.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით პოლიციამ 560 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო.
 
რაც შეეხება აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ გ.ჟ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო დიდი ოდენობით „ჰეროინი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, გამომშრალი მარიხუანა, 2 რევოლვერი და ვაზნები.
 
გურიისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ნ.ბ.-სგან, რომელიც ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. სირეცი, 5 აბი „სუბოქსინი“, ე.წ. სირეცით სავსე 3 ფლაკონი და 3 მცირე ზომის ელექტროსასწორი.
 
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ტ.კ.-ის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 43 კილოგრამი კანაფი, ასევე, 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდი ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში მიმდინარე „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ში მონაწილეობას წარმატებით განაგრძობს. ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვეს.
პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, კობა კობახიძე ძალისმიერ წოლჭიმში, 120 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კობა კობახიძეს სხვა არაერთი საერთაშორისო სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული.
პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი. მან ძიუდოში, 66 კგ წონით კატეგორიაში, ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდს „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ზე 4 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შესაბამის სახეობასა და წონით კატეგორიაში მონაწილეობას განაგრძობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პოლონეთის რესპუბლიკას და პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს პოლიციის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ წერილში ვახტანგ გომელაური ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ წერს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის დღე. მსურს, თქვენ და თითოეულ პოლიციელს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უაღრესად საპასუხისმგებლო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც წარმატებული მიღწევების განმაპირობებელი იქნება, ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს გაუგზავნა.